არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ვოცნებობდი ცირკთან ერთად მოგზაურობაზე“

„ვოცნებობდი ცირკთან ერთად მოგზაურობაზე“

„ვოცნებობდი ცირკთან ერთად მოგზაურობაზე“

მოგვითხრო ზოია დიმიტროვამ

15 წლისას ოცნება ამიხდა — ცირკთან ერთად ვმოგზაურობდი და წარმოდგენებში ვმონაწილეობდი. მაგრამ 1970 წლის 4 სექტემბერს ტრაგედია შემემთხვა — წარმოდგენის დროს ძირს დავენარცხე.

დავიბადე სოფიაში (ბულგარეთი) 1952 წლის 16 დეკემბერს. ვცხოვრობდი მშობლებთან და დასთან ერთად. იმ დროს ბულგარეთი კომუნისტური ქვეყანა იყო, სადაც რელიგია აკრძალული არ იყო, მაგრამ ხალხს რწმენას უკარგავდნენ. ადამიანთა უმეტესობას უბრალოდ არ სწამდა ღმერთის არსებობის, ხოლო ისინი, ვისაც სწამდა, მალავდნენ ამას. მართალია, ჩემი ოჯახის წევრები მართლმადიდებლები იყვნენ, მაგრამ რელიგიური აღზრდა არ მიმიღია და ღმერთზე საერთოდ არ ვფიქრობდი.

სპორტისკენ მიდრეკილება ბავშვობიდანვე მქონდა, მაგრამ განსაკუთრებით ტანვარჯიში მიყვარდა. ერთხელ, როცა 13 წლისა ვიყავი, ჩვენს სკოლაში მოვიდა კაცი, რომელიც ცირკისთვის გოგონას ეძებდა. ჩემმა მწვრთნელმა რეკომენდაცია გამიწია. უზომოდ გახარებული ვიჯექი მენეჯერის ამერიკულ მანქანაში და მწვრთნელების ჯგუფთან მივდიოდი გასაუბრებასა და ჩვენებაზე. ჩემდა გასახარად, მე ამირჩიეს. ასე დაიწყო მკაცრი რეჟიმისა და ინტენსიური ვარჯიშის პერიოდი, რომელიც ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. შემდეგ, როცა 15 წლისა ვიყავი, ვარჯიში დავასრულე და დავიწყე ცირკთან ერთად მოხეტიალე ცხოვრება. თავიდან მთელი ბულგარეთი შემოვიარე, შემდეგ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც ვიმოგზაურე. ვიყავი ალჟირში, უნგრეთსა და ყოფილ იუგოსლავიაშიც.

სამი ბედნიერი წელიწადი ჩემი ოცნებით ვცხოვრობდი. მაგრამ ტიტოვ-ველესში (მაკედონია) გამოსვლისას დასაწყისში ნახსენები ტრაგედია შემემთხვა. ჩემს პარტნიორთან ერთად აკრობატულ ილეთს ვასრულებდი; ის თავით ქვემოთ ეკიდა, მე ჰაერში უნდა დავტრიალებულიყავი და შემდეგ მას ხელებით უნდა დავეჭირე, მაგრამ ვერ მოვასწარი ხელის მოკიდება, უსაფრთხოების თოკი გაწყდა და 6 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვვარდი. სასწრაფოდ საავადმყოფოში გამაქანეს. აღმოჩნდა, რომ ხელი მქონდა მოტეხილი, რამდენიმე ნეკნი — ჩამტვრეული და ხერხემალი — სერიოზულად დაზიანებული. რამდენიმე დღე გონება მქონდა დაკარგული და არაფერი მახსოვდა. როცა გონზე მოვედი, მივხვდი, რომ წელს ქვემოთ პარალიზებული ვიყავი. ახალგაზრდა ვიყავი და ამიტომ ოპტიმისტური განწყობა არ დამიკარგავს. იმედი მქონდა, რომ მკურნალობით ან ოპერაციით კვლავაც შევძლებდი სიარულს და, შესაძლოა, ცირკის არენაზე დაბრუნებასაც კი.

მომდევნო ორწელიწად-ნახევრის მანძილზე ვმკურნალობდი სანატორიუმებში. მაგრამ უნდა შევგუებოდი იმ ფაქტს, რომ ჩემი ოცნება დასრულდა. ახლა ჩემი ოცნებისგან შორს მდგომი რეალობისთვის უნდა გამესწორებინა თვალი — მოგზაურობის ნაცვლად, ინვალიდის სავარძელში უნდა ვმჯდარიყავი.

ახალი ცხოვრების დასაწყისი

ჩემი აქტიური ცხოვრების შემდეგ ასეთ ცვლილებასთან შეგუება შეუძლებელი მეგონა. ყველანაირი იმედი დავკარგე და დეპრესიაშიც ჩავვარდი. მაგრამ 1977 წელს ჩემს კართან ახალგაზრდა მამაკაცი, სტოიანი მოვიდა. როდესაც გავიგე, რომ ის ჩემი ყოფილი კოლეგის ძმა იყო, მაშინვე სახლში შევიპატიჟე. საუბრის დროს მან მკითხა, მქონდა თუ არა გამოჯანმრთელების იმედი. იმედგაცრუებულმა და გულგატეხილმა ვუპასუხე, რომ არანაირი იმედი აღარ გამაჩნდა. როცა მან მითხრა, რომ ღმერთი იყო ერთადერთი, ვისაც ჩემი დახმარება შეეძლო, მე გამწარებულმა მივუგე: „თუ ღმერთი არსებობს, რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაში?“

სტოიანი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ შეერთებულ შტატებში ცირკში მუშაობის დროს იეჰოვას მოწმე გახდა, ძალიან თბილად მესაუბრა მომავლის შესახებ ბიბლიაში ჩაწერილ შესანიშნავ დაპირებებზე. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა და აღარ იქნებოდა „სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4). როგორ ვნატრობდი, რომ კვლავ ჯანმრთელი ვყოფილიყავი! მაშინვე დავთანხმდი ბიბლიის შესწავლაზე. ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი. როგორც იქნა, ვიპოვე ნამდვილი იმედის საფუძველი.

ყოველკვირა მთელი გულით ველოდი ბიბლიის შესწავლის დაწყებას. თავიდან სტოიანი მასწავლიდა, შემდეგ კი — და ტოტკა. ის შესანიშნავი ადამიანი იყო. ტოტკა დამეხმარა ბიბლიური ცოდნის გაღრმავებაში და ჩემი ცხოვრება იეჰოვა ღმერთს მივუძღვენი. იმ დროს სოფიაში არ იყო პასუხისმგებელი ძმა, რომელიც დამეხმარებოდა მოვნათლულიყავი, ამიტომ უნდა დავლოდებოდი ძმას მაკედონიიდან. 1978 წლის 11 სექტემბერს, ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, ჩემი სახლის აბაზანაში მოვინათლე. ძალიან ბედნიერი ვიყავი; ჩემს ცხოვრებას ნამდვილი აზრი მიეცა.

ჭეშმარიტება ცეცხლივით გიზგიზებდა ჩემში. ამ ახლად შეძენილ იმედს ვუზიარებდი ყველას, ვინც ჩემთან სახლში მოდიოდა. სამწუხაროდ, ჩემს სიტყვებს სერიოზულად არავინ იღებდა; ალბათ ფიქრობდნენ, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სრულ ჭკუაზე აღარ ვიყავი.

საშინელი შეცდომა

იმ დროს ბულგარეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყო და მთელ ქვეყანაში სულ რამდენიმე მოწმე ცხოვრობდა. ახლომახლო კრება არ იყო, რომ დავსწრებოდი და ვერც თანამორწმუნეებთან ვახერხებდი ხშირ ურთიერთობას. ამას დაემატა ისიც, რომ ვერ გავაცნობიერე იმ ადამიანებთან ახლო ურთიერთობის საშიშროება, რომლებიც ბიბლიური ნორმებით არ ცხოვრობდნენ, რამაც საშინელ შეცდომამდე მიმიყვანა.

სინდისი საშინლად მქენჯნიდა და ძალიან ვიტანჯებოდი იმის გამო, რომ იეჰოვა ღმერთს ჩამოვშორდი. განადგურებული და შერცხვენილი მთელი გულით ვლოცულობდი და იეჰოვას პატიებას ვთხოვდი. მოგვიანებით მოსიყვარულე ქრისტიანი უხუცესების დახმარებით გავძლიერდი სულიერად და კვლავ დიდი სიხარულით ჩავები იეჰოვასადმი მსახურებაში. რამხელა პატივია ემსახურო იეჰოვას სუფთა სინდისით და იყო მის წმინდა ორგანიზაციაში!

შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად ბედნიერი

ორმოცი წლის წინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ დამინგრია ოცნებები და ინვალიდის ეტლს მიმაჯაჭვა. მაგრამ არ ვთვლი, რომ წარუმატებელი ცხოვრება მქონდა და არც სინანულითა და სევდით ვიხსენებ წარსულ დღეებს. ბიბლიური ჭეშმარიტება დამეხმარა იმის დანახვაში, რომ ჩემი ოცნება ისეთ საკითხებთან იყო დაკავშირებული, რომელთაც მარადიული ღირებულება არ ჰქონდა. თავად გავხდი იმის მოწმე, თუ როგორ მწარედ გაუცრუვდათ იმედი ჩემს ყოფილ კოლეგებს, რომლებმაც კარიერა ცირკში განაგრძეს. მე კი ვიპოვე უძვირფასესი რამ — ჩემს შემოქმედთან, იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობა. ამან გაცილებით დიდი ბედნიერება მომიტანა, ვიდრე ცირკში მუშაობა მომიტანდა.

გარდა ამისა, დიდ სიხარულს მანიჭებს იმის დანახვა, თუ როგორ იძენენ სხვები ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ ცოდნას და თავს ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას უძღვნიან. 1977 წელს, როდესაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, ბულგარეთში სულ რამდენიმე იეჰოვას მოწმე იყო. ჯერ კიდევ 1991 წელს, როდესაც კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ოფიციალურად დარეგისტრირდა, მთელ ქვეყანაში ასამდე მოწმე მსახურობდა. რა სასიხარულოა იმის დანახვა, რომ სამეფოს მაუწყებელთა რაოდენობამ დღეს უმაღლეს რიცხვს მიაღწია და თითქმის 1 800-მდე გაიზარდა!

ბულგარეთში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ღვთის სიტყვის შესახებ ცოდნის მიღება ბევრს სურს, რაც კარგად გამოჩნდა 2010 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთა რაოდენობიდან, რომელმაც 3 914 შეადგინა. ჩემი აზრით, ეს იმის დასტურია, რომ იეჰოვამ აკურთხა ბულგარეთში მცირე წამოწყება და ჩემ თვალწინ შესრულდა ესაიას 60:22, სადაც წერია, რომ „პატარა ძლიერ ხალხად“ გადაიქცევა.

სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი და ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო ბულგარულ ენაზე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა, რის შესახებაც გამოცხადდა 2009 წლის აგვისტოში სოფიაში ჩატარებულ საოლქო კონგრესზე დევიზით „იფხიზლეთ!“. ჩემი ოცნება ასრულდა! ის მართლაც ძალიან დაეხმარება იმ ბულგარელებს, რომლებსაც ბიბლიური ჭეშმარიტება სწყურიათ.

მართალია, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობების გამო ბევრის გაკეთება არ შემიძლია ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად, მაგრამ დიდი სიხარულით ვუზიარებ ბიბლიურ ჭეშმარიტებას მეზობლებსა და ყველას, ვინც ჩემს კართან მოდის. ერთხელ, აივნიდან დავუძახე მეზობელს, რომელმაც ჩემს სახლთან გაიარა. ის სახლში შემოვიდა და მას შემდეგ, რაც ბიბლიიდან რამდენიმე გამამხნევებელი აზრი გავუზიარე, ბიბლიის შესწავლაზე დამთანხმდა. საოცრად ბედნიერი ვიყავი, როდესაც ის მოინათლა და ჩემი სულიერი და გახდა. მიხარია, რომ ოთხ ადამიანს დავეხმარე, იეჰოვასთვის მიეძღვნათ თავი.

ყველაზე მეტი სიხარული და მხნეობა მოაქვს ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებას ასობით და-ძმასთან ერთად, რომლებიც ჩემთვის ოჯახის წევრებივით არიან. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც მოხუცებისა და ინვალიდებისთვის სპეციალური სატრანსპორტო მომსახურება არ არსებობს, ამიტომ ჩემთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს კრების შეხვედრებზე წასვლა. მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ ახალგაზრდა ძმის, რომელიც ჩემზე სიყვარულით ზრუნავს. მას მანქანით დავყავარ კრების შეხვედრებზე. მადლობა იეჰოვას, რომ ამ მოსიყვარულე სულიერი ოჯახის წევრი ვარ!

როდესაც განვლილ ცხოვრებას ვიხსენებ, ვხედავ, რომ ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ახალგაზრდობაში ვოცნებობდი. მაგრამ იეჰოვასადმი მსახურებას უდიდესი ბედნიერება მოაქვს დღეს და მომავლის დიდ იმედს მაძლევს. დიდად ვაფასებ ღვთის დანაპირებს, რომ სამოთხეში დედამიწაზე „კოჭლი ირემივით იხტუნებს“ (ესაია 35:6). ველოდები იმ დღეს, როდესაც წამოვხტები ინვალიდის სავარძლიდან და სრულყოფილი ჯანმრთელობა მექნება.

[ჩანართი 30 გვერდზე]

„ყველაზე მეტი სიხარული და მხნეობა მოაქვს ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებას“

[ჩანართი 31 გვერდზე]

«ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო ბულგარულ ენაზე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა»

[სურათი 29 გვერდზე]

ჩემი კარიერა 15 წლიდან დაიწყო