არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მართლა დიდხანს ცოცხლობდნენ ადამიანები ბიბლიურ დროში?

მართლა დიდხანს ცოცხლობდნენ ადამიანები ბიბლიურ დროში?

მართლა დიდხანს ცოცხლობდნენ ადამიანები ბიბლიურ დროში?

ჟანა-ლუიზა კალმანი 1997 წლის 4 აგვისტოს დაიღუპა მშობლიურ ქალაქში, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. იგი 122 წლისა იყო.

მეცნიერებაში, ჯანდაცვისა თუ სხვა სფეროებში მიღწეულმა წარმატებებმა ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი. და მაინც, ას წელს მიღწეულთა და ას წელს გადაცილებულთა რიცხვი დღეს არც თუ ისე დიდია. ამიტომ არის, რომ დღეგრძელი ადამიანები, მაგალითად, როგორც ქალბატონი კალმანი, ახალი ამბების ყურადღების ცენტრში ექცევიან.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ძველ დროში ადამიანები გაცილებით დიდხანს ცხოვრობდნენ. მაგალითად, ზოგის ასაკი თითქმის ათას წელს ითვლიდა. შეიძლება ასეთი რამის დაჯერება? მართლა დიდხანს ცოცხლობდნენ ადამიანები ბიბლიურ დროში? ჩვენ რატომ უნდა დავინტერესდეთ ამ საკითხით?

ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობდნენ

ბიბლიის წიგნი „დაბადება“ ასახელებს შვიდ მამაკაცს, რომლებმაც 900 წელზე მეტხანს იცოცხლეს. ყველა მათგანი ნოეს დროს მომხდარ წარღვნამდე დაიბადა. მათი სახელებია: ადამი, შეთი, ენოში, კენანი, იარედი, მეთუშალახი და ნოე (დაბადება 5:5—27; 9:29). უმეტესობისთვის მათი ვინაობა შეიძლება ცნობილი არ იყოს, მაგრამ ისინი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ათი თაობის წარმომადგენლები არიან. ცნობილია, რომ მეთუშალახმა ყველაზე დიდხანს, 969 წელი იცოცხლა.

ბიბლია ასახელებს, სულ მცირე, კიდევ 25 ადამიანს, რომლებმაც იმაზე გაცილებით დიდხანს იცოცხლეს, ვიდრე დღეს ცოცხლობენ ადამიანები. ზოგმა მათგანმა 300, 400, 700 წელი ან უფრო მეტხანს იცოცხლა (დაბადება 5:28—31; 11:10—25). თუმცა ბევრს არ სჯერა, რომ ბიბლიაში მოხსენიებული ეს ადამიანები ამდენ ხანს ცხოვრობდნენ. მართლა რთული დასაჯერებელია ეს?

მითი თუ რეალობა?

მაქს პლანკის სახელობის დემოგრაფიული კვლევის ინსტიტუტმა (გერმანია) გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც მკვლევარებმა ზემოხსენებული ქალბატონის, ჟანა-ლუიზა კალმანის, ასაკი კანონიერად დაამტკიცეს. ეს შესაძლებელი გახდა ამ ქალბატონის მონაყოლი ინფორმაციის შეკრებისა და გადამოწმების საფუძველზე. ეს ინფორმაცია ეხებოდა მისი და მისი ნათესავების ცხოვრების პერიოდში მომხდარ საზოგადოებრივ მოვლენებს. ქალბატონი კალმანის მონაყოლი შეადარეს სამოქალაქო, სანოტარო და საეკლესიო ჩანაწერებს, საგაზეთო სტატიებსა და მოსახლეობის სააღწერო დოკუმენტებს. მართალია, შეუძლებელი იყო თითოეული დეტალის დამტკიცება, მაგრამ პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის დადგენა.

ბიბლიურ ჩანაწერებზე რაღას ვიტყვით? დამტკიცებულია მათი უტყუარობა? სავსებით! მართალია, ყველა დეტალი არ არის დადასტურებული სხვა წყაროების მიერ, მაგრამ არსებული მტკიცებულებები ისევ და ისევ იმაზე მიანიშნებს, რომ ის, რასაც ბიბლია ამბობს, სანდოა ისტორიულად, მეცნიერულად და ქრონოლოგიურად. * ეს გასაკვირი არცაა, რადგან ბიბლია ამბობს: „ყველა კაციც რომ ცრუ იყოს, ღმერთი მაინც ჭეშმარიტი იქნება“ (რომაელები 3:4). უდავოდ, ბიბლია „ღვთისგან არის შთაგონებული“ და ამიტომ მასში არ არის სიყალბე (2 ტიმოთე 3:16).

მოსე, რომელმაც იეჰოვა ღმერთის შთაგონებით ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი დაწერა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პატივდებული კაცის სახელით შევიდა კაცობრიობის ისტორიაში. ებრაელები მას ყველაზე დიდ მოძღვრად მიიჩნევენ, მუსლიმანებისთვის იგი ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველია, ხოლო ქრისტიანებისთვის — იესო ქრისტეს წინამორბედი. სწორი იქნება, თუ დავასკვნით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და ისტორიული პიროვნების ჩანაწერები სანდო არ არის?

სხვანაირად იზომებოდა დრო?

ზოგი ამტკიცებს, რომ ძველად დროს სხვანაირად ზომავდნენ და ის, რასაც წელიწადს უწოდებდნენ, სინამდვილეში, თვე იყო. მაგრამ თუ წიგნ „დაბადებას“ გამოვიკვლევთ, დავრწმუნდებით, რომ ძველად დრო ისე იზომებოდა, როგორც დღეს იზომება. მოვიყვანოთ ამის ორი მაგალითი. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წარღვნა დაიწყო მაშინ, როცა ნოე 600 წლისა იყო, „მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს“. შემდეგ ვკითხულობთ, რომ დედამიწაზე წყალი 150 დღეს მძლავრობდა და რომ „მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს კიდობანი არარატის მთებზე გაჩერდა“ (დაბადება 7:11, 24; 8:4). ამრიგად, ხუთთვიანი პერიოდი — მეორე თვის მეჩვიდმეტე დღიდან დაწყებული იმავე წლის მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღით დამთავრებული — შეადგენს 150 დღეს. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ წელიწადში თვე იგულისხმებოდა.

ახლა მეორე მაგალითი განვიხილოთ. დაბადების 5:15—18-ის თანახმად, მაჰალალელს 65 წლის ასაკში შეეძინა ვაჟი. ამის შემდეგ მან კიდევ 830 წელი იცოცხლა და 895 წლისა მოკვდა. მისი შვილიშვილი ენოქიც 65 წლისა იყო, როცა ვაჟი შეეძინა (დაბადება 5:21). წელიწადი თვე რომ ყოფილიყო, გამოდის, ეს ორი კაცი ხუთი წლის ასაკში გახდა მამა, რაც სრული აბსურდია.

არქეოლოგიური მასალებიც იმაზე მოწმობს, რომ ბიბლიაში მოხსენიებული დღეგრძელი ადამიანები მართლა არსებობდნენ. აბრაამის შესახებ ბიბლია ამბობს, რომ იგი ქალაქ ურიდან იყო. შემდეგ ქალაქ ხარანში დასახლდა, მოგვიანებით კი — ქანაანის მიწაზე; ებრძოდა ელამის მეფე ქედარლაომერს და დაამარცხა (დაბადება 11:31; 12:5; 14:13—17). არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს ამ ქალაქებისა და ადამიანების არსებობას. არქეოლოგიამ აგრეთვე ნათელი მოჰფინა გეოგრაფიული ადგილების თავისებურებებსა და იმ ხალხის ტრადიციებს, რომლებიც აბრაამთან მიმართებით მოიხსენიება. თუკი აბრაამთან დაკავშირებული ეს ინფორმაცია უტყუარია, რატომ უნდა იწვევდეს ეჭვს ის, რომ აბრაამის სიცოცხლის დღეები 175 წელს ითვლიდა? (დაბადება 25:7).

აქედან გამომდინარე, არავითარი მიზეზი არ არსებობს, სკეპტიკურად შევხედოთ ბიბლიის განაცხადს იმის შესახებ, რომ ძველად ადამიანები უჩვეულოდ დიდხანს ცხოვრობდნენ. მაგრამ შეიძლება იკითხოთ, რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს საკითხი?

თქვენ შეგიძლიათ იმაზე დიდხანს იცოცხლოთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ!

წარღვნამდე მცხოვრები ადამიანების უჩვეულოდ ხანგრძლივი სიცოცხლე, ადამიანის ორგანიზმის წარმოუდგენელ შესაძლებლობებზე მეტყველებს. თანამედროვე ტექნოლოგიები მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, ღრმად გამოიკვლიონ უნიკალურად შექმნილი ადამიანის სხეული, მათ შორის ორგანიზმის განახლებისა და თვითგანკურნების უნარი. რა დასკვნებს აკეთებენ მეცნიერები? ისინი ასკვნიან, რომ ადამიანს უსასრულოდ ცხოვრება შეუძლია. მედიცინის პროფესორი ტომ კერკვუდი ამბობს, რომ „სიბერე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ რჩება“.

მაგრამ იეჰოვა ღმერთისთვის სიბერე არც საიდუმლოს წარმოადგენს და არც გადაუჭრელ პრობლემას. მან პირველი ადამიანი, ადამი, სრულყოფილი შექმნა. ღმერთს განზრახული ჰქონდა, რომ ადამიანებს მარადიულად ეცხოვრათ. სამწუხაროდ, ადამმა ზურგი აქცია ღმერთს და შედეგად ცოდვა და არასრულყოფილება მოიმკა. სწორედ ეს არის იმ კითხვაზე პასუხი, რასაც მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ. ბიბლიაში წერია: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). ჩვენი ავადმყოფობის, სიბერისა და სიკვდილის მიზეზი, სწორედ რომ ცოდვა და არასრულყოფილებაა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის განზრახვა არ შეცვლილა. ამას ნათლად ადასტურებს ის ფაქტი, რომ მან თავისი ძე, იესო ქრისტე, შემოგვწირა, რითაც სრულყოფილებისა და მარადიული სიცოცხლისკენ გაგვიხსნა გზა. ბიბლიაში ნათქვამია: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“ (1 კორინთელები 15:22). წარღვნამდე ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ სრულყოფილებასთან, ვიდრე დღეს ჩვენ ვართ. ამიტომ ისინი ჩვენზე დიდხანს, ბევრად დიდხანს ცხოვრობდნენ. მაგრამ ახლოვდება დრო, როცა ღმერთი შეასრულებს თავის დანაპირებს — წაშლის ცოდვისა და არასრულყოფილების ყოველგვარ კვალს და ადამიანები აღარც დაბერდებიან და აღარც მოკვდებიან (ესაია 33:24; ტიტე 1:2).

როგორ შეგიძლიათ, მიიღოთ ასეთი კურთხევები? ნუ იფიქრებთ, რომ ღვთის დაპირება აუხდენელი ოცნებაა. იესომ თქვა: „მას, ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მარადიული სიცოცხლე აქვს“ (იოანე 5:24). ასე რომ, შეიძინეთ ბიბლიური ცოდნა და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეთ. ამგვარად, თქვენ მიჰბაძავთ იმ ადამიანებს, ვისაც პავლე მოციქულმა მოუწოდა, რომ „მოაგროვონ განძი, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგი საძირკველი მომავლისთვის — რათა მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმოთე 6:19). დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი, რომელმაც ბიბლიურ დროში ადამიანებს დიდხანს ცხოვრების შესაძლებლობა მისცა, თქვენც მოგცემთ მარადიული ცხოვრების შესაძლებლობას!

[სქოლიო]

^ აბზ. 10 დეტალური ინფორმაცია იხილეთ წიგნში „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ [რუს.]. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სქემა 12 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

1000

969 მეთუშალახი

950 ნოე

930 ადამი

900

 

 

 

800

 

 

 

700

 

 

 

600

 

 

 

500

 

 

 

400

 

 

 

300

 

 

 

200

 

 

 

100 თანამედროვე ადამიანი