არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰყვებით ღვთის სულის ხელმძღვანელობას?

მიჰყვებით ღვთის სულის ხელმძღვანელობას?

მიჰყვებით ღვთის სულის ხელმძღვანელობას?

„კარგია შენი სული. წამიძღვეს იგი სიმართლის ქვეყანაში“ (ფსალმ. 143:10).

1, 2. ა) ჩამოთვალე შემთხვევები, როდესაც იეჰოვამ თავისი მსახურების სასარგებლოდ წმინდა სული გამოიყენა. ბ) მოქმედებს წმინდა სული მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში? ახსენით.

რა წარმოგიდგებათ თვალწინ, როდესაც წმინდა სულის მოქმედებაზე ფიქრობთ? გედეონისა და სამსონის ძლევამოსილი საქმეები ხომ არა? (მსაჯ. 6:33, 34; 15:14, 15). შეიძლება გახსენდებათ პირველი ქრისტიანების საოცარი გაბედულება ან სინედრიონის წინაშე მდგარი სტეფანეს სიმშვიდე (საქ. 4:31; 6:15). წმინდა სულის ზემოქმედებაზე მეტყველებს აგრეთვე სიხარული, რომელიც საერთაშორისო კონგრესებზე სუფევს, და იმ ძმათა სიმტკიცე, რომლებიც თავიანთი ნეიტრალური პოზიციის გამო დაპატიმრებული არიან. ამაზე მეტყველებს სამქადაგებლო საქმიანობაც, რომელმაც წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია.

2 მოქმედებს წმინდა სული მხოლოდ განსაკუთრებული ან უჩვეულო შემთხვევების დროს? არა. ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ქრისტიანები სულით დადიან, სულით ცოცხლობენ და მათ სული მიუძღვით (გალ. 5:16, 18, 25). ეს გამოთქმები ცხადყოფს, რომ წმინდა სულს ყოველთვის შეუძლია იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე. ყოველდღე უნდა ვევედროთ იეჰოვას, წმინდა სულის საშუალებით უხელმძღვანელოს ჩვენს აზროვნებას, მეტყველებასა და მოქმედებას (წაიკითხეთ ფსალმუნის 143:10 ). ღვთის სული, რომელსაც საშუალებას მივცემთ, იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენში გამოიღებს ნაყოფს, რომელიც გამომაცოცხლებელი იქნება სხვებისთვის და დიდებას მოუტანს ღმერთს.

3. ა) რატომ უნდა მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

3 რატომ არის მნიშვნელოვანი, მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას? იმიტომ, რომ არსებობს სხვა ძალაც, რომელიც ჩვენზე გაბატონებას ცდილობს, ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება წმინდა სულის მოქმედებას. ამ ძალას ბიბლია „ხორცს“ უწოდებს; მასში იგულისხმება ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვილი მიდრეკილებები, ანუ ჩვენი არასრულყოფილება (წაიკითხეთ გალატელების 5:17 ). მაშ, რა იგულისხმება ღვთის სულის ხელმძღვანელობის მიყოლაში? რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, განვიხილოთ „სულის ნაყოფის“ ექვსი დარჩენილი ნაწილი: „სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება“ (გალ. 5:22, 23).

რბილი ხასიათი და სულგრძელობა კრებაში მშვიდობას უწყობს ხელს

4. როგორ უწყობს ხელს კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას რბილი ხასიათი და სულგრძელობა?

4 წაიკითხეთ კოლოსელების 3:12, 13. როგორც რბილი ხასიათი, ისე სულგრძელობა ხელს უწყობს კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას. ეს ორი თვისება გვეხმარება მხედველობაში მივიღოთ სხვების გრძნობები, შევინარჩუნოთ სიმშვიდე რთულ სიტუაციაში და არ ვიძიოთ შური, როცა ჩვენზე ცუდად ლაპარაკობენ ან ცუდად გვეპყრობიან. როდესაც თანაქრისტიანთან უთანხმოება გვაქვს, სულგრძელობა, ანუ მოთმინება, დაგვეხმარება ხელი კი არ ჩავიქნიოთ ძმაზე ან დაზე, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ პრობლემის მოსაგვარებლად. ნამდვილად საჭიროა კრებაში რბილი ხასიათი და სულგრძელობა? დიახ, რადგან ყველანი არასრულყოფილები ვართ.

5. რა მოხდა პავლესა და ბარნაბას შორის და რაში გვარწმუნებს ეს?

5 განვიხილოთ, რა მოხდა პავლესა და ბარნაბას შორის. წლების განმავლობაში ისინი მხარდამხარ მსახურობდნენ და სასიხარულო ცნობას ქადაგებდნენ. პავლეც და ბარნაბაც კარგი თვისებებით გამოირჩეოდნენ. მაგრამ, ერთხელ „ორივენი გაცეცხლდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ“ (საქ. 15:36—39). ეს შემთხვევა გვარწმუნებს, რომ დროდადრო ღვთის ერთგულ მსახურებს შორისაც კი შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება. რის გაკეთება შეიძლება ამ დროს, რათა მდგომარეობა ისე არ გართულდეს, რომ შემდეგ მიყენებული ჭრილობის მოშუშებას დიდი დრო დასჭირდეს?

6, 7. ა) რომელი ბიბლიური რჩევა უნდა გავითვალისწინოთ, რათა თანამორწმუნესთან საუბარი ცხარე კამათში არ გადაიზარდოს? ბ) რა სარგებლობა მოაქვს იაკობის 1:19-ში მოცემული რჩევის გათვალისწინებას?

6 სიტყვა „გაცეცხლდნენ“ იმაზე მიუთითებს, რომ იმ მომენტში პავლე და ბარნაბა ძალიან გაბრაზდნენ. თუ ქრისტიანი ატყობს, რომ თანაქრისტიანთან საუბრისას ურთიერთობა იძაბება, გონივრული იქნებოდა იაკობის 1:19, 20-ში მოცემული რჩევის გათვალისწინება, სადაც ნათქვამია: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში, რადგან კაცის რისხვა ხელს არ უწყობს ღვთის სიმართლეს“. მდგომარეობის შესაბამისად, ქრისტიანმა შეიძლება შეცვალოს საუბრის თემა, საუბარი სამომავლოდ გადადოს ან უბრალოდ გაეცალოს იქაურობას, სანამ საუბარი ცხარე კამათში გადაიზრდება (იგავ. 12:16; 17:14; 29:11).

7 რა სარგებლობა მოაქვს ამ რჩევის გათვალისწინებას? სიტყვასა და რისხვაში ნელი ადამიანი ცდილობს, დამშვიდდეს, ღმერთს ლოცვით მიმართავს და კარგად აწონ-დაწონის, რა თქვას. ამგვარად ის ღვთის სულის ხელმძღვანელობას მიჰყვება (იგავ. 15:1, 28). ამ სულის ზემოქმედებით ის გამოავლენს რბილ ხასიათსა და სულგრძელობას, რაც საშუალებას მისცემს, ყურად იღოს ეფესოელების 4:26, 29-ში ჩაწერილი რჩევა: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ . . . ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა, არამედ მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“. მართლაც, როდესაც რბილი ხასიათითა და სულგრძელობით ვიმოსებით, კრების მშვიდობასა და ერთიანობას ვუწყობთ ხელს.

სიკეთე და ყოველივე კარგი — თვისებები, რომლებიც გამომაცოცხლებელია ოჯახისთვის

8, 9. რა არის სიკეთე და ყოველივე კარგი, და რა გავლენას ახდენს ეს თვისებები ოჯახურ ატმოსფეროზე?

8 წაიკითხეთ ეფესოელების 4:31, 32; 5:8, 9. სიკეთე და ყოველივე კარგი ისეთივე გამომაცოცხლებელია, როგორც გრილი სიო და წყაროს წყალი ცხელ დღეს. ამ თვისებების გამოვლენა ოჯახში თბილი ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს. სიკეთეს, ამ მიმზიდველ თვისებას, ადამიანი სიტყვითა თუ საქმით მაშინ ავლენს, როდესაც გულწრფელად არის დაინტერესებული სხვების კეთილდღეობით. სიკეთის მსგავსად, ყოველივე კარგიც დადებითი თვისებაა, და ისიც სხვების სასარგებლოდ გაკეთებულ საქმეებში ვლინდება. მას ხელგაშლილობაც ახასიათებს (საქ. 9:36, 39; 16:14, 15). მაგრამ ეს თვისება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

9 ყოველივე კარგში ზნეობრივი სიწმინდე იგულისხმება. მასში შედის არა მარტო ჩვენი საქმეები, არამედ ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია — ჩვენი შინაგანი პიროვნება. წარმოიდგინეთ დიასახლისი, რომელიც ოჯახის წევრებისთვის ხილს ჭრის. ის თითოეულ ნაჭერს აკვირდება — არის თუ არა მწიფე და ტკბილი, და საღი შიგნით თუ გარეთ. მსგავსად ამისა, ყოველივე კარგი არის წმინდა სულის ნაყოფი, რომელიც ქრისტიანის ცხოვრებაში ყველაფერზე ახდენს გავლენას.

10. რის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ ოჯახის წევრებმა განივითარონ სულის ნაყოფი?

10 რა დაეხმარებათ ქრისტიანული ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ ამ თვისებების, სიკეთისა და ყოველივე კარგის, გამოვლენაში? მნიშვნელოვან როლს ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა ასრულებს (კოლ. 3:9, 10). ზოგიერთმა ოჯახის თავმა დაგეგმა, რომ სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელი თვისებები ყოველკვირეული ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე შეესწავლათ. ამის გაკეთება არც ისე რთულია. კვლევისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ენაზე ხელმისაწვდომი ლიტერატურა. მოძებნეთ მასალა სულის ნაყოფის თითოეულ ნაწილის შესახებ. ყოველკვირეულად შეგიძლიათ მხოლოდ რამდენიმე აბზაცი განიხილოთ და თითოეული ნაწილის შესწავლას რამდენიმე კვირა დაუთმოთ. შესწავლისას, წაიკითხეთ და იმსჯელეთ ბიბლიურ მუხლებზე, რომლებიც მითითებულია, მაგრამ ციტირებული არ არის. ეცადეთ, ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოთ და იეჰოვას სთხოვეთ დახმარება, რომ აკურთხოს თქვენი ძალისხმევა (1 ტიმ. 4:15; 1 იოან. 5:14, 15). ახდენს გავლენას ასეთი შესწავლა ოჯახის წევრების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე?

11, 12. რა დადებითი გავლენა იქონია ორ ოჯახზე სულის ნაყოფის, სიკეთის, გამოკვლევამ?

11 ერთმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, რომელთაც სურდათ ბედნიერი ოჯახი ჰქონოდათ, გადაწყვიტა საფუძვლიანად გამოეკვლია და შეესწავლა სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელი თვისებები. რა დადებითი გავლენა იქონია ამან მათ ოჯახზე? აი, რას ამბობს ცოლი: «ჩვენ ვისწავლეთ სიკეთის გამოვლენა, რაშიც როგორც ერთგულება, ისე ერთმანეთის მხარდაჭერაც იგულისხმება. ამან კი ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩვენს ურთიერთობაზე. უფრო დამთმობები და მიმტევებლები გავხდით. ამის შემდეგ სიტყვები „მადლობა“ და „ბოდიში“ ჩვენს ოჯახში ჩვეულებრივი რამ გახდა».

12 სხვა ქრისტიანი წყვილი, რომელთაც ოჯახური პრობლემები ჰქონდათ, მიხვდა, რომ ერთმანეთისადმი სიკეთეს არ ავლენდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს ეს საკითხი კარგად გამოეკვლიათ. რა ნაყოფი გამოიღო ამან? ქმარი ამბობს: „ამ შესწავლამ დაგვანახვა, რომ ცუდი მოტივების მიწერის ნაცვლად, ერთმანეთის კარგ თვისებებზე გაგვემახვილებინა ყურადღება. ახლა ერთმანეთის საჭიროებებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ. ჩემი მხრიდან სიკეთის გამოვლენა იქნებოდა, თუ მეუღლეს საშუალებას მივცემდი, თავისუფლად გამოეხატა გრძნობები და მისი ნათქვამი არ მწყენოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სიამაყე გვერდზე უნდა გადამედო. როგორც კი ოჯახში სიკეთის გამოვლენა დავიწყეთ, ერთმანეთისგან თავდაცვის აუცილებლობაც თანდათანობით გაქრა. შვებით ამოვისუნთქეთ“. კარგი იქნებოდა, თუ თქვენი ოჯახიც გამოიკვლევდა სულის ნაყოფის სხვადასხვა ნაწილს.

გამოავლინეთ რწმენა მაშინაც კი, როცა მარტონი ხართ

13. რა უქმნის საფრთხეს ჩვენ სულიერობას?

13 ღვთის სულის ხელმძღვანელობას ქრისტიანები მაშინაც უნდა მიჰყვნენ, როცა მარტონი არიან. დღეს სატანის ქვეყნიერება გაჟღენთილია უხამსობის ამსახველი გამოსახულებებითა და გამხრწნელი გართობით. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს სულიერობას. ამიტომ, როგორ უნდა მოვიქცეთ? ღვთის სიტყვა გვირჩევს: „მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ის, რაც ზედმეტია, ანუ ბოროტება, და რბილად მიიღეთ სიტყვა, როცა თქვენში ინერგება, და რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია“ (იაკ. 1:21). ახლა განვიხილოთ, როგორ გვეხმარება სულის ნაყოფის სხვა ნაწილი, რწმენა, რომ იეჰოვას წინაშე სუფთად დავრჩეთ.

14. როგორ მიგვიყვანდა რწმენის ნაკლებობა არასწორ საქციელამდე?

14 თუ ნამდვილი რწმენა გვაქვს, იეჰოვა ღმერთი ჩვენთვის რეალური პიროვნება იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად შეიძლება, არასწორად მოვიქცეთ. ვნახოთ, რა შეემთხვა ძველად ღვთის ხალხს. იეჰოვამ წინასწარმეტყველ ეზეკიელს აჩვენა, რა სისაძაგლეებს ჩადიოდნენ ისრაელები მაშინ, როცა გარეშე თვალი ვერ ხედავდა მათ. იეჰოვამ ეზეკიელს უთხრა: „ხედავ, კაცის ძეო, რას სჩადიან სიბნელეში ისრაელის სახლის უხუცესები?! რას სჩადის თითოეული შიდა ოთახებში, სადაც გამოსახულებები აქვთ ამოკვეთილი?! ისინი ამბობენ, ვერ გვხედავსო იეჰოვა, მიატოვაო იეჰოვამ ეს მიწა“ (ეზეკ. 8:12). რამ შეუწყო ხელი პრობლემის წარმოშობას? ისინი ფიქრობდნენ, რომ იეჰოვა ვერ ხედავდა მათ საქციელს. იეჰოვა მათთვის რეალური პიროვნება არ იყო.

15. როგორ დაგვიცავს იეჰოვასადმი რწმენა?

15 ახლა განვიხილოთ საპირისპირო მაგალითი. იოსები შორს იყო თავისი ოჯახისა და ახლობლებისგან. მიუხედავად ამისა, მან უარი თქვა ფოტიფარის ცოლთან მრუშობაზე. რატომ? იოსებმა თქვა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ (დაბ. 39:7—9). იეჰოვა, მართლაც, რეალური იყო მისთვის. თუ ღმერთი ჩვენთვისაც რეალურია, მაშინაც კი, როცა მარტონი ვართ, მოვერიდებით ყოველივე უხამს და არ გავაკეთებთ არაფერს, რაც იეჰოვას არ მოსწონს. ფსალმუნმომღერლის მსგავსად ჩვენც ვიტყვით: „უმწიკვლო გულით ვივლი ჩემს სახლში. უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ“ (ფსალმ. 101:2, 3).

გამოავლინეთ თავშეკავება და ამგვარად დაიცავით გული

16, 17. ა) როგორ გაება ცოდვის მახეში იგავებში მოხსენიებული ერთი უგუნური ახალგაზრდა? ბ) ასაკისდა მიუხედავად, როგორ შეიძლება მსგავსი რამ დაემართოს ნებისმიერ ადამიანს? (იხილეთ სურათი 26-ე გვერდზე)

16 თავშეკავება, სულის ნაყოფის ბოლო ნაწილი, საშუალებას გვაძლევს, უარი ვთქვათ ყველაფერზე, რასაც ღმერთი განსჯის. ის გვეხმარება, გავუფრთხილდეთ გულს (იგავ. 4:23). იგავების 7:6—23 მოგვითხრობს ერთი უგუნური ახალგაზრდის შესახებ, რომელიც მეძავის მიერ დაგებულ მახეში გაება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ახალგაზრდა მახეში მას შემდეგ გაება, რაც იმ ქუჩისკენ წავიდა, სადაც მეძავი ცხოვრობდა. შესაძლოა, ის იქ ცნობისმოყვარეობის გამო აღმოჩნდა. მან გააზრებაც კი ვერ მოასწრო, რომ უკვე დაღუპვის გზაზე იდგა.

17 როგორ შეეძლო ამ ახალგაზრდას ასეთი საბედისწერო შეცდომის თავიდან არიდება? თუკი გაითვალისწინებდა გაფრთხილებას: „ნუ იხეტიალებ მის ბილიკებზე“ (იგავ. 7:25). რის სწავლა შეგვიძლია ჩვენ? თუ გვსურს, რომ მივყვეთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას, უნდა მოვერიდოთ ყველაფერს, რასაც ჩვენი ცდუნება შეუძლია. იგავებში მოხსენიებულ უგუნურ ახალგაზრდას დაემსგავსება ის, ვინც, მაგალითად, ტელევიზორს უმიზნოდ რთავს ერთი არხიდან მეორეზე ან ინტერნეტში დაძვრება. ასეთ დროს ის შეიძლება, ნებით თუ უნებლიეთ, წააწყდეს სექსუალურად აღმგზნებ სცენებს. თანდათანობით მას შეიძლება განუვითარდეს პორნოგრაფიის ყურების უწმინდური ჩვევა, რაც გამანადგურებლად იმოქმედებს მის სინდისსა და ღმერთთან ურთიერთობაზე. ეს კი შეიძლება მისი დაღუპვის მიზეზი გახდეს (წაიკითხეთ რომაელების 8:5—8 ).

18. რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა საკუთარი გულის დასაცავად და რა როლს ასრულებს ამაში თავშეკავება?

18 რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გამოვავლინოთ კიდეც თავშეკავება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ, როდესაც შემთხვევით უზნეობის ამსახველ კადრებს ვაწყდებით. მაგრამ ბევრად უკეთესი იქნება, თუ თავიდანვე ფრთხილად ვიქნებით (იგავ. 22:3). თავშეკავების გამოვლენაა საჭირო იმისათვის, რომ თავდაცვის მიზნით გარკვეული საზღვრები დავადგინოთ, შემდეგ კი მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოვიქცეთ. მაგალითად, კომპიუტერი გამოსაჩენ ადგილას დავდოთ; ზოგისთვის საუკეთესო გამოსავალია, კომპიუტერი და ტელევიზორი მარტო არასდროს არ ჩართოს. ზოგმა კი გადაწყვიტა, რომ ინტერნეტით საერთოდ არ ისარგებლოს (წაიკითხეთ მათეს 5:27—30 ). მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და ოჯახი, რათა თაყვანი ვცეთ იეჰოვას „სუფთა გულით, სუფთა სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით“! (1 ტიმ. 1:5).

19. რით არის სასარგებლო, მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას?

19 წმინდა სულის ნაყოფის გამოვლენას მრავალი კურთხევა მოაქვს. რბილი ხასიათი და სულგრძელობა ხელს უწყობს კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას. სიკეთე და ყოველივე კარგი ოჯახური ბედნიერების საწინდარია. რწმენა და თავშეკავება კი გვეხმარება იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებასა და მის წინაშე სუფთად დგომაში. უფრო მეტიც, გალატელების 6:8 გვარწმუნებს: „ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის“. დიახ, ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, იეჰოვა გამოიყენებს წმინდა სულს, რათა უსასრულო სიცოცხლით დააჯილდოოს ისინი, ვინც წმინდა სულის ხელმძღვანელობას მიჰყვება.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ უწყობს ხელს რბილი ხასიათი და სულგრძელობა კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას?

• რა დაეხმარება ქრისტიანებს ოჯახში გამოავლინონ სულის ნაყოფი — სიკეთე და ყოველივე კარგი?

• როგორ დაეხმარება ქრისტიანს რწმენა და თავშეკავება, დაიცვას საკუთარი გული?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 24 გვერდზე]

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საუბარი ცხარე კამათში არ გადაიზარდოს?

[სურათი 25 გვერდზე]

წმინდა სულის ნაყოფის გამოკვლევა დადებითად იმოქმედებს თქვენს ოჯახზე

[სურათი 26 გვერდზე]

რა საფრთხეს ავირიდებთ, თუ რწმენასა და თავშეკავებას გამოვავლენთ?