არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„დიდი პატივი მერგო წილად“

„დიდი პატივი მერგო წილად“

წერილი ჰაიტიდან

„დიდი პატივი მერგო წილად“

ძალიან მიჭირდა ახალ ამბებში იმ შემზარავი კადრების ყურება, რომლებიც 2010 წლის 12 იანვარს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგებს ასახავდა. 20 იანვარს ჩემმა ახლო მეგობარმა კარმენმა დამირეკა და შემომთავაზა, მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად წავსულიყავით. კარმენი რამდენიმე წლის წინ გავიცანი. ჩვენ ერთად ვმუშაობდით მოხალისე მედდებად სამეფო დარბაზის მშენებლობის დროს. მას შემდეგ მე და კარმენმა მოხალისის სტატუსით რამდენიმე პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და ძალიან დავახლოვდით.

კარმენს ვუთხარი, რომ ფიზიკურად და ემოციურად ვერ გავუძლებდი იქაურ სიტუაციას. მან გამახსენა ის დრო, როცა ერთად ვმუშაობდით და ერთმანეთს მხარში ვედექით. მისი სიტყვებით გამხნევებულმა ბრუკლინში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში დავრეკე და მას დავუკავშირდი, ვინც შეერთებული შტატებიდან დაზარალებულთა დახმარებას უწევდა ორგანიზებას. მან მოხალისეთა სიაში ჩამწერა. კარმენიც ვახსენე და ვუთხარი, რომ ერთად გვინდოდა წასვლა. მან მითხრა, რომ ვერც იმის გარანტიას მომცემდა, გაგვიშვებდნენ თუ არა, და ვერც იმის, მოვხვდებოდით თუ არა ერთ ჯგუფში.

ამასობაში ჩემს ყოველდღიურ საქმეებს დავუბრუნდი. რატომღაც მეგონა, რომ არ დამირეკავდნენ, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ, 25 იანვარს, ორშაბათს ბრუკლინიდან დამირეკეს და მკითხეს, შემეძლო თუ არა მეორე დღესვე ჰაიტიზე გამგზავრება. გაოცებული ვიყავი. ვუთხარი, რომ ყველანაირად ვეცდებოდი. პირველ რიგში, სამსახურიდან ვითხოვე შვებულება. მერე კარმენს დავუკავშირდი, რომ გამეგო მასაც ხომ არ დაურეკეს. აღმოჩნდა, რომ მისთვის არ დაურეკავთ; ალბათ იმიტომ, რომ ფრანგული არ იცოდა. წასვლა ძალიან მიხაროდა, მაგრამ ამავე დროს შიშის გრძნობა მიპყრობდა. 28 იანვარს თვითმფრინავის ბილეთი ვიყიდე და ნიუ-იორკიდან სანტო-დომინგოში, დომინიკელთა რესპუბლიკაში ჩავფრინდი, რომელიც ჰაიტის ესაზღვრება.

აეროპორტში ახალგაზრდა მოწმე დამხვდა და იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მიმიყვანა. იმ დღეს შეერთებული შტატებიდან კიდევ ორი მედდა ჩამოვიდა და სამივე ერთ ოთახში მოგვათავსეს, მეორე დილით კი ჰაიტის ფილიალში წაგვიყვანეს პორტ-ო-პრენსში. იქამდე მისასვლელად შვიდ საათ-ნახევარი უნდა გვევლო.

როგორც კი საზღვარი გადავლახეთ, ნანგრევები დავინახეთ. დაუჯერებელი იყო იმის დანახვა, თუ რა დამართა 35-წამიანმა მიწისძვრამ ამ ლამაზ ქვეყანას. ამ ყველაფრის ნახვა ტელევიზორში მიჭირდა და საკუთარი თვალით ნანახმა ხომ საერთოდ გამაოგნა. უამრავი სახლი იყო დაზიანებული, მათ შორის პრეზიდენტის სასახლე. ზოგი საერთოდ ნანგრევების ხროვად იყო ქცეული. მრავალი ადამიანი მთელი ცხოვრება მძიმედ შრომობდა, რომ როგორღაც სახლი აეშენებინა და რა მოხდა, რამდენიმე წამში ყველაფერი დაკარგა. იმ მომენტში იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ ამ ცხოვრებაში მატერიალური ქონება მართლა არ არის მნიშვნელოვანი.

ფილიალში რომ მივედით, მისაღებში მყოფი თანამორწმუნე ჩვენი დანახვისთანავე გამოემართა და გულში თბილად ჩაგვიკრა. მან მადლობა გადაგვიხადა იმისათვის, რომ პირადი საქმეები გადავდეთ და მათთან ჩავედით. სადილის შემდეგ უახლოეს საკონგრესო დარბაზში მივედით, რომელიც საავადმყოფოს მოვალეობას ასრულებდა. იქ სხვა მოხალისე იეჰოვას მოწმეებს შევხვდი, მათ შორის ექიმ ცოლ-ქმარს გერმანიიდან, მათ ასისტენტსა და ბებიაქალს შვეიცარიიდან.

სამუშაოს პირველივე ღამეს შევუდექი. საკონგრესო დარბაზში, იატაკზე დაგებულ ლეიბებზე 18 პაციენტი იწვა. იქ იყვნენ როგორც მოწმეები, ისე სხვა აღმსარებლობის ადამიანები. მოწმეებისგან შემდგარი მედპერსონალი ყველას ერთნაირად აქცევდა ყურადღებას და უფასო სამედიცინო დახმარებას უწევდა.

იმ ღამეს 80 წლის კაცი გარდაიცვალა. მეუღლე გვერდიდან არ მოსცილებია, მე და ჩემი თანაოთახელიც იქ ვიყავით. ცოტა ხანში ერთმა ახალგაზრდა ქალმა, კეტლიმ, ტკივილისგან კივილი დაიწყო. მას მარჯვენა ხელის ამპუტაცია ჰქონდა გაკეთებული. მის გვერდით იყო იეჰოვას მოწმე, რომელიც კეტლის ბიბლიას ასწავლიდა. ის თითქმის ყოველღამე კეტლისთან რჩებოდა საკონგრესო დარბაზში.

კეტლისთან მივედი, მინდოდა მისთვის ტკივილი შემემსუბუქებინა, მაგრამ ის მხოლოდ ფიზიკური ტკივილისგან არ იტანჯებოდა. მან მომიყვა, რომ მიწისძვრის დროს მეგობრის სახლში იყო. თავიდან ის და მისი მეგობარი ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა. შემდეგ ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და აივნისკენ გაიქცნენ. უცბად კედელი ჩამოინგრა და ისინი ნანგრევებში მოჰყვნენ. კეტლიმ მეგობარს დაუძახა, მაგრამ პასუხი არ მიიღო. ის მიხვდა, რომ მისი მეგობარი მკვდარი იყო. ოთხი საათის განმავლობაში, მაშველების მოსვლამდე მისი გვამი ნაწილობრივ კეტლიზე იდო. კეტლის ხელი მხრის სახსრამდე მოკვეთეს.

იმ ღამით კეტლიმ არაერთხელ გაიხსენა თავსგადამხდარი უბედურება. მან აქვითინებულმა მითხრა: „ვიცი, რასაც ბიბლია ბოლო დღეებზე და მიწისძვრებზე ამბობს. ისიც ვიცი, რომ ბედნიერი მომავალი გველოდება და უნდა მიხაროდეს, რომ გადავრჩი. მაგრამ აბა, ჩემს ადგილას ერთი წუთით შენი თავი წარმოიდგინე. შენთვის წყნარად ცხოვრობ და უცბად ასეთ დღეში ვარდები“. კეტლის დასამშვიდებლად არაფრის გაკეთება არ შემეძლო, უბრალოდ ხელი მოვხვიე და მეც ავქვითინდი. ორივე ვტიროდით, ბოლოს მას ტირილში ჩაეძინა.

ყოველდღე ერთ ექიმსა და ორ მედდას აგზავნიდნენ იქ, სადაც დახმარება იყო საჭირო. მე და ორი მოხალისე მოწმე — ფლორიდელი მედდა და ფრანგი ექიმი — პორტ-ო-პრენსიდან ორი საათის სავალზე პეტი გოავიზე გაგვაგზავნეს. იქ დილის ათის ნახევარზე ჩავედით, ბარგი გადმოვცალეთ და ადგილობრივ სამეფო დარბაზში გავგზავნეთ. ხალხი ჩვენს ჩასვლას ელოდებოდა.

მაშინვე მუშაობას შევუდექით. ცხელოდა. მათი რიცხვი, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდა, უფრო და უფრო იზრდებოდა. სამ საათამდე არ შეგვისვენია. სამმა მოხალისემ 114 პაციენტს აცრა გავუკეთეთ, 105-ს კი სამედიცინო კონსულტაცია ჩავუტარეთ. მართალია, ძალაგამოცლილი ვიყავი, მაგრამ მიხაროდა, რომ მათ დასახმარებლად რაღაცის გაკეთება შემეძლო.

ჰაიტიზე დაზარალებულთა დასახმარებლად ორ კვირაზე მეტი დავრჩი. საკონგრესო დარბაზში ღამის ცვლაში თითქმის ყოველდღე 12 საათს ვმუშაობდი. ცხოვრებაში მსგავსი საპასუხისმგებლო დავალება არასოდეს მქონია. დიდ უპირატესობად და კურთხევად ვთვლი იმას, რომ იქ ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ოდნავ მაინც შევძელი გატანჯული ჰაიტელებისთვის ტკივილის შემსუბუქება.

ჰაიტელებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მაგალითად, ერთი პაციენტი მყავდა, 15 წლის ელიზერი, რომელსაც ფეხი ჰქონდა ამპუტირებული. შევამჩნიე, რომ ის თავისი სადილის ნახევარს ჯიმისთვის ინახავდა, რომელიც ღამით მასთან რჩებოდა. მან მითხრა, რომ ჯიმი ხშირად მშიერი მიდიოდა მასთან. ელიზერმა გამაოცა! მართლაც, აუცილებელი არ არის მდიდარი ან ჯანმრთელი იყო, რომ სხვას რაღაც უწილადო.

გაცემის სული ჩემთან ერთად მომუშავე მოხალისეებსაც ჰქონდათ. ერთ მოხალისეს კარგი ჯანმრთელობა არ ჰქონდა, მეორეს ზურგი სტკიოდა. მიუხედავად ამისა, ორივე პაციენტებზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე საკუთარ თავზე. მათი მაგალითი ძალას მაძლევდა. დროდადრო ემოციურად, გონებრივად და ფიზიკურად ძალიან ვიფიტებოდით, მაგრამ ერთმანეთის დახმარებით საქმეს ვაგრძელებდით. ჰაიტიზე ყოფნა არასოდეს დამავიწყდება. მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ იმ ქრისტიანულ ორგანიზაციაში ვარ, რომლის წევრებიც სიკეთეს, სიყვარულსა და თავგანწირვის სულს ავლენენ.

წამოსვლისას ორმა პაციენტმა, რომლებსაც მარჯვენა ხელები ჰქონდათ მოკვეთილი, სამადლობელი წერილები დამიწერა და მთხოვა, თვითმფრინავში წამეკითხა. ასეც მოვიქეცი. წერილებმა გული ისე ამიჩუყა, რომ ცრემლები ვერ შევიკავე.

ჰაიტიზე შეძენილ ზოგ მეგობართან დღემდე მაქვს ურთიერთობა. ძლიერი მეგობრობა გასაჭირის დროს მტკიცდება და იცდება. მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა მომავალში ნებისმიერ გაჭირვებას გადაგვატანინებს. შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად დიდი პატივი მერგო წილად.