არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვამ თავისი კურთხევები გადმოგვაცალა

იეჰოვამ თავისი კურთხევები გადმოგვაცალა

იეჰოვამ თავისი კურთხევები გადმოგვაცალა

მოგვითხრო არტურ ბონომ

ათას ცხრას ორმოცდათერთმეტ წელს მე და ჩემი მეუღლე ედიტი დავესწარით საოლქო კონგრესს, რომელზეც განცხადება გაკეთდა, რომ მისიონერული მსახურების მსურველებისთვის ჩატარდებოდა სპეციალური შეხვედრა.

— მოდი, ჩვენც დავესწროთ ამ შეხვედრას! — აღტყინებულმა წამოვიძახე.

— არტურ, ეს სკოლა ჩვენთვის არ არის! — მომიგო ედიტმა.

— ედიტ, მხოლოდ მოვისმინოთ, რას იტყვიან.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ სკოლა „გალაადში“ სწავლის მსურველთა ანკეტები დაგვირიგეს.

— მოდი რა, შევავსოთ?! — ვთხოვე მეუღლეს.

— მაგრამ არტურ, ჩვენ ხომ ახლობლებს ვერ მივატოვებთ?!

ამ კონგრესის ჩატარებიდან, სულ რაღაც, წელიწად-ნახევარში ჩვენ სკოლა „გალაადი“ დავამთავრეთ და სამხრეთ ამერიკაში, ეკვადორში დავინიშნეთ მისიონერებად.

ჩვენი საუბრიდან, ალბათ, მიხვდებოდით, რომ ერთ დროს საკმაოდ იმპულსური ვიყავი და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაც არ უნდა მოგვენდომებინა, ყველაფერს მივაღწევდით. ჩემგან განსხვავებით, ედიტი ძალიან რბილი და მოკრძალებული იყო. ის გაიზარდა პენსილვანიის შტატის (აშშ) პატარა ქალაქ ელიზაბეთში. მას მანამდე აზრადაც არ მოსვლია, სახლიდან სადმე შორს წასულიყო და არც არასდროს ჰქონია ურთიერთობა უცხოელებთან. ედიტისთვის ძალიან რთული იყო ოჯახის დატოვება. ამის მიუხედავად, ის მზად იყო, უცხო ქვეყანაში ემსახურა იეჰოვასთვის. 1954 წლიდან ეკვადორში დავიწყეთ მისიონერებად მსახურება და დღემდე ამ ქვეყანაში ვმსახურობთ. მთელი ამ დროის მანძილზე იეჰოვასგან უამრავი კურთხევა მივიღეთ. ალბათ, გაინტერესებთ, როგორ დაგვასაჩუქრა იეჰოვამ.

დაუვიწყარი მოგონებები

ჩვენ პირველად ეკვადორის დედაქალაქ კიტოში გაგვაგზავნეს, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2 850 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ანდებში. კიტოში რომ ჩავსულიყავით, ორი დღე დაგვჭირდა ჯერ მატარებლით და შემდეგ ზღვისპირა ქალაქ გუაიაკილიდან სატვირთო ავტომანქანით მგზავრობა. დღეს თვითმფრინავით ნახევარ საათში უკვე კიტოში ხარ! ჩვენ იქ ოთხი წელი ვიმსახურეთ და ეს წლები მართლაც დაუვიწყარი იყო. 1958 წელს სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ — ჩვენ სარაიონო მსახურება შემოგვთავაზეს.

იმ დროს მთელ ქვეყანაში მხოლოდ ორი პატარა რაიონი იყო. ერთი წლის მანძილზე კრებებს ვინახულებდით და მთელი კვირა ინდიელთა პატარა ქალაქებშიც ვქადაგებდით, სადაც ერთი მოწმეც კი არ ცხოვრობდა. ამ ქალაქებში ძალიან პატარა საცხოვრებელი სახლები იყო — უფანჯრო ოთახში მხოლოდ ერთი საწოლი იდგა. ჩვენ თან წავიღეთ ხის დიდი ყუთი, რომელშიც გვეწყო ნავთქურა, ქვაბი, თეფშები, დასაბანი ტაშტი, ლოგინის თეთრეული, კოღოებისგან დამცავი ბადე, ტანსაცმელი, ძველი გაზეთები და სხვა საჭირო ნივთები. ჩვენ გაზეთებს კედლის კუთხეებში ხვრელების ამოსავსებად ვიყენებდით, რათა ვირთხებს ცოტათი მაინც ეწვალათ, სანამ ოთახში შემოვიდოდნენ.

მართალია, ჩვენი საცხოვრებელი ოთახები ძალიან ბნელი და უღიმღამო იყო, მაგრამ სასიამოვნო გრძნობებს იწვევს ჩვენში იმის გახსენება, თუ როგორ ვსაუბრობდით ხოლმე მე და ჩემი მეუღლე საღამოობით საწოლზე ჩამომსხდარნი და როგორ მივირთმევდით ნავთქურაზე მომზადებულ უბრალო სადილს. ხშირად ჩემი ფიცხი ხასიათის გამო რაღაცას დაუფიქრებლად ვამბობდი, მაგრამ დროდადრო ჩემი მეუღლე რბილად მიმითითებდა ხოლმე, როგორ შემეძლო უფრო ტაქტიანად მეთქვა ჩემი სათქმელი ძმებისთვის, რომლებსაც ვინახულებდი. ამისთვის იგი ირჩევდა მშვიდ გარემოს, როცა ნაკლებად გაღიზიანებული ვიყავი. მე ვითვალისწინებდი მის რჩევებს და ჩემი მომდევნო მონახულებები უფრო გამამხნევებელი გახდა და-ძმებისთვის. გარდა ამისა, როცა სხვების შესახებ დაუფიქრებლად ვიტყოდი რაიმე უარყოფითს, ედიტი არასდროს მიბავდა მხარს საუბარში. სწორედ მისი წყალობით ვისწავლე, რომ კარგი დამენახა ყველა და-ძმაში. საღამოობით ჩვენ, ძირითადად, ვმსჯელობდით „საგუშაგო კოშკის“ სტატიებში განხილულ აზრებზე და ერთმანეთს ვუყვებოდით, რა შემთხვევები გვქონდა ქადაგების დროს. მართლაც ბევრი საინტერესო რამ გადაგვხდა მსახურებაში!

ჩვენ ვიპოვეთ კარლოსი

ერთხელ გვითხრეს, რომ დასავლეთ ეკვადორში, ქალაქ ჯიპიჯაპაში ერთი მამაკაცი, კარლოს მეჰია ბიბლიით იყო დაინტერესებული, მაგრამ მისი მისამართი არ მოუციათ. მეორე დილით ისე გამოვედით სახლიდან, რომ არ ვიცოდით, რა მიმართულებით წავსულიყავით ამ დაინტერესებულის მოსაძებნად. ამიტომ, ალალბედზე გავუყევით გზას. წინა ღამით იწვიმა და ოღროჩოღრო ქუჩები სულ ტალახიანი იყო, რასაც ძნელად თუ აუქცევდი გვერდს. ედიტი უკან მომყვებოდა. უცებ მისი გამკივანი ხმა შემომესმა: „არტურ!“ მივტრიალდი და რას ვხედავ — ედიტი მუხლებამდე ტალახში ჩაფლულიყო. ისეთი სანახაობა იყო, რომ ჩემი ცოლის აცრემლებული თვალები რომ არა, სიცილს ვერ შევიკავებდი.

ედიტი ძლივს ამოვიყვანე ტალახიდან, მაგრამ ფეხსაცმელები ტალახში დარჩა. ამ დროს ჩვენ პატარა ბიჭუნა და გოგონა გვიყურებდნენ. მე მათ ვუთხარი: „თუ ფეხსაცმელებს ტალახიდან ამოიღებთ, ფულს მოგცემთ“. მათ თვალის დახამხამებაში ამოიღეს ფეხსაცმელები ტალახიდან, მაგრამ ედიტს ტალახიანი ფეხები სადღაც უნდა დაებანა. ამ სცენას ბავშვების დედაც შეესწრო და სახლში მიგვიპატიჟა, სადაც ის ჩემს ცოლს დაეხმარა ფეხების დაბანაში, ხოლო ბავშვებმა მისი დასვრილი ფეხსაცმელები გაწმინდეს. სანამ იქიდან წამოვიდოდით, საოცარი რამ მოხდა. მე შევეკითხე ქალს, თუ იცნობდა ვინმე კარლოს მეჰიას და სად შეიძლებოდა მისი პოვნა. ქალმა გაოცება ვერ დამალა და გვითხრა: „ის ჩემი ქმარია“. ცოტა ხანში მთელმა ოჯახმა დაიწყო შესწავლა და, საბოლოოდ, ყველა მოინათლა. წლების შემდეგ კარლოსი, მისი მეუღლე და მათი ორი შვილი სპეციალური პიონერები გახდნენ.

სირთულეები მგზავრობისას და გულითადი სტუმარმასპინძლობა

სარაიონო მსახურების დროს მგზავრობა სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ვმგზავრობდით ავტობუსით, მატარებლით, სატვირთო მანქანით, კანოეთი და პატარა თვითმფრინავით. ერთხელ ჯონ მაკლენაჩანმა, რომელიც საოლქო ზედამხედველად მსახურობდა და მისმა ცოლმა, დოროთიმ ჩვენთან ერთად იქადაგეს კოლუმბიის საზღვართან ახლოს მდებარე თევზჭერით განთქმულ სოფლებში. ჩვენ მოტორიანი კანოეთი ვიმგზავრეთ. კანოეს გასწვრივ ჩვენი ნავის სიდიდის ზვიგენები დაცურავდნენ. გამოცდილი მესაჭეც კი შეშინდა მათ დანახვაზე და გეზი ნაპირისკენ აიღო.

მაგრამ ამ სირთულეებთან ჭიდილი ღირდა, რადგან ჩვენ გავიცანით ძალიან კეთილი და სტუმართმოყვარე ძმები. ხშირად იმ ოჯახებში, სადაც ვრჩებოდით, დაჟინებით გვთხოვდნენ, რომ დღეში სამჯერ გვეჭამა მაშინ, როცა თვითონ მხოლოდ ერთხელ ჭამდნენ ან გვაწვენდნენ ერთადერთ საწოლზე, თვითონ კი იატაკზე იძინებდნენ. ჩემი მეუღლე ხშირად ამბობდა: „ეს საყვარელი და-ძმები დამეხმარნენ იმის დანახვაში, თუ სინამდვილეში რა ცოტა რამ სჭირდება ადამიანს“.

„ჩვენ არ გვსურს უარის თქმა!“

1960 წელს ჩვენ მიგვიწვიეს გუაიაკილის ფილიალში, რაც კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი იყო. სანამ მე ადმინისტრაციულ საქმეებს ვასრულებდი, ედიტი ფილიალთან ახლოს ერთ-ერთ კრებასთან ერთად მსახურობდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ საოფისე საქმისთვის გამოვდგებოდი და თავს, ცოტა არ იყოს, უხერხულად ვგრძნობდი. მაგრამ ებრაელების 13:21-ში წერია, რომ ღმერთი აღგვჭურვავს „ყოველივე კარგით თავისი ნების შესასრულებლად“. ორი წლის შემდეგ სკოლა „გალაადის“ ათთვიან კურსზე მიმიწვიეს ბრუკლინის ბეთელში (ნიუ-იორკი). იმ პერიოდში ცოლებს უნდა გაეგრძელებინათ თავისი ძველი დავალების შესრულება. ბრუკლინიდან ჩემმა მეუღლემ წერილი მიიღო. წერილში ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა, რომ ქმარს ათი თვით დაშორებოდა.

ედიტმა პასუხად ასეთი შინაარსის წერილი გააგზავნა: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ იეჰოვა აუცილებლად დაგვეხმარება ნებისმიერი სირთულის გადალახვაში . . . ჩვენ არ გვსურს, უარი ვთქვათ ნებისმიერ ისეთ შემოთავაზებასა თუ შესაძლებლობაზე, რაც უკეთესად მოგვამზადებს ჩვენი პასუხისმგებლობების შესასრულებლად“. ბრუკლინში ყოფნის დროს ედიტისგან ყოველკვირა ვიღებდი წერილებს.

ერთგული თანამორწმუნეების მხარდამხარ მსახურება

1966 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო მე და ედიტი კიტოში დავბრუნდით, სადაც კვლავ მისიონერულ მსახურებას შევუდექით და ადგილობრივ და-ძმებთან ერთად დავიწყეთ ქადაგება. ისინი მართლაც ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს წლების მანძილზე!

ერთ დას ქმარი ხშირად სცემდა რწმენის გამო. ერთ დღეს, დილის ექვს საათზე ვიღაცამ შეგვატყობინა, რომ იგი ისევ სცემა ქმარმა. მე გავექანე ამ დის სახლისკენ. როცა დავინახე, თვალებს არ დავუჯერე — იგი იმდენად დალურჯებული და დასიებული იყო, რომ ფეხზე ვერ დგებოდა. ქმარმა გრძელტარიანი ცოცხი მანამდე ურტყა, სანამ ცოცხი ორად არ გადატყდა. მოგვიანებით მე შევხვდი მის ქმარს და ვუთხარი, რომ ლაჩრულად მოიქცა. მან დიდი ბოდიშები მოიხადა.

1970 წლის დასაწყისში უკეთ ვიგრძენი თავი და ისევ სარაიონო მსახურება დავიწყეთ. ჩვენს რაიონში შედიოდა ქალაქი იბარა. როდესაც 50-იანი წლების დასასრულს ეს ქალაქი მოვინახულეთ, იქ მხოლოდ ორი მოწმე იყო — ერთი მისიონერი და ერთი ადგილობრივი ძმა. ერთი სული გვქონდა, როდის ვიხილავდით ახლებს, რომლებიც კრების წევრები გახდებოდნენ.

კრების პირველი შეხვედრის დროს ძმა როდრიგო ვაკა პროგრამის ისეთ ნაწილს უძღვებოდა, სადაც დამსწრეებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ. როცა ის კითხვას სვამდა, იმის მაგივრად რომ ხელი აეწიათ, ყვიროდნენ „მე, მე!“. ედიტი და მე გაკვირვებულები ვუყურებდით ერთმანეთს. ვერ გამეგო, რა ხდებოდა მათ თავს. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ძმა ვაკა ბრმა იყო, მაგრამ შეეძლო კრების წევრები ხმით ამოეცნო. მას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს მწყემსი, რომელიც იცნობს თავის ცხვარს! ეს შეგვახსენებს იოანეს 10:3, 4, 14-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს, რომ კარგი მწყემსი და ცხვარი ერთმანეთს კარგად იცნობენ. დღეს იბარაში ერთი კრებაა კეჩუა ენაზე, ერთი — ჟესტების ენაზე და ექვსიც — ესპანურ ენაზე. ძმა ვაკა ერთგულად განაგრძობს უხუცესად და სპეციალურ პიონერად მსახურებას. *

მადლიერნი იეჰოვას აურაცხელი კურთხევებისთვის

1974 წელს იეჰოვამ კიდევ ერთი საჩუქარი გაგვიკეთა. ჩვენ ისევ ბეთელში მიგვიწვიეს, სადაც კვლავ ადმინისტრაციული საქმეების შესრულება დამევალა, მოგვიანებით კი ფილიალის კომიტეტის წევრად დამნიშნეს. ედიტი თავიდან სამზარეულოში მუშაობდა, ხოლო შემდეგ საოფისე საქმე დაევალა, რასაც დღემდე ასრულებს — ის წერილებს იღებს და ახარისხებს.

წლების მანძილზე ჩვენ დიდ სიხარულს გვანიჭებდა ასობით მისიონერის გაცნობა, რომლებმაც „გალაადი“ დაამთავრეს. ამ მოწიფული და-ძმების ენთუზიაზმი გადამდებია მთელი კრებისთვის, სადაც ისინი მსახურობენ. ჩვენ აგრეთვე ვმხნევდებით იმ ათასობით და-ძმის ხილვით, რომლებიც 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ეკვადორში მსახურებისთვის. მათი თავგანწირული სულისკვეთება აღფრთოვანებას იწვევს ჩვენში! ზოგმა სახლი გაყიდა და საკუთარ ბიზნესზე უარი თქვა იმისათვის, რომ ჩამოსულიყო ეკვადორში, სადაც მქადაგებლების დიდი საჭიროებაა. მათ იყიდეს მანქანები, რათა დაშორებულ ტერიტორიებზე ექადაგათ; ისინი აგრეთვე აფუძნებდნენ ახალ კრებებს და მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზების მშენებლობაში. ბევრი დაუქორწინებელი და ჩამოვიდა უცხოეთიდან, რომ აქ პიონერად ემსახურათ. ისინი დახელოვნებული მქადაგებლები არიან და თავდაუზოგავად შრომობენ!

მთელი იმ დროის მანძილზე, რაც ღმერთს ვემსახურები, იეჰოვასგან არაერთი კურთხევა მიმიღია. ყველაზე დიდი კურთხევა ისაა, რომ მაქვს ურთიერთობა იეჰოვასთან. აგრეთვე უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ იეჰოვას წყალობით მყავს შესანიშნავი „დამხმარე“ (დაბ. 2:18). როცა ვიხსენებ ედიტთან ერთად გატარებულ 69 წელს, მახსენდება იგავების 18:22-ში ჩაწერილი სიტყვები: „იპოვა ვინმემ კარგი ცოლი? სიკეთე უპოვია“. ერთ სიამოვნებად ღირს ედიტის გარემოცვაში ყოფნა. ის მთელი ამ წლების მანძილზე მხარში მედგა და არაერთი სახით მეხმარებოდა. გარდა ამისა, ედიტი თავისი დედისთვის მოსიყვარულე და მზრუნველი ქალიშვილი იყო. მას შემდეგ, რაც ეკვადორში ჩავედით, ჩემი ცოლი ყოველკვირა უგზავნიდა დედას წერილებს და ასე გრძელდებოდა დედამისის სიკვდილამდე, 1990 წლამდე; იგი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამჟამად 90 წლის ვარ, ხოლო ედიტი — 89-ის. ჩვენ ენით აუწერელ სიხარულს ვგრძნობთ იმის გამო, რომ დაახლოებით 70 ადამიანს დავეხმარეთ იეჰოვას გაცნობაში. არასდროს გვინანია, რომ 60 წლის უკან შევავსეთ სკოლა „გალაადში“ სწავლის მსურველთა ანკეტები. სწორედ ამ გადაწვეტილების წყალობით ჩვენი ცხოვრება აზრით სავსე გახდა და იეჰოვამ თავისი კურთხევები გადმოგვაცალა.

[სქოლიო]

^ აბზ. 29 ძმა ვაკას ბიოგრაფია შეგიძლიათ წაიკითხოთ 1985 წლის 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში (ინგლ.).

[სურათი 29 გვერდზე]

ნიუ-იორკში იანკის სტადიონზე სხვა მისიონერებთან ერთად, რომლებიც „გალაადში“ ჩვენთან ერთად სწავლობდნენ, 1958 წელი

[სურათი 31 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეების ოჯახის მონახულება სარაიონო მსახურების დროს, 1959 წელი

[სურათი 32 გვერდზე]

ეკვადორის ფილიალში, 2002 წელი