არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საოლქო კონგრესებს რუსეთში კარგი შედეგები მოჰყვა

საოლქო კონგრესებს რუსეთში კარგი შედეგები მოჰყვა

საოლქო კონგრესებს რუსეთში კარგი შედეგები მოჰყვა

ყოველ წელს ბუნების მოყვარული რუსები ქალაქის ორომტრიალს გაურბიან და ზაფხულს ქალაქგარეთ აგარაკზე ატარებენ. გასულ წლებში რუსეთში უამრავი იეჰოვას მოწმეც მიეშურებოდა ზაფხულობით ქალაქგარეთ, თუმცა სულ სხვა მიზნით.

რუსეთის ზოგ ქალაქში სამქადაგებლო საქმიანობის აკრძალვის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები იყენებენ კონსტიტუციით გათვალისწინებულ რელიგიურ თავისუფლებას და კვლავაც ღიად იკრიბებიან თაყვანისმცემლობისთვის. მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეცდომაში შეყვანილი მოხელეების ან მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების მხრიდან წინააღმდეგობამ და ზეწოლამ იეჰოვას მოწმეებს ყოველწლიური საოლქო კონგრესისთვის, რომელიც ზაფხულობით ტარდება, შესაფერისი შენობების დაქირავება გაურთულა. ამიტომ მოწმეებმა ორგანიზება გაუწიეს ქალაქგარეთ „ტყის“ ან „ველის“ კონგრესებს. 2007—2009 წლებში რუსეთში ღია ცის ქვეშ 40-მდე ასეთი სულიერი „პიკნიკი“ ჩატარდა 25 ადგილას.

ერთი მოწმე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ესწრებოდა რუსეთში კონგრესებს, იხსენებს: „ადრე, როცა კონგრესების ჩასატარებლად დიდ ქალაქებში სტადიონებსა და შენობებს ვქირაობდით, ბევრ გულწრფელ ადამიანსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი თვალით ენახა ჩვენს კონგრესებზე არსებული სისუფთავე და წესრიგი და თავად გაეკეთებინა დასკვნები. ახლა კი იძულებულნი ვართ, ტყეში შევიკრიბოთ, სადაც მხოლოდ ტყის ბინადრები გვხედავენ. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებას არ შეუძლია თავისი თვალით ნახოს, როგორ ტარდება ჩვენი შეკრებები, რომელთაც სხვადასხვა წარმომავლობის, რასისა და რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანები ესწრებიან“.

ასეთი შეკრებები სასიხარულოა, თუმცა ერთი მოწმე აღნიშნავს: „სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რა თავგანწირვისა და ერთგულების სულს ავლენენ თანამორწმუნეები სხვადასხვა სიტუაციაში. მაგრამ, გულახდილად რომ გითხრათ, როცა მთავრობის წარმომადგენლები კონგრესების ჩატარებაში ხელს გვიშლიან, ეს ფიზიკურად და ემოციურად გვფიტავს. ეს აგრეთვე გარკვეულწილად გვზღუდავს, რომ უზენაეს ღმერთ იეჰოვას ღირსეულად ვცეთ თაყვანი“. როგორ უმკლავდებიან იეჰოვას მოწმეები რუსეთში ასეთ სირთულეებს?

ტყეში ჩატარებული კონგრესები

ხშირად, როცა დაქირავებული შენობების მეპატრონეები ხელშეკრულებას აუქმებენ მოწმეებთან, კონგრესის ორგანიზატორებს მხოლოდ რამდენიმე დღე რჩებათ ათასობით დელეგატისთვის სხვა საკონგრესო შენობის მოსაძებნად. მაგალითად, 2008 წელს მოწმეებს ჩებოქსარში (ჩუვაშეთის რესპუბლიკა) საოლქო კონგრესის ჩატარება მოუწიათ კარვების გასაშლელ ადგილზე, რომელიც არყის ხეებით იყო გარშემორტყმული და მდინარე ვოლგას გადაჰყურებდა. ძმებს წინ ბევრი საქმე ელოდათ — 1 930 დელეგატიდან 1 700 ამ ტერიტორიაზე უნდა დაებინავებინათ; საჭირო იყო საშხაპეები, ხელსაბანები, ცივი და ცხელი წყალი, საპირფარეშოები და ელექტროენერგია; აგრეთვე უნდა ეზრუნათ ყველა დელეგატის კვებაზე.

ძმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც საჭირო იყო. მათ იპოვეს დურგლები, ელექტრიკოსები და სანტექნიკოსები. სამუშაოს შესრულებაში მონაწილეობდა 350 მოწმისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაგან 14 იქვე ცხოვრობდა ათი დღის მანძილზე. მათ დახერხეს ფიცრები, გაიტანეს თივა და დადგეს კარვები, საშხაპეები და საპირფარეშოები. ძმების სხვა ჯგუფს არაერთხელ მოუწია ქალაქში ჩასვლა საჭირო ნივთების შესაძენად. ვინაიდან ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო საკვების ცივად შენახვა, ძმებმა გადაწყვიტეს, რომ დღეში სამჯერ ადგილზევე მოემზადებინათ ყველასთვის ცხელი საჭმელი. ტერიტორიის ადმინისტრაცია ძმებს დაეხმარა რამდენიმე მზარეულის დაქირავებაში, რომლებიც დელეგატებისთვის საჭმელს მოამზადებდნენ. საბოლოოდ, 500-მა დელეგატმა საკუთარი კარვები მოიტანა, 150-მა ახლომდებარე სახლები იქირავა, 15-მა საჯინიბოში გაათენა ღამე, დანარჩენები კი ძმების მიერ დადგმულ კარვებში განთავსდნენ.

როცა დელეგატები ადგილზე ჩავიდნენ, მათ ლამაზად ჩამწკრივებული ფერადი პლასტმასის სკამების ზღვა დახვდათ. წინ იდგა ყვავილებით მორთული ორი სცენა — ერთი რუსული პროგრამისთვის, მეორე კი ჩუვაშურისთვის. ყველამ სიამოვნებით მოისმინა სულიერი პროგრამა და დააფასა მოხალისეების მძიმე შრომა. მზარეულებიდან ერთ-ერთმა აღტაცებით თქვა: „საკუთარი თვალით რომ არ მენახა, არასდროს დავიჯერებდი, რომ არსებობდა ისეთი ორგანიზებული და მოწესრიგებული ორგანიზაცია, როგორიც თქვენია!“. ზოგმა ეს კონგრესი შეადარა კარვობის დღესასწაულს, რომელსაც ბიბლიურ დროში ისრაელი ერი ზეიმობდა.

სხვა ქალაქებში მოწმეებს მხოლოდ ერთ დღეში უნდა მოეძებნათ და მოემზადებინათ საოლქო კონგრესის ჩასატარებელი ადგილი. ასე მოხდა ნიჟნი-ნოვგოროდში, სადაც მოხალისეებმა მთელი დღე და ღამე იმუშავეს კერძო მიწის ნაკვეთზე. მათ მოჭრეს ხეები და ბუჩქები, მოთიბეს ბალახი და გაწმინდეს ტერიტორია მწერებისა და ჭიანჭველებისგან. პარასკევს დილით ადგილზე მისულ დელეგატებს მოხალისეებმა დაახვედრეს 2 000 პლასტმასის სკამი, ათი გადასაადგილებელი საპირფარეშო, ხელსაბანები, სცენა, გენერატორი და ხმის გამაძლიერებელი სისტემა. ერთმა ძმამ აღნიშნა: „ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ძმები, რომლებიც მთელი დღე და ღამე ტერიტორიაზე მუშაობდნენ, თავს გმირებად არ თვლიდნენ და კვლავაც თავმდაბლურად ემსახურებოდნენ დელეგატებს კონგრესის მსვლელობის დროს. ისინი პირდაპირი გაგებით ბოლომდე იხარჯებოდნენ, რათა მათ და-ძმებს კომფორტულად ეგრძნოთ თავი და სიამოვნებით მიეღოთ სულიერი დასწავლება“.

სხვა ძმამ დაწერა: „იგრძნობოდა ნამდვილი ერთსულოვნება. მიუხედავად იმისა, რომ ძმებმა პირველად გაუწიეს ორგანიზება კონგრესს ღია ცის ქვეშ და ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ, მათ ყველაფერი გათვალეს, რათა პროგრამის მსვლელობის დროს რაც შეიძლება ნაკლები ხელის შემშლელი ფაქტორი ყოფილიყო. დაღლილობას საერთოდ არ ვგრძნობდით, თითქოს იეჰოვამ თითოეულს ფრთები შეგვასხა“.

ღვთის სულის მოქმედება

ხშირად, კონგრესების ჩატარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა ხელს უწყობდა ადგილობრივი და-ძმების დაახლოებას და აშკარას ხდიდა ღვთის სულის მოქმედებას. სმოლენსკში ძმებს დელეგატებისთვის დაჯავშნილი ადგილები კონგრესის წინა საღამოს გაუუქმეს. ერთი უხუცესი იხსენებს: „როდესაც ღამის პირველ საათზე დელეგატების რამდენიმე ავტობუსი ჩამოვიდა და მათ ვერსად ვაბინავებდით, მახსოვს, როგორ წამომივიდა ცრემლები, რადგან არაფრის გაკეთება აღარ შემეძლო. ვლოცულობდი და ვთხოვდი იეჰოვას, რომ საქმეში ჩარეულიყო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთ საათში ყველას დაბინავება შევძელით! ეს მართლაც საოცარი იყო და კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ იეჰოვა მართლებს გასაჭირში არ ტოვებს!“. სხვა შემთხვევაში, როცა მოწმეები ტყეში აპირებდნენ კონგრესის ჩატარებას, დელეგატების დასაბინავებლად მათ დახმარებისთვის სოფლის მცხოვრებთ მიმართეს და რადგან იმ ტერიტორიაზე მოწმეებს კარგი რეპუტაცია ჰქონდათ, ადგილობრივებმა 2 000 დელეგატი მიიღეს თავიანთ სახლებში.

„ის ფაქტი, რომ კონგრესის ჩატარება შევძელით, გვარწმუნებს იმაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ სიტუაციაში იეჰოვას მივენდოთ“, — თქვა ერთმა მოწმემ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მაშინ, როცა დაუპატიჟებელი „სტუმრები“ კონგრესის ჩაშლას ცდილობდნენ. მაგალითად, ნოვოშახტინსკში კონგრესის დროს ჩასულმა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაიწყეს ჰიმნის შესრულება და თავიანთ მიკროფონებში წაიკითხეს ლოცვები, რათა მომხსენებლის ხმა გადაეფარათ. თუმცა პოლიციამ არ მისცა მათ საშუალება, რომ პროგრამა ჩაეშალათ. როდესაც ერთ-ერთ მართლმადიდებელ ქალბატონს სიცხისგან გული წაუვიდა, ძმებმა ის კონგრესის მედპუნქტში მიიყვანეს და პირველი დახმარება აღმოუჩინეს. ის მოწმეების საქციელით ძალიან გაკვირვებული დარჩა.

ნანახით გაოცებულნი

რუსეთში ტერორიზმის წინააღმდეგ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იყო მიღებული. ამიტომ დიდი შეკრებები ხშირად სამართალდამცავებისა და ცნობისმოყვარე მოსახლეობის ყურადღებას იქცევდა. მაგალითად, ვოლჟსკიში ტყეში ჩატარებულ კონგრესს ანტი-ექსტრემისტული ქვედანაყოფის რამდენიმე წარმომადგენელი დაესწრო. ერთ-ერთმა მათგანმა პროგრამის მსვლელობის დროს დაკარგა მობილური ტელეფონი, რომელიც ძმებმა დაკარგულ ნივთებში უპოვეს. ცოტა ხანში მას დაურეკა უფროსმა, რათა გაეგო, რაიმე ინციდენტს ან ექსტრემიზმს ხომ არ ჰქონდა ადგილი. ოფიცერმა უპასუხა: „ყველაფერი კარგადაა; აქ 5 000 ადამიანია შეკრებილი და არანაირ ძალადობას არა აქვს ადგილი. რომელ ექსტრემიზმზეა საუბარი, წარმოიდგინე, ტელეფონი დავკარგე, იპოვეს და დამიბრუნეს!“.

დაცვის ერთ თანამშრომელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონგრესის ტერიტორიაზე არსებულმა სისუფთავემ. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესს უამრავი ბავშვი ესწრებოდა, ის გაოცებული დარჩა, რადგან ტერიტორიაზე კანფეტის ერთი ქაღალდიც კი არ ეგდო. ერთხელ, როცა მოწმეები კარვების გასაშლელ ადგილას ატარებდნენ კონგრესს, ტერიტორიის მეპატრონე შეხვდა პოლიციის თანამშრომელს, რომელიც თვალყურს ადევნებდა ასეთ დიდ რელიგიურ შეხვედრებს. მან ლეიტენანტი შენობის მესამე სართულზე აიყვანა, აივნიდან გადაახედა და უთხრა: „აბა, შეხედე! ნახე, როგორ იცავენ წესრიგს!“. მეპატრონე გააოგნა იმან, რომ მოწმეები არ სვამდნენ, არ ეწეოდნენ, თავიანთი ნაგავიც თან წაიღეს და მათი წასვლის შემდეგ ვერც კი მიხვდებოდი, თუ იქ ვინმე იყო. მან აღტაცებით თქვა: „თავი სამოთხეში მეგონა!“.

ღვთის ხალხს შორის აშკარა ერთსულოვნებაა

ტყეში ჩატარებული ერთ-ერთი კონგრესის შემდეგ სოფლის თავკაცმა მოწმეებს უთხრა: „ვიცი, რომ მოკრძალებული ხალხი ხართ, მაგრამ აშკარად დიდი ძალა გაქვთ. იმ დროს, როცა ჩვენ არავისთვის არ გვცალია და საკუთარ ნაჭუჭში ვართ ჩაკეტილები, თქვენ ხალხს აერთიანებთ!“. კალინინგრადიდან კამჩატკამდე, ამ დიდი ქვეყნის მოქალაქეებს კვლავაც აოცებს ღვთის ხალხის ერთიანობა, რომელსაც ისინი თავიანთ დიდ სულიერ შეკრებებზე ავლენენ. როგორ სწრაფად და მოულოდნელადაც არ უნდა შეიცვალოს მოწმეების გეგმები, ერთი რამ უცვლელი რჩება, ისინი კვლავაც დიდ პატივს სცემენ მთავრობის წარმომადგენლებს და თანამემამულეებს.

რუსეთში იეჰოვას მოწმეები, ნებისმიერი რთული სიტუაციის მიუხედავად, დიდი სიხარულით იკრიბებიან სულიერი დასწავლებისთვის. ისინი ლოცულობენ „მეფეებისთვის და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია, რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად . . . [იცხოვრონ] ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით“ (1 ტიმოთე 2:2).

[ჩანართი 27 გვერდზე]

ერთ-ერთი მოხალისე, რომელიც ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი კონგრესის ტერიტორიის მომზადებაში იღებდა მონაწილეობას

[ჩანართი 29 გვერდზე]

რუსეთში იეჰოვას მოწმეები „კვლავაც წყნარად და მშვიდად“ ცხოვრობენ ღვთისადმი სრული ერთგულებით

[სურათები 28 გვერდზე]

მოხალისეები ერთად შრომობდნენ საკონგრესო ტერიტორიის დასასუფთავებლად და ამზადებდნენ საჭმელს ათასობით დელეგატისთვის

[სურათები 29 გვერდზე]

ყველამ სიამოვნებით მოისმინა სულიერი პროგრამა და დააფასა მოხალისეების მძიმე შრომა