არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

რატომ დატოვა პოპულარულმა მომღერალმა თავისი კარიერა და სრული დროით მქადაგებელი გახდა? როგორ შეძლო კრიმინალმა, რომელზეც მოსამართლემ თქვა, რომ მას ვერაფერი გამოასწორებდა, საზოგადოების ღირსეული წევრი გამხდარიყო? წაიკითხეთ, რას გვიყვებიან თავად ისინი.

„ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა“ — ანტოლინა ორდენ კასტილო

დაბადების წელი: 1962

ქვეყანა: ესპანეთი

წარსულში: მსახიობი და მომღერალი

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე პატარა სოფელ ტრეშუნკოსში (ლა-მანჩის რეგიონი). ჩემი მშობლები ფერმერები იყვნენ. დედაჩემი კათოლიკე იყო, მამა კი — პროტესტანტი. მამა მასწავლიდა, როგორ დამეფასებინა ბიბლია; ვხედავდი, თვითონ როგორ კითხულობდა ყოველთვის ამ წიგნს. დედა კი კათოლიკედ მზრდიდა და ყოველ კვირა მესაზე დავყავდი.

15 წლის ვიყავი, სოფლიდან რომ წავედი და მადრიდში ჩემს უფროს დასთან გადავედი საცხოვრებლად. თავიდან მშობლები ძალიან მენატრებოდა, მაგრამ ბოლოს ქალაქში ცხოვრებას შევეჩვიე. 17 წლისას შესაძლებლობა მომეცა რამდენიმე თვე სარსუელას (ტრადიციული ესპანური ოპერა) მომღერლებთან ერთად მემღერა. ცხოვრებით ვტკბებოდი და გადავწყვიტე მსახიობი გავმხდარიყავი. თავი დავანებე სამდივნო კურსებს და სარსუელას სხვადასხვა ანსამბლთან დავიწყე თანამშრომლობა. იმ დროს დავუახლოვდი ერთი ჩემი მეგობრის ძმას. მეგონა, რომ ცხოვრებაში გამიმართლა, რადგან მქონდა კარგი სამუშაო, არ მაკლდა ფული და სიყვარული.

სარსუელას სხვადასხვა ანსამბლთან ერთად გასტროლებზე დავდიოდი არა მარტო ესპანეთში, არამედ კოლუმბიაში, კოსტა-რიკაში, ეკვადორსა და ვენესუელაში. ვმღეროდი მადრიდის ისეთ პოპულარულ ჯგუფებთან, როგორიც იყო „La movida madrileña“. იმ ჯგუფებიდან ერთ-ერთი, რომლის მთავარი სოლისტიც მე ვიყავი, ძალიან წარმატებული გახდა.

მომწონდა ჩემი საქმე, მაგრამ უზნეო გარემოს ვერ ვეგუებოდი. საკუთარ გარეგნობასა და იმიჯს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. მკაცრ დიეტას ვიცავდი, რის გამოც ანორექსიითა და ბულემიით დავავადდი.

ჩემი მთავარი ოცნება კვლავ მსახიობობა იყო. ბოლოს მადრიდის დრამატული ხელოვნების სკოლაში მიმიღეს. იქ გვასწავლიდნენ, რომ ღრმად ჩავწვდომოდით როგორც საკუთარ გრძნობებს, ისე იმ პერსონაჟის გრძნობებს, რომელსაც ჩვენ ვანსახიერებდით. როცა ვცადე ამ რჩევის გათვალისწინება, მივხვდი, რომ შინაგანად ცარიელი ვიყავი. აღმოვაჩინე, რომ თურმე ზედაპირული და ეგოისტი ადამიანი ვიყავი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ვიცოდი, რომ კარგი თვისებების განსავითარებლად საკუთარ თავზე უნდა მემუშავა. მაგრამ არ ვიცოდი, საიდან დამეწყო. გადავწყვიტე, წავსულიყავი მადრიდის ერთ ევანგელისტურ ეკლესიაში, სადაც ერთხელ უკვე ვიყავი ნამყოფი მშობლებთან ერთად. ვლოცულობდი და იეჰოვა ღმერთს სახელით მივმართავდი.

მალე კარზე იეჰოვას მოწმეებმა დამიკაკუნეს. ჩვენს შორის კარგი საუბარი შედგა, მაგრამ მათ სწავლებებთან დაკავშირებით არაერთი საწინააღმდეგო აზრი გამოვთქვი. ესთერი, რომელმაც მოგვიანებით ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, მოთმინებით მეპყრობოდა. ის და მისი ოჯახი დიდ სიყვარულსა და სითბოს ავლენდნენ ჩემ მიმართ. მოწმეების შეხვედრებზე დასწრება დავიწყე და მალევე მივხვდი, რომ ვიპოვე ჭეშმარიტება, რომელსაც ვეძებდი.

სასწავლებლის დამთავრებისთანავე მოღვაწეობის ფართო კარი გამეღო. ერთ წარმოდგენაში, რომელიც მადრიდის ცნობილ თეატრში უნდა დადგმულიყო, როლი მივიღე. ვხედავდი, რომ წარმატებისთვის აუცილებელი იყო, თეატრისთვის თავის მიძღვნა. ბოლოს გადავწყვიტე, სხვა სამსახური მეშოვა, რათა უფრო მეტი დრო მქონოდა ღვთის მსახურებისთვის. კარგად დავინახე იესოს ამ სიტყვების ჭეშმარიტება: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათე 6:24). მამაკაცი, ვისთან ერთადაც რვა წელი ვცხოვრობდი, არ იზიარებდა ჩემს რწმენას. ამიტომ გადავწყვიტე, მასთან ურთიერთობა გამეწყვიტა. ამ ცვლილებების მოხდენა ჩემთვის ადვილი არ ყოფილა.

კურთხევები: დღეს ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ და მოხუცებისთვის გასართობ ღონისძიებებს ვაწყობ. ასეთი სამუშაო საშუალებას მაძლევს დიდი დრო დავუთმო ჩემს მხარეში მცხოვრებ არაბულენოვანი ხალხისთვის ბიბლიის სწავლებას. ამ ახალი ენის შესწავლა ადვილი არ არის, მაგრამ ძალიან მიხარია, როცა ამ სტუმართმოყვარე და სულიერს მოწყურებულ ხალხს მათ ენაზე ახალ ფრაზებს ვეუბნები.

სასწავლებელში სწავლის დროს შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი, ახლა კი ჩემი ცხოვრება აზრით აღსავსეა. ვგრძნობ, რომ იეჰოვას დახმარებით უფრო ბედნიერი გავხდი.

„დავამტკიცე, რომ მოსამართლე ცდებოდა“ — პოლ კევინ რაბერი

დაბადების წელი: 1954

ქვეყანა: ინგლისი

წარსულში: ბოროტმოქმედი და კრიმინალი

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე უესტ-მიდლენდის დიდ ინდუსტრიულ ქალაქ დადლიში. მამამ კითხვა ბავშვობიდანვე შემაყვარა. ის ხშირად მესაუბრებოდა იმაზე, თუ რა სასწაულებრივად არის ბუნება შექმნილი, თუმცა ყოველივე ამას ევოლუციას მიაწერდა. ის მარწმუნებდა, რომ ღმერთი არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, მშობლებმა მეთოდისტურ საკვირაო სკოლაში შემიყვანეს.

ერთხელ დავინახე, როგორ წაუკიდეს არხთან ბიჭებმა ნავს ცეცხლი. მაშინ რვა წლის ვიყავი. პოლიცია მოვიდა, მაგრამ შემეშინდა მათთვის სიმართლის თქმა, რადგან ბიჭებმა დამაშინეს. მათი დანაშაული მე დამაბრალეს, რაზეც ძალიან გავბრაზდი. შურისძიების მიზნით ადგილობრივ სკოლებში, ეკლესიებსა და ქარხნებში შევდიოდი და რაზეც ხელი მიმიწვდებოდა, ვანადგურებდი. მთლიანობაში მათ ათასობით დოლარის ზარალი მივაყენე. ათი წლისა სახლებსა და მაღაზიებს ვტეხდი და ვძარცვავდი. ცეცხლი სიამოვნებას მანიჭებდა და ბევრ რამეს ვწვავდი. სკოლაში თავზეხელაღებული მოსწავლის რეპუტაცია მქონდა.

12 წლისამ წავიკითხე წიგნი ოკულტიზმზე და სამკითხაო დაფა გავაკეთე. ვინაიდან ჩემს მშობლებს ღმერთი არ სწამდათ, ფიქრობდნენ, რომ სპირიტიზმისადმი ჩემი ინტერესი უწყინარი იყო და თუ ამით გავერთობოდი, ხულიგნობისთვის დრო აღარ დამრჩებოდა. სკოლის დამთავრებამდე რამდენჯერმე გამასამართლეს. ბოლოს სკინჰედებთან დავიჭირე საქმე. სამართებლითა და ველოსიპედის ჯაჭვით შეიარაღებული დავდიოდი. სამუშაო ვიშოვე, მაგრამ მალევე დავკარგე, რადგან ცოტა ხნით ციხეში ამოვყავი თავი. გათავისუფლების შემდეგ კვლავ ვანდალიზმს მივყავი ხელი და ისევ დამაპატიმრეს 2 წლით. მოსამართლემ ჩემზე თქვა, რომ საზოგადოებისთვის საშიში ვიყავი და ვერაფერი გამომასწორებდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ შევხვდი ჩემს ყოფილ შეყვარებულ ანიტას. ჩვენ დავქორწინდით და ცოტა ხნით შევწყვიტე ხულიგნობა და ქურდობა. მაგრამ რამდენიმე წელში ისევ დავუბრუნდი ძველ ცხოვრებას. სავაჭრო ობიექტებს ვტეხდი და სეიფებს ვძარცვავდი. დავიწყე ნარკოტიკების მიღება, ლოთობა და იარაღის ტარება. კვლავ დამაპატიმრეს და ციხეში ჩამსვეს.

ამ ყველაფერმა ანიტა ემოციურად გაანადგურა. ექიმმა დამამშვიდებლები გამოუწერა, თუმცა ისიც უთხრა, რომ გაყრა საუკეთესო „წამალი“ იქნებოდა. საბედნიეროდ, მან ეს რჩევა არ გაითვალისწინა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: როცა ახალი დაქორწინებულები ვიყავით, ანიტამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, მაგრამ მალევე შეწყვიტა. ბოლოს ციხეში რომ ვიჯექი, ანიტას კვლავ დაუკავშირდნენ მოწმეები. ზუსტად იმავე დღეს მე ვლოცულობდი და ვამბობდი: „ღმერთო, თუ მართლა არსებობ, ნიშანი მომეცი“.

რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ციხიდან გამათავისუფლეს, ადგილობრივ მღვდელთან მივედი და ვთხოვე ჩემთვის და ანიტასთვის ბიბლია ესწავლებინა. მან მითხრა, რომ მხოლოდ ლოცვას და ეკლესიის სწავლებებს მასწავლიდა.

ბოლოს მე თვითონ დავიწყე ბიბლიის კითხვა. გავოცდი, როცა გავიგე, რომ ბიბლია გმობდა სპირიტიზმს (კანონი 18:10—12). მოგვიანებით, სახლში ვიპოვე „საგუშაგო კოშკის“ ის ნომერი, რომელიც ანიტასთვის მოწმეებს სწორედ იმ დღეს დაეტოვებინათ, როცა მე ღმერთს დახმარებისთვის ლოცვით მივმართე. წაკითხვისთანავე მოწმეებს დავუკავშირდი.

არავის, არც ჩვენი ოჯახის წევრებს, არც მეგობრებს და არც კრიმინალებს არ ესიამოვნათ, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ზოგი ამბობდა, რომ მოწმეებმა „ტვინი გამომირეცხეს“. არადა, მართლა მჭირდებოდა ტვინის „გამორეცხვა“. ბევრი რამ მქონდა შესაცვლელი. სინდისი გაუხეშებული მქონდა, დღეში 60 ღერს სიგარეტს ვეწეოდი, რომ აღარაფერი ვთქვა სხვა მავნე ჩვევებზე. ისინი, ვინც ბიბლიას გვასწავლიდნენ და კრების სხვა წევრები, ჩვენ მიმართ მოთმინებასა და სიკეთეს ავლენდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ცუდი ჩვევები დავძლიე (2 კორინთელები 7:1).

კურთხევები: მე და ანიტა უკვე 35 წელია დაქორწინებულები ვართ. ჩვენი ერთი შვილი და ორი შვილიშვილი იეჰოვას მსახურია. ბოლო რამდენიმე წელია, მე და ანიტა უფრო მეტ დროს ვუთმობთ სხვებისთვის ბიბლიის სწავლებას.

იეჰოვას მსახურება ჩვენს ცხოვრებას შინაარსიანს ხდის. 70-იან წლებში მოსამართლემ თქვა, რომ ჩემი გამოსწორება შეუძლებელი იყო. მაგრამ ღვთისა და ბიბლიის დახმარებით დავამტკიცე, რომ მოსამართლე ცდებოდა.