არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მან „გული მოულბო იეჰოვას“

მან „გული მოულბო იეჰოვას“

დაუახლოვდით ღმერთს

მან „გული მოულბო იეჰოვას“

„უღირსობის გრძნობა მტანჯავდა“, — ამბობს ერთი კაცი, რომელიც ქრისტიანული პრინციპებით აღიზარდა, მაგრამ მოგვიანებით სწორი გზიდან გადაუხვია. როცა ღვთისკენ შემობრუნება დაიწყო, იმის შიში დაეუფლა, რომ ღმერთი არასოდეს აპატიებდა. ამ მომნანიე შემცოდველმა ნუგეში პოვა მენაშეს შესახებ ბიბლიური ეპიზოდიდან, რომელიც 2 მატიანეს 33:1—17-შია ჩაწერილი. თუ წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო უღირსობის გრძნობა დაგუფლებიათ, თქვენც შეგიძლიათ თავი მენაშეს მაგალითით ინუგეშოთ.

მენაშე ღვთისმოსავ ოჯახში აღიზარდა. მისი მამა, ხიზკია, იუდას ერთ-ერთი გამოჩენილი მეფე იყო. მენაშეს დაბადებამდე სამი წლით ადრე ღმერთმა ხიზკიას სიცოცხლე სასწაულებრივად გაუხანგრძლივა (2 მეფეები 20:1—11). ხიზკიასთვის მენაშე ღვთის წყალობით მიღებული საჩუქარი იყო და ის უეჭველად ეცდებოდა, რომ შვილს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა შეეყვარებინა. მაგრამ შვილები ყოველთვის როდი მიჰყვებიან ღვთისმოშიში მშობლების კვალს. მენაშეც სწორედ ასეთი შვილი აღმოჩნდა.

დაახლოებით 12 წლისა იყო მენაშე, როცა მამა მოუკვდა. სამწუხაროდ, ის „ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში“ (მუხლები 1, 2). ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, მოექცა თუ არა ახალგაზრდა მეფე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის უგულებელმყოფელ მრჩეველთა გავლენის ქვეშ. თუმცა იმას გვეუბნება, რომ იგი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა და სისასტიკეს სჩადიოდა. მან ცრუ ღმერთებს სამსხვერპლოები აუგო, მსხვერპლად საკუთარი ვაჟები შესწირა და იერუსალიმში, იეჰოვას ტაძარში, ქანდაკება დადგა. ის სპირიტიზმსაც მისდევდა. იეჰოვამ არაერთხელ გააფრთხილა მენაშე, მაგრამ იგი არაფრად აგდებდა იმ ღმერთის გაფრთხილებას, რომლის სასწაულითაც ამ ქვეყანას მოევლინა (მუხლები 3—10).

ბოლოს იეჰოვას ნებით ბორკილდადებული მენაშე ბაბილონში გადაასახლეს. გადასახლებაში მყოფს შესაძლებლობა მიეცა, თავის ცხოვრებაზე დაფიქრებულიყო. რაზე ფიქრობდა იქ მენაშე? იმაზე, რომ მისმა უძლურმა და უსიცოცხლო კერპებმა ვერ დაიცვეს, თუ ბავშვობაში მიცემულ მამის დარიგებაზე? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთვის უცნობია. მაგრამ როგორც უნდა ყოფილიყო, მენაშე შეიცვალა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გული მოულბო იეჰოვას, თავის ღმერთს, და დიდად დაიმდაბლა თავი . . . ლოცვით მიმართავდა მას“ (მუხლები 12, 13). ისმის კითხვა, აპატიებდა ღმერთი კაცს, რომელსაც მხრებზე ამდენი ცოდვა აწვა?

მენაშეს გულწრფელმა მონანიებამ იეჰოვას გული მოულბო. ღმერთმა ისმინა მისი წყალობის თხოვნა და „დაუბრუნა მას მეფობა იერუსალიმში“ (მუხლი 13). მონანიების ნიშნად და თავისი შეცდომების გამოსასწორებლად მენაშემ, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა — მოაშორა კერპები და ხალხს მოუწოდა, „ემსახურათ იეჰოვასთვის“ (მუხლები 15—17).

თუ წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო თავს ღვთის პატიების ღირსად არ თვლით, მენაშეს მაგალითი ძალიან განუგეშებთ. ეს ბიბლიური ეპიზოდი ღვთივშთაგონებული სიტყვის ნაწილია (რომაელები 15:4). აქედან გამომდინარე, ღმერთს სურს, ვიცოდეთ, რომ იგი ‘მზად არის პატიებისთვის’ (ფსალმუნი 86:5). იეჰოვას ჩადენილი ცოდვა კი არა, შემცოდველის გული აინტერესებს. მას, ვინც მომნანიე გულით ლოცულობს, ტოვებს არასწორ გზას და ძალ-ღონეს არ იშურებს სწორის საკეთებლად, შეუძლია ‘გული მოულბოს იეჰოვას’. ეს ისეთმა ადამიანმაც კი შეძლო, როგორიც მენაშე იყო (ესაია 1:18; 55:6, 7).

იანვარში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

2 მატიანე 29 ეზრა 10