არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის „აღსასრული“?

რა არის „აღსასრული“?

რა არის „აღსასრული“?

„და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

წუთისოფლის აღსასრულის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ. კომედიური თუ მეცნიერული ჟანრის წიგნები, ფილმები თუ ჟურნალები სხვადასხვა სახით წარმოგვიდგენს მსოფლიოს განადგურებას. მათში ნაჩვენებია, როგორ ისპობა მსოფლიო ბირთვული ომების, ასტეროიდის შეჯახების, მომაკვდინებელი ვირუსისა და კლიმატური კატაკლიზმების შედეგად ან, როგორ ანადგურებენ დედამიწას უცხოპლანეტელები.

ამ მხრივ მრავალი რელიგიური შეხედულებაც არსებობს; ბევრი ასწავლის, რომ აღსასრულის დროს დედამიწაზე სიცოცხლე მთლიანად მოისპობა. ერთმა თეოლოგმა მათეს 24:14-ის შესახებ დაწერა: „ღვთის სიტყვაში ეს მუხლი ყველაზე მნიშვნელოვანია . . . ჩვენი თაობა სრული განადგურების საშიშროების წინაშე დგას და ამ განადგურების საშინელი რეალობის წარმოდგენა ცოტას თუ შეუძლია“.

მათ, ჩვეულებრივ, მხედველობიდან რჩებათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი — იეჰოვა ღმერთმა დედამიწა „განამტკიცა . . . ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, [არამედ] დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). ასე რომ, როდესაც იესომ აღსასრული მოიხსენია, მას არც დედამიწის განადგურება ჰქონია მხედველობაში და არც — მთლიანად კაცობრიობის. ის გულისხმობდა ბოროტების, ანუ იმ ადამიანების, განადგურებას, რომლებიც ჯიუტად ამბობენ უარს იეჰოვას მითითებების თანახმად ცხოვრებაზე.

წარმოიდგინეთ, გაქვთ მშვენიერი სახლი და სხვებს იქ ცხოვრების უფლება მიეცით. მათგან არანაირ საფასურს არ იღებთ. მობინადრეთაგან ზოგი მშვიდობიანია და სახლზეც ზრუნავს, ზოგი კი გამუდმებით იწვევს პრობლემებს, ჩხუბობს და ავიწროვებს კარგ მეზობლებს. ისინი ანადგურებენ თქვენს ქონებას, ყურსაც არ გიგდებენ და თავისას არ იშლიან.

რას გააკეთებდით მდგომარეობის გამოსასწორებლად? დაანგრევდით თქვენს საკუთარ სახლს? არავითარ შემთხვევაში. ალბათ, გამოასახლებდით ცუდ მობინადრეებს და სახლის პირვანდელ სახეს აღადგენდით.

იეჰოვაც მსგავსად მოიქცევა. მისი შთაგონებით ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ბოროტმოქმედნი მოისპობიან, იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:9—11).

ამ საკითხს მოციქული პეტრეც შეეხო. ღვთის შთაგონებით მან დაწერა: „ძველთაგანვე იყო ცა და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვით წყლიდან მყარ მასად იყო ამოწეული და წყლებს შუა მოთავსებული. მათი საშუალებით განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა“ (2 პეტრე 3:5, 6). მოციქული აქ ნოეს დღეებზე ლაპარაკობდა. მაშინ განადგურდნენ უღვთო ადამიანები, და — არა დედამიწა. ღმერთმა მსოფლიო წარღვნით „აჩვენა უღვთოებს, რა მოუვათ მომავალში“ (2 პეტრე 2:6).

შემდეგ პეტრემ დასძინა: „ახლანდელი ცა და დედამიწა . . . იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული“. კითხვა აქ რომ შეგვეწყვიტა, არასწორ დასკვნას გავაკეთებდით. მაგრამ ეს მუხლი გრძელდება: „უღვთოთა . . . დაღუპვის დღისთვის“. ასე რომ, განადგურება ეხება არა დედამიწას, არამედ უღვთო ადამიანებს. შემდეგ პეტრემ დაწერა: „ველით ახალ ცასა [ღვთის მესიანურ სამეფოს] და ახალ დედამიწას [მართალ ადამიანთა საზოგადოებას], სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:7, 13).

ბიბლიური წინასწარმეტყველება აგრეთვე ცხადყოფს, რომ აღსასრული ახლოსაა. ამაში დასარწმუნებლად წაიკითხეთ მათეს 24:3—14 და 2 ტიმოთეს 3:1—5. *

განა გასაკვირი არ არის, რომ ასეთ აზრთა სხვაობას იწვევს მათეს 24:14, რომლის გაგება ბავშვსაც კი შეუძლია? დიახ, მაგრამ არსებობს ამის მიზეზები. სატანამ დაუბრმავა ადამიანებს გონება, რათა ღვთის სიტყვაში მოცემული ძვირფასი ჭეშმარიტება ვერ დაენახათ (2 კორინთელები 4:4). ამასთანავე, ღმერთმა თავისი განზრახვა დაუმალა ამპარტავნებს და გაუმხილა თავმდაბლებს. იესომ თქვა: „მამა, ცისა და მიწის უფალო, გაქებ ყველას წინაშე, რადგან დაუფარე ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს და ჩვილებს გაუმჟღავნე“ (მათე 11:25). რა დიდი პატივია, იყო იმ თავმდაბალ ადამიანთა შორის, რომელთაც ესმით, რა არის სინამდვილეში ღვთის სამეფო და, რა კურთხევებს მოუტანს ყველას, ვინც მას უჭერს მხარს!

[სქოლიო]

^ აბზ. 11 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის, „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-9 თავი (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[სურათი 9 გვერდზე]

სამეფო გაანადგურებს ყოველგვარ ბოროტებას დედამიწაზე