არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთმა შექმნა ეშმაკი?

ღმერთმა შექმნა ეშმაკი?

მკითხველები გვეკითხებიან

ღმერთმა შექმნა ეშმაკი?

▪ ბიბლიის თანახმად, ღმერთი „ყოვლის შემქმნელია“, ამიტომ ზოგი ფიქრობს, რომ ეშმაკიც მან შექმნა (ეფესოელები 3:9; გამოცხადება 4:11). ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ეშმაკი ღმერთს არ შეუქმნია.

იეჰოვამ შექმნა პიროვნება, რომელიც ეშმაკი გახდა. ღვთის ამ მთავარი მოწინააღმდეგის არსებობა უნდა ეთანხმებოდეს იმას, რასაც წმინდა წერილები იეჰოვას, შემოქმედის შესახებ ამბობს: „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“ (კანონი 32:3—5). ამ სიტყვებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სატანა ერთ დროს ღვთის სრულყოფილი და სამართლიანი სულიერი ძე იყო. იოანეს 8:44-ის თანახმად, იესომ თქვა, რომ ეშმაკი „ჭეშმარიტებაში არ დადგა“, რითაც იმაზე მიანიშნა, რომ სატანა ერთ დროს მართალი და უდანაშაულო იყო.

მაგრამ იეჰოვას სხვა გონიერი ქმნილებების მსგავსად, ამ ანგელოზსაც, რომელიც სატანა გახდა, შეეძლო კარგსა და ცუდს შორის არჩევანი გაეკეთებინა. იმით, რომ მან ღვთის წინააღმდეგ წასვლა არჩია და პირველი წყვილიც წააქეზა, მისი მხარე დაეკავებინათ, ის სატანა გახდა, რაც „მოწინააღმდეგეს“ ნიშნავს (დაბადება 3:1—5).

ეს ბოროტი სულიერი ქმნილება ეშმაკიც გახდა, რაც „ცილისმწამებელს“ ნიშნავს. გველს ამოფარებულმა ამ უხილავმა მატყუარამ მზაკვრული სიცრუით უბიძგა ევას, რომ შემოქმედის დადგენილ კანონს არ დამორჩილებოდა. სწორედ ამიტომ უწოდა იესომ სატანას „სიცრუის მამა“ (იოანე 8:44).

როგორ შეიძლებოდა, რომ ამ სრულყოფილ სულიერ ქმნილებას, რომელსაც არც სისუსტე ჰქონდა და რომელზეც არავინ ახდენდა ცუდ გავლენას, არასწორი მიდრეკილებები გასჩენოდა? მან აშკარად მოინდომა თაყვანისცემა, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა და მიხვდა, რომ არსებობდა იმის შესაძლებლობა, ადამიანები იეჰოვას ნაცვლად მისი ქვეშევრდომები გამხდარიყვნენ. მმართველობის სურვილის მოშორების ნაცვლად, ის იმდენ ხანს ფიქრობდა ამაზე, რომ საბოლოოდ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა. იაკობის წიგნში აღწერილია, როგორ ხდება ეს პროცესი: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“ (იაკობი 1:14, 15; 1 ტიმოთე 3:6).

წარმოიდგინეთ შემდეგი მაგალითი. ბუღალტერს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გარკვეული მაქინაციებით კომპანიას ფული მოჰპაროს. მას შეუძლია, სასწრაფოდ მოიშოროს ეს არასწორი აზრი. მაგრამ, თუ გამუდმებით იფიქრებს ამაზე, ეს აზრი მისთვის მიმზიდველი გახდება და ადვილად შესაძლებელია, რომ განახორციელოს კიდეც. თუ ასე მოიქცევა, ის ქურდი გახდება. თუ თავისი დანაშაულის დასამალავად იცრუებს, ის მატყუარაც იქნება. მსგავსად, ღვთის შექმნილმა ანგელოზმა განივითარა ცუდი სურვილები და განახორციელა ისინი; მან გამოიყენა ნების თავისუფლება, იცრუა და არ დაემორჩილა მამას, რის გამოც სატანა ეშმაკი გახდა.

საბედნიეროდ, ღმერთი დანიშნულ დროს გაანადგურებს სატანა ეშმაკს (რომაელები 16:20). მანამდე კი იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია სატანის ზრახვები და ისინი დაცულნი არიან მისი ხრიკებისგან (2 კორინთელები 2:11; ეფესოელები 6:11). ასე რომ, „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7).

[ჩანართი 21 გვერდზე]

სრულყოფილი სულიერი ქმნილება სატანა გახდა, რადგან ღვთისადმი დაუმორჩილებლობა აირჩია