არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ გამოიყენა სატანამ გველი ევასთან სალაპარაკოდ?

რატომ გამოიყენა სატანამ გველი ევასთან სალაპარაკოდ?

მკითხველები გვეკითხებიან

რატომ გამოიყენა სატანამ გველი ევასთან სალაპარაკოდ?

▪ შეიძლება არ უარყოფთ იმ აზრს, რომ ევასთან სალაპარაკოდ სატანამ გველი გამოიყენა, რაზეც მე-8 გვერდზე იყო საუბარი. ბიბლია სწორედ ამას ასწავლის. მაგრამ შეიძლება დაინტერესდეთ, რატომ გამოიყენა ძლიერმა სულიერმა ქმნილებამ გველი, მსგავსად იმისა, როგორც მუცლით მეზღაპრე იყენებს თოჯინას?

ბიბლიაში სატანის ტაქტიკაზე ნათქვამია, რომ ის ხრიკებს იყენებს და ევასთან მისი საუბარი სწორედ ამის დამტკიცებაში დაგვეხმარება (ეფესოელები 6:11). ედემის ბაღში მომხდარი ამბავი არ არის იგავ-არაკი მოლაპარაკე ცხოველის შესახებ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა ხერხებს მიმართავს სატანა ხალხის შესაცდენად და ღვთისგან ჩამოსაშორებლად.

სატანამ კარგად შეარჩია თავისი სამიზნე. გონიერ ქმნილებებს შორის ევა ასაკით ყველაზე პატარა იყო. სატანამ ისარგებლა ევას გამოუცდელობით და მის შესაცდენად მზაკვრულ ხერხს მიმართა. თავისი თავხედური და ამბიციური მიზნების დასამალად, მან ძალიან ფრთხილი ქმნილება, გველი შეარჩია (დაბადება 3:1). გავიგოთ, რას მიაღწია სატანამ გველის ალაპარაკებით?

სატანამ ევას ყურადღება მიიპყრო და ინტერესი აღუძრა. ევამ იცოდა, რომ გველები არ ლაპარაკობდნენ. მისმა ქმარმა, როგორც ჩანს, დიდი დაკვირვების შემდეგ შეურჩია ყველა ცხოველს სახელი, მათ შორის ამ ქვეწარმავალსაც (დაბადება 2:19). ევაც უეჭველად დააკვირდებოდა ამ ფრთხილ ქმნილებას. ამგვარად, სატანამ საკმაოდ ოსტატურად აღუძრა ევას ინტერესი. მან მისი ყურადღება მიმართა იმ ერთი ხისკენ, რომელიც მისთვის აკრძალული იყო. გარდა ამისა, რას იფიქრებდა ევა აკრძალული ხის ტოტებში მძრომიალე გველზე? იმას ხომ არა, რომ ამ შეუმჩნეველმა უტყვმა არსებამ თავად იგემა ხის ნაყოფი და შედეგად ალაპარაკდა? თუკი ნაყოფმა ასე იმოქმედა გველზე, ევას რაღას უზამდა? ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა იფიქრა ევამ, ან ჭამა თუ არა გველმა ნაყოფი, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ როცა გველმა ევას უთხრა, ეჭამა ნაყოფი, რომელიც მას „ღმერთივით“ გახდიდა, ის უკვე მზად იყო ამ ტყუილის დასაჯერებლად.

ევასთან სალაპარაკოდ სატანამ სიტყვები კარგად შეარჩია, რაც ასევე მის მზაკვრულ ტაქტიკაზე მეტყველებს. მან ეჭვები ჩათესა ევას გონებაში, თითქოს ღმერთი მას რაღაც კარგს უმალავდა და ტყუილუბრალოდ ზღუდავდა. სატანა მიზანს მიაღწევდა, თუ ევა პირად ინტერესებს ღვთის სიყვარულზე წინ დააყენებდა და ზურგს შეაქცევდა ღმერთს, რომელმაც ყველაფერი მისცა (დაბადება 3:4, 5). საუბედუროდ, სატანამ მიზანს მიაღწია. ადამმა და ევამ არ განივითარეს ისეთი სიყვარული და მადლიერების გრძნობა, როგორიც შემოქმედის მიმართ უნდა ჰქონოდათ. განა სატანა ანალოგიურად არ აქეზებს დღეს ადამიანებს ეგოიზმისა და არასწორი მოქმედების გამართლებისკენ?

სატანის მოტივზე რაღას ვიტყვით? რა იყო მისი მიზანი? ედემის ბაღში ის შეეცადა თავისი ნამდვილი ვინაობისა და მოტივის დამალვას. მაგრამ დროთა განმავლობაში მან თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. როცა იესოს სცდიდა, სატანამ შესანიშნავად იცოდა, რომ შენიღბვას აზრი აღარ ჰქონდა. მან პირდაპირ უთხრა იესოს, დამხობილიყო და მისთვის თაყვანი ეცა (მათე 4:9). ცხადია, სატანა დიდი ხანია შურით სკდება, როცა ხედავს იმ ადამიანებს, რომლებიც იეჰოვა ღმერთს სცემენ თაყვანს და არა მას. ის უკან არაფერზე დაიხევს, ოღონდაც ადამიანებმა ღმერთი უარყონ ან მიუღებელი სახით სცენ მას თაყვანი. მას ძალიან უნდა, რომ ღვთისადმი ერთგულება შეგვირყიოს.

ბიბლია ნათლად გვიმხელს სატანის ტაქტიკას, რომლითაც ის თავის მიზნებს ახორციელებს. საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია, ევას შეცდომა არ გავიმეოროთ და არ გავებათ სატანის მახეში, რადგან „ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ (2 კორინთელები 2:11).