არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გასცემს თქვენი შვილი პასუხს?

გასცემს თქვენი შვილი პასუხს?

გასცემს თქვენი შვილი პასუხს?

მშობლების საყურადღებოდ: 2010 წლის 15 იანვრის ნომერში 16—20 გვერდებზე მოცემულ სტატიაში ყურადღება გამახვილდა, თუ რამდენად აუცილებელია ბავშვებთან ერთად რეალური სიტუაციების გათამაშება. გათამაშებული რეალური სცენები გაუადვილებს თქვენს შვილს, დაიცვას საკუთარი მრწამსი მაშინ, როცა მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდები სკოლაში. სტატიაში იყო რჩევაც, რომ ასეთი ინსცენირებები შესაძლოა ჩართო ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს პროგრამაში.

ბავშვები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, ხშირად ხვდებიან სკოლაში პრობლემებს. თანაკლასელები მათ ხშირად უსვამენ კითხვებს, თუ რატომ არ აძლევენ ისინი დროშას სალამს, რატომ არ დადიან დაბადების დღეებზე ან რატომ არ აღნიშნავენ სხვების მსგავსად დღესასწაულებს. თუ თქვენი შვილიც აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში, შეძლებს პასუხის გაცემას?

ზოგი ბავშვი შემდეგნაირად პასუხობს: „მე არ გავაკეთებ ამას. ეს ღმერთს არ მოსწონს“. ისინი ნამდვილად იმსახურებენ შექებას, რადგან მტკიცედ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. შესაძლოა ასეთი მოკლე და მტკიცე პასუხის მერე მსგავსი კითხვებით მეტად აღარ შეაწუხონ ისინი, მაგრამ ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ‘დამცველებად გამოვიდეთ ყველას წინაშე, ვინც ჩვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გვთხოვს’ (1 პეტ. 3:15). ამ მუხლიდან ვხედავთ, რომ უფრო მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე მხოლოდ იმის თქმა, რომ „ეს ღმერთს არ მოსწონს“. მართალია, ბევრი არც კი მოისურვებს ჩვენგან ახსნა-განმარტების მოსმენას, მაგრამ ზოგი შესაძლოა დაინტერესდეს, თუ რატომ მივიღეთ ესა თუ ის გადაწყვეტილება.

ბევრი ახალგაზრდა ასეთ თემებზე საუბრისას იშველიებს პუბლიკაციებს, რომლებშიც ბიბლიური ისტორიებია მოთხრობილი, მაგალითად წიგნს „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. ამ დამხმარე საშუალებების წყალობით ახალგაზრდებს უადვილდებათ თავიანთი მრწამსის შესახებ საუბარი. ზოგ მათ თანაკლასელს მოსწონს ბიბლიური ისტორიების მოსმენა და ძალიან ბევრი სწორედ ამის შემდეგ იწყებს ბიბლიის შესწავლას. თუმცა, მოსწავლეებს უჭირთ ყველა ბიბლიური ისტორიის გაგება. ზოგი ბიბლიური ისტორია საფუძვლიანი ახსნა-განმარტების გარეშე საკმაოდ რთული აღსაქმელია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. მაგალითად, როცა 11 წლის მინჰი მეგობარმა დაბადების დღეზე დაპატიჟა, მინჰიმ მას უთხრა: „ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ დაბადების დღე უნდა აღვნიშნოთ. ბიბლიის ერთ-ერთ პერსონაჟს, იოანე ნათლისმცემელს, სწორედ დაბადების დღეზე მოკვეთეს თავი“. მინჰი ამბობს, რომ მისმა მეგობარმა ბევრი ვერაფერი გაიგო.

ზოგჯერ შესაძლოა პრაქტიკული იყოს, რომ ბავშვმა თანაკლასელს საზოგადოების მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნიდან უჩვენოს რომელიმე ილუსტრაცია ან პირდაპირ წააკითხოს ერთ-ერთი მონაკვეთი. მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვები მაშინ, როცა სკოლაში იკრძალება რელიგიური შინაარსის ლიტერატურის სხვებისთვის გაცნობა? შეძლებენ ჩვენი შვილები პუბლიკაციების გარეშე საკუთარ მრწამსზე საუბარს? მოახერხებენ ისინი საკუთარი რელიგიური შეხედულებების დაცვას?

გაითამაშეთ რეალური სიტუაციები

თქვენს შვილებს დიდ დახმარებას გაუწევთ, თუ სახლში მათთან ერთად რეალურ სცენებს გაითამაშებთ. თქვენ შეგიძლიათ თანაკლასელის როლში იყოთ. დააკვირდით, რამდენად კარგად გამოსდით თქვენს შვილებს საკუთარ მრწამსზე საუბარი და შექებასაც ნუ დაიშურებთ. გარდა ამისა, აჩვენეთ, როგორ შეუძლიათ უფრო ეფექტურად ქადაგება და რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას. მაგალითად, შესაძლოა ურჩიოთ შვილებს, რომ საუბრისას ისეთი სიტყვები გამოიყენონ, რომელთა გაგებაც მათ თანაკლასელებს გაუადვილდებათ. 9 წლის ჯოშუა ამბობს, რომ როცა თანაკლასელებს ესაუბრებოდა საკუთარ მრწამსზე, მათ გაუჭირდათ ისეთი სიტყვების გაგება, როგორიცაა „სინდისი“ და „ერთგულება“. ამიტომ, ის ცდილობდა, რომ მათთან ადვილად გასაგები ენით ელაპარაკა (1 კორ. 14:9).

სკოლის ზოგ მოსწავლეს შეიძლება გაუჭირდეს კონცენტრირება, თუ მის მიერ დასმულ კითხვას ვრცლად უპასუხებ. ბავშვებს ყურადღება არ გაეფანტებათ, თუ მათ საუბარში ჩააბამ და წამოჭრილ საკითხზე მათთან ერთად იმსჯელებ. 10 წლის გოგონა, ჰანიული ამბობს: „ჩემს კლასელებს აზრთა გაცვლა-გამოცვლა უყვართ და არა ახსნა-განმარტებების მოსმენა“. ასე რომ, კარგი იქნება, თუ ბავშვები თანაკლასელებს კითხვებს დაუსვამენ და მთელი გულისყურით მოუსმენენ მათ მიერ გამოთქმულ აზრს.

ქვემოთ მოყვანილი ინსცენირებები დაეხმარება ბავშვებს თანაკლასელებთან საუბრისას. ამ ინსცენირებების დაზეპირება საჭირო არაა, რადგან ყველა ბავშვი განსხვავდება ერთმანეთისგან და წინასწარ ვერასდროს განვსაზღვრავთ, ვისთან რაზე მოგვიწევს საუბარი. ამიტომ, კარგია, თუ ბავშვი აზრებს დაიმახსოვრებს და არა სიტყვებს, და საკუთარი სიტყვებით წარმართავს საუბარს. თუ გყავთ სკოლის ასაკის ბავშვები, მათთან ერთად გაითამაშეთ ქვემოთ მოყვანილი ინსცენირებები.

შვილების აღზრდა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ქრისტიან მშობლებს სურთ, რომ შვილებს ბიბლიური ნორმებით ცხოვრება ასწავლონ (კან. 6:7; 2 ტიმ. 3:14).

მომდევნო ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე გაითამაშეთ ქვემოთ მოყვანილი ინსცენირებები. დარწმუნებული იყავით, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ნუ დააზეპირებინებთ ბავშვებს კონკრეტულ პასუხებს ან სიტყვებს. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ ერთი და იგივე სიტუაცია რამდენჯერმე გაითამაშოთ და სხვადასხვა კუთხით წაიყვანოთ დიალოგი იმის დასანახად, თუ რამდენად გაართმევს თავს თქვენი შვილი სახეცვლილ დიალოგს. გარდა ამისა, ასწავლეთ შვილებს, რომ ყოველთვის, როცა თავიანთ მრწამსზე ისაუბრებენ, იყვნენ გონიერები და ტაქტიანები. დროთა განმავლობაში თქვენი შვილები ისწავლიან, როგორ დაიცვან საკუთარი მრწამსი თანაკლასელების, მასწავლებლებისა თუ მეზობლების წინაშე.

[ჩარჩო⁄სურათები 4, 5 გვერდებზე]

დაბადების დღე

ქეითი: გამარჯობა ჯონ! მინდა, დაბადების დღეზე დაგპატიჟო.

ჯონი: მადლობა ქეით დაპატიჟებისთვის. შეიძლება გკითხო, რატომ იხდი დაბადების დღეს?

ქეითი: მე ყოველთვის ვიხდი დაბადების დღეს. შენ რა, არ აღნიშნავ შენსას?

ჯონი: იცი, მე არ ვიხდი დაბადების დღეს.

ქეითი: რატომ? ჩემს მშობლებს ძალიან გაუხარდათ ჩემი დაბადება და არასდროს ავიწყდებათ ეს დღე.

ჯონი: ჩემს მშობლებსაც ძალიან გაუხარდათ ჩემი დაბადება, მაგრამ ჩემი აზრით, მხოლოდ ამის გამო არ ღირს ყოველწლიურად დაბადების დღის აღნიშვნა. დაბადების დღეს იუბილარი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. ნუთუ ადამიანზე მეტად ღმერთი არ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას? განა მას არ უნდა ვუმადლოდეთ, ამ ქვეყანას რომ მოვევლინეთ?

ქეითი: შენ რა, გინდა თქვა, რომ არ უნდა აღვნიშნო დაბადების დღე?

ჯონი: ეს შენი გადასაწყვეტია, მაგრამ, ალბათ, ღირს ამაზე დაფიქრება. ბუნებრივია, ყველას უხარია, როცა საჩუქარს ჩუქნიან, თუმცა ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ გაცემა უფრო დიდი ბედნიერებაა, ვიდრე მიღება. ნუთუ უკეთესი არ იქნება, საკუთარ თავზე ფიქრის ნაცვლად სხვებზე ვიფიქროთ, სიკეთე გავუკეთოთ მათ და ყველაფრისთვის ღმერთს გადავუხადოთ მადლობა?

ქეითი: ამაზე არასდროს მიფიქრია. კი მაგრამ, საჩუქრებს არასდროს გჩუქნიან მშობლები?

ჯონი: რა თქმა უნდა, მჩუქნიან. ჩემი მშობლები ჩემს დაბადების დღეს არ ელოდებიან და საჩუქრებს მაშინ მჩუქნიან, როცა ამის შესაძლებლობა აქვთ. ქეით, გინდა მოგიყვე, საიდან იღებს სათავეს დაბადების დღე.

ქეითი: კარგი, მომიყევი.

ჯონი: ხვალ მოგიყვები ერთ ძალიან საინტერესო ისტორიას, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა.

დროშისთვის სალმის მიცემა

სოფო: მაკა, რატომ არ აძლევ დროშას სალამს?

მაკა: კარგი კითხვა დამისვი სოფო, მაგრამ ჯერ შენ მითხარი, რატომ აძლევ სალამს დროშას?

სოფო: იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა.

მაკა: დედაც გიყვარს, მაგრამ სალამს ხომ არ აძლევ?

სოფო: მართალი ხარ. მე უბრალოდ პატივს მივაგებ დროშას. შენ არ სცემ პატივს დროშას?

მაკა: კი, როგორ არა. მაგრამ ყველაფერს, რასაც პატივს ვცემთ, სალამს ხომ არ ვაძლევთ?

სოფო: მართალია. მასწავლებლებსაც პატივს ვცემ, მაგრამ სალამს კი არ ვაძლევ. სიმართლე გითხრა, არ ვიცი, რატომ ვაძლევ სალამს დროშას.

მაკა: ბევრს მიაჩნია, რომ დროშა მათი ქვეყნის სიმბოლოა. დროშისთვის სალმის მიცემა ნიშნავს, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაფრის გასაკეთებლად მზად არიან. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. არ შემიძლია, ჩემს ქვეყანას საკუთარი სიცოცხლე შევწირო, რადგან სიცოცხლე ღმერთმა მაჩუქა. ჩემი სიცოცხლე მხოლოდ მას ეკუთვნის. პატივს კი ვცემ დროშას, მაგრამ არ ვაძლევ სალამს.

სოფო: გასაგებია.

მაკა: მიხარია, რომ ამ საკითხზე ვისაუბრეთ. თუ კიდევ დაგაინტერესებს რამე, სიამოვნებით გიპასუხებ. ბიბლიაში ერთი საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი: ერთხელ ბაბილონის მეფემ აღმართა უზარმაზარი ქანდაკება, რომლის წინაშე ყველას უნდა მოეყარა მუხლი. ზოგმა ეს არ გააკეთა და საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო.

სოფო: მართლა? რა მოხდა მერე?

მაკა: შესვენებაზე მოგიყვები, კარგი?

სკოლის თვითმმართველობის არჩევნები

ლაშა: გოგა, ვინ გინდა, რომ ჩვენი კლასის მმართველი გახდეს?

გოგა: მე არავის მხარეს არა ვარ.

ლაშა: რატომ?

გოგა: მე უკვე ავირჩიე საუკეთესო მმართველი. მე ქრისტიანი ვარ და მხოლოდ ქრისტეს ვაღიარებ მმართველად. იცი, რატომ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქრისტეს შეუძლია საუკეთესო ხელმძღვანელობის გაწევა?

ლაშა: არა და არც მაინტერესებს.

გოგა: თუ ოდესმე დაგაინტერესებს, დიდი სიამოვნებით გიპასუხებ.

[სურათი]

„რატომ არ აძლევ დროშას სალამს?“

[სურათი 3 გვერდზე]

„გამარჯობა ჯონ! მინდა, დაბადების დღეზე დაგპატიჟო“