არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნე!

იყავით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნე!

იყავით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნე!

„სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან“ (მათ. 9:37).

1. რას შეიძლება ეწოდოს გადაუდებელი საქმე?

შეიძლება ხელთ გაქვთ დოკუმენტი, რომელსაც უფლებამოსილმა პირმა დღის ბოლომდე უნდა გადახედოს. როგორ მოიქცევით? ალბათ, მასზე მიანიშნებთ, რომ სასწრაფოა. შესაძლოა საქმიან შეხვედრაზე მიდიხართ, მაგრამ ხედავთ, რომ გაგვიანდებათ. რას გააკეთებთ? ალბათ, მძღოლს ეტყვით: ძალიან მეჩქარება! შეგიძლიათ სწრაფად წახვიდეთ? როცა გადაუდებელი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მაგრამ დროში ვერ ეტევით, ძალიან ნერვიულობთ და დაძაბული ხართ. ამ დროს თქვენს ორგანიზმში ჭარბად გამოიყოფა ადრენალინი, რადგან გინდათ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოთ საქმე. ეს ყოველივე იმაზე მოწმობს, რომ გადაუდებლობის გრძნობა გაქვთ.

2. რა არის დღეს ქრისტიანებისთვის ყველაზე გადაუდებელი საქმე?

2 ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის დღეს ყველაზე გადაუდებელი საქმე სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და ყველა ეროვნების ადამიანის მოწაფეებად მომზადებაა (მათ. 24:14; 28:19, 20). მოწაფე მარკოზმა, რომელიც იესოს სიტყვებს ციტირებდა, ამ საქმიანობის შესახებ თქვა, რომ აღსასრულის მოსვლამდე „ჯერ სასიხარულო ცნობა“ უნდა ექადაგათ (მარ. 13:10). ეს მართლაც გადაუდებელი საქმეა! იესომ თქვა: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან“. სამკალი ვერ დაიცდის; მისი შეგროვება სეზონის დამთავრებამდე უნდა დასრულდეს (მათ. 9:37).

3. როგორ აჩვენებს ბევრი, რომ სამქადაგებლო საქმე მართლაც გადაუდებელია?

3 ქადაგება უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა. ამიტომ, ამ საქმის მოშურნეები უნდა ვიყოთ და მის შესასრულებლად დრო და ენერგია არ უნდა დავიშუროთ. საქებარია, რომ ბევრი სწორედ ასე იქცევა. მთელ მსოფლიოში მრავალმა და-ძმამ გაიმარტივა ცხოვრება, სრული დრო რომ მიეძღვნა ღვთისთვის და ემსახურა პიონერად, მისიონერად ან გამხდარიყო ბეთელის ოჯახის წევრი. მათ იეჰოვას კურთხევები არ აკლიათ და სიხარულის უამრავი მიზეზი აქვთ მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი აქვთ, არაერთი მსხვერპლის გაღება უწევთ და სირთულეებსაც ხვდებიან. ჩვენც ვხარობთ ამ და-ძმებთან ერთად (წაიკითხეთ ლუკას 18:28—30). მართალია, ზოგს არ შეუძლია სრული დროით იმსახუროს, მაგრამ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს იმდენ დროს უთმობენ, რამდენიც შეუძლიათ. ამ საქმეში ისიც შედის, რომ მშობლებმა შვილებს ღვთის სიტყვა ჩაუნერგონ, რაც მათი გადარჩენისთვისაა აუცილებელი (კან. 6:6, 7).

4. რატომ შეიძლება ზოგს გაუჭირდეს გადაუდებლობის გრძნობით მსახურება?

4 როგორც დავინახეთ, გადაუდებლობის გრძნობა მაშინ უჩნდება ადამიანს, როცა დროშია შეზღუდული და ეს დრო სადაცაა ამოიწურება. ჩვენ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ და ამის არაერთი მტკიცება არსებობს, როგორც ბიბლიური, ისე ისტორიული (მათ. 24:3, 33; 2 ტიმ. 3:1—5). მიუხედავად ამისა, ზუსტად არავინ იცის, როდის მოვა აღსასრული. როდესაც იესო „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანზე“ დაწვრილებით საუბრობდა, აღნიშნა: „იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მათ. 24:36). ზოგისთვის შეიძლება რთულია, წლების მანძილზე გადაუდებლობის გრძნობით ემსახუროს ღმერთს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი ხანია ასე მსახურობს (იგავ. 13:12). დროდადრო თქვენც ხომ არ გრძნობთ იმავეს? რა დაგეხმარებათ, რომ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს დავალება გადაუდებლობის გრძნობით შეასრულოთ და არ დაკარგოთ ენთუზიაზმი?

იესო საუკეთესო მაგალითს გვაძლევს

5. როგორ ასრულებდა იესო გადაუდებლობის გრძნობით ღვთის მსახურებას?

5 უდავოა, რომ ყველასთვის, ვინც გადაუდებლობის გრძნობით ემსახურება ღმერთს, იესო ქრისტე საუკეთესო მაგალითია. იესოს, სულ რაღაც, სამწელიწად-ნახევარში ძალიან ბევრი რამის გაკეთება უნდა მოესწრო. მან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ღვთის სხვა რომელიმე მსახურმა. იესომ გააცხადა თავისი მამის სახელი და მისი განზრახვები, იქადაგა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა, ამხილა რელიგიური წინამძღოლების ფარისევლობა და ცრუ სწავლებები და მხარი დაუჭირა იეჰოვას უზენაესობას, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა. იესომ თავი ღვთის მსახურებას მიუძღვნა — მან არ დაიშურა საკუთარი ძალა და ენერგია, რომ ისრაელის ყველა ქალაქსა თუ სოფელში ესწავლებინა, ექადაგა და განეკურნა ხალხი (მათ. 9:35). ასეთ მოკლე დროში არავის შეუსრულებია ასეთი გრანდიოზული საქმე! იესო ბოლომდე დაიხარჯა იეჰოვასთვის (იოან. 18:37).

6. რა იყო მთავარი იესოს ცხოვრებაში?

6 რა აღძრავდა იესოს, დაუღალავად ემსახურა? დანიელის წინასწარმეტყველებიდან იესომ იცოდა, იეჰოვას განზრახვის თანახმად, ღვთის ნების შესასრულებლად რამდენი დრო დასჭირდებოდა (დან. 9:27). როგორც უკვე აღვნიშნეთ, იესოს დედამიწაზე მსახურება უნდა დაესრულებინა „ნახევარ კვირაში“, ანუ სამწელიწად-ნახევარში. მას შემდეგ, რაც იესო ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე იერუსალიმში ზარ-ზეიმით შევიდა, თქვა: „მოვიდა კაცის ძის განდიდების საათი“ (იოან. 12:23). მართალია, იესომ იცოდა, რომ მოკვდებოდა, მაგრამ უარყოფით ფიქრებს არ მიეცა და მთავარი მიზნიდან ყურადღება საკუთარ თავზე არ გადაიტანა. პირიქით, ის ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა, რომ მამის ნება შეესრულებინა და ადამიანების მიმართ სიყვარული გამოევლინა. სწორედ სიყვარულმა უბიძგა მას, რომ მოემზადებინა მოწაფეები და საქადაგოდ გაეგზავნა. მოწაფეები, რომლებსაც უნდა გაეგრძელებინათ იესოს დაწყებული საქმე, მასზე მეტს გააკეთებდნენ (წაიკითხეთ იოანეს 14:12).

7, 8. როგორ იმოქმედა იესოს საქციელმა მოწაფეებზე, და რატომ მოიქცა იესო ასე?

7 ერთი შემთხვევიდან, რომელიც იესოს გადახდა თავს, ჩანს, თუ რამდენად მოშურნე იყო იგი. ეს მოხდა მისი მსახურების დასაწყისში, ახ. წ. 30 წელს, პასექის დღესასწაულზე. იესო მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში ავიდა და ტაძარში „საქონლის, ცხვრებისა და მტრედების გამყიდველები . . . და ფულის გადამხურდავებლები“ ნახა. როგორ მოიქცა ამის დანახვაზე იესო, და როგორ იმოქმედა ამან მოწაფეებზე? (წაიკითხეთ იოანეს 2:13—17 ).

8 იესოს სიტყვებმა და საქციელმა მოწაფეებს გაახსენა ფსალმუნმომღერალი დავითის წინასწარმეტყველური სიტყვები: „შენი სახლის მოშურნეობამ შემჭამა“ (ფსალმ. 69:9). ის, რაც იესომ გააკეთა, მისთვისვე იყო სახიფათო. ამ სამარცხვინო მომგებიანი სავაჭრო საქმის მოთავეები ხომ თავად ტაძრის წინამძღოლები — მღვდლები, მწიგნობრები და სხვა გავლენიანი პირები — იყვნენ. იესომ მტრად იქცია რელიგიური წინამძღოლები, რადგან სააშკარაოზე გამოიტანა მათი ბნელი საქმეები და ხელი შეუშალა ბოროტი ჩანაფიქრის განხორციელებაში. ამ შემთხვევაში მოწაფეებმა ზუსტად მიუსადაგეს იესოს ფსალმუნმომღერლის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ ის ღვთის სახლის ანუ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნე იყო. რა არის მოშურნეობა? არის სხვაობა მოშურნეობასა და გადაუდებლობის გრძნობას შორის?

რა სხვაობაა გადაუდებლობის გრძნობასა და მოშურნეობას შორის?

9. როგორ განიმარტება „მოშურნეობა“?

9 ერთი ლექსიკონის თანახმად, „მოშურნეობა“ განიმარტება, როგორც გულმოდგინება და ამა თუ იმ მიზნისკენ სწრაფვის დაუცხრომელი სურვილი. ამ სიტყვის სინონიმებია „მონდომება“ „თავგამოდება“, „ძლიერი წადილი“ და „ენთუზიაზმი“. უეჭველია, იესო მსახურების დროს ავლენდა ასეთ სულს. „თანამედროვე ინგლისური თარგმანის“ მიხედვით ფსალმუნმომღერლის სიტყვები ასე ითარგმნება: „შენი სახლის მოშურნეობა ცეცხლივით აგიზგიზდა ჩემში“. საინტერესოა, რომ ზოგ აღმოსავლურ ენაში სიტყვა „მოშურნეობა“ ორი სიტყვისგან შედგება და სიტყვასიტყვით ნიშნავს „ცხელ გულს“, „მოგიზგიზე გულს“. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რატომ გაახსენა იესოს საქციელმა მოწაფეებს დავითის სიტყვები. რამ „ააგიზგიზა ცეცხლი“ იესოს გულში, ანუ რამ აღძრა იგი მოქმედებისკენ?

10. რას ნიშნავს ბიბლიური გაგებით სიტყვა „მოშურნეობა“?

10 დავითის ფსალმუნში გამოყენებული სიტყვა „მოშურნეობა“ მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან, რომელიც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ზოგ მონაკვეთში ნათარგმნია, როგორც „განსაკუთრებული ერთგულება“ (წაიკითხეთ გამოსვლის 20:5; 34:14; იესო ნავეს ძის 24:19). ბიბლიის ერთი ლექსიკონი კი „მოშურნეობას“ ასე განმარტავს: „ეს სიტყვა ხშირად გამოიყენება ცოლ-ქმართან მიმართებაში . . . ისევე, როგორც ცოლ-ქმარს აქვს სრული უფლება, ერთმანეთისგან მოითხოვოს ერთგულება, ასევე ღმერთსაც აქვს უფლება, განსაკუთრებული ერთგულება მოსთხოვოს მათ, ვინც მისი საკუთრებაა“. მოშურნეობა ბიბლიური გაგებით უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ საყვარელი საქმისთვის თავგამოდებას, როგორც ეს სპორტული შეჯიბრებების გულშემატკივართა შემთხვევაში ხდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, დავითის მიერ ნახსენები „მოშურნეობა“ იმ ადამიანთან მიმართებაში გამოიყენება, რომელიც განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენს, არ იწყნარებს მეტოქეობასა თუ შეურაცხყოფას და ძლიერ სურს, გაუფრთხილდეს სხვის რეპუტაციას ან აანაზღაუროს ზარალი.

11. რამ აღძრა იესო, რომ მოშურნე ყოფილიყო?

11 იესოს მოწაფეები არ შემცდარან, როცა თავის მოძღვარს დავითის სიტყვები მიუსადაგეს. იესომ ღვთის მსახურებას მხოლოდ იმიტომ კი არ მიუძღვნა თავი, რომ გადაუდებლობის გრძნობა ჰქონდა და ღვთის დავალების შესრულება დადგენილ დროში უნდა მოესწრო, არამედ იმიტომ, რომ თავისი მამის სახელისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნე იყო. როდესაც იესომ დაინახა, რომ მამის სახელს შეურაცხყოფდნენ და გმობდნენ, მან მოშურნეობა გამოიჩინა და სიტუაციის გამოსასწორებლად უმალვე მიიღო ზომები. როცა იესო ხედავდა, როგორ ჩაგრავდნენ და ექსპლუატაციას უწევდნენ რელიგიური წინამძღოლები უბრალო ხალხს, მოშურნეობამ აღძრა იგი, შეემსუბუქებინა ხალხისთვის ეს ტვირთი, მჩაგვრელები კი მკაცრად ემხილებინა სახალხოდ (მათ. 9:36; 23:2, 4, 27, 28, 33).

იყავით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნე

12, 13. როგორ ეკიდებიან დღეს ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები ა) ღვთის სახელს? ბ) ღვთის სამეფოს?

12 დღეს ადამიანები, რომლებიც ღვთის თაყვანისმცემლებად აცხადებენ თავს, ისევე არასწორად აზროვნებენ და იქცევიან, როგორც იესოს დღეებში. ამ მხრივ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო არასახარბიელო იყოს. მაგალითად, გავიხსენოთ, იესოს სიტყვების თანახმად, პირველ რიგში, რის შესახებ უნდა ელოცათ მის მიმდევრებს: „ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9). ასწავლიან ხალხს რელიგიური წინამძღოლები, განსაკუთრებით ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება, რომ ღმერთს სახელით მოუხმონ, განწმინდონ მისი სახელი და პატივი მიაგონ? რასაკვირველია, არა. ისინი ადამიანებს ღმერთზე წარმოდგენას უმახინჯებენ ისეთი სწავლებებით, როგორიცაა სამება, სულის უკვდავება, ჯოჯოხეთის ცეცხლი, და ღმერთს საიდუმლოებით მოცულ, მიუწვდომელ, უმოწყალო და სადისტ პიროვნებადაც კი წარმოაჩენენ. გარდა ამისა, ისინი ღმერთს თავიანთი ამაზრზენი საქციელითა და თვალთმაქცობით შეურაცხყოფენ (წაიკითხეთ რომაელების 2:21—24 ). უფრო მეტიც, რელიგიური წინამძღოლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამალონ ღვთის პირადი სახელი და ამოიღონ კიდეც ბიბლიის თარგმანებიდან. ამგვარად ისინი ხალხს არ აძლევენ ღმერთთან დაახლოებისა და მასთან პირადი ურთიერთობის განვითარების საშუალებას (იაკ. 4:7, 8).

13 იესომ აგრეთვე ასწავლა თავის მიმდევრებს, რომ ელოცათ ღვთის სამეფოზე: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათ. 6:10). მართალია, ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები ხშირად იმეორებენ ამ ლოცვას, მაგრამ, ამავდროულად, ხალხს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ადამიანთა შექმნილ პოლიტიკურ თუ სხვა ორგანიზაციებს. გარდა ამისა, ისინი საქვეყნოდ კიცხავენ მათ, ვინც მთელი შემართებით ქადაგებს ღვთის სამეფოს შესახებ. შედეგი ისაა, რომ ბევრი ეგრეთ წოდებული ქრისტიანი არათუ რწმენას ავლენს ღვთის სამეფოსადმი, არამედ განხილვის ღირსადაც კი არ თვლის ამ თემას.

14. როგორ აუფასურებს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ღვთის სიტყვას?

14 ერთხელ იესომ ლოცვის დროს გასაგებად თქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17). ზეცაში ასვლამდე იესომ აღნიშნა, რომ იგი დანიშნავდა „ერთგულ და გონიერ მონას“, რომელიც მის ხალხს სულიერ საზრდოს მიაწვდიდა (მათ. 24:45). ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ამტკიცებს, რომ ხალხს ღვთის სიტყვას ასწავლის, მაგრამ ასეა ეს? ასრულებენ ისინი ერთგულად უფლის დავალებას? რა თქმა უნდა, არა. ისინი ხშირად მითს უწოდებენ იმას, რაც ბიბლიის ფურცლებზე წერია. იმის ნაცვლად, რომ სამწყსო სულიერად გამოკვებონ, გაანათლონ და ანუგეშონ, მღვდლები ხალხს ადამიანური ფილოსოფიებით უწამლავენ გონებას. უფრო მეტიც, ისინი ღვთის ზნეობრივ ნორმებს აუფასურებენ და ეგრეთ წოდებული ახალი მორალის შემოღებით ყურის მაამებელთა როლში გამოდიან (2 ტიმ. 4:3, 4).

15. რას ფიქრობთ ყველა იმ სისაძაგლეზე, რასაც სამღვდელოება ღვთის სახელით აკეთებს, და რისკენ აღგძრავთ ეს?

15 ყველა ამ ამაზრზენი და სამარცხვინო საქმის გამო, რომლებიც, ბევრის აზრით, ბიბლიის ღმერთის სახელით კეთდება, გულწრფელ ადამიანებს გული უცრუვდებათ ან საერთოდ კარგავენ რწმენას ღვთისადმი და ბიბლიისადმი. ისინი სატანისა და მისი ბოროტი სისტემის მსხვერპლი ხდებიან. როდესაც ყოველდღე ხედავთ ან გესმით მსგავსი რამ, რა გრძნობა გეუფლებათ? როცა ხედავთ, რომ ღვთის სახელს აკნინებენ ან გმობენ, როგორც იეჰოვას მოწმეს, ნუთუ არ გიჩნდებათ იმის სურვილი, რომ სიმართლეს ფარდა ახადოთ? როცა ხედავთ, რომ გულწრფელი ადამიანები მოტყუებულნი და დაჩაგრულნი არიან, არ აღიძრებით მათ სანუგეშებლად? იესოს გული ეწვოდა „უმწყემსო ცხვარივით . . . გასავათებული და დაფანტული“ ხალხის დანახვაზე და „ბევრ რამეს ასწავლიდა“ (მათ. 9:36; მარ. 6:34). ჩვენ მართლაც არაერთი მიზეზი გვაქვს, რომ იესოს მსგავსად, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნეები ვიყოთ.

16, 17. ა) რა აღგვძრავს, მაქსიმალურად დავიხარჯოთ მსახურებაში? ბ) რის შესახებ ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში?

16 როდესაც მსახურებაში მოშურნეობას ვიჩენთ, პავლე მოციქულის სიტყვები, რომლებიც 1 ტიმოთეს 2:3, 4-შია ჩაწერილი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენთვის (წაიკითხეთ). მხოლოდ გადაუდებლობის გრძნობა და იმის ცოდნა, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ, როდი აღგვძრავს მოშურნეობისკენ. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ღვთის ნებას ვასრულებთ, რომელსაც სურს, რომ ხალხმა მიიღოს ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა, თაყვანი სცეს მას და მიიღოს მისგან კურთხევები. მხოლოდ იმიტომ როდი ვიხარჯებით მაქსიმალურად, რომ დრო შეზღუდულია. ჩვენ გვინდა, პატივი მივაგოთ ღვთის სახელს და ხალხს მისი განზრახვის გაგებაში დავეხმაროთ. ჩვენ მთელი გულით გვწადია, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნეები ვიყოთ! (1 ტიმ. 4:16).

17 იეჰოვას ხალხს წილად გვხვდა პატივი, ვიცოდეთ, რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწისა და ადამიანების მიმართ. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, ხალხს დავეხმაროთ ბედნიერების პოვნაში და ნათელი მომავლის რეალური იმედი ჩავუსახოთ. ჩვენ შეგვიძლია, უსაფრთხო ადგილას მივიყვანოთ ხალხი და ავუხსნათ, როგორ შეუძლიათ გადარჩნენ სატანის ბოროტი სისტემის განადგურებისას (2 თეს. 1:7—9). არასწორი იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ იეჰოვას დღე იგვიანებს და ამის გამო გულს გავიტეხთ. პირიქით, ჩვენ სიხარულის მიზეზი გვაქვს, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნეები გავხდეთ (მიქ. 7:7; აბაკ. 2:3). როგორ შეგვიძლია სულით ავენთოთ და მოშურნენი გავხდეთ მსახურებაში? ამის თაობაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

როგორ ახსნიდით?

• რა აღძრავდა იესოს, რომ დაუღალავად ემსახურა?

• რას ნიშნავს ბიბლიური გაგებით „მოშურნეობა“?

• რა ამაზრზენ სურათს ვხედავთ დღეს, და რატომ უნდა გვიბიძგოს ამან, ვიყოთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნეები?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 8 გვერდზე]

იესოსთვის უმთავრესი იყო, შეესრულებინა მამის ნება და ადამიანების მიმართ სიყვარული გამოევლინა

[სურათი 10 გვერდზე]

ჩვენ არაერთი მიზეზი გვაქვს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნეები ვიყოთ