არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მან იცის „ადამიანის ძეების გული“

მან იცის „ადამიანის ძეების გული“

დაუახლოვდით ღმერთს

მან იცის „ადამიანის ძეების გული“

2 მატიანე 6:29, 30

რომელი ჩვენგანი არ ყოფილა ცხოვრებისეული პრობლემებით დამძიმებული? ზოგჯერ შეიძლება ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ ბოლომდე არავის ესმის, რასთან გვიწევს ბრძოლა და რა ტკივილს განვიცდით. მაგრამ არის ისეთი პიროვნება, რომელსაც აბსოლუტურად ესმის ჩვენი. ეს პიროვნება იეჰოვა ღმერთია. თავი შეგვიძლია 2 მატიანეს 6:29, 30-ში ჩაწერილი სოლომონის სიტყვებით ვინუგეშოთ.

ძვ. წ. 1026 წელს იერუსალიმის ტაძრის მიძღვნის დროს სოლომონი ღვთის წინაშე ლოცვას წარმოთქვამს. ლოცვაში, რომელიც შესაძლოა ათი წუთი გაგრძელდა, სოლომონი განადიდებს იეჰოვას როგორც ერთგულ, დანაპირების შემსრულებელ და ლოცვების მომსმენ ღმერთს (1 მეფეები 8:23—53; 2 მატიანე 6:14—42).

სოლომონი შესთხოვს ღმერთს, შეისმინოს თავისი თაყვანისმცემლების მუდარას (მუხლი 29). სოლომონი ადამიანის თავს დატეხილ უამრავ უბედურებას მოიხსენიებს (მუხლი 28), თუმცა იმასაც ამბობს, რომ თითოეულ თაყვანისმცემელს „თავისი უბედურება და ტკივილი“ აქვს. ერთს შეიძლება ერთი სატკივარი ჰქონდეს, მეორეს — მეორე.

რა გასაჭირიც უნდა ჰქონდეს ღვთისმოშიშ ადამიანს, ტვირთის ზიდვაში ღმერთი შეეხიდება. თავის ლოცვაში სოლომონი მოიხსენიებს თითოეულ იმ თაყვანისმცემელს, რომელიც ‘ხელებს აღაპყრობს’ * და იეჰოვას მხურვალე ლოცვით მიმართავს. ალბათ, სოლომონს თავისი მამა, დავითი ახსენდება, რომელმაც განსაცდელის ჟამს თქვა: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“ (ფსალმუნი 55:4, 22).

როგორ პასუხობს იეჰოვა მათ, ვინც წრფელი გულით სთხოვს დახმარებას? სოლომონი ევედრება იეჰოვას: „ისმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, აპატიე და თითოეულს თავისი გზისამებრ მიაგე“ (მუხლი 30). სოლომონმა იცის, რომ „ლოცვების მომსმენი“ ზრუნავს თავის თაყვანისმცემლებზე, როგორც ჯგუფზე, ისე ცალკეულ ადამიანზე (ფსალმუნი 65:2). იეჰოვა ყველას ეხმარება; ამასთანავე ცოდვებს პატიობს მათ, ვინც მთელი გულით უბრუნდება მას (2 მატიანე 6:36—39).

რატომ არის სოლომონი დარწმუნებული, რომ იეჰოვა უპასუხოდ არ დატოვებს მომნანიე თაყვანისმცემლების ვედრებას? ლოცვას სოლომონი ასე განაგრძობს: „რადგან შენ [იეჰოვა] იცი მათი გული (მხოლოდ შენ იცი კარგად ადამიანის ძეების გული)“. იეჰოვამ იცის, რა უბედურება ხვდება თითოეულ მის ერთგულ თაყვანისმცემელს და რა ტკივილს ატარებს გულით. მისთვის სულერთი არ არის ჩვენი გასაჭირი (ფსალმუნი 37:4).

სოლომონის ლოცვით შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ. შესაძლოა ადამიანები ბოლომდე ვერ ჩასწვდნენ ჩვენს გრძნობებს — ჩვენს გასაჭირსა და ტკივილს (იგავები 14:10). მაგრამ იეჰოვამ იცის, რა ხდება ჩვენს გულში და ზრუნავს ჩვენზე. თუ მას ლოცვაში გულს გადავუშლით, ტვირთის ტარება გაგვიადვილდება. ბიბლია მოგვიწოდებს: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ბიბლიურ ხანაში ზეცისკენ ხელების აპყრობა ლოცვის გამომხატველი ჟესტი იყო (2 მატიანე 6:13).