არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა მოინათლონ ბავშვები?

უნდა მოინათლონ ბავშვები?

უნდა მოინათლონ ბავშვები?

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქალიშვილი ახლა იეჰოვას ემსახურება და ვიცი, რომ ისიც ბედნიერია“, — ამბობს კარლოსი, * ქრისტიანი მამა ფილიპინებიდან. ერთმა მამაკაცმა საბერძნეთიდან დაწერა: „მე და ჩემი მეუღლე კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენი სამივე შვილი მოზარდობის ასაკში მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. ისინი სულიერად წინ მიიწევენ და სიხარულით ემსახურებიან იეჰოვას“.

ქრისტიან მშობლებს აქვთ სიხარულის საფუძველი, როცა მათი შვილები ინათლებიან. მაგრამ ეს სიხარული ზოგჯერ შიშნარევია. ერთმა დედამ თქვა: „ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ვნერვიულობდი“. რატომ დაეუფლა მას ურთიერთსაპირისპირო გრძნობები? ის განაგრძობს: „მესმოდა, რომ ჩემი შვილი იეჰოვას წინაშე ახლა უკვე სრულად იყო ანგარიშვალდებული“.

მონათვლა და იეჰოვას მსახურება თითოეულ ბავშვს მიზნად უნდა ჰქონდეს დასახული. მაგრამ ღვთისმოშიში მშობლები შეიძლება ფიქრობენ: „ვიცი, რომ ჩემმა შვილმა სულიერად წინ წაიწია, მაგრამ არის ის იმდენად მტკიცე, რომ გაუძლოს უზნეობის ცდუნებას და სუფთა დარჩეს იეჰოვას თვალში?“ სხვები, შესაძლოა, საკუთარ თავს უსვამენ კითხვას: „განაგრძობს ჩემი შვილი ღვთისადმი სიხარულითა და ენთუზიაზმით მსახურებას, მაშინ როცა მატერიალიზმის ცდუნების წინაშე დადგება?“ რა ბიბლიური რჩევები დაეხმარება მშობლებს, განსაზღვრონ, არის თუ არა მათი შვილი მზად ნათლობისთვის?

უმთავრესია, ბავშვი ქრისტეს მოწაფე იყოს

ღვთის სიტყვა არ აკონკრეტებს ასაკს, თუ როდის შეიძლება მოინათლოს ადამიანი. ნაცვლად ამისა, მასში ნათქვამია, რა სულიერი მდგომარეობა უნდა ჰქონდეს მას, ვინც ამ ნაბიჯს დგამს. იესომ თავის მიმდევრებს დაავალა: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი“ (მათ. 28:19). ასე რომ, უნდა მოინათლოს ის, ვინც ქრისტეს მოწაფეა.

რას ნიშნავს, იყო ქრისტეს მოწაფე? „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ ნათქვამია: „ეს ტერმინი უმთავრესად გამოიყენება მათ მიმართ, ვისაც არა მხოლოდ სწამს, არამედ ვინც ცხოვრობს კიდეც ქრისტეს სწავლებების თანახმად“. შეუძლიათ ბავშვებს, იყვნენ ქრისტეს ნამდვილი მოწაფეები? ერთი და, რომელიც ლათინურ ამერიკაში 40 წელზე მეტია მისიონერად მსახურობს, საკუთარ თავსა და თავის ორ დაზე წერს: „არც ისე პატარები ვიყავით, ვერ განგვესაზღვრა, რომ იეჰოვას მსახურება და სამოთხეში ცხოვრება გვინდოდა თუ არა. ჩვენი მიძღვნა დაგვეხმარა, სიმტკიცე შეგვენარჩუნებინა, მაშინ როდესაც ახალგაზრდული ცდუნებების წინაშე ვიდექით. სულაც არ ვნანობთ, რომ იეჰოვას თავი ბავშვობაში მივუძღვენით“.

როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, არის თუ არა თქვენი შვილი ქრისტეს მოწაფე? ბიბლიაში ნათქვამია: „ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“ (იგავ. 20:11). განვიხილოთ რამდენიმე ფაქტორი, საიდანაც ჩანს თქვენი შვილის, როგორც ქრისტეს მოწაფის, წარმატება (1 ტიმ. 4:15).

საიდან ჩანს, რომ ბავშვი ქრისტეს მოწაფეა?

გემორჩილებათ თქვენი შვილი? (კოლ. 3:20). აკეთებს სახლში იმას, რასაც ავალებთ? ბიბლიაში 12 წლის იესოზე ნათქვამია: „კვლავაც ემორჩილებოდა [მშობლებს]“ (ლუკ. 2:51). რასაკვირველია, დღეს ვერც ერთი ბავშვი ვერ დაემორჩილება მშობელს სრულყოფილად. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები „ერთგულად მიჰყვებიან მის [იესოს] ნაკვალევს“. ასე რომ, ბავშვები, რომელთაც მონათვლა უნდათ, მშობლებს უნდა ემორჩილებოდნენ (1 პეტ. 2:21).

დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: ეძებს უპირველესად თქვენი შვილი სამეფოს და ქადაგებს? (მათ. 6:33). აქვს მას იმის სურვილი, სასიხარულო ცნობა სხვებსაც გაუზიაროს, თუ თქვენ ახსენებთ გამუდმებით, რომ მსახურებაში გავიდეს და კარდაკარ იქადაგოს? გრძნობს, რამხელა პასუხისმგებლობაა, იყოს მოუნათლავი მაუწყებელი? აქვს სურვილი, განმეორებით მოინახულოს ადამიანი, რომელმაც ინტერესი გამოავლინა? კლასელები და მასწავლებლები იცნობენ მას, როგორც იეჰოვას მოწმეს?

არის მისთვის მნიშვნელოვანი კრებებზე დასწრება? (ფსალმ. 122:1). აკეთებს კომენტარებს „საგუშაგო კოშკის“ შესწავლასა და კრების ბიბლიის შესწავლაზე? გულმოდგინედ იღებს მონაწილეობას თეოკრატიული მსახურების სკოლაში? (ებრ. 10:24, 25).

ცდილობს თქვენი შვილი, შეინარჩუნოს ზნეობრივი სიწმინდე და მოერიდოს საზიანო ურთიერთობებს სკოლაში თუ სხვაგან? (იგავ. 13:20). როგორ მუსიკას, კინოფილმებს, სატელევიზიო გადაცემებს, ვიდეოთამაშებსა და ინტერნეტის რომელ საიტებს ანიჭებს უპირატესობას? ჩანს მისი სიტყვებიდან და საქმეებიდან, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრება სურს?

რამდენად კარგად იცის თქვენმა შვილმა ბიბლია? შეუძლია თავისი სიტყვებით გადმოსცეს ის, რაც ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე ისწავლა? შეუძლია ძირითადი ბიბლიური სწავლებების ახსნა? (იგავ. 2:6—9). აინტერესებს ბიბლიის კითხვა და იმ პუბლიკაციების შესწავლა, რომელსაც ერთგული და გონიერი მონა გვაწვდის? (მათ. 24:45). უჩნდება კითხვები ბიბლიურ სწავლებებსა თუ მუხლებზე?

ამ კითხვებზე დაფიქრება დაგეხმარებათ, განსაზღვროთ სულიერად წინ მიიწევს თუ არა თქვენი შვილი. მათზე დაფიქრების შემდეგ შეიძლება დაასკვნათ, რომ სანამ მოინათლება მას ზემოხსენებულ ზოგიერთ საკითხში გაუმჯობესება სჭირდება. მაგრამ, თუ თქვენი შვილის ცხოვრებიდან ჩანს, რომ ის ქრისტეს მოწაფეა, და მან თავი მიუძღვნა ღმერთს, შეგიძლიათ ნათლობის ნება მისცეთ.

ბავშვებს შეუძლიათ განადიდონ იეჰოვა

ღვთის მრავალმა მსახურმა, მაგალითად, იოსებმა, სამუელმა, იოშიამ და იესომ, ერთგულება სიყმაწვილიდანვე გამოავლინა (დაბ. 37:2; 39:1—3; 1 სამ. 1:24—28; 2:18—20; 2 მატ. 34:1—3; ლუკ. 2:42—49). აგრეთვე ფილიპეს ოთხი ქალიშვილი, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, როგორც ჩანს, ადრეული ასაკიდანვე იყვნენ განსწავლულნი (საქ. 21:8, 9).

ერთ-ერთი მოწმე საბერძნეთში ამბობს: „12 წლის ვიყავი, როცა მოვინათლე. ჩემი გადაწყვეტილება არასდროს მინანია. მას შემდეგ 24 წელი გავიდა და აქედან 23 წელი სრული დროით მსახურებაში გავატარე. იეჰოვას სიყვარული ყოველთვის მეხმარებოდა ახალგაზრდული პრობლემების დაძლევაში. 12 წლის ასაკში იმდენი ბიბლიური ცოდნა არ მქონდა, რამდენიც დღეს მაქვს. მაგრამ ვიცოდი, რომ მიყვარდა იეჰოვა და მინდოდა მისთვის მარადიულად მემსახურა. მიხარია, რომ ღმერთი დამეხმარა, გამეგრძელებინა მსახურება“.

თუ ადამიანი თავისი ცხოვრებით ცხადყოფს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, უნდა მოინათლოს, მიუხედავად იმისა, დიდია თუ პატარა. მოციქულმა პავლემ დაწერა: „გულით სწამთ სიმართლის მისაღწევად, პირით კი სახალხოდ აღიარებენ გადასარჩენად“ (რომ. 10:10). როდესაც ქრისტეს ახალგაზრდა მოწაფე მონათვლას აპირებს, ის და მისი მშობლები ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე დგანან. არაფერს მისცეთ იმის უფლება, რომ თქვენ და თქვენს შვილებს ხელი შეგიშალოთ ამ დიდი სიხარულის განცდაში.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

სათანადო შეხედულება ნათლობაზე

ზოგი მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვის მონათვლა კარგია, მაგრამ ის გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. იმავეს თქმა შეიძლება მართვის მოწმობის აღებაზეც. მაგრამ, განა ნათლობას ან წმინდა მსახურებას ოდესმე შეუქმნია საფრთხე ადამიანის მომავალი წარმატებისთვის? ამ კითხვაზე ბიბლიის პასუხი უარყოფითია. იგავების 10:22-ში ნათქვამია: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“. აგრეთვე პავლემ ახალგაზრდა ტიმოთეს მისწერა: „სინამდვილეში კი დიდი მონახვეჭი ის არის, რომ იყო ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს“ (1 ტიმ. 6:6).

რასაკვირველია, იეჰოვას მსახურება ადვილი არ არის. იერემია ღვთის წინასწარმეტყველად მსახურებისას მრავალ სირთულეს წააწყდა. მაგრამ ჭეშმარიტი ღვთის მსახურების შესახებ, მან დაწერა: „შენი სიტყვა ჩემი მხიარულებაა, გულის სიხარულია, რადგან შენი სახელით ვიწოდები, იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო!“ (იერ. 15:16). იერემიამ იცოდა, რომ ღვთის მსახურებას სიხარული მოაქვს. სატანის ქვეყნიერება კი პრობლემებითაა სავსე. ამიტომ მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს, დაინახონ ეს სხვაობა (იერ. 1:19).

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

ნაადრევი ხომ არ არის ნათლობა?

ზოგჯერ მაშინაც კი, როდესაც ბავშვი მზად არის ნათლობისთვის, მშობლები ფიქრობენ, რომ ეს ჯერ ნაადრევია. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

მეშინია, რომ ნათლობის შემდეგ ჩემმა შვილმა რაიმე სერიოზული ცოდვა არ ჩაიდინოს და არ გაირიცხოს. გონივრულია, გვჯეროდეს, რომ თუ ბავშვი არ მოინათლება, ის ღვთის წინაშე თავის საქციელზე პასუხს არ აგებს? სოლომონმა ახალგაზრდებს უთხრა: „ყოველივე ამისთვის [შენი საქციელისთვის] ჭეშმარიტი ღმერთი გაგასამართლებს“ (ეკლ. 11:9). პავლეს მხედველობაში კონკრეტული ასაკი არ ჰქონია, როცა თქვა: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომ. 14:12).

როგორც მონათლული, ისე მოუნათლავი თაყვანისმცემლები ღვთის წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან. გახსოვდეთ, რომ იეჰოვა იცავს თავის მსახურებს და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც მათ „შესაძლებლობებს აღემატება“ (1 კორ. 10:13). მას, ვინც ფხიზლობს და ებრძვის ცდუნებებს, შეუძლია ღვთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს (1 პეტ. 5:6—9). ერთი ქრისტიანი დედა წერს: «მონათლულ ბავშვებს უფრო მეტი მიზეზი აქვთ, რომ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ ყოველივე ცუდს მოერიდონ. ჩემი ბიჭი, რომელიც 15 წლის ასაკში მოინათლა, ფიქრობს, რომ ნათლობა მას ბევრი რამისგან იცავს. მან თქვა: „არც კი ფიქრობ იმაზე, რაც ღვთის კანონის საპირისპიროა“. ნათლობა კარგი სტიმულია იმისათვის, რომ ახალგაზრდამ ღვთისმოსაწონად იცხოვროს».

თუ ბავშვს სიტყვითა თუ საქმით ასწავლით, დაემორჩილოს იეჰოვას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის ნათლობის შემდეგაც ასე განაგრძობს მოქცევას. იგავების 20:7-ში ნათქვამია: „მართალი უმწიკვლობით დადის; ბედნიერნი არიან მისი ვაჟები“.

მინდა, რომ ჩემმა შვილმა ჯერ გარკვეულ მიზნებს მიაღწიოს. ბავშვმა უნდა ისწავლოს მუშაობა, რათა მოგვიანებით საკუთარი თავის რჩენა შეძლოს. მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ მშობელმა ბავშვს უბიძგოს იმისკენ, რომ განათლება და ფინანსური კეთილდღეობა ღვთის მსახურებაზე წინ დააყენოს. „თესლთან“, ანუ სამეფოზე სიტყვასთან, დაკავშირებით, რომელიც არ იზრდება, იესომ თქვა: „ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ ნაყოფი ვერ გამოაქვს, რადგან ქვეყნიერების საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა აშთობს სიტყვას“ (მათ. 13:22). თუ მშობელი შვილს იმისკენ უბიძგებს, რომ ქვეყნიური მიზნები ღმერთთან ურთიერთობაზე წინ დააყენოს, ამით შეიძლება ახალგაზრდაში ღვთისადმი მსახურების სურვილი ჩაკლას.

იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც მზად იყვნენ ნათლობისთვის, მაგრამ მშობლები მათი ნათლობის წინააღმდეგი იყვნენ, ერთმა გამოცდილმა უხუცესმა თქვა: „თუ მშობელი ბავშვს ნებას არ რთავს, რომ მოინათლოს, ამით აფერხებს მის სულიერ წინსვლას, რამაც შეიძლება ბავშვი გულგატეხილობამდე მიიყვანოს“. ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა კი დაწერა: „ბავშვმა შეიძლება თავი სულიერად დაუცველად და უღირსად იგრძნოს. შედეგად, წარმატებების მიღწევას ქვეყნიერებაში ეცადოს“.

[სურათი]

უნდა იდგეს პირველ ადგილზე უმაღლესი განათლება?

[სურათი 3 გვერდზე]

ბავშვმა შეიძლება ცხადყოს, რომ ქრისტეს მოწაფეა თუ . . .

[სურათები 3 გვერდზე]

ემზადება კრების შეხვედრებისთვის და მათში იღებს მონაწილეობას

[სურათი 4 გვერდზე]

ემორჩილება მშობლებს

[სურათი 4 გვერდზე]

ქადაგებს

[სურათი 4 გვერდზე]

ლოცულობს