არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საიდუმლო, რომელიც შეგიძლია სხვებს გაუმჟღავნო

საიდუმლო, რომელიც შეგიძლია სხვებს გაუმჟღავნო

ასწავლეთ შვილებს

საიდუმლო, რომელიც შეგიძლია სხვებს გაუმჟღავნო

გაუმჟღავნებია ვინმეს შენთვის საიდუმლო? ~ * მინდა, ერთი საიდუმლო გაგიმხილო. ბიბლიაში მას ეწოდება „წმინდა საიდუმლო . . . რაც დიდი ხნის მანძილზე დაფარული იყო“ (რომაელები 16:25). „წმინდა საიდუმლო“ თავიდან მხოლოდ ღმერთმა იცოდა. ვნახოთ, რა გააკეთა ღმერთმა იმისათვის, რომ ეს საიდუმლო ბევრს გაეგო.

იცი, რას ნიშნავს „წმინდა“? ~ სპეტაკს, სუფთას ან რაღაც განსაკუთრებულს. აქედან გამომდინარე, ამ საიდუმლოს წმინდა იმიტომ ეწოდება, რომ ის მომდინარეობს ღვთისგან, რომელიც წმინდაა. შენი აზრით, ვის სურდა ამ წმინდა საიდუმლოს გაგება? ~ ანგელოზებს. ბიბლიაში ნათქვამია: „ანგელოზებს სურთ, ჩაუკვირდნენ ამ ყველაფერს“. დიახ, წმინდა საიდუმლოს გაგება, სწორედ რომ ანგელოზებს სურდათ (1 პეტრე 1:12).

დედამიწაზე ყოფნისას იესო წმინდა საიდუმლოს შესახებ ლაპარაკობდა და ხალხს მის მნიშვნელობას უხსნიდა. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ მოცემული გაქვთ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლო“ (მარკოზი 4:11). მიაქციე ყურადღება, რას ეხება წმინდა საიდუმლო? ~ ის ეხება ღვთის სამეფოს. იესომ გვითხრა, რომ გველოცა ამ სამეფოსთვის (მათე 6:9, 10).

ახლა გავიგოთ, რატომ იყო ღვთის სამეფო „დიდი ხნის მანძილზე“ გასაიდუმლოებული. მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამი და ევა კანონის დარღვევისთვის ედემის ბაღიდან გააძევა, ღვთის მსახურებისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი განზრახვა არ შეიცვლებოდა და მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა (დაბადება 1:26—28; 2:8, 9; ესაია 45:18). ღვთის მსახურებმა დაწერეს, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ადამიანები დედამიწაზე ბედნიერად იცხოვრებდნენ. მაგრამ მათ ბოლომდე არ იცოდნენ, როგორ მოხდებოდა ეს. დედამიწაზე ყოფნისას იესო ხალხს სამეფოსთან დაკავშირებულ საკითხებს უხსნიდა (ფსალმუნი 37:11, 29; ესაია 11:6—9; 25:8; 33:24; 65:21—24).

ახლა ღვთის სამეფოს მმართველზე ვისაუბროთ. იცი, ვინ აირჩია ღმერთმა მმართველად? ~ თავისი ძე, „მშვიდობის მთავარი“, იესო ქრისტე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მის „მხარზე იქნება ხელმწიფობა“ (ესაია 9:6, 7). მე და შენ უნდა შევიძინოთ „საფუძვლიანი ცოდნა ღვთის წმინდა საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესახებ“ (კოლოსელები 2:2). ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთმა თავისი შექმნილი პირველი ანგელოზის (სულიერი ძის) სიცოცხლე გადაიტანა მარიამის საშვილოსნოში. ეს ძე, რომელიც ძლიერი ანგელოზი იყო, ღმერთმა დედამიწაზე გამოგზავნა. მას სიცოცხლე უნდა გაეღო ჩვენთვის, რათა მარადიულად გვეცხოვრა (მათე 20:28; იოანე 3:16; 17:3).

მაგრამ წმინდა საიდუმლოზე ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიცოდეთ, ვიდრე მხოლოდ ის, რომ ღმერთმა იესო აირჩია სამეფოს მმართველად. წმინდა საიდუმლოს ეხება ისიც, რომ მკვდრეთით აღმდგარ იესოსთან ერთად ზეცაში იქნებიან კაცები და ქალები და მასთან ერთად იმმართველებენ (ეფესოელები 1:8—12).

მოდი, გავიგოთ იესოს ზოგი თანამმართველის სახელი. იესომ თავის ერთგულ მოციქულებს უთხრა, რომ ზეცაში მიდიოდა მათთვის ადგილის მოსამზადებლად (იოანე 14:2, 3). თუ მომდევნო მუხლებს წაიკითხავ, გაიგებ რამდენიმე კაცისა და ქალის სახელს, ვინც იესოსთან ერთად ღვთის სამეფოში იმეფებს (მათე 10:2—4; მარკოზი 15:39—41; იოანე 19:25).

დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო, რამდენი ადამიანი იმეფებდა იესოსთან ზეცაში. მაგრამ ახლა მათი რიცხვი ცნობილია. იცი, რამდენი არიან ისინი? ~ ბიბლია ამბობს, რომ 144 000. ესეც წმინდა საიდუმლოს ნაწილია (გამოცხადება 14:1, 4).

მეთანხმები, რომ „ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლოზე“ უკეთეს საიდუმლოს ვერსად გავიგებთ? ~ თუ ასეა, მოდი კიდევ უფრო მეტი გავიგოთ ამ საიდუმლოს შესახებ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუყვეთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.

კითხვები:

▪ რა ჰქვია იმ საიდუმლოს, რომელზეც ახლა ვილაპარაკეთ და რატომ?

▪ რას ეხება ეს საიდუმლო და პირველად ვინ ასწავლიდა ხალხს ამ საიდუმლოს შესახებ?

▪ შენ რა ისწავლე ამ საიდუმლოზე?

▪ როგორ აუხსნიდი შენს მეგობარს წმინდა საიდუმლოს?

[სურათი 31 გვერდზე]

როგორ ფიქრობ, რის გაგებას ცდილობდნენ ანგელოზები?