არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მართლა არსებობდა ედემის ბაღი?

მართლა არსებობდა ედემის ბაღი?

მართლა არსებობდა ედემის ბაღი?

გსმენიათ ადამსა და ევაზე ან ედემის ბაღზე? მათ შესახებ მთელ მსოფლიოში მრავალს სმენია. შეგიძლიათ წაიკითხოთ ისტორია, რომელიც დაბადების 1:26—3:24-შია ჩაწერილი. მისი მოკლე შინაარსი ასეთია:

იეჰოვა ღმერთმა * მიწის მტვრისგან კაცი შექმნა და ადამი დაარქვა. ის ბაღში დაასახლა, რომელსაც ედემი უწოდა. ბაღი თავად ღმერთმა გააშენა და ის კარგად ირწყვებოდა; იქ უხვად იყო ნაყოფის მომცემი ლამაზი ხეები. ბაღის შუაგულში იდგა „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“. ღმერთმა ადამს აუკრძალა ამ ხის ნაყოფის ჭამა და გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოკვდებოდა. შემდეგ ადამს მისი ერთ-ერთი ნეკნისგან ცხოვრების თანამგზავრი, ქალი შეუქმნა, რომელსაც ევა დაარქვა. ღმერთმა მათ დავალება მისცა — მოევლოთ ბაღისთვის, გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა.

როცა ევა მარტო იყო, გველი დაელაპარაკა. ის ცდილობდა, ეცდუნებინა ევა და მისთვის აკრძალული ნაყოფი ეჭმევინებინა. გველმა უთხრა, რომ ღმერთი ატყუებდა და უმალავდა რაღაც კარგს, რაც მას ღმერთივით გახდიდა. ევა დაჰყვა სატანის ნებას და აკრძალული ნაყოფი შეჭამა. მოგვიანებით ღვთის გაფრთხილება არც ადამმა იღო ყურად. იეჰოვამ ადამს, ევასა და გველს განაჩენი გამოუტანა, პირველი წყვილი სამოთხის ბაღიდან გააძევა და შესასვლელში მცველებად ანგელოზები დააყენა.

ერთ დროს ბევრი მეცნიერი, ინტელექტუალი და ისტორიკოსი ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“ ჩაწერილი ინფორმაცია უტყუარი და ისტორიულად დადასტურებული იყო. მაგრამ ბოლო დროს ამ ინფორმაციას სულ უფრო მეტი ადამიანი უყურებს სკეპტიკურად. რა უდევს საფუძვლად მათ ეჭვებს? ვიმსჯელოთ ოთხ გავრცელებულ მოსაზრებაზე.

1. რეალური ადგილი იყო ედემის ბაღი?

რატომ იწვევს ეჭვს ეს საკითხი? ამაში გარკვეული წვლილი ფილოსოფოსებს მიუძღვით. საუკუნეების მანძილზე თეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ღვთის ბაღი სადღაც არსებობდა. მაგრამ ისეთმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა, როგორებიც იყვნენ პლატონი და არისტოტელე, გავლენა მოახდინეს ეკლესიაზე. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დედამიწაზე სრულყოფილი არაფერი იყო. სრულყოფილება მხოლოდ ზეცაში შეიძლებოდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, თეოლოგებმა დაასკვნეს, რომ თავდაპირველი სამოთხე სადღაც ზეცასთან ახლოს იყო. * ზოგის თქმით, ბაღი ძალიან მაღალი მთის წვერზე, ჩვენი დეგრადირებული პლანეტიდან საკმაოდ შორს იყო. სხვების აზრით, ბაღი ჩრდილოეთ ან სამხრეთ პოლუსზე მდებარეობდა. ზოგი კი მიიჩნევდა, რომ ის მთვარეზე ან იქვე ახლოს იყო. გასაკვირი არ არის, რომ ედემის ბაღის შესახებ იდეა, საერთო ჯამში, ზღაპარს დაემსგავსა. ზოგი თანამედროვე მეცნიერი სისულელედ მიიჩნევს ედემის ბაღის ადგილმდებარეობაზე მსჯელობას, რადგან ფიქრობს, რომ ასეთ ადგილს არასოდეს უარსებია.

მაგრამ ბიბლია ედემის ბაღზე სულ სხვაგვარ წარმოდგენას გვიქმნის. წიგნ „დაბადების“ 2:8—14-დან ვიგებთ ამ ბაღის ზოგიერთ თავისებურებაზე: იგი მდებარეობდა ედემის აღმოსავლეთით და ირწყვებოდა მდინარით, რომელიც ოთხ ნაკადად იყოფოდა. თითოეულ მათგანს თავისი სახელი ჰქონდა. აგრეთვე, ვიგებთ იმას, თუ საით მიედინებოდნენ ისინი. ეს დეტალები დიდი ხნის მანძილზე საგონებელში აგდებდა იმ მეცნიერებს, რომელთა უმეტესობა უძველესი ბაღის ადგილმდებარეობის დადგენას ამ მუხლების მეშვეობით ცდილობდა. მაგრამ ისინი არაერთ ურთიერთგამომრიცხავ აზრს შეეჯახნენ. ნიშნავს ეს იმას, რომ ედემის, მისი ბაღის ან მისი მდინარეების ფიზიკური აღწერილობა სიცრუე ან მითია?

დაფიქრდით: ის, რაც ედემის ბაღში მოხდა დაახლოებით 6 000 წელს ითვლის. ეს მოვლენები მოსემ აღწერა, რომელიც შესაძლოა ზეპირგადმოცემებს ან მანამდე არსებულ დოკუმენტებს ეყრდნობოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მოსემ ეს ყველაფერი დაწერა ამ მოვლენებიდან დაახლოებით 2 500 წლის შემდეგ, როცა ედემი უკვე შორეული ისტორიის კუთვნილება იყო. შესაძლებელია, რომ საუკუნეების შემდეგ მდინარეებს მიმართულება შეეცვალათ? დედამიწის ქანები მუდმივად მოძრაობს. ის მხარე, სადაც სავარაუდოდ ედემი მდებარეობდა, სეისმური ზონაა. მსოფლიოს უძლიერესი მიწისძვრების დაახლოებით 17 პროცენტი ამ ტერიტორიაზე მოხდა. ასეთ ადგილებში დედამიწის შრეების ცვლილება ჩვეულებრივი მოვლენაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნოეს დროს მომხდარმა წარღვნამ შესაძლოა იმდენად შეცვალა ტოპოგრაფია, რომ დღეს შეუძლებელია მაშინდელი გეოგრაფიული ადგილების ზუსტად დადგენა. *

სამაგიეროდ ჩვენთვის ცნობილია რამდენიმე ფაქტი: წიგნი „დაბადება“ ედემის ბაღს რეალურ ადგილად მოიხსენიებს. მასში მოხსენიებული ოთხი მდინარიდან ორი — ევფრატი და ტიგროსი, იგივე ხიდეკელი, დღემდე არსებობს და მათი სათავეები ერთმანეთთან ახლო-ახლოა. ბიბლიაში იმ ქვეყნების სახელებიც არის ნახსენები, სადაც ეს მდინარეები მიედინებოდა და ის სასარგებლო წიაღისეულიც, რითაც ეს ქვეყნები იყო ცნობილი. ძველ ისრაელში მცხოვრებთათვის ამ დეტალების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ვხვდებით ასეთ დეტალებს მითებსა და ზღაპრებში? არა, რადგან დეტალების გადამოწმება და სიმართლის დადგენა ადვილი იქნებოდა. როგორც წესი, ზღაპრები ასე იწყება: „იყო და არა იყო რა . . . ცხრა მთას იქით ცხოვრობდა . . .“. ზღაპრებისგან განსხვავებით, ისტორია შეიცავს მნიშვნელოვან დეტალებს და ასეთი დეტალები ედემის ბაღის ისტორიაშიც გვხვდება.

2. რამდენად სარწმუნოა, რომ ღმერთმა ადამი მიწის მტვრისგან შექმნა, ევა კი — მისი ნეკნისგან?

თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ადამიანის სხეული შედგება ყველა იმ ელემენტისგან, რომელიც მიწაში მოიპოვება, მაგალითად, წყალბადის, ჟანგბადისა და ნახშირბადისგან. მაგრამ როგორ მოიყარა თავი ყველა ამ ელემენტმა ცოცხალ ქმნილებაში?

ბევრი მეცნიერის თეორიის თანახმად, სიცოცხლე თავისით წარმოიშვა. სიცოცხლის უმარტივესი ფორმები თანდათანობით, მილიონობით წლის განმავლობაში რთულ ფორმებად გარდაიქმნა. მაგრამ სიტყვა „მარტივის“ გამოყენება ცოცხალ ორგანიზმთან მიმართებით შეცდომაში შემყვანია, რადგან თვით ერთუჯრედიანი ორგანიზმებიც კი საოცრად რთული აგებულებისაა. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ სიცოცხლის რომელიმე ფორმა შემთხვევით გაჩნდა ან საერთოდ შესაძლებელია, რომ გაჩნდეს. პირიქით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის არსებობა იმას ადასტურებს, რომ მას ჰყავს გონიერი შემოქმედი, რომლის ინტელექტი ბევრად აღემატება ადამიანის ინტელექტს (რომაელები 1:20). *

განა შეიძლება ადამიანი შესანიშნავ სიმფონიას უსმენდეს, ბრწყინვალე ნახატს ათვალიერებდეს, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით იყოს განცვიფრებული და ამბობდეს, რომ ეს ყველაფერი თავისით შეიქმნა? ნამდვილად არა! ასეთი შედევრები ვერც კი შეედრება ადამიანის სხეულს თავისი სილამაზით, რთული აგებულებითა თუ ორიგინალურობით. როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადამიანის სხეულს შემოქმედი არა ჰყავს? გარდა ამისა, წიგნი „დაბადება“ გვიხსნის, რომ დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ქმნილებიდან მხოლოდ ადამიანია ღვთის ანარეკლად შექმნილი (დაბადება 1:26). შესაბამისად, მიწიერი ქმნილებებიდან მხოლოდ ადამიანს შეუძლია აირეკლოს ღვთის შემოქმედებითი უნარი და შექმნას შედევრები მუსიკაში, ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში. განა გასაკვირია, რომ ღვთის შემოქმედებითი უნარი გაცილებით აღემატება ჩვენსას?

ნუთუ გაუჭირდებოდა ღმერთს კაცის ნეკნისგან ქალის შექმნა? * ღმერთს შეეძლო ევას შესაქმნელად სხვა საშუალება გამოეყენებინა, მაგრამ კაცის ნეკნისგან ქალის შექმნას, ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა. ღმერთს სურდა, რომ კაცი და ქალი შეუღლებულიყვნენ და „ერთი ხორცი“ ყოფილიყვნენ ანუ მტკიცე კავშირი ჰქონოდათ (დაბადება 2:24). განა შემოქმედის სიბრძნესა და სიყვარულზე არ მეტყველებს ის, რომ კაცი და ქალი ერთმანეთის შემავსებლები არიან, ქმნიან მტკიცე კავშირს და ერთმანეთზე ზრუნავენ?

გარდა ამისა, დღეს გენეტიკოსები აღიარებენ, რომ ყველა ადამიანს ერთი წინაპარი ჰყავს. ყოველივე აქედან გამომდინარე, შეიძლება „დაბადებაში“ მოთხრობილ ამბავს გამოგონილი ვუწოდოთ?

3. სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხისა და სიცოცხლის ხის შესახებ მონათხრობი მითს ჰგავს.

სინამდვილეში, წიგნ „დაბადებაში“ ნათქვამი არ არის, რომ ამ ხეებს რაღაც განსაკუთრებული ან ზებუნებრივი ძალა ჰქონდა. ეს იყო ჩვეულებრივი ხეები, რომელთაც იეჰოვამ სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა.

განა იმავეს არ აკეთებენ ზოგჯერ ადამიანები? მაგალითად, როცა ხალხს ეროვნული დროშის პატივისცემისკენ მოუწოდებენ, ყველასთვის ნათელია, რომ პატივი სახელმწიფოს ეროვნულ სიმბოლოს უნდა მიაგონ და არა ქსოვილს. ამასთანავე, ძალაუფლების სიმბოლოდ არაერთი მონარქი იყენებს კვერთხსა და გვირგვინს.

რისი სიმბოლო იყო ეს ორი ხე? ამის თაობაზე მრავალი რთული თეორია არსებობს, მაგრამ სინამდვილეში, პასუხი მარტივი და საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე არის იმის სიმბოლო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს აქვს უფლება, განსაზღვროს, რა არის კარგი და რა — ცუდი (იერემია 10:23). აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რატომ იყო ხიდან ნაყოფის მოწყვეტა ქურდობა. რაც შეეხება სიცოცხლის ხეს, ის წარმოადგენდა ძღვენს, მარადიულ სიცოცხლეს, რომლის მოცემაც მხოლოდ იეჰოვას შეეძლო (რომაელები 6:23).

4. მოლაპარაკე გველი ზღაპრის გმირს ჰგავს.

რასაკვირველია, „დაბადებაში“ მოხსენიებული გველის ლაპარაკი შეიძლება დაუჯერებელი ჩანდეს, განსაკუთრებით თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბიბლიის სხვა წიგნებს. მაგრამ წმინდა წერილების კითხვისას ამ საიდუმლოს თანდათანობით ეფინება ნათელი.

ვინ ან რამ აალაპარაკა გველი? ძველად ისრაელებისთვის ცნობილი იყო სხვა ფაქტები, რომლებიც ნათელს ჰფენდა ამ საკითხს. მაგალითად, მათ იცოდნენ რომ, მართალია, ცხოველები არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ სულიერ ქმნილებას შეეძლო მათი ალაპარაკება. მოსემ დაწერა, რომ ღმერთმა ანგელოზი გაგზავნა, რათა ბალაამის ვირს კაცივით ელაპარაკა (რიცხვები 22:26—31; 2 პეტრე 2:15, 16).

შეუძლიათ სხვა სულიერ ქმნილებებს, თუნდაც ღვთის მტრებს, სასწაულების მოხდენა? მოსემ საკუთარი თვალით ნახა, როგორ გაიმეორეს ეგვიპტის გრძნეულმა ქურუმებმა ღვთის ზოგი ისეთი სასწაული, როგორიც მაგალითად, ჯოხის გველად გადაქცევა იყო. ასეთი სასწაულის მოხდენის ძალა მხოლოდ ზეცაში მყოფ ღვთის მტრებს შეეძლოთ (გამოსვლა 7:8—12).

უდავოა, რომ წიგნ „იობის“ დამწერიც მოსე იყო. ამ წიგნიდან ბევრი რამის გაგება შეიძლება ღვთის მთავარ მტერზე, სატანაზე, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას ყველა მსახურის ერთგულება (იობი 1:6—11; 2:4, 5). იცოდნენ ისრაელებმა, რომ ედემის ბაღში გველს სატანა მართავდა და ალაპარაკებდა, რათა მოეტყუებინა ევა და ღვთისადმი უმწიკვლობა დაეკარგვინებინა? როგორც ჩანს, იცოდნენ.

სატანა იდგა გველის უკან? იესომ სატანაზე თქვა, რომ ის „ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44). გამოდის, რომ პირველი უდიდესი ტყუილი „სიცრუის მამას“ ეკუთვნის. პირველი ტყუილი კი ის იყო, რაც გველმა ევას უთხრა. ღმერთმა ადამი და ევა გააფრთხილა, რომ თუ აკრძალულ ნაყოფს შეჭამდნენ, დაიხოცებოდნენ. ამის საპირისპიროდ, გველმა თქვა: „არა, არ მოკვდებით“ (დაბადება 3:4). უდავოდ, იესომ იცოდა, რომ გველს სატანა მართავდა. გამოცხადება, რომელიც იესომ იოანე მოციქულს მისცა, ნათელს ჰფენს ამ საკითხს და სატანას „ძველ გველს“ უწოდებს (გამოცხადება 1:1; 12:9).

მართლა ძნელი დასაჯერებელია, რომ ძლიერ სულიერ ქმნილებას შეეძლო გველის მანიპულირება და ალაპარაკება? არა, რადგან ადამიანებსაც კი, რომლებიც სულიერ ქმნილებებზე გაცილებით ნაკლებ ძალას ფლობენ, შეუძლიათ მუცლით მეზღაპრეობა და სპეცეფექტების შექმნა.

ყველაზე სარწმუნო მტკიცებულება

როგორც ვხედავთ, არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ „დაბადებაში“ ჩაწერილ ინფორმაციას სკეპტიკურად ვუყუროთ. უფრო მეტიც, არსებობს ყველაზე სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ ბიბლიის ეს მონაკვეთი ნამდვილ ისტორიას შეიცავს.

მაგალითად, ბიბლიაში იესო ქრისტეს „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“ ეწოდება (გამოცხადება 3:14). იესო სრულყოფილი იყო, რომელსაც არც ტყუილი უთქვამს ოდესმე და არც ჭეშმარიტება დაუმახინჯებია. ის ამბობდა, რომ განკაცებამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა და თავისი მამის, იეჰოვას, გვერდით იყო „ქვეყნიერების შექმნამდე“ (იოანე 17:5). ამგვარად, სანამ დედამიწაზე სიცოცხლე გაჩნდებოდა, იესო უკვე არსებობდა. რას ამბობს ყველაზე სანდო მოწმე?

იესო ადამსა და ევაზე ისე საუბრობდა, როგორც რეალურ ადამიანებზე. როცა მონოგამიასთან დაკავშირებულ ღვთის პრინციპზე საუბრობდა, იესომ ადამისა და ევას ცოლქმრული კავშირი მოიხსენია (მათე 19:3—6). თუ ადამსა და ევას არასოდეს უცხოვრიათ და ედემის ბაღს არ უარსებია, გამოდის, რომ იესო მატყუარა იყო ან თავად იყო მოტყუებული. მაგრამ ასეთი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. იესო ზეციდან ადევნებდა თვალყურს ედემის ბაღში დატრიალებულ ტრაგედიას. ამაზე დიდი არგუმენტი რა უნდა იყოს?!

სინამდვილეში, „დაბადების“ წიგნში მოთხრობილი ისტორიის უარყოფა, იესოს უარყოფის ტოლფასია, და შეუძლებელს ხდის ბიბლიის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისა და ღვთის დაპირებების გაგებას. გავიგოთ, რატომ არის ეს ასე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღვთის საკუთარი სახელია.

^ აბზ. 7 ეს მოსაზრება არაბიბლიურია. ბიბლია ასწავლის, რომ ღვთის შექმნილი ყველაფერი სრულყოფილია. არასრულყოფილების მიზეზი სხვა რამეა (კანონი 32:4, 5). როცა იეჰოვამ დედამიწაზე შემოქმედებითი საქმეები დაასრულა, თქვა, რომ ყველაფერი, რაც გააკეთა „ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31).

^ აბზ. 9 ღვთისგან მოვლენილმა წარღვნამ, როგორც ჩანს, ედემის ბაღის კვალი გააქრო. ეზეკიელის 31:18-დან ჩანს, რომ „ედემის ხეები“ ძვ. წ. VII საუკუნისთვის უკვე კარგა ხანი აღარ არსებობდა. ასე რომ, მოგვიანებით ედემის ბაღის პოვნის ნებისმიერი მცდელობა ამაო იყო.

^ აბზ. 14 იხილეთ ბროშურა „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 16 თანამედროვე მედიცინამ აღმოაჩინა, რომ ნეკნს შეხორცების უნიკალური უნარი აქვს. სხვა ძვლებისგან განსხვავებით, თუ მისი შემაერთებელი ქსოვილი დაზიანებული არ არის, ის გაიზრდება.