არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რა დანაშაული ჩაიდინა ბარაბამ?

ოთხივე სახარება მოიხსენებს ბარაბას, რომელიც რომის მმართველმა პონტიუს პილატემ იესოს ნაცვლად გაათავისუფლა. როგორც ბიბლია ამბობს, ბარაბა „ცნობილი პატიმარი“ და „ყაჩაღი“ იყო (მათე 27:16; იოანე 18:40). ის რომაელებმა იერუსალიმში დააპატიმრეს „მეამბოხეებთან ერთად, რომლებმაც ამბოხებისას მკვლელობა ჩაიდინეს“ (მარკოზი 15:7).

ისტორიულ წყაროებში არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება იმის შესახებ, თუ რა დანაშაული ჩაიდინა ბარაბამ. თუმცა იმ ფაქტს, რომ ის მეამბოხეებთან ერთად დაიჭირეს, ზოგი მკვლევარი იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ ბარაბას ისრაელში მოქმედ მეამბოხეთა დაჯგუფებებთან ჰქონდა კავშირი. ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერს, რომ უკანონო დაჯგუფებები იმ დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საზოგადოებრივ დაპირისპირებებში; ეს დამნაშავეები აცხადებდნენ, რომ სამართლიანობისთვის იბრძოდნენ, რათა ჩაგრულ ებრაელ გლეხებს დახმარებოდნენ. რომაელთა და იუდეველ დიდგვაროვანთა უსამართლობის წინააღმდეგ მიმართულმა აჯანყებებმა ახ. წ. I საუკუნის შუა ხანებში ეპიდემიასავით იფეთქა. მოგვიანებით უკანონო დაჯგუფებები ებრაელთა ჯარებს შეუერთდნენ და ახ. წ. 66 წელს რომაელები იუდეიდან განდევნეს.

ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „ბარაბა შესაძლოა აბრაგი იყო. აბრაგები პოპულარობით სარგებლობდნენ უბრალო ხალხში, რადგან ისინი თავს ესხმოდნენ მდიდარ მაღალჩინოსნებს და რომის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ“ (The Anchor Bible Dictionary).

რა დანაშაულისთვის სჯიდნენ ხალხს რომაელები იმ მეთოდით, რა მეთოდითაც იესო დასაჯეს?

რომაელები ძელზე აკრავდნენ მეამბოხეებს, იმპერიის მტრებსა და სხვა მოწინააღმდეგეებს და მანამ ტოვებდნენ იქ, სანამ არ მოკვდებოდნენ. ძელზე გაკვრა იმ დროს სიკვდილით დასჯის უკიდურეს ფორმად ითვლებოდა.

„ასეთი დასჯა სახალხოდ ხდებოდა; ის ძალიან დამამცირებელი და მტკივნეული იყო. მიზანი ის იყო, რომ დაეშინებინათ ყველა, ვინც გაბედავდა და საფრთხეს შეუქმნიდა სტატუს ქვოს [არსებულ ხელისუფლებას]“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Palestine in the Time of Jesus). ძველ დროში მცხოვრები ერთი რომაელი მწერალი დამნაშავეების დასჯასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „ისინი ყველაზე ხალხმრავალ გზებს არჩევდნენ, რათა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაენახა და შიშის ზარი დასცემოდა“.

როგორც იოსებ ფლავიუსი იტყობინება, ახ. წ. 70 წელს ქალაქის გალავნის წინ ამავე მეთოდით დასაჯეს ერთი სამხედრო ტყვე, რომელიც იერუსალიმის ალყის დროს ტიტუსის მეომრებმა შეიპყრეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ქალაქის მცველებს შეშინებოდათ და დამორჩილებოდნენ. ბოლოს, როცა ქალაქი დაეცა, ამგვარად ბევრი დასაჯეს.

ამ მეთოდით დასჯის ყველაზე მასიური შემთხვევა მოხდა სპარტაკის აჯანყების შემდეგ (ძვ. წ. 73—71). იმ დროს 6 000 მონა და გლადიატორი აწამეს კაპუადან რომისკენ მიმავალ გზაზე.

[სურათი 10 გვერდზე]

„ბარაბა გაგვითავისუფლე“ (ჩარლზ მიულერი, 1878)