არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოიპოვეთ ღვთის კეთილგანწყობა და იცხოვრეთ მარადიულად!

მოიპოვეთ ღვთის კეთილგანწყობა და იცხოვრეთ მარადიულად!

მოიპოვეთ ღვთის კეთილგანწყობა და იცხოვრეთ მარადიულად!

„შენ თავად აკურთხებ ყველა მართალს, იეჰოვა; როგორც დიდი ფარით, ისე დაიფარავ მათ შენი კეთილგანწყობით“ (ფსალმ. 5:12).

1, 2. რა სთხოვა ელიამ სარეფთელ ქვრივს, და რაში დაარწმუნა იგი?

ისრაელში შიმშილობის პერიოდი იდგა. სარეფთელი ქვრივი ქალი შეშას აგროვებდა, თავისთვის და თავისი შვილისთვის საჭმელი რომ მოემზადებინა. ამ დროს ღვთის წინასწარმეტყველი ელია მიადგა მას და წყალი და პური სთხოვა. ქალი წყალს კი მიუტანდა, მაგრამ საჭმელი თავისთვისაც აღარ ჰყოფნიდა. მას ‘ერთი მუჭა ფქვილიღა ჰქონდა დიდ ქილაში და ცოტა ზეთი პატარა ქილაში’. ქვრივი საგონებელში ჩავარდა, რა უნდა გაენაწილებინა წინასწარმეტყველისთვის, როცა თვითონაც ნახევრად მშივრები იყვნენ (1 მეფ. 17:8—12).

2 ელიამ დაჟინებით სთხოვა მას: «ჯერ მე გამომიცხვე პატარა კვერი, მომიტანე და მერე მოამზადე რამე შენთვის და შენი შვილისთვის. ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „დიდ ქილაში ფქვილი არ გამოილევა და პატარა ქილაში ზეთი არ დაიკლებს იმ დღემდე, სანამ არ აწვიმებს იეჰოვა მიწის პირს“» (1 მეფ. 17:13, 14).

3. რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენგანი?

3 სინამდვილეში ქვრივი უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა. მას მხოლოდ ის კი არ უნდა გადაეწყვიტა, გაუნაწილებდა თუ არა უკანასკნელ ლუკმას წინასწარმეტყველს, არამედ იეჰოვასთვისაც უნდა დაემტკიცებინა, რომ ენდობოდა მას. ერწმუნებოდა ქვრივი იეჰოვას სიტყვებს, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ღმერთი იხსნიდა მას და მის ვაჟს შიმშილით სიკვდილისგან? თუ ღმერთთან ურთიერთობის გაფუჭების და მისი კეთილგანწყობის დაკარგვის ფასად დროებით დაიკმაყოფილებდნენ ფიზიკურ მოთხოვნილებას? თითოეული ჩვენგანიც იმავე გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ. რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის — იეჰოვას კეთილგანწყობის მოპოვება თუ უზრუნველყოფილი ცხოვრება? ჩვენ ნამდვილად გვაქვს მიზეზი, ბოლომდე ვენდოთ ღმერთს და ვემსახუროთ მას. თუ ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება გვსურს, ჩვენგანაც მოითხოვება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.

‘შენ ღირსი ხარ, თაყვანი გცეთ’

4. რატომ იმსახურებს იეჰოვა თაყვანისცემას?

4 იეჰოვას აქვს უფლება, ადამიანებისგან მოითხოვოს, ისე სცენ თაყვანი, როგორც მისთვისაა მისაღები. ამას ზეციერი ქმნილებებიც ერთხმად აღიარებენ: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხ. 4:11). იეჰოვა, ყოველივეს შემოქმედი, ნამდვილად იმსახურებს თაყვანისცემას!

5. რატომ უნდა აღგვძრას ღვთის სიყვარულმა, ვემსახუროთ მას?

5 იეჰოვას ყველაზე მეტად ვუყვარვართ. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ის თაყვანისცემის ღირსია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი“ (დაბ. 1:27). ღმერთმა ადამიანი ნების თავისუფლებით შექმნა. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ფიქრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი. იეჰოვა, რომელმაც სიცოცხლე გვიბოძა, მთელი კაცობრიობის მამა გახდა (ლუკ. 3:38). როგორც ყველა კარგი მამა ცდილობს, შვილები ყოველივე აუცილებლით უზრუნველყოს, ასევე იეჰოვამაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიცოცხლით სრულად გაგვეხარა. ‘მას მზე ამოჰყავს’ და ‘წვიმას გზავნის’, რომ დედამიწაზე საკვების სიუხვე იყოს და თვალწარმტაცი ბუნების პეიზაჟებით დავტკბეთ (მათ. 5:45).

6, 7. ა) რა წაართვა ადამმა ყველა თავის შთამომავალს? ბ) როგორ იქნება გამოყენებული ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის ფასი მათთვის, ვინც ღვთის კეთილგანწყობას მოიპოვებს?

6 იეჰოვამ ცოდვის მარწუხებისგან გვიხსნა. ადამი შეიძლება შევადაროთ აზარტული თამაშების მოყვარულს, რომელიც პირადი სიამოვნების მიზნით ხელყოფს ოჯახის ქონებას. როდესაც ადამმა ცოდვა ჩაიდინა და იეჰოვას ზურგი აქცია, მან თავის შთამომავლებს წაართვა ყველაზე ფასეული — მარადიული ბედნიერება. საკუთარ ეგოისტურ სურვილს აყოლილმა ადამმა შთამომავლობა ყველაზე ვერაგ „ბატონს“, არასრულყოფილებას დაუქვემდებარა. მას შემდეგ ყველა ადამიანი დგება განსაცდელების წინაშე, სასოწარკვეთილებაში ვარდება, ავად ხდება და, საბოლოოდ, კვდება. მონის გასათავისუფლებლად გამოსასყიდის გადახდაა საჭირო. იეჰოვამ, ცოდვის მარწუხებისგან რომ გავეთავისუფლებინეთ, სწორედ ასეთი გამოსასყიდი გაიღო (წაიკითხეთ რომაელების 5:21 ). იესო ქრისტემ მამის ნება შეასრულა და „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ გაიღო (მათ. 20:28). მალე იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის ფასი სრულად იქნება გამოყენებული მათთვის, ვინც იეჰოვას კეთილგანწყობას იმსახურებს.

7 ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, ყველაფერს აკეთებს, რომ ბედნიერი და აზრიანი ცხოვრება გვქონდეს. თუ მის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ, საკუთარი თვალით ვიხილავთ, თუ როგორ გამოასწორებს იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც დღეს კაცობრიობა იმყოფება. იეჰოვა თითოეულს პირადად დაგვიმტკიცებს, რომ ის „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრ. 11:6).

„შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა“

8. როგორ მსახურებას მოელის ღმერთი ჩვენგან, როგორც ეს ესაიას შემთხვევიდან ჩანს?

8 ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენს თავისუფალ ნებას. იეჰოვა არავის აიძულებს, ემსახუროს მას. როცა ესაიას დღეებში ღმერთი ეძებდა მას, ვინც მის დავალებას შეასრულებდა, იკითხა: „ვინ გავგზავნო, ვინ გაგვეგზავნება?“ ღმერთმა ესაიას დაანახვა, რომ აფასებდა მის უფლებას, თავად გადაეწყვიტა, როგორ მოიქცეოდა. ეჭვგარეშეა, ესაიამ გახარებულმა უპასუხა: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ეს. 6:8).

9, 10. ა) როგორ უნდა ვემსახუროთ ღმერთს? ბ) რატომ უნდა ვემსახუროთ მთელი გულით იეჰოვას?

9 ადამიანებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, ემსახურებიან თუ არა ღმერთს. იეჰოვას სურს, რომ ძალდაუტანებლად ვემსახუროთ (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 24:15 ). ღვთის გულს ვერ მოიგებენ ისინი, ვისთვისაც უმნიშვნელოა ღვთის მსახურება ან ვინც მას მხოლოდ ადამიანთა დასანახავად ემსახურება (კოლ. 3:22). თუ ყოყმანით ვასრულებთ წმინდა მსახურებას და, ამავე დროს, ჩვენზე გავლენას ახდენს წუთისოფლის სული, ვერ მოვიპოვებთ ღვთის კეთილგანწყობას (გამ. 22:29). იეჰოვამ იცის, რომ თუ მთელი გულით ვემსახურებით მას, ეს ჩვენთვისვე იქნება კარგი. მოსე არწმუნებდა ისრაელებს, რომ იმ შემთხვევაში იცოცხლებდნენ, თუ ‘ეყვარებოდათ იეჰოვა, თავიანთი ღმერთი, მოუსმენდნენ მის ხმას და მიეკვრებოდნენ მას’ (კან. 30:19, 20).

10 ისრაელის მეფე დავითი იეჰოვას უმღეროდა: „შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა შენი ჯარის გალაშქრების დღეს. განთიადის საშვილოსნოდან გამოსული ნამივით გყავს სიწმინდით მოსილი ახალგაზრდების ჯგუფი“ (ფსალმ. 110:3). დღეს ბევრისთვის უმთავრესია, ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს და დროის დიდი ნაწილი გართობას დაუთმოს. მაგრამ მათთვის, ვინც იეჰოვას სცემენ თაყვანს, ყველაზე მნიშვნელოვანია, ღმერთს წმინდა მსახურება შეუსრულონ. გულმოდგინება, რომელსაც ისინი სასიხარულო ცნობის ქადაგებისას იჩენენ, ცხადყოფს, თუ რა არის უმნიშვნელოვანესი მათ ცხოვრებაში. ისინი სრულად ენდობიან იეჰოვას, რომელიც ყოველივე აუცილებლით უზრუნველყოფს მათ (მათ. 6:33, 34).

ღვთისმოსაწონი მსხვერპლი

11. რას მიიღებდნენ ისრაელები შედეგად, თუ იეჰოვასთვის სასურველ შესაწირავს გაიღებდნენ?

11 კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების თანახმად, ისრაელ ერს მოეთხოვებოდა, იეჰოვასთვის შეეწირა უნაკლო მსხვერპლი და ეს ღვთისთვის მოსაწონი სახით გაეკეთებინა. ლევიანების 19:5-ში ვკითხულობთ: „თუ მშვიდობის მსხვერპლს შესწირავთ იეჰოვას, შესწირეთ ის მოწონების მოსაპოვებლად“. ბიბლიის ამავე წიგნში წერია: „თუ სამადლობელ შესაწირავს სწირავთ იეჰოვას, შესწირეთ მოწონების მისაღებად“ (ლევ. 22:29). როცა ისრაელები ღვთისთვის მოსაწონ ცხოველურ შესაწირავს აბოლებდნენ სამსხვერპლოზე, მისი კვამლი იეჰოვასთვის „დამამშვიდებელ სურნელებასავით“ იყო (ლევ. 1:9, 13). ღმერთს სიამოვნებდა, როცა მისი ხალხი ასეთი სახით სიყვარულს ავლენდა მის მიმართ (დაბ. 8:21). კანონიდან, რომელიც ცხოველურ შესაწირავებს ეხებოდა, ჩვენც შეგვიძლია დავინახოთ ჩვენთვის გამოსადეგი პრინციპი. ყველა, ვინც იეჰოვასთვის მოსაწონ მსხვერპლს იღებს, მის კეთილგანწყობას მოიპოვებს. როგორი შესაწირავია მისაღები იეჰოვასთვის? დავფიქრდეთ ორ მხარეზე: ჩვენს საქციელსა და მეტყველებაზე.

12. რამ შეიძლება გაგვაუწმინდუროს, რის გამოც ‘ჩვენს სხეულს ვეღარ წარვუდგენთ ღმერთს მისთვის მოსაწონ მსხვერპლად’?

12 რომაელებისადმი მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ დაწერა: „წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა“ (რომ. 12:1). ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აუცილებელია, რომ არ წავიბილწოთ სხეული და ისეთი ცხოვრების წესი არ ავირჩიოთ, რომელიც ღვთისთვის მიუღებელია. თუ თავს გავიუწმინდურებთ თამბაქოთი, ნარკოტიკებით, ბეტელის კაკლის ღეჭვითა თუ ალკოჰოლის უზომო მოხმარებით, ვერ ‘წარვუდგენთ ღმერთს ჩვენს სხეულს მისთვის მოსაწონ მსხვერპლად’ (2 კორ. 7:1). გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“, ნებისმიერი უზნეო საქციელი დასაძრახია ღვთის თვალში და ასეთი ადამიანის მსახურება მიუღებელია იეჰოვასთვის (1 კორ. 6:18). ღმერთს რომ ვასიამოვნოთ, „ნებისმიერ საქციელში წმინდები“ უნდა ვიყოთ (1 პეტ. 1:14—16).

13. რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა?

13 კიდევ ერთი, იეჰოვასთვის სასურველი მსხვერპლი, რომლის გაღებაც შეგვიძლია, ჩვენი მეტყველების უნარს უკავშირდება. იეჰოვას მოყვარულები ყოველთვის, სახალხოდ თუ სახლში მარტო ყოფნისას, განადიდებენ იეჰოვას (წაიკითხეთ ფსალმუნის 34:1—3). წაიკითხეთ ფსალმუნების 148—150 თავები და დააკვირდით, რამდენჯერ არის ამ სამ ფსალმუნში მოწოდება, რომ განვადიდოთ იეჰოვა. მართლაც რომ „შეჰფერით მართლებს ქების აღვლენა“! (ფსალმ. 33:1). იესო ქრისტე, რომელმაც ყველაფერში საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა, ყურადღებას ამახვილებდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა და ამგვარად განვადიდოთ იეჰოვა (ლუკ. 4:18, 43, 44).

14, 15. როგორი მსხვერპლის გაღებისკენ მოუწოდებდა ოსია ისრაელებს, და რა გრძნობა დაეუფლა იეჰოვას მათ მიმართ, ვინც ასეთი მსხვერპლი გაიღო?

14 თუ გულმოდგინედ ვქადაგებთ, ეს იმის დასტურია, რომ გვიყვარს იეჰოვა და მისი კეთილგანწყობის მოპოვება გვსურს. მაგალითად, გავიხსენოთ, რისკენ მოუწოდებდა წინასწარმეტყველი ოსია ისრაელებს, რომლებიც ცრუ თაყვანისმცემლობაში ჩაებნენ და ღვთის კეთილგანწყობა დაკარგეს (ოს. 13:1—3). ოსია დაჟინებით სთხოვდა ისრაელებს, რომ ასეთი სიტყვებით აღევლინათ ღვთის წინაშე ხვეწნა-მუდარა: „გვაპატიე [იეჰოვა] დანაშაული და ჩვენგან მიიღე ის, რაც კარგია, ჩვენ კი ჩვენი ბაგეების ნაყოფს [მოზვრებს] მოგიძღვნით სანაცვლოდ“ (ოს. 14:1, 2, სქოლიო).

15 მოზვერი ყველაზე ძვირადღირებული ცხოველი იყო, რომელიც ისრაელებს შეეძლოთ იეჰოვასთვის შეეწირათ. აქედან გამომდინარე, ფრაზა „ჩვენი ბაგეების მოზვრები“ ჩვენი ბაგეების საუკეთესო ნაყოფს, ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას განსადიდებლად გულწრფელად და გააზრებულად წარმოთქმულ სიტყვებს გულისხმობს. რა გრძნობა დაეუფლა იეჰოვას მათ მიმართ, ვინც ასეთი მსხვერპლი გაიღო? მან თქვა: „ნებით შევიყვარებ მათ“ (ოს. 14:4). იეჰოვა შეიწყალებს მათ, ვინც ბაგეთა საუკეთესო ნაყოფს სწირავს ღმერთს და ამგვარად განადიდებს მას. უფრო მეტიც, ისინი მისი კეთილგანწყობით ისარგებლებენ და ახლო ურთიერთობას განავითარებენ ღმერთთან.

16, 17. როგორ იღებს იეჰოვა ‘ქების მსხვერპლს’, რომელსაც მისი მსახურები რწმენით სწირავენ?

16 იეჰოვას სახალხოდ განდიდება ყოველთვის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი იყო. ჭეშმარიტი ღმერთის განდიდება იმდენად მნიშვნელოვანი იყო ფსალმუნმომღერლისთვის, რომ ასეთი სიტყვებით ევედრებოდა ღმერთს: „იეჰოვა, გთხოვ, მოიწონე ჩემი ბაგეებით აღვლენილი ნებაყოფლობითი შესაწირავი“ (ფსალმ. 119:108). რისი თქმა შეიძლება დღეს? ესაია წინასწარმეტყველებდა უამრავ ხალხზე: „სახალხოდ ქებას მიუძღვნიან იეჰოვას . . . ჩემს [ღვთის] სამსხვერპლოზე ავლენ და მოწონებას დაიმსახურებენ [თავიანთი შესაწირავის გამო]“ (ეს. 60:6, 7). ეს წინასწარმეტყველება იმით სრულდება, რომ მილიონები ღმერთს სწირავენ ‘ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ აღიარებენ მის სახელს’ (ებრ. 13:15).

17 თქვენც სწირავთ ღმერთს მისთვის მოსაწონ მსხვერპლს? თუ ამას არ აკეთებთ, კარგი იქნებოდა, საჭირო ცვლილებები მოგეხდინათ და სახალხოდ დაგეწყოთ იეჰოვას განდიდება. თუ სასიხარულო ცნობის ქადაგებისკენ რწმენა აღგძრავთ, თქვენს მსხვერპლს „უფრო მეტად მოიწონებს იეჰოვა, ვიდრე ხარს“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 69:30, 31 ). დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ მიერ შეწირული მსხვერპლის „დამამშვიდებელი სურნელება“ იეჰოვამდე მიაღწევს და მის კეთილგანწყობასაც მოიპოვებთ (ეზეკ. 20:41). შედეგად, ენით აუწერელ სიხარულს იგრძნობთ.

‘იეჰოვა თავად აკურთხებს ყველა მართალს’

18, 19. ა) რა შეხედულება აქვს დღეს ბევრს ღვთის მსახურებაზე? ბ) სადამდე მიგვიყვანს ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვა?

18 დღეს ბევრს ისეთივე აზრი აქვს, როგორიც მალაქიას დღეებში მცხოვრებ ხალხს ჰქონდა: „არ ღირს ღვთისთვის მსახურება. რა გვარგო იმან, რომ ვასრულებდით ჩვენს ვალდებულებას მის წინაშე?!“ (მალ. 3:14). რამდენადაც მათი გონება მეტის მოხვეჭაზეა გადართული, ფიქრობენ, რომ ღვთის განზრახვა არასდროს შესრულდება და მისი კანონებიც დრომოჭმულია. მათი აზრით, სასიხარულო ცნობის ქადაგება დროის ფუჭად ხარჯვაა და გამაღიზიანებელია.

19 ასეთი აზროვნება სათავეს იღებს ედემის ბაღიდან, სადაც სატანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევას თვალში იეჰოვასგან ბოძებული შესანიშნავი სიცოცხლის ძღვენი გაუფასურებულიყო და მას არაფრად ჩაეგდო ღვთის კეთილგანწყობა. დღესაც სატანა ცდილობს, დაარწმუნოს ხალხი, რომ ბევრს ვერაფერს მიაღწევენ, თუ ღვთის ნებას შეასრულებენ. ადამმა და ევამ მწარე რეალობას გაუსწორეს თვალი, როდესაც ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვის შედეგად სიცოცხლე დაკარგეს. მალე ისინიც, ვინც მათ ნაკვალევს მიჰყვება, ასეთივე მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან (დაბ. 3:1—7, 17—19).

20, 21. ა) როგორ მოიქცა სარეფთელი ქვრივი, და როგორ განვითარდა მოვლენები მის სასარგებლოდ? ბ) როგორ და რატომ უნდა მივბაძოთ სარეფთელ ქვრივს?

20 დაფიქრდით, რა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საბოლოოდ ადამი და ევა, და როგორ აკურთხა ღმერთმა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული სარეფთელი ქვრივი. წინასწარმეტყველ ელიას გამამხნევებელი სიტყვების მოსმენისთანავე ქალი საქმეს შეუდგა და პირველად პატარა კვერი ელიას გამოუცხო. ამის შემდეგ იეჰოვამ შეუსრულა მას ელიას პირით მიცემული დანაპირები. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჭამდა რამდენიმე ხანს ქალი, მისი სახლეულობა და ელია. დიდ ქილაში ფქვილი არ ილეოდა და პატარა ქილაში ზეთი არ იკლებდა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი ელიას პირით“ (1 მეფ. 17:15, 16).

21 დღეს მილიარდობით ადამიანიდან ცოტა თუ იქცევა სარეფთელი ქვრივივით. ეს ქალი ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა გადაარჩენდა და ასეც მოხდა — იეჰოვამ არ მიატოვა ის გასაჭირში. ეს და კიდევ მრავალი სხვა ბიბლიური შემთხვევა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ნდობას (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 21:43—45; 23:14 ). თანამედროვე იეჰოვას მოწმეების შემთხვევებიც ცხადყოფს, რომ ღმერთი არასდროს მიატოვებს მათ, ვინც მის კეთილგანწყობას იმსახურებს (ფსალმ. 34:6, 7, 17—19). *

22. რატომ უნდა ვცდილობდეთ მთელი გულით ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვებას?

22 ღვთის რისხვის დღე, რომელიც ‘როგორც მახე, ისე დაატყდება დედამიწის ყველა მცხოვრებს’, გარდაუვალია (ლუკ. 21:34, 35). გასამართლების დღეს ვერავინ გაექცევა. ღვთის ერთგულთ ესმით, რომ ამ დღეს არანაირი ფასი არ ექნება სიმდიდრესა თუ უზრუნველ ცხოვრებას, რადგან ეს არაფერია იმ გრძნობასთან შედარებით, რაც მათ ღვთის მიერ დანიშნული მოსამართლის სიტყვების მოსმენის შემდეგ დაეუფლებათ: „მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო“ (მათ. 25:34). დიახ, ‘იეჰოვა, როგორც დიდი ფარით, ისე დაიფარავს მათ თავისი კეთილგანწყობით’ (ფსალმ. 5:12). ნუთუ მთელი გულით არ უნდა შევეცადოთ ღვთის კეთილგანწყობის მოპოვებას?!

[სქოლიო]

^ აბზ. 21 იხილეთ 2005 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 13, აბზაცი 15 და 1997 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 20—25.

გახსოვთ?

• რატომ არის იეჰოვა თაყვანისცემის ღირსი?

• როგორი მსხვერპლია დღეს იეჰოვასთვის მისაღები?

• რას გულისხმობს ფრაზა „ჩვენი ბაგეების მოზვრები“, და რატომ უნდა შევწიროთ ღმერთს ასეთი მსხვერპლი?

• რატომ უნდა ვცდილობდეთ მთელი გულით ღვთის კეთილგანწყობის მოპოვებას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 13 გვერდზე]

რა სთხოვა ღვთის წინასწარმეტყველმა ღატაკ და ნახევრად მშიერ ქვრივს?

[სურათი 15 გვერდზე]

რას მივიღებთ, თუ იეჰოვას „ქების მსხვერპლს“ შევწირავთ?

[სურათი 17 გვერდზე]

იეჰოვა არასდროს გაგიმტყუნებთ იმედს, თუ მთელი გულით მიენდობით