არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ასწავლეთ შვილებს

ნაცნობია თქვენთვის მარტოობისა და შიშის გრძნობა?

ნაცნობია თქვენთვის მარტოობისა და შიშის გრძნობა?

დღეს ბევრი ადამიანი გრძნობს თავს მარტოდ, რადგან ფიქრობენ, რომ მათზე არავინ ზრუნავს. ასე თავს ხშირად მოხუცები გრძნობენ. მაგრამ მარტოობისა და შიშის გრძნობა დღეს ბევრ ბავშვსაც ეუფლება, მათ შორის ღვთის მსახურებს. იცი რატომ? ~ *

ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. დიდი ხნის წინათ, იესო ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით ათასი წლით ადრე, ცხოვრობდა ერთი კაცი. მას ელია ერქვა. მის დროს ისრაელ ერს მიტოვებული ჰქონდა ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, თაყვანისცემა. უმეტესობა ცრუ ღმერთს, ბაალს, სცემდა თაყვანს. ერთხელ ელიამ თქვა: „მარტო მე დავრჩი“. მაგრამ ელიას გარდა, მართლა აღარავინ ემსახურებოდა იეჰოვას? ~

ელიამ არ იცოდა, რომ ისრაელში სხვებიც ემსახურებოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. მაგრამ ისინი იმალებოდნენ, რადგან ეშინოდათ. იცი რატომ? ~

ისრაელის მეფე ახაბი იეჰოვას არ ემსახურებოდა. ის თავისი ბოროტი ცოლის, იზებელის ღმერთის, ბაალის, მსახური იყო. ამიტომ ის და მისი ცოლი ცდილობდნენ, ყველა იეჰოვას თაყვანისმცემელი გაენადგურებინათ. მათ განსაკუთრებით ელიას მოკვლა უნდოდათ. ამიტომ გაიქცა ელია დაახლოებით 480 კილომეტრის მოშორებით ხორების უდაბნოში. ამ ადგილს ბიბლიაში სინაც ეწოდება. სწორედ აქ, ასობით წლის წინათ, იეჰოვა ღმერთმა თავის ხალხს მისცა კანონი, მათ შორის ათი მცნება. იქ ელია გამოქვაბულში დაიმალა. შენი აზრით, ელიასაც უნდა შეშინებოდა? ~

ბიბლიაში წერია, რომ მანამდე ელიას მეშვეობით იეჰოვამ არაერთი სასწაული მოახდინა. ერთხელ ელიას ლოცვის პასუხად ციდან ცეცხლი ჩამოვარდა და შესაწირავი შთანთქა. ამგვარად, იეჰოვამ დაამტკიცა, რომ ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი და არა ბაალი. ახლა კი, როცა ელია გამოქვაბულში იყო, ღმერთი დაელაპარაკა.

„აქ რა გინდა?“, — ჰკითხა მას იეჰოვამ. სწორედ მაშინ თქვა ელიამ: მარტო მეღა დავრჩი შენი თაყვანისმცემელი. მაშინ იეჰოვამ ელიას აუხსნა, რომ მას კიდევ შვიდი ათასი კაცი ემსახურებოდა. ბოლოს კი უთხრა, უკან დაბრუნებულიყო, რათა ღმერთს იქ მისი ხელით უფრო დიდი საქმეები გაეკეთებინა.

რისი სწავლა შეგვიძლია ელიასგან? ~ ზოგჯერ იეჰოვას მსახურებსაც შეიძლება დაეუფლოთ შიშის გრძნობა. ამიტომ ყველას, ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს, უნდა გვახსოვდეს, რომ დახმარებისთვის ყოველთვის იეჰოვას მივმართოთ. ბიბლია გვარწმუნებს: „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“.

ამ შემთხვევიდან კიდევ ერთი რამის სწავლა შეგვიძლია: მთელ მსოფლიოში გვყავს და-ძმები, რომლებსაც უყვართ იეჰოვა და ვუყვარვართ ჩვენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მსგავს სატანჯველს [ჩვენი] საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში“. განა არ გიხარია, რომ არასდროს ვართ მარტონი? ~

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.