არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ასწავლეთ შვილებს სხვების პატივისცემა

ასწავლეთ შვილებს სხვების პატივისცემა

ასწავლეთ შვილებს სხვების პატივისცემა

ერთი ძველი ქართული ანდაზა ამბობს: „ტკბილი სიტყვით ცხრაკლიტული გატყდებაო“. ამ ანდაზის არსი ისაა, რომ ვინც პატივისცემასა და თავაზიანობას ავლენს, ნებისმიერის გულს მოიგებს.

ძალიან სასიამოვნოა, როცა ბავშვები კარგი მანერებით და თავაზიანობით გამოირჩევიან! ჰონდურასში ერთი სარაიონო ზედამხედველი, რომელიც სხვადასხვა ასაკის მაუწყებლებთან ერთად მსახურობს კარდაკარ, ამბობს: „ხშირად კარგად აღზრდილი ბავშვის ქცევა უფრო განაწყობს მობინადრეს მოსასმენად, ვიდრე ჩემ მიერ გაკეთებული შეთავაზება“.

რაც დრო გადის, ადამიანები უფრო და უფრო უპატივცემლოდ ეპყრობიან ერთმანეთს. ამიტომ, თუ პატივისცემით მოვექცევით სხვებს, ეს კარგ შედეგს მოგვიტანს. უფრო მეტიც, საღვთო წერილი მოგვიწოდებს, რომ „ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ღირსად“ მოვიქცეთ (ფილ. 1:27; 2 ტიმ. 3:1—5). აუცილებელია, ვასწავლოთ შვილებს, რომ სხვებს თავაზიანად და პატივისცემით მოექცნენ. როგორ შეგიძლიათ ასწავლოთ ბავშვებს, რომ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით კი არ ავლენდნენ პატივისცემას, არამედ ამას მთელი გულით აკეთებდნენ? *

ბავშვები თავაზიანობას სხვებისგან სწავლობენ

ბავშვები სხვებს აკვირდებიან და ჰბაძავენ საქციელში. თუ მშობლებს სურთ, შვილებს თავაზიანობა ასწავლონ, თავად უნდა მისცენ კარგი მაგალითი (კან. 6:6, 7). ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს აუხსნათ, რომ იყოს ზრდილობიანი, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, თავადაც აძლევდეთ ამ მხრივ მაგალითს.

მოვიყვანოთ პაულას * მაგალითი, რომელიც მარტოხელა ქრისტიანმა დედამ აღზარდა. პაულა ყველას მიმართ პატივისცემას ავლენდა; ეს მისი ბუნების განუყოფელი ნაწილი გახდა. იგი ამბობს: „დედის დამსახურებაა, რომ არ გვიჭირს პატივისცემის გამოვლენა. თავად დედა გვაძლევდა ამ მხრივ ყოველთვის მაგალითს“. ქრისტიანი ძმა ვალტერი ასწავლიდა შვილებს, პატივისცემით მოპყრობოდნენ დედას, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე. ის ამბობს: „ჩემი ვაჟებისთვის დედის პატივისცემა რომ მესწავლებინა, ვცდილობდი, თავად მიმეცა მაგალითი მათთვის და არასდროს ვიხსენიებდი ჩემს მეუღლეს აუგად“. ვალტერი განაგრძობდა ღვთის სიტყვით შვილების აღზრდას და დახმარებისთვის ყოველთვის ღმერთს მიმართავდა. ახლა მისი ერთი ვაჟი იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთ ფილიალში მსახურობს, მეორე კი პიონერია. მათ ორივე მშობელი უყვართ და პატივს სცემენ მათ.

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“ (1 კორ. 14:33). იეჰოვა წესრიგის ღმერთია. ქრისტიანები უნდა ჰბაძავდნენ მას და სახლში სისუფთავესა და წესრიგს უნდა ინარჩუნებდნენ. ზოგი მშობელი ასწავლის შვილებს, რომ ყოველდღე სკოლაში წასვლამდე საწოლი გაასწორონ, ტანსაცმელი თავის ადგილზე შეინახონ და საოჯახო საქმეების კეთებაში დაეხმარონ. თუ ბავშვები დაინახავენ, რომ სახლში სისუფთავე და წესრიგია, ისინი მეტად შეეცდებიან, დაალაგონ თავიანთი ოთახი და ნივთებსაც თავ-თავიანთი ადგილი მიუჩინონ.

რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს თქვენს შვილებს სკოლაში მიღებულ განათლებაზე? აფასებენ ისინი თავიანთი მასწავლებლების შრომას? მშობლებო, თავად თქვენ თუ გამოხატავთ მასწავლებლების მიმართ მადლიერებას? თქვენი შვილები სკოლის დავალებებს მხოლოდ მაშინ მოეკიდებიან სერიოზულად და მხოლოდ მაშინ სცემენ პატივს მასწავლებლებს, თუ თქვენ მისცემთ ამის მაგალითს. კარგი იქნება, თუ ასწავლით მათ, მადლობა გადაუხადონ მასწავლებლებს. პატივისცემის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ყოველდღიურად გვემსახურება, იქნება ეს მასწავლებელი, ექიმი, გამყიდველი თუ სხვა ვინმე (ლუკ. 17:15, 16). ბავშვები, რომლებიც თავაზიანობითა და კარგი საქციელით გამოირჩევიან, თანაკლასელებისგან შექებას იმსახურებენ.

ქრისტიანული კრების წევრები კარგი მანერებით უნდა გამოირჩეოდნენ და ასეთი სახით მაგალითს უნდა აძლევდნენ ბავშვებს. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ბავშვები კრების წევრებს ისეთი თავაზიანი სიტყვებით მიმართავენ, როგორიცაა „გთხოვთ“ და „გმადლობთ“! თუ უფროსები ყურადღებით მოუსმენენ კრების შეხვედრებზე მოცემულ მითითებებს და ამგვარად იეჰოვასადმი პატივისცემას გამოხატავენ, ბავშვებიც მიჰბაძავენ მათ. მოყვასის მიმართ პატივისცემის გამოვლენას ბავშვები აგრეთვე სწავლობენ კრების წევრებისგან, რომლებიც სამეფო დარბაზში ერთმანეთთან ურთიერთობისას თავაზიანობას ავლენენ. მაგალითად, ოთხი წლის ენდრიუმ ისწავლა, რომ თუ გზად უფროსებისთვის გვერდის ავლა მოუწევს, ბოდიში მოუხადოს მათ.

კიდევ როგორ შეუძლიათ მშობლებს ასწავლონ შვილებს, როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში? მშობლებმა აუცილებლად უნდა გამოყონ დრო იმისთვის, რომ შვილებს გაუზიარონ, რისი სწავლა შეუძლიათ ღვთის სიტყვაში მოცემული არაერთი მაგალითიდან (რომ. 15:4).

ასწავლეთ ბიბლიური მაგალითებით

სამუელს, როგორც ჩანს, დედამ ასწავლა, მუხლი მოეყარა მღვდელმთავარ ელის წინაშე. როცა მან სამუელი კარავში მიიყვანა, ის ალბათ სამი-ოთხი წლის იქნებოდა (1 სამ. 1:28). ასწავლეთ თქვენს პატარას მისალმება, მაგალითად, „დილა მშვიდობისა“, „დღე მშვიდობისა“, „საღამო მშვიდობისა“ ან თქვენს ქვეყანაში მიღებული სხვა სახის მისალმება. სამუელის მსგავსად, თქვენი შვილებიც ‘მოსაწონი გახდებიან იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც’ (1 სამ. 2:26).

კარგია, თუ ბიბლიური მაგალითებით დაანახვებთ შვილებს, რა განსხვავებაა პატივისცემასა და უპატივცემლობას შორის. მაგალითად, ისრაელის ორგულმა მეფე ახაზიამ წინასწარმეტყველ ელიასთან გაგზავნა „ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათთან ერთად“, რათა ელია მასთან მიეყვანათ. ის მოითხოვდა, რომ წინასწარმეტყველი მასთან მისულიყო. ღვთის წინასწარმეტყველისთვის მეფეს უპატივცემულოდ არ უნდა მიემართა. ელიამ მეფის მაცნეს ასეთი პასუხი გასცა: „თუ მე ღვთის კაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათიც“. ზუსტად ასეც მოხდა. „ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათი“ (2 მეფ. 1:9, 10).

მეორედაც გაგზავნა მეფემ ორმოცდაათისთავი ელიასთან თავის ორმოცდაათთან ერთად. ამ ორმოცდაათისთავმაც უბრძანა ელიას, რომ გაჰყოლოდა მეფესთან. ამჯერადაც ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და შთანთქა ისინი. მაგრამ, როცა მესამედ გაგზავნა მეფემ ორმოცდაათისთავი ელიასთან თავის ორმოცდაათთან ერთად, ის პატივისცემით ელაპარაკა ელიას. მას არ უბრძანებია წინასწარმეტყველისთვის, გაჰყოლოდა მეფესთან, არამედ მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: „ჭეშმარიტი ღვთის კაცო, ფასი დასდე ჩემს სულსა და შენი ორმოცდაათი მსახურის სულს. ციდან ცეცხლი ჩამოვარდა და ორივე ორმოცდაათისთავი შთანთქა თავ-თავიანთ ორმოცდაათებთან ერთად, ახლა კი ფასი დასდე ჩემს სულს“. კვლავ სთხოვა ელიამ ღმერთს, ციდან ცეცხლი ჩამოვარდნილიყო და ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათთან ერთად შთაენთქა, მაშინ როცა ის მოკრძალებითა და პატივისცემით დაელაპარაკა მას? რა თქმა უნდა, არა! იეჰოვას ანგელოზმა უთხრა ელიას, გაჰყოლოდა ორმოცდაათისთავს (2 მეფ. 1:11—15). ამ შემთხვევიდან ვხედავთ, რომ პატივისცემის გამოვლენა უაღრესად მნიშვნელოვანია.

როცა პავლე მოციქული რომაელმა ჯარისკაცებმა ტაძარში შეიპყრეს, მას არ მოუთხოვია, რომ ლაპარაკის უფლება მიეცათ. პავლემ პატივისცემით ჰკითხა ათასისთავს: „შეიძლება რაღაც გითხრა?“ ამის შემდეგ პავლეს ლაპარაკის ნება დართეს და მან შეძლო თავის დაცვა (საქ. 21:37—40).

როცა იესო სასამართლოს წინაშე წარდგა, იქვე ახლოს მდგომმა მცველმა სილა გააწნა. იესომ იცოდა, როგორ გაეცა პასუხი. მან მიუგო: „თუ არასწორად ვთქვი, დაამოწმე, რა არის არასწორი, და თუ სწორად ვთქვი, რატომ მცემ?“ იესომ ისეთი პასუხი გასცა მას, რომ ვერაფერში დასდეს ბრალი (იოან. 18:22, 23).

ღვთის სიტყვაში აგრეთვე მოყვანილია მაგალითები, როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როცა შეგონებას გვაძლევენ და როგორ უნდა ვაღიაროთ თავმდაბლურად ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვა თუ დანაშაული (დაბ. 41:9—13; საქ. 8:20—24). მაგალითად, აბიგაილმა ბოდიში მოუხადა დავითს იმის გამო, რომ მისი ქმარი ნაბალი მას თავხედურად მოექცა. უფრო მეტიც, მან დავითს ძღვენიც მიართვა. დავითზე ისე იმოქმედა აბიგაილის საქციელმა, რომ ნაბალის სიკვდილის შემდეგ იგი ცოლად შეირთო (1 სამ. 25:23—41).

ამრიგად, ყველაფერი გააკეთეთ, რომ თქვენმა შვილებმა პატივისცემა და თავაზიანობა გამოავლინონ ნებისმიერ დროს, თუნდაც რთულ სიტუაციაში. დაე, ‘ჩვენმა სინათლემაც ანათოს ადამიანთა წინაშე’ და ‘განვადიდოთ ჩვენი ზეციერი მამა’! (მათ. 5:16).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 მშობლებმა უნდა აუხსნან შვილებს, რომ უფროსების პატივისცემაში არ იგულისხმება, ყველას გულუბრყვილოდ ენდონ, რადგან ზოგს შესაძლოა ცუდი მიზნები ამოძრავებდეს და მათთან ურთიერთობა შეიძლება სახიფათო იყოს. იხილეთ 2007 წლის ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—11.

^ აბზ. 7 ზოგი სახელი შეცვლილია.