არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სულის ნაყოფი“ განადიდებს ღმერთს

„სულის ნაყოფი“ განადიდებს ღმერთს

„სულის ნაყოფი“ განადიდებს ღმერთს

„მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ“ (იოან. 15:8).

1, 2. ა) სხვების გამხნევების რა შესაძლებლობები გვაქვს? ბ) რა მოგვცა იეჰოვამ იმისათვის, რომ მისადმი მსახურების უნარი განვივითაროთ?

განვიხილოთ ორი შემთხვევა. ერთმა ქრისტიანმა ქალმა შეამჩნია, რომ ახალგაზრდა დას რაღაც აწუხებდა და მსახურება დაუნიშნა. კარდაკარ ქადაგებისას ამ ახალგაზრდა დამ მას თავისი სადარდებელი გაუზიარა. დღის ბოლოს მან იეჰოვას ლოცვაში მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მოწიფულმა დამ მისადმი ინტერესი გამოავლინა; მას სწორედ ეს სჭირდებოდა. სხვაგან ერთი წყვილი უცხოენოვან ტერიტორიაზე ქადაგებიდან დაბრუნდა. ისინი აღფრთოვანებით მოუყვნენ თანაქრისტიანებს მსახურების შემთხვევებს. ერთი ახალგაზრდა ძმა უსიტყვოდ ისმენდა მათ მონათხრობს. წლების შემდეგ ეს ძმა თავად დანიშნეს უცხო ქვეყანაში. როცა იქ წასასვლელად ემზადებოდა, მას გაახსენდა იმ წყვილის საუბარი, რამაც მისიონერად მსახურების სურვილი აღუძრა.

2 შეიძლება ამ შემთხვევებმა გაგახსენათ ის, ვინც თქვენს ცხოვრებაზე დადებითი გავლენა მოახდინა. რასაკვირველია, მხოლოდ ერთი საუბარი იშვიათად ცვლის ვინმეს ცხოვრებას, მაგრამ ჩვენ ყოველდღე გვაქვს შესაძლებლობა, გავამხნევოთ და გავაძლიეროთ სხვები. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც დაგეხმარათ, განგევითარებინათ თქვენი უნარი და დაგეხვეწათ თვისებები. შედეგად მეტის გაკეთება შეძელით, როგორც ძმებისთვის, ისე ღვთისთვის. ეს ხომ შესანიშნავია! სინამდვილეში, იეჰოვა გვაძლევს ასეთ საჩუქარს — თავის წმინდა სულს (ლუკ. 11:13). ღვთის სულის გავლენით ვივითარებთ ძვირფას თვისებებს, რომლებიც მსახურების ნებისმიერ სფეროში უფრო გამოსადეგს გვხდის. რა დიდებული ძღვენია! (წაიკითხეთ გალატელების 5:22, 23 ).

3. ა) როგორ მოაქვს ღვთისთვის დიდება სულის ნაყოფის განვითარებას? ბ) რა საკითხებს განვიხილავთ?

3 თვისებები, რომლებიც წმინდა სულის ნაყოფია, ამ სულის წყაროს, იეჰოვა ღმერთის, პიროვნული თვისებების ანარეკლია (კოლ. 3:9, 10). იესომ მოიყვანა უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ქრისტიანები უნდა ეცადონ, მიჰბაძონ ღმერთს. მან მოციქულებს უთხრა: „მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ“ * (იოან. 15:8). თუ „წმინდა სულის ნაყოფს“ ვივითარებთ, ეს ჩვენს საუბრებსა და საქმეებში თვალნათლივ გამოჩნდება, რასაც ღვთისთვის დიდება მოაქვს (მათ. 5:16). რა მხრივ განსხვავდება სულის ნაყოფი სატანის ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი თვისებებისგან? როგორ შეგვიძლია სულის ნაყოფის განვითარება? რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს ეს? ამ საკითხებს განვიხილავთ ამავე სტატიაში, როდესაც წმინდა სულის ნაყოფის სამ ნაწილს — სიყვარულს, სიხარულსა და მშვიდობას — შევეხებით.

ღვთიურ პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული

4. იესოს მითითების თანახმად, როგორი სიყვარული უნდა გამოევლინათ მის მიმდევრებს?

4 რა მნიშვნელოვანი სხვაობაა წმინდა სულის გავლენით განვითარებულ სიყვარულსა და ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ სიყვარულს შორის? წმინდა სულის გავლენით განვითარებული სიყვარული ღვთიურ პრინციპებზეა დაფუძნებული. ამ განსხვავებას ხაზი იესომ მთაზე ქადაგებისას გაუსვა (წაიკითხეთ მათეს 5:43—48 ). მან აღნიშნა, რომ ცოდვილებსაც კი უყვართ თავიანთი მოყვარულები და სხვებს ისე ექცევიან, როგორც ისინი ექცევიან მათ. ასეთი სიყვარული ნამდვილად არ არის თავგანწირული სიყვარული, რადგან ეს მხოლოდ სიკეთეზე სიკეთით პასუხია. ჩვენ უნდა განვსხვავდებოდეთ მათგან, თუ გვსურს ვიყოთ ჩვენი „ზეციერი მამის შვილები“. ნაცვლად იმისა, რომ სხვებს ისე ვექცეოდეთ, როგორც თვითონ გვექცევიან, ჩვენ ისე უნდა ვუყურებდეთ და ვექცეოდეთ მათ, როგორც იეჰოვა უყურებს და ექცევა. მაგრამ, როგორ არის შესაძლებელი, იესოს მითითებისამებრ, გვიყვარდეს ჩვენი მტრები?

5. როგორ შეგვიძლია სიყვარულის გამოვლენა მათ მიმართ, ვინც გვდევნის?

5 განვიხილოთ ერთი ბიბლიური მაგალითი. ფილიპეში ქადაგებისას პავლე და სილა დააპატიმრეს, სასტიკად სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს და ფეხებზე ხუნდები დაადეს. ამ დროს, შეიძლება, ციხის ზედამხედველიც უხეშად ეპყრობოდა მათ. მოულოდნელად, მიწისძვრის შედეგად პატიმრებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ გამოსულიყვნენ საპყრობილიდან. გაუხარდათ პავლესა და სილას, რომ ამით ციხის ზედამხედველზე შურისძიების საშუალება მიეცათ? არა. ისინი მის კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ. თავგანწირული სიყვარულით აღძრულმა პავლემ და სილამ დაუყოვნებლივ დაამშვიდეს ის. სწორედ ამ სიყვარულის გამოვლენამ მისცა საშუალება ციხის ზედამხედველსა და მის მთელ ოჯახს, მორწმუნეები გამხდარიყვნენ (საქ. 16:19—34). მრავალი ჩვენი ძმა ავლენს მსგავს სულისკვეთებას და მიჰყვება ბიბლიურ რჩევას: „ლოცეთ თქვენი მდევნელები“ (რომ. 12:14).

6. როგორ შეგვიძლია თავგანწირული სიყვარულის გამოვლენა ჩვენი და-ძმების მიმართ? (იხილეთ ჩარჩო 21-ე გვერდზე).

6 მორწმუნეებისადმი ჩვენი სიყვარული მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. „ვალდებულნი ვართ, ჩვენი სულები გავწიროთ ძმებისთვის“ (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:16—18 ). მაგრამ უფრო ხშირად, სიყვარულის გამოვლენისთვის თავის გაწირვა არ არის საჭირო. მაგალითად, თუ ისეთი რამე ვთქვით ან გავაკეთეთ, რომ ძმას ვაწყენინეთ, სიყვარულის გამოვლენა იქნებოდა, თუ ინიციატივას გამოვავლენდით მშვიდობის აღსადგენად (მათ. 5:23, 24). მაგრამ, თუ ჩვენ გვაწყენინეს? მზად ვართ, ვაპატიოთ? თუ წყენის გულში ჩატოვება გვჩვევია? (ფსალმ. 86:5). წმინდა სულის გავლენით განვითარებული გულითადი სიყვარული დაგვეხმარება, ყურადღება არ გავამახვილოთ უმნიშვნელო შეცდომებზე და მთელი გულით ვაპატიოთ სხვებს, „როგორც იეჰოვამ გვაპატია მთელი გულით“ (კოლ. 3:13, 14; 1 პეტ. 4:8).

7, 8. ა) რა გავლენას ახდენს ღვთისადმი სიყვარული ადამიანებისადმი ჩვენს სიყვარულზე? ბ) როგორ შეგვიძლია გავიღრმავოთ იეჰოვასადმი სიყვარული? (იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათი).

7 როგორ განვივითაროთ თავგანწირული სიყვარული ჩვენი ძმებისადმი? ღვთისადმი სიყვარულის გაღრმავებით (ეფეს. 5:1, 2; 1 იოან. 4:9—11, 20, 21). იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, ანუ ბიბლიის კითხვა, წაკითხულზე ფიქრი და ლოცვა, დაგვეხმარება გამოვკვებოთ ჩვენი გული და გავიღრმავოთ ჩვენი ზეციერი მამისადმი სიყვარული. მაგრამ იეჰოვასთან დასაახლოებლად დროის გამოსყიდვაა საჭირო.

8 მოვიყვანოთ მაგალითი: დავუშვათ, ბიბლიის კითხვა, წაკითხულზე ფიქრი და ლოცვა ყოველდღიურად მხოლოდ განსაზღვრულ დროს შეგიძლიათ. განა ვინმეს ან რამეს დართავდით ნებას, რომ იეჰოვასთან ურთიერთობისთვის გამოყოფილი ეს დრო წაერთმია? რა თქმა უნდა, ვერავინ შეგვიშლის ხელს, რომ ლოცვით მივმართოთ ღმერთს და უმეტესობა ჩვენგანს ბიბლიის კითხვა ნებისმიერ დროს შეუძლია. მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიურმა საქმეებმა არ წაგვართვას ღმერთთან ურთიერთობისთვის გამოყოფილი დრო. ყოველდღიურად მაქსიმალურად გამოყოფთ დროს იეჰოვასთან დასაახლოებლად?

„წმინდა სულის სიხარული“

9. რა არის სულის ნაყოფის, სიხარულის, მნიშვნელოვანი თავისებურება?

9 სულის ნაყოფის მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ მასზე სირთულეები გავლენას ვერ ახდენს. ამის მაგალითია სულის ნაყოფის მეორე ნაწილი — სიხარული. ის შეიძლება შევადაროთ მცენარეს, რომელიც არახელსაყრელ პირობებშიც კი კარგად ხარობს. მთელ მსოფლიოში ღვთის მრავალმა მსახურმა „დიდ გასაჭირში მიიღო სიტყვა წმინდა სულის სიხარულით“ (1 თეს. 1:6). სხვები სირთულეებსა და სიდუხჭირეს იტანენ. მაგრამ იეჰოვა თავისი სულის დახმარებით მათ ძალას აძლევს, „რათა ყველაფერი მოითმინონ და სულგრძელნი იყონ სიხარულით“ (კოლ. 1:11). საიდან აქვთ მათ ეს სიხარული?

10. საიდან გვაქვს სიხარული?

10 სატანის ქვეყნიერების „არასაიმედო სიმდიდრისგან“ განსხვავებით, იეჰოვასგან მიღებული სულიერი სიმდიდრე ღირებულებას არასდროს კარგავს (1 ტიმ. 6:17; მათ. 6:19, 20). ღმერთი გვპირდება უსასრულო მომავალს და ეს გულებს სიხარულით გვივსებს. სიხარულს გვანიჭებს ისიც, რომ მსოფლიო ქრისტიანული საძმოს ნაწილი ვართ. უფრო მეტიც, ჩვენი სიხარული იეჰოვასთან ურთიერთობაზეა დაფუძნებული. ჩვენც ვიზიარებთ მეფე დავითის გრძნობებს, რომელიც დევნილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იეჰოვას ხოტბას ასხამდა: „შენი სიკეთე სიცოცხლეს სჯობია, ჩემი ბაგეებით შეგაქებ. მთელი სიცოცხლე გაკურთხებ“ (ფსალმ. 63:3, 4). მაშინაც კი, როცა სირთულეები გასაქანს არ გვაძლევს, იეჰოვას განდიდება გულებს სიხარულით გვივსებს.

11. რატომ არის მნიშვნელოვანი, სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას?

11 მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა: „ყოველთვის იხარეთ უფალში. კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!“ (ფილ. 4:4). რატომ არის ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი, რომ იეჰოვას სიხარულით ემსახურონ? იმიტომ რომ, ეს ეხება საკითხს, რომელიც სატანამ იეჰოვას უზენაესობასთან დაკავშირებით წამოჭრა. სატანის სიტყვების თანახმად, არავინ ემსახურებოდა ღმერთს მთელი გულით (იობ. 1:9—11). თუ იეჰოვას იმიტომ ვემსახურებით, რომ ვალდებულნი ვართ, და ამას სიხარულის გარეშე ვაკეთებთ, ჩვენი ქების მსხვერპლი სრული არ იქნება. ამიტომ ყურად უნდა ვიღოთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას. მხიარული ყიჟინით მიდით მის წინაშე“ (ფსალმ. 100:2). მთელი გულით და სიხარულით მსახურება განადიდებს ღმერთს.

12, 13. როგორ დავძლიოთ უარყოფითი გრძნობები?

12 უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ იეჰოვას ერთგულ მსახურებსაც უტყდებათ გული და უჭირთ დადებითი განწყობის შენარჩუნება (ფილ. 2:25—30). რა დაგვეხმარება ასეთ დროს? ეფესოელების 5:18, 19-ში ნათქვამია: „სულით ივსებოდეთ, ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, ღვთის საქებარი სიტყვებითა და სულიერი სიმღერებით. გულში უმღერეთ იეჰოვას, განადიდეთ“. როგორ შეგვიძლია ამ რჩევის გათვალისწინება?

13 როდესაც უარყოფითი ფიქრები მოსვენებას გვიკარგავს, არ უნდა დავკარგოთ იეჰოვასადმი მხურვალე ლოცვით მიმართვის სურვილი და მაქსიმალურად ვეცადოთ, ვიფიქროთ იმაზე, რაც საქებარია (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6—9 ). ზოგს დადებით განწყობას უქმნის სამეფო მელოდიების მოსმენა და ღიღინი. ერთი ძმა, რომელსაც მძიმე განსაცდელის გამო არაერთხელ უგვრძნია გულგატეხილობა და იმედგაცრუება, იხსენებს: «გარდა იმისა, რომ რეგულარულად და მხურვალედ ვლოცულობდი, სამეფოს რამდენიმე სიმღერაც ვისწავლე ზეპირად. იეჰოვას განმადიდებელ ამ ლამაზ სიმღერებს ხან ხმამაღლა ვმღეროდი, ხან — გულში, რაც სულის სიმშვიდეს მანიჭებდა. ამ დროისთვის გამოიცა წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“, რომელიც მომდევნო წელს ორჯერ წავიკითხე. ის მალამოდ დაედო ჩემს გულს. ვიცი, იეჰოვამ აკურთხა ჩემი ძალისხმევა».

„მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირი“

14. განსაკუთრებით, რით გამოირჩევა მშვიდობა, რომელიც წმინდა სულის ნაყოფია?

14 საერთაშორისო კონგრესებზე სხვადასხვა წარმოშობის დელეგატებს გულს უთბობთ ქრისტიანული საძმოს სიყვარული. ასეთი შეხვედრები აშკარად ცხადყოფს ღვთის დღევანდელ მსახურთა შორის არსებულ მშვიდობას — ჩვენს ერთიანობას. გარეშეები ხშირად გაოცებულნი რჩებიან, როცა ხედავენ, რომ ხალხი, რომლებიც მათი აზრით, ერთმანეთის მტრები უნდა ყოფილიყვნენ, გულმოდგინედ იცავენ „სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფეს. 4:3). ეს ერთიანობა მართლაც რომ განსაკუთრებულია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რის გადალახვაც მრავალს მოუწია.

15, 16. ა) რა გარემოში აღიზარდა პეტრე და ამის გამო, რა სირთულის წინაშე აღმოჩნდა ის? ბ) როგორ დაეხმარა იეჰოვა პეტრეს თვალსაზრისის შეცვლაში?

15 სხვადასხვა წარმოშობის ადამიანთა გაერთიანება ადვილი არ არის. გადავინაცვლოთ პირველ საუკუნეში და განვიხილოთ მოციქულ პეტრეს მაგალითი იმის გასაგებად, თუ რა უნდა დავძლიოთ ერთიანობის მისაღწევად. წინადაუცვეთელ უცხოტომელთა მიმართ პეტრეს დამოკიდებულება აშკარად ჩანს მისი სიტყვებიდან: „თქვენ კარგად იცით, რომ კანონი იუდეველს უკრძალავს უცხოტომელთან მისვლასა და ურთიერთობას, მაგრამ ღმერთმა მაჩვენა, რომ არავის ვუწოდო ბილწი ან უწმინდური“ (საქ. 10:24—29; 11:1—3). როგორც ჩანს, პეტრე აღიზარდა გარემოში, სადაც იმ დროს გავრცელებული თვალსაზრისის შესაბამისად, კანონის თანახმად, იუდეველებს მხოლოდ იუდეველები უნდა ჰყვარებოდათ. ერთი შეხედვით, შეიძლება სრულიად ნორმალურად ჩათვლილიყო, რომ უცხოტომელები პეტრესთვის საძულველი მტრები ყოფილიყვნენ. *

16 წარმოიდგინეთ, როგორ უხერხულად იგრძნობდა თავს პეტრე, როდესაც კორნელიუსის სახლში შევიდოდა. შეეძლო კაცს, რომელსაც უარყოფითი თვალსაზრისი ჰქონდა უცხოტომელებზე, ოდესმე გამხდარიყო მათთან „მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით . . . თანაზომიერად შეერთებული“? (ეფეს. 4:3, 16). რამდენიმე დღით ადრე ღვთის სულმა იმოქმედა პეტრეს გულზე და უცხოტომელების მიმართ დამოკიდებულება და წინასწარ შექმნილი აზრი შეაცვლევინა. იეჰოვა ღმერთმა ხილვის საშუალებით პეტრეს აჩვენა, რომ ადამიანისადმი მის დამოკიდებულებას ეროვნება და კანის ფერი არ განსაზღვრავს (საქ. 10:10—15). ამგვარად, პეტრეს შეეძლო კორნელიუსისთვის ეთქვა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35). პეტრე შეიცვალა და ის ნამდვილად გახდა „მთელი საძმოს“ ნაწილი (1 პეტ. 2:17).

17. რით არის ღვთის ხალხს შორის არსებული მშვიდობა განსაკუთრებული?

17 პეტრეს შემთხვევა გვეხმარება, გავიგოთ, თუ რა მნიშვნელოვანი გარდაქმნა ხდება დღეს ღვთის ხალხს შორის (წაიკითხეთ ესაიას 2:3, 4 ). მილიონობით ადამიანმა „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ შეიცვალა აზროვნება და შეუსაბამა „ღვთის ნებას — კარგს, მოსაწონსა და სრულყოფილს“ (გამოცხ. 7:9; რომ. 12:2). მრავალი მათგანი ერთ დროს ჩაფლული იყო სატანის ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ სიძულვილში, მტრობასა და უთანხმოებებში. მაგრამ ღვთის სიტყვის შესწავლითა და წმინდა სულის დახმარებით მათ ისწავლეს იმისკენ სწრაფვა, „რაც მშვიდობას . . . ემსახურება“ (რომ. 14:19). ასეთი ერთიანობა კი განადიდებს ღმერთს.

18, 19. ა) როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს საკუთარი წვლილი შეიტანოს კრების მშვიდობასა და ერთიანობაში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

18 როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს საკუთარი წვლილი შეიტანოს ღვთის ხალხს შორის არსებულ მშვიდობასა და ერთიანობაში? მრავალ კრებაში არიან სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მაუწყებლები. ზოგს შეიძლება განსხვავებული კულტურა აქვს და ჩვენს ენაზე გამართულად ვერ ლაპარაკობს. ვცდილობთ მათ გაცნობას? ამას გვირჩევს ღვთის სიტყვა. პავლემ რომის კრებას, რომელშიც იუდეველებიც იყვნენ და უცხოტომელებიც, მისწერა: „გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ მიგიღოთ გულთბილად, ღვთის სადიდებლად“ (რომ. 15:7). არის თქვენს კრებაში ვინმე, ვისი გაცნობაც უკეთესად შეგიძლიათ?

19 კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია, რათა წმინდა სულმა ჩვენს ცხოვრებაზე იმოქმედოს? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ. ამასთანავე, შევეხებით სულის ნაყოფის სხვა ნაწილებსაც.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იესოს მიერ მოხსენიებულ ნაყოფში შედის, როგორც „სულის ნაყოფი“, ისე „ბაგეთა ნაყოფი“, რომელსაც ქრისტიანები ღმერთს სამეფოს შესახებ ქადაგებით სწირავენ (ებრ. 13:15).

^ აბზ. 15 ლევიანების 19:18-ში ნათქვამია: „არ იძიო შური და ბოღმა არ ჩაიდო შენი ხალხის ძეებისადმი; საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე“. იუდეველთა რელიგიური წინამძღოლები თვლიდნენ, რომ „შენი ხალხის ძეებსა“ და „მოძმეში“ მხოლოდ იუდეველები იგულისხმებოდა. კანონის თანახმად, ისრაელები სხვა ერებისგან გამოყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ კანონი მხარს არ უჭერდა პირველი საუკუნის რელიგიურ წინამძღოლთა თვალსაზრისს, კერძოდ იმას, რომ ყველა არაიუდეველი მტერი იყო და უნდა სძულებოდათ.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ შეგვიძლია ძმების მიმართ თავგანწირული სიყვარულის გამოვლენა?

• რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ღმერთს სიხარულით ვემსახუროთ?

• როგორ შეგვიძლია საკუთარი წვლილის შეტანა კრების მშვიდობასა და ერთიანობაში?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 21 გვერდზე]

„ისინი ნამდვილი ქრისტიანები არიან“

ერთ წიგნში მოცემულია იმ ახალგაზრდა ებრაელი პატიმრის სიტყვები, რომელიც ნეინგამის საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა (Between Resistance and Martyrdom — Jehovah’s Witnesses in the Third Reich). ის იქ შეხვდა პირველად იეჰოვას მოწმეებს და აი, რა თქვა მათ შესახებ:

„ჩვენ ნეინგამის საკონცენტრაციო ბანაკში დახაუდან გადმოგვიყვანეს. იქ მყოფი ებრაელები ყველაფერს გვიმალავდნენ და არაფერს გვიყოფდნენ . . . [საკონცენტრაციო ბანაკის] გარეთ ყოველთვის ვეხმარებოდით ერთმანეთს, მაგრამ აქ, სადაც საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდა, ყველა საკუთარ თავზე ფიქრობდა. სულ სხვა სიტუაცია იყო ბიბლიის მკვლევარებს შორის. იმ დროს ისინი საკმაოდ მძიმედ შრომობდნენ წყალსადენი მილების შეკეთებაზე; საშინლად ციოდა და მთელი დღე ყინულივით ცივ წყალში იდგნენ. ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ უძლებდნენ ბიბლიის მკვლევარები ასეთ პირობებს. როგორც ისინი ამბობდნენ, ძალას მათ იეჰოვა აძლევდა. ისინიც მშივრები იყვნენ და ლუკმა-პურს ჩვენსავით საჭიროებდნენ. მაგრამ იცით, რას აკეთებდნენ? ყველას თავისი წილი პური მოჰქონდა, ნახევარს თვითონ იტოვებდნენ, ნახევარს კი დახაუდან ახალმოსულ თანამორწმუნეებს უნაწილებდნენ. ისინი მათ თბილად ხვდებოდნენ და გულში იკრავდნენ. ბიბლიის მკვლევარები ჭამამდე ლოცულობდნენ. საბოლოო ჯამში, ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყო; როგორც ამბობდნენ, მშივრები აღარ იყვნენ. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ისინი ნამდვილი ქრისტიანები არიან“.

[სურათები 19 გვერდზე]

გამოისყიდით დროს ყოველდღიურად იმისთვის, რომ იეჰოვას დაუახლოვდეთ?