არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით ყურადღებიანი მარტოხელა მშობლების მიმართ

იყავით ყურადღებიანი მარტოხელა მშობლების მიმართ

იყავით ყურადღებიანი მარტოხელა მშობლების მიმართ

ცოტა თუ ხარჯავს იმდენ დროსა და ენერგიას, რამდენსაც მარტოხელა მშობლები. ვინ მოთვლის მათ საზრუნავს — შვილების აღზრდა, სამუშაო, საყიდლებზე სიარული, საჭმლის მომზადება, სახლის საქმეები. ამას გარდა, მათ ბავშვების ჯანმრთელობაზე, დასვენებასა და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე უწევთ ზრუნვა და თუ დრო გამოუჩნდათ, საკუთარ თავსაც ხომ უნდა მიხედონ?!

მართალია, მარტოხელა მშობელთა რიცხვი იზრდება და ისინი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენენ, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, რომ ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩნენ. ერთი დედა გულახდილად ამბობს: „მარტოხელა მშობლების შემჩნევა მაშინ დავიწყე, როცა თავად გავხდი მარტოხელა“. რა უნდა გააკეთოთ, რომ მარტოხელა მშობლები უყურადღებოდ არ დაგრჩეთ? უნდა დაინტერესდეთ მათი მდგომარეობით? განვიხილოთ სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება მარტოხელა მშობლების მიმართ.

რატომ უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება

ბევრ მარტოხელა მშობელს დახმარება სჭირდება. 41 წლის ქვრივი ქალი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, ამბობს: „ზოგჯერ არ ვიცი, რა გავაკეთო. დავიღალე ამხელა ტვირთის ტარებით“. დაქვრივებულ, მიტოვებულ ან სხვა არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ბევრ მარტოხელა მშობელს შეიძლება ისეთი განცდა დაეუფლოს, როგორც ერთ დედას, რომელიც ამბობს: „ჩვენ შვებას ვნატრობთ!“

ეს თქვენს ბედნიერებას შეუწყობს ხელს. დახმარებიხართ ვინმეს მძიმე ტვირთის ტარებაში? თუ დიახ, ალბათ, კმაყოფილებას იგრძნობდით იმით, რომ ვიღაცას დახმარების ხელი გაუწოდეთ. მსგავსადვე, მარტოხელა მშობლები ტვირთს ატარებენ, რომელიც ზოგჯერ ერთი ადამიანისთვის ძალიან მძიმე სატარებელია. როცა მათ ასეთ წუთებში ტვირთის ტარებაში შეეხიდებით, საკუთარ თავზე გამოცდით ფსალმუნის 41:1-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას: „ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს“.

ეს ღმერთს ახარებს. იაკობის 1:27-ში ნათქვამია: „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში“. ამ მუხლში მარტოხელა მშობლების მიხედვაც იგულისხმება. * ებრაელების 13:16-ში ნათქვამია: „ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“.

ზემოთ მოვიხსენიეთ სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოვავლინოთ ყურადღება მარტოხელა მშობლების მიმართ. ახლა, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ მათ დასახმარებლად და როგორ შეგიძლიათ პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა.

გაიგეთ, რა სახის დახმარება სჭირდებათ

შეიძლება იფიქროთ, რომ საკმარისია, თუ მარტოხელა მშობელს პირდაპირ ჰკითხავთ, რით შეგიძლიათ დაეხმაროთ. მაგრამ საეჭვოა, რომ მან ამ დროს რამე გთხოვოთ. როგორც ფსალმუნის 41:1 გვირჩევს, მათ ‘ყურადღება უნდა მივაქციოთ’. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ამ მუხლში გამოყენებული ებრაული ფრაზა შეიძლება ნიშნავდეს „მრავალმხრივ და სიღრმისეულ ფიქრს, რაც ბრძნულ მოქმედებაში ვლინდება“.

ამრიგად, ზუსტად რომ ვიცოდეთ, რა სახის დახმარება ესაჭიროებათ მარტოხელა მშობლებს, კარგად უნდა დავფიქრდეთ იმ სირთულეებზე, რომლებსაც ისინი ხვდებიან. იყავით დაკვირვებული და ზედაპირულად ნუ შეაფასებთ მათ მდგომარეობას. თქვენს თავს დაუსვით კითხვა: მე რომ მათ ადგილას ვიყო, რა სახის დახმარება დამჭირდებოდა? ბევრი მარტოხელა მშობელი გეტყოდათ: ბევრიც რომ ეცადოთ, ბოლომდე მაინც ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს იყო მარტოხელა მშობელი, სანამ ამას საკუთარ თავზე არ გამოცდით. და მაინც, თუ ყველანაირად ეცდებით მათ მდგომარეობაში შესვლას, უკეთესად ‘მიაქცევთ ყურადღებას’.

მიჰბაძეთ ღვთის სრულყოფილ მაგალითს

არავინ ავლენს ისეთ სიყვარულსა და მზრუნველობას მარტოხელა მშობლების მიმართ, როგორც იეჰოვა ღმერთი. ბევრი ბიბლიური მუხლი აჩვენებს, რომ იეჰოვა ყურადღებას აქცევს და მზრუნველობას არ აკლებს ქვრივებს, უმამო ბავშვებსა და, შესაბამისად, მარტოხელა მშობლებს. თუ გამოვიკვლევთ, როგორ ეხმარება ღმერთი ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს, გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ მარტოხელა მშობლებისთვის ნამდვილი დახმარების აღმოსაჩენად. განვიხილოთ ოთხი ძირითადი რჩევა.

მოუსმინეთ

ძველად ისრაელისთვის მიცემულ კანონში იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა, რომ გაჭირვებულთა ‘ღაღადს უეჭველად მოისმენდა’ (გამოსვლა 22:22, 23). როგორ შეგიძლიათ, ამ მხრივ იეჰოვას მიჰბაძოთ? მარტოხელა მშობლებს ხშირად ეუფლებათ მარტოობის გრძნობა და ამ დროს გვერდით არავინ ჰყავთ, ვისაც გულს გადაუშლიან. ერთი მარტოხელა დედა გვიზიარებს: „ხშირად, როცა ბავშვები დასაძინებლად მიდიან, ტირილს ვიწყებ. ზოგჯერ მარტოობა ჩემთვის ძალიან მძიმე ასატანია“. თუ შესაძლებელია, მარტოხელა მშობლის ‘ღაღადს მოუსმინე’, რომელსაც შეიძლება თავისი გრძნობების გაზიარება სურს. შესაფერის სიტუაციაში მარტოხელა მშობლის მოსმენა, მას დარდს შეუმსუბუქებს.

გაამხნევეთ

წმინდა სიმღერები, ანუ ფსალმუნები, რომლებიც ისრაელებს თაყვანისმცელობის დროს უნდა ემღერათ, იეჰოვას შთაგონებით დაიწერა. წარმოიდგინეთ, როგორ გაამხნევებდა და შვებას მოჰგვრიდა ისრაელ ქვრივებსა და უმამო ბავშვებს ამ სიმღერების შესრულება. ღვთივშთაგონებული სიტყვები შეახსენებდა მათ, რომ იეჰოვა იყო მათი მამა და მოსამართლე (ფსალმუნი 68:5; 146:9). ჩვენც შეგვიძლია მარტოხელა მშობლების სიტყვიერად გამხნევება, რაც შეიძლება მათ წლების განმავლობაში არ დაავიწყდეთ. რუთს, რომელიც მარტოხელა დედაა, დღემდე კარგად ახსოვს 20 წლის წინ ნათქვამი ერთი მშობლის სიტყვები: „შენ მართლა არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებ — ორ ვაჟს ზრდი“. რუთი იხსენებს: „ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე“. მართლაც, „კეთილი სიტყვა გულს ახალისებს“ და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ შეუძლია მას ადამიანის გამხნევება (იგავები 12:25). შეარჩიეთ სიტყვები მარტოხელა მშობლის შესაქებად და გასამხნევებლად.

დაეხმარეთ მატერიალურად

ძველი ისრაელისთვის მიცემული იეჰოვას კანონი ასევე ითვალისწინებდა ქვრივებისა და უმამო ბავშვების საკვებით უზრუნველყოფას, თან ისე, რომ მათი ღირსება არ შელახულიყო. ამგვარად, მათ ექნებოდათ საკმარისი საკვები, რათა ‘ეჭამათ და გამძღარიყვნენ’ (კანონი 24:19—21; 26:12, 13). ჩვენც შეგვიძლია მატერიალურად დავეხმაროთ გაჭირვებულ მარტოხელა მშობლებს ოღონდ ისე, რომ თავი უხერხულად არ იგრძნონ. შეგიძლიათ, სახლში მიუტანოთ გამზადებული საჭმელი ან პროდუქტები? არ გაქვთ სახლში ისეთი ტანსაცმელი, რომელიც მარტოხელა მშობელს ან მის ბავშვებს მოერგებათ? ან ხომ არ შეგიძლიათ საოჯახო ნივთების შესაძენად ფულით დაეხმაროთ?

გქონდეთ ურთიერთობა

იეჰოვას ნაბრძანები ჰქონდა, რომ ისრაელი ერის ყოველწლიურ დღესასწაულებში ქვრივებსა და უმამო ბავშვებსაც მიეღოთ მონაწილეობა, რათა მათაც გაეხარათ ურთიერთობით. კანონში ნათქვამი იყო, რომ მათ უნდა ემხიარულათ (კანონი 16:10—15). მსგავსად ამისა, დღეს ქრისტიანებს მოგვიწოდებენ, ვიყოთ „ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები“ და ურთიერთობისთვის სასიამოვნო გარემო შევქმნათ (1 პეტრე 4:9). ასე რომ, დაპატიჟეთ მარტოხელა მშობელი და მისი შვილები სადილზე. დიდი მზადება საჭირო არ არის. როცა იესო მეგობრებთან იყო სტუმრად და მათთან ურთიერთობით ხარობდა, თქვა: „საჭირო კი სულ ცოტაა ან მხოლოდ ერთი“ (ლუკა 10:42).

თქვენი ყურადღება დაფასდება

მარტოხელა დედა კეტლინი, რომელმაც სამი შვილი გაზარდა, ამბობს, რომ არასდროს დაავიწყდება ერთი ბრძნული რჩევა: „ნურაფერს ელი. ყველაფერი დააფასე“. კეტლინის მსგავსად, ბევრი მარტოხელა მშობელი აცნობიერებს შვილების აღზრდის პასუხისმგებლობას. ამიტომ ისინი არ ავალდებულებენ სხვებს, გააკეთონ ის, რაც მათი გასაკეთებელია. ამავდროულად, ისინი აფასებენ ნებისმიერ დახმარებას. იყავით ყურადღებიანი მარტოხელა მშობლების მიმართ. ამგვარად, მათ კეთილდღეობასაც შეუწყობთ ხელს და თქვენც ბედნიერი იქნებით. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ღმერთი ‘გადაგიხდით თქვენი საქმისთვის’ (იგავები 19:17).

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ფრაზა „მარტოხელა მშობელი“ ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ ძალიან ხშირად გვხვდება სიტყვები „ქვრივი“ და „უმამო ბავშვი“. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ბიბლიურ დროში ბევრი მარტოხელა მშობელი იყო (ესაია 1:17).

[სურათი 24 გვერდზე]

ბოლოს როდის მოიწვიეთ მარტოხელა მშობელი და მისი შვილები სადილზე? დაპატიჟეთ ისინი ახლო მომავალში