არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მან გაუძლო განსაცდელებს

მან გაუძლო განსაცდელებს

მიჰბაძეთ მათ რწმენას

მან გაუძლო განსაცდელებს

შილოში მყოფი სამუელი მწუხარებით იქნებოდა მოცული. წარმოიდგინეთ მგლოვიარე ქალაქი, ქალებისა და ბავშვების მოთქმა, რომლებიც ბრძოლაში დაღუპულ მამებს, ქმრებს, ვაჟებსა და ძმებს დასტირიან. ცნობილია, რომ ისრაელებმა ფილისტიმელებთან ბრძოლაში 30 000 მეომარი დაკარგეს, მანამდე კი — 4 000 (1 სამუელი 4:1, 2, 10).

ეს ტრაგედიის დასაწყისი იყო. მღვდელმთავარ ელის ორი უვარგისი ვაჟი ჰყავდა — ხოფნი და ფინხასი, რომლებმაც შილოდან წმინდა შეთანხმების კიდობანი წამოიღეს. შეთანხმების კიდობანი, როგორც წესი, კარვის (კარვისმაგვარი ტაძარი) წმინდათაწმინდაში იდგა. ეს ძვირფასი სკივრი იმის სიმბოლო იყო, რომ ღმერთი ისრაელებთან იყო. ხალხმა კიდობანი ბრძოლის ველზე წაიღო იმ იმედით, რომ ის თილისმის როლს შეასრულებდა და ბრძოლაში გაამარჯვებინებდა. მაგრამ ეს უგუნური ნაბიჯი იყო. ფილისტიმელებმა ხელთ იგდეს კიდობანი, ხოფნი და ფინხასი კი სიცოცხლეს გამოასალმეს (1 სამუელი 4:3—11).

კარავი, რომელშიც კიდობანი იდო, საუკუნეების მანძილზე შილოში იყო, ახლა კი ის გაიტაცეს. როცა ამ ამბის შესახებ 98 წლის ელიმ გაიგო, უკან გადავარდა და სული განუტევა. იმ დღეს მისი რძალი დაქვრივდა და მშობიარობას გადაჰყვა. სიკვდილის წინ ქალს აღმოხდა: „წაღებულია ისრაელის დიდება“. ნათელი იყო, რომ შილო უწინდებურად განდიდებული ვეღარ იქნებოდა (1 სამუელი 4:12—22).

როგორ აიტანდა სამუელი ასეთ საშინელ დარტყმას? ეყოფოდა მას რწმენა საიმისოდ, რომ დახმარებოდა ხალხს, რომელმაც იეჰოვას მფარველობა და კეთილგანწყობა დაკარგა? დღეს სიძნელეები და გულგატეხილობა დროდადრო ყველა ჩვენგანის რწმენას სცდის. მოდი, გავიგოთ, რისი სწავლა შეგვიძლია სამუელისგან.

ის ‘სიმართლეს იქმოდა’

ბიბლია ცოტა ხნით წყვეტს სამუელზე საუბარს და თხრობას წმინდა კიდობანზე განაგრძობს, კერძოდ, როგორ დაისაჯნენ ფილისტიმელები კიდობნის გატაცებისთვის და როგორ გახდნენ იძულებულნი, უკან დაებრუნებინათ ის. სამუელზე თხრობას ბიბლია ამ მოვლენებიდან 20 წლის შემდეგ უბრუნდება (1 სამუელი 7:2). რით იყო დაკავებული სამუელი მთელი ამ დროის მანძილზე? ბიბლიიდან ამის გაგებაც შეიძლება.

სანამ ეს ოცწლიანი პერიოდი დაიწყებოდა 1 სამუელის 4:1-დან ვიგებთ, რომ „სამუელის სიტყვები მთელმა ისრაელმა გაიგო“. ორიგინალში ზმნა „გაიგო“ დგას ისეთ ფორმაში, რომელიც გამოხატავს მრავალჯერად მოქმედებას. მომდევნო თავებიდან ვიგებთ, რომ ამ ოცწლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ სამუელი, ჩვეულებისამებრ, ყოველწლიურად ისრაელში სამ ქალაქს ინახულებდა და წყვეტდა სადავო საკითხებს, შემდეგ კი მშობლიურ ქალაქ რამაში ბრუნდებოდა (1 სამუელი 7:15—17). აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამუელი სულ ღვთის საქმით იყო დაკავებული და იმ ოცი წლის მანძილზეც ბევრს გააკეთებდა.

ელის ვაჟების უზნეობამ და მექრთამეობამ ხალხს რწმენა შეურყია. როგორც ჩანს, ამის გამო ბევრმა კერპთაყვანისმცემლობას მიჰყო ხელი. ოცი წლის შემდეგ სამუელმა ხალხს გამოუცხადა: „თუ მთელი გულით უბრუნდებით იეჰოვას, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; ურყევად მიმართეთ გული იეჰოვასკენ, მხოლოდ მას ემსახურეთ და გიხსნით ის ფილისტიმელთა ხელიდან“ (1 სამუელი 7:3).

დამძიმდა ისრაელზე ‘ფილისტიმელთა ხელი’. ისრაელს თითქმის აღარ ჰყავდა მებრძოლები, ამიტომ ფილისტიმელები უფრო თამამად ჩაგრავდნენ ღვთის ხალხს. სამუელი არწმუნებდა ისრაელებს, რომ თუ იეჰოვას დაუბრუნდებოდნენ, მდგომარეობა შეიცვლებოდა. სურდა ხალხს იეჰოვასთან დაბრუნება? საბედნიეროდ, მათ მოიშორეს კერპები და „მხოლოდ იეჰოვას ემსახურებოდნენ“. სამუელმა მთელი ისრაელი შეკრიბა მიცფაში, იერუსალიმის ჩრდილოეთით მთიან მხარეში; მათ იმარხულეს და ცოდვები მოინანიეს (1 სამუელი 7:4—6).

ფილისტიმელებმა გაიგეს ისრაელების შეკრების შესახებ და მიცფაში ჯარი გაგზავნეს იეჰოვას თაყვანისმცემლების ამოსაჟლეტად. შეშინებულმა ისრაელებმა სამუელს სთხოვეს, მათთვის ელოცა. სამუელმა ილოცა და ღმერთს შესაწირავი აღუვლინა. როცა სამუელი შესაწირავს სწირავდა, ფილისტიმელები მიცფას მიადგნენ. იეჰოვამ უპასუხა სამუელის ლოცვას და თავზარდამცემი ხმით დაიგრგვინა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იმ დღეს დიდი ხმით დაიგრგვინა იეჰოვამ ფილისტიმელების წინააღმდეგ“ (1 სამუელი 7:7—10).

როგორ ფიქრობთ, შეეშინდებოდათ ფილისტიმელებს გრგვინვის, როგორც პატარა ბავშვებს ეშინიათ ჭექა-ქუხილის და დედის კალთას ეფარებიან? არა, რადგან ფილისტიმელები ძლიერი, ბრძოლაში გაწვრთნილი მეომრები იყვნენ. მაგრამ ეს უჩვეულო გრგვინვა იყო, ასეთი ხმა მათ მანამდე არასოდეს გაეგოთ. ძალიან ძლიერი იყო ეს ხმა? მოწმენდილი ციდან გაისმა თუ მთიდან წამოსული ექო იყო? რაც უნდა ყოფილიყო, ამ ხმამ ფილისტიმელებს თავზარი დასცა. დაბნეული ფილისტიმელები ახლა თავად გახდნენ ისრაელების სამიზნე. გამოცვივდნენ ისრაელები მიცფადან, დაედევნენ ფილისტიმელებს და გზადაგზა ხოცავდნენ მათ იერუსალიმის სამხრეთამდე (1 სამუელი 7:11).

ეს გადამწყვეტი ბრძოლა აღმოჩნდა. ფილისტიმელებმა უკან დაიხიეს და აღარ შეუწუხებიათ ისრაელები სამუელის სიკვდილამდე. ღვთის ხალხი დაკარგულ ქალაქებს ერთი მეორის მიყოლებით იბრუნებდა (1 სამუელი 7:13, 14).

საუკუნეების შემდეგ მოციქულმა პავლემ სამუელი იმ ერთგულ მსაჯულთა და წინასწარმეტყველთა გვერდით მოიხსენია, რომლებიც „სიმართლეს იქმოდნენ“ (ებრაელები 11:32, 33). სამუელი ნამდვილად იმას აკეთებდა, რაც კარგი და სწორი იყო ღვთის თვალში. ის ყოველთვის კარგად ასრულებდა ღვთის დავალებას, რადგან მოთმინებით ელოდებოდა იეჰოვას და სიძნელეების მიუხედავად, ერთგულად მსახურობდა. ის ყოველთვის მადლიერი იყო იეჰოვასი. მიცფაში გამარჯვების შემდეგ, სამუელმა ქვა აღმართა იმის ნიშნად, რომ იეჰოვა თავის ხალხს დაეხმარა (1 სამუელი 7:12).

გსურთ, რომ თქვენც ‘იქმოდეთ სიმართლეს’? მიჰბაძეთ სამუელს მოთმინებასა და თავმდაბლობაში და იყავით მასავით მადლიერი. ვის არ სჭირდება ასეთი თვისებები? სამუელი კარგად მოიქცა, რომ ეს თვისებები ახალგაზრდობაში გამოიმუშავა, რაც მას მოგვიანებით უფრო მძიმე განსაცდელების ატანაში დაეხმარა.

„შენი ვაჟები შენი გზით არ დადიან“

ბიბლია სამუელს შემდეგ მაშინ იხსენიებს, როცა ის უკვე მოხუცებულია. სამუელს ორი ვაჟი ჰყავდა, იოელი და აბია, რომლებიც თავის დამხმარეებად, მსაჯულებად დააყენა. სამწუხაროდ, მისმა ვაჟებმა არ გაამართლეს მამის ნდობა. თავად სამუელი პატიოსანი და სამართლიანი მსაჯული იყო, მაგრამ მისი შვილები თავიანთ მდგომარეობას ბოროტად იყენებდნენ — სამართალს ამრუდებდნენ და ქრთამს იღებდნენ (1 სამუელი 8:1—3).

ერთხელ მოხუც წინასწარმეტყველთან ისრაელის უხუცესები მივიდნენ და შესჩივლეს: „შენი ვაჟები შენი გზით არ დადიან“ (1 სამუელი 8:4, 5). იცოდა სამუელმა ამის შესახებ? ბიბლია არაფერს ამბობს. თუმცა აშკარაა, რომ ელისგან განსხვავებით, სამუელს გაკიცხვა არ დაუმსახურებია. იეჰოვამ ელის უსაყვედურა და დასაჯა, რადგან ის არაფერს აკეთებდა თავისი ვაჟების გამოსასწორებლად და მათ უფრო მეტ პატივს სცემდა, ვიდრე ღმერთს (1 სამუელი 2:27—29). მსგავსი ბრალდება კი სამუელისთვის იეჰოვას არასოდეს წაუყენებია.

ბიბლიაში არ წერია, რა გრძნობა დაეუფლა სამუელს, როცა თავისი ვაჟების ბოროტების ამბავი გაიგო — გული გაუტყდა, შეწუხდა თუ შერცხვა. ბევრი მშობლისთვის ადვილი წარმოსადგენია სამუელის გრძნობები. ჩვენს რთულ დროში მშობლების ურჩი ბავშვები ისე მომრავლდნენ, როგორც არასდროს (2 ტიმოთე 3:1—5). სამუელის მაგალითმა შეიძლება გარკვეულწილად შვება მოჰგვაროს იმ მშობლებს, რომლებსაც ურჩი შვილები ჰყავთ. სამუელმა არ დაუშვა, რომ შვილების ორგულობის გამო, აღებული კურსიდან თუნდაც ოდნავ გადაეხვია. გახსოვდეთ, თუ შვილის გაქვავებულ გულს დარიგება და დასჯა ვერ შველის, შეიძლება თქვენმა კარგმა მაგალითმა უშველოს. მშობლებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, გაახარონ თავიანთი მამა, იეჰოვა, როგორც სამუელი ახარებდა.

„დაგვიყენე მეფე“

სამუელის ვაჟები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რა ზიანს მიაყენებდა ხალხს მათი სიხარბე და ეგოიზმი. ისრაელის უხუცესებმა სამუელს უთხრეს: „დაგვიყენე მეფე, როგორც სხვა ერებსა ჰყავთ, სამართალი რომ გაგვიჩინოს“. სამუელის უარყოფას ნიშნავდა მათი მოთხოვნა? ბოლოს და ბოლოს სამუელი ხომ იეჰოვას დავალებით ათეულობით წელი იყო მათი მსაჯული. ახლა კი მსაჯულად წინასწარმეტყველის ნაცვლად მათ მეფე მოინდომეს. გარშემო ერებს მეფეები ჰყავდათ და მათაც უნდოდათ, მეფე ჰყოლოდათ. რა რეაქცია ჰქონდა სამუელს? „არ მოეწონა სამუელს მათი ნათქვამი“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (1 სამუელი 8:5, 6).

ვნახოთ, რა უპასუხა იეჰოვამ სამუელს, როცა ამ უკანასკნელმა ლოცვაში ხალხის სურვილი გააცნო. „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეუბნებიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ“. როგორ დაამშვიდებდა სამუელს იეჰოვას სიტყვები. თუმცა ისრაელების მოთხოვნა ყოვლისშემძლე ღვთის შეურაცხყოფა იყო. იეჰოვამ უთხრა წინასწარმეტყველს, ეთქვა მათთვის, რის ფასად დაუჯდებოდათ მეფის ყოლა. როცა სამუელმა ხალხს ყველაფერი უთხრა, ისინი მაინც დაჟინებით ამბობდნენ: „არა, უნდა გვყავდეს მეფე“. როგორც ყოველთვის, სამუელი ახლაც დაემორჩილა ღმერთს და იეჰოვას არჩეული კაცი მეფედ სცხო (1 სამუელი 8:7—19).

მაგრამ როგორ დაემორჩილა სამუელი ღმერთს — ისე, როგორც გაბრაზებული ადამიანი ავლენს ფორმალურ მორჩილებას? ხომ არ დაიბოღმა გულნატკენი სამუელი და გამწარდა? ასეთი რამ შეიძლება ბევრს დამართოდა, მაგრამ არა სამუელს. მან მეფედ სცხო საული და აღიარა, რომ ის იეჰოვას რჩეული იყო. მისალმებისა და მორჩილების ნიშნად სამუელმა აკოცა საულს. შემდეგ ხალხს უთხრა: „ხედავთ, ვინ ამოირჩია იეჰოვამ? მთელ ხალხში არავინაა მისი მსგავსი“ (1 სამუელი 10:1, 24).

სამუელმა ის თქვა საულზე, რაც კარგი იყო და მასში ცუდის ძებნა არ დაუწყია. ხოლო, როცა ხალხს თავისი ერთგულების მაგალითები მოუყვანა, ხაზი გაუსვა იმას, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ღვთის გულის მოგება იყო და არა მერყევი ბუნების ადამიანების მოწონება (1 სამუელი 12:1—4). ამასთანავე, სამუელი ერთგულად ასრულებდა ღვთის დავალებას — რჩევებს აძლევდა ღვთის ხალხს სულიერი საფრთხისგან თავის დასაცავად და იეჰოვას ერთგულებისკენ მოუწოდებდა. მაგალითად, ერთხელ, როცა მისი რჩევა-დარიგება ხალხის გულს შეეხო, ისინი შეეხვეწნენ სამუელს, ელოცა მათთვის. მან შესანიშნავი პასუხი გასცა მათ: „არ შევცოდავ იეჰოვას და არ შევწყვეტ თქვენთვის ლოცვას; მე გასწავლით კარგ და სწორ გზას“ (1 სამუელი 12:21—24).

დაგწყვეტიათ გული იმის გამო, რომ ვინმესთვის რაიმე პასუხისმგებლობა მიუნდვიათ, თქვენთვის კი არა? სამუელის მაგალითი კარგი შეხსენებაა ჩვენთვის, რომ არავისი შეგვშურდეს და არ გავმწარდეთ. ღმერთი არც ერთ თავის ერთგულ მსახურს არ დატოვებს კურთხევის მომტანი საქმის გარეშე.

„როდემდე უნდა წუხდე საულზე?“

სამუელი სწორად იქცეოდა, რომ საულში კარგს ხედავდა. ის მართლაც შესანიშნავი ადამიანი იყო — მაღალი, წარმოსადეგი გარეგნობის, მამაცი, საზრიანი, მოკრძალებული და თავმდაბალი (1 სამუელი 10:22, 23, 27). ამ ყველაფერთან ერთად, მას ღვთისგან ნების თავისუფლებაც ჰქონდა მიცემული — შეეძლო თავად აერჩია ცხოვრების კურსი და მიეღო გადაწყვეტილებები (კანონი 30:19). როგორ გამოიყენა საულმა ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლება?

სამწუხაროდ, ხშირად, როცა ადამიანი ძალაუფლებას მოიპოვებს, პირველი, რასაც კარგავს, მოკრძალებაა. დროთა განმავლობაში საული ქედმაღალი გახდა. ის აღარ ემორჩილებოდა ღვთის მითითებებს, რომლებსაც იეჰოვა სამუელის მეშვეობით აძლევდა. ერთხელ საულს მოთმინება არ ეყო და ღმერთს მსხვერპლი შესწირა, რაც წესით მხოლოდ სამუელს ევალებოდა. სამუელი იძულებული გახდა, მკაცრად შეეგონებინა საული. მან უწინასწარმეტყველა მეფეს, რომ სამეფო ტახტი მის შთამომავლებს არ გადაეცემოდა. ნაცვლად იმისა, რომ ყურად ეღო ეს შეგონება, საული უფრო მეტად ავლენდა ურჩობას (1 სამუელი 13:8, 9, 13, 14).

სამუელის მეშვეობით იეჰოვამ საულს უთხრა, გაელაშქრა ამალეკელების წინააღმდეგ. იეჰოვას მოთხოვნაში ამალეკის ბოროტი მეფის, აგაგის, მოკვლაც შედიოდა. მაგრამ საულმა დაინდო აგაგი და საუკეთესო ნადავლი. მეფის სამხილებლად მისულმა სამუელმა დაინახა, რომ ის ძალიან იყო შეცვლილი. ნაცვლად იმისა, რომ საულს თავმდაბლად მიეღო შეგონება, მან თავის გასამართლებელი არგუმენტები მოიყვანა, სამუელის ნათქვამს გვერდი აუარა და შეეცადა, დანაშაული ხალხისთვის გადაებრალებინა. როცა საულმა დანაშაულის თავის არიდების მიზნით თქვა, რომ ნადავლის ნაწილის შეწირვას იეჰოვასთვის აპირებდა, სამუელმა ყველასთვის ნაცნობი სიტყვები წარმოთქვა: „მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია“. მან გაბედულად უსაყვედურა საულს და ამცნო იეჰოვას გადაწყვეტილება, რომ გამოჰგლეჯდა მეფობას და სხვას, უკეთეს კაცს მისცემდა (1 სამუელი 15:1—33).

საულის საქციელმა ძალიან დაამწუხრა სამუელი. მან მთელი ღამე ტირილსა და ლოცვაში გაატარა. შეიძლება ითქვას, რომ ის საულს გლოვობდა. ის ხომ მასში დიდ პოტენციალს და ბევრ კარგ თვისებას ხედავდა. ახლა კი მისი იმედები დაიმსხვრა. საული ის აღარ იყო, ვისაც სამუელი იცნობდა — მას აღარ ჰქონდა კარგი თვისებები და იეჰოვას წინააღმდეგ წავიდა. სამუელს აღარ სურდა მისი ნახვა. იეჰოვამ სამუელს რბილად მისცა შენიშვნა: „როდემდე უნდა წუხდე საულზე? მე ხომ უარვყავი იგი, როგორც ისრაელის მეფე. აავსე რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მისი ვაჟებიდან ამოვირჩიე მეფე“ (1 სამუელი 15:34, 35; 16:1).

არასრულყოფილმა ადამიანებმა რომც არ უერთგულონ იეჰოვას, ის თავის განზრახვას მაინც არ შეცვლის. თუ ერთი ადამიანი ორგული აღმოჩნდება, იეჰოვა სხვას შეასრულებინებს თავის ნებას. ამიტომ ხანდაზმულ სამუელს მეტისმეტად არ უნდა ედარდა საულზე. იეჰოვას მითითებისამებრ, სამუელი ბეთლემში, იესეს სახლში წავიდა, სადაც რამდენიმე წარმოსადეგი გარეგნობის ვაჟი ნახა. იეჰოვამ სამუელს თავიდანვე შეახსენა: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და სიმაღლეს . . . ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7). ბოლოს სამუელი იესეს უმცროს ვაჟს, დავითს, შეხვდა და სწორედ ის აღმოჩნდა იეჰოვას რჩეული.

სიცოცხლის ბოლო წლებში სამუელი დარწმუნდა, რომ იეჰოვა სწორად მოიქცა, როცა საული უარყო და დავითი აირჩია. შურით შეპყრობილმა საულმა დავითის მოკვლა განიზრახა და განდგომილი გახდა. დავითი კი შესანიშნავ თვისებებს — სიმამაცეს, სიმტკიცეს, რწმენასა და ერთგულებას ავლენდა. ასაკის მატებასთან ერთად სამუელს რწმენა უმტკიცდებოდა. ის დარწმუნდა, რომ არ არსებობს ტკივილი, რომელსაც იეჰოვა ვერ მოაშუშებს და სიძნელე, რომელსაც ვერ მოაგვარებს და კურთხევად არ გადააქცევს. სამუელმა თითქმის საუკუნე იცოცხლა და საინტერესო ცხოვრება განვლო. მთელი ისრაელი გლოვობდა ამ ერთგულ კაცს და ეს არც არის გასაკვირი. კარგია, თუ ღვთის მსახურები საკუთარ თავს ჰკითხავენ: ვბაძავ სამუელს?

[სურათი 25 გვერდზე]

როგორ გადაატანინებდა სამუელი ხალხს მძიმე დანაკარგსა და გულგატეხილობას?

[სურათი 26 გვერდზე]

რა დაეხმარა სამუელს, რომ თავისი უვარგისი შვილების გამო გულგატეხილობა არ დაუფლებოდა?