არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცეცხლოვანი საწამებელია გეენა?

ცეცხლოვანი საწამებელია გეენა?

მკითხველები გვეკითხებიან

ცეცხლოვანი საწამებელია გეენა?

▪ სახარებებში იესო თავის მოწაფეებს აფრთხილებს გეენის სასჯელის შესახებ. ცხადია, იესო იმედოვნებდა, რომ ისინი მის სიტყვებს სერიოზულად მოეკიდებოდნენ. მაგრამ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი ჰქონდა მას მხედველობაში, სადაც ადამიანი მარადიულად დაიტანჯებოდა? (მათე 5:22).

მოდი, ჯერ ამ სიტყვის მნიშვნელობა გამოვიკვლიოთ. ბერძნული სიტყვა გეენა ებრაული სიტყვის გე ჰინომის ეკვივალენტია და „ჰინომის ველს“ ნიშნავს. მისი სრული სახელწოდებაა გე ბენე-ჰინომი, ანუ „ჰინომის ძეთა ველი“ (იესო ნავეს ძე 15:8; 2 მეფეები 23:10). ეს ღრმა და ვიწრო ველი, რომელიც დღეს უადი ერ-რაბაბის სახელით არის ცნობილი, იერუსალიმის გალავნის გარეთ, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.

ძვ. წ. XIII საუკუნიდან მოყოლებული, იუდას მეფეების დროს, ამ ადგილს წარმართული რიტუალების შესასრულებლად იყენებდნენ. იქ ბავშვებსაც კი სწირავდნენ მსხვერპლად და ცეცხლში წვავდნენ (2 მატიანე 28:1—3; 33:1—6). იერემიამ იწინასწარმეტყველა, რომ ეს ველი იქცეოდა სასაკლაო ველად, როცა იეჰოვა იუდას ბოროტების გამო ბაბილონელთა ხელით დაატეხდა სასჯელს (იერემია 7:30—33; 19:6, 7). *

ებრაელი მკვლევარის, დეივიდ კიმხის (ახ.წ.დაახლ. 1160—1235), სიტყვების თანახმად, ეს ველი მოგვიანებით იერუსალიმის ნაგავსაყრელად იქცა. ნაგვის გასანადგურებლად იქ მუდმივად ენთო ცეცხლი. ყველაფერი, რასაც იქ ყრიდნენ მთლიანად ნადგურდებოდა ანუ ფერფლად იქცეოდა.

ბიბლიის მრავალმა მთარგმნელმა სიტყვა გეენა თვითნებურად თარგმნა „ჯოჯოხეთად“ (მათე 5:22, „მეფე ჯეიმზის თარგმანი“). რატომ გააკეთეს მათ ეს? მათ სჯეროდათ, რომ ბოროტი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ცეცხლში იტანჯებიან და ამ წარმართულ წარმოდგენას ისინი უკავშირებდნენ იერუსალიმის გარეთ, ჰინომის ველზე დანთებულ ცეცხლს. მაგრამ იესოს არასოდეს დაუკავშირებია გეენა საწამებელ ადგილთან.

იესომ იცოდა, რომ მისი ზეციერი მამისთვის სისაძაგლე იყო ადამიანების ცოცხლად დაწვა. ღვთის სიტყვიდან კარგად ჩანს, თუ რა მიზნით იყენებდნენ გეენას იერემია წინასწარმეტყველის დროს: „ჰინომის ძის ველზე აშენებენ თოფეთის მაღლობებს, რათა ცეცხლში დაწვან თავიანთი ვაჟები და ასულები, რაც არ მიბრძანებია და გულშიც არ გამივლია“ (იერემია 7:31). უფრო მეტიც, ადამიანის ჯოჯოხეთში ტანჯვის შესახებ სწავლება სრულიად ეწინააღმდეგება ღვთის პიროვნებას, რომელიც სიყვარულია; ეს სწავლება ასევე ეწინააღმდეგება ბიბლიაში არაორაზროვნად ნათქვამ სიტყვებს: „მკვდრებმა . . . არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5, 10).

იესომ სიტყვა „გეენა“ იმ სამუდამო განადგურების სიმბოლოდ გამოიყენა, რომელიც ღვთის მიერ გამოტანილ განაჩენს მოჰყვება. „გეენას“ იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებულ „ცეცხლის ტბას“. აქედან გამომდინარე, „გეენაც“ და „ცეცხლის ტბაც“ სამუდამო განადგურების სიმბოლოა, საიდანაც შეუძლებელია მკვდრეთით აღდგომა (ლუკა 12:4, 5; გამოცხადება 20:14, 15).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ამ წინასწარმეტყველების შესახებ „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „იერუსალიმის განადგურებისას, იმდენი ადამიანი დაიხოცებოდა, რომ მათ გვამებს ამ ველზე გადაყრიდნენ, რათა გახრწნილიყო ან დამწვარიყო“.