არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„პატივი ეცით მათ, ვინც ირჯება თქვენ შორის“

„პატივი ეცით მათ, ვინც ირჯება თქვენ შორის“

„პატივი ეცით მათ, ვინც ირჯება თქვენ შორის“

„გთხოვთ, ძმებო, რომ პატივი სცეთ მათ, ვინც ირჯება თქვენ შორის, ვინც გხელმძღვანელობთ უფალში და შეგაგონებთ“ (1 თეს. 5:12).

1, 2. ა) რა მდგომარეობა იყო თესალონიკეს კრებაში, როდესაც პავლემ მათ პირველი წერილი მისწერა? ბ) რისკენ მოუწოდა პავლემ თესალონიკელებს?

წარმოიდგინეთ, რომ პირველი საუკუნის თესალონიკეს კრების, ევროპაში ერთ-ერთი პირველ კრების, წევრი ხართ. მოციქულმა პავლემ იქ საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო ძმების განსამტკიცებლად. ისევე, როგორც სხვა კრებებში, მან უხუცესები იქაც დანიშნა ხელმძღვანელობის გასაწევად (საქ. 14:23). კრება ახალი დაფუძნებული იყო, როცა იუდეველებმა ხალხი პავლესა და სილას წინააღმდეგ აამხედრეს და ქალაქიდან გაყარეს. თესალონიკელი ქრისტიანები, ალბათ, თავს მიტოვებულად გრძნობდნენ და, შესაძლოა, შეშინებულებიც კი იყვნენ.

2 ცხადია, იქაურობის დატოვების შემდეგ, პავლეს აღელვებდა თესალონიკელი და-ძმების მდგომარეობა. ის ცდილობდა დაბრუნებას, მაგრამ „სატანა ეღობებოდა გზაზე“. ამიტომ მან ტიმოთე გაგზავნა კრების გასამხნევებლად (1 თეს. 2:18; 3:2). როცა ტიმოთემ კარგი ამბები მიუტანა, პავლეს სურვილი გაუჩნდა, თესალონიკელებისთვის წერილი მიეწერა. სხვა საკითხებთან ერთად, პავლემ და-ძმებს მოუწოდა, პატივი ეცათ მათთვის, ვინც მათ შორის ირჯებოდა (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:12—14).

3. რა საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდათ თესალონიკელ ქრისტიანებს იმისათვის, რომ დიდად დაეფასებინათ უხუცესები?

3 თესალონიკეს კრების პასუხისმგებელი ძმები პავლესა და მისი თანამსახურებივით გამოცდილები არ იყვნენ. მათ არც ის სულიერი მემკვიდრეობა ჰქონდათ მიღებული, რაც იერუსალიმელ უხუცესებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კრება ერთი წლისაც არ იყო. მიუხედავად ამისა, კრების წევრებს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ, მადლიერები ყოფილიყვნენ უხუცესების, რომლებიც „ირჯებოდნენ“, კრებას „ხელმძღვანელობდნენ“ და ძმებს „შეაგონებდნენ“. მათ უნდა გაეთვალისწინებინათ პავლეს თხოვნა: „დიდად დააფასეთ ისინი [უხუცესები] სიყვარულით“. ამ თხოვნის შემდეგ პავლე ურჩევს მათ: „მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში“. თესალონიკეში რომ ყოფილიყავით, დააფასებდით უხუცესების მძიმე შრომას? როგორ უყურებთ „ძღვენს ადამიანთა სახით“, რომლებიც ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით დანიშნა თქვენს კრებაში? (ეფეს. 4:8).

„ვინც ირჯება“

4, 5. რატომ უწევდათ პავლეს დღეებში უხუცესებს გარჯა და როგორ ირჯებიან უხუცესები დღეს?

4 როგორ ირჯებოდნენ თესალონიკელი უხუცესები ბერეაში პავლესა და სილას გაგზავნის შემდეგ? ისინი ჰბაძავდნენ პავლეს და, ეჭვგარეშეა, კრებას წმინდა წერილებით ასწავლიდნენ. მაგრამ, შეიძლება დაგებადოთ კითხვა: აფასებდნენ თესალონიკელი ქრისტიანები ღვთის სიტყვას? ბიბლიაში ნათქვამია, რომ ბერეელები „თესალონიკელებზე კეთილშობილები იყვნენ, რადგან . . . გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს“ (საქ. 17:11). აქ შედარება გაკეთებულია ზოგადად თესალონიკელ იუდეველებთან და არა ქრისტიანებთან. მათ, ვინც მორწმუნეები გახდნენ, ღვთის სიტყვა მიიღეს „არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა“ (1 თეს. 2:13). ცხადია, უხუცესები მძიმედ შრომობდნენ იმისათვის, რომ თანაქრისტიანები სულიერად გამოეკვებათ.

5 დღეს ერთგული და გონიერი მონა ღვთის ფარას „დროული სულიერი საზრდოთი“ უზრუნველყოფს (მათ. 24:45). მონის ხელმძღვანელობით ადგილობრივი უხუცესები ირჯებიან, რათა და-ძმები სულიერად გამოკვებონ. კრების წევრებს უხვად აქვთ ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა. ზოგ ენაზე ბიბლიის გამოსაკვლევად ხელმისაწვდომია სხვადასხვა საშუალებები, მაგალითად, „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“ და „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკა კომპაქტ-დისკზე. კრების წევრების სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, უხუცესები არაერთ საათს უთმობენ შეხვედრებისთვის მომზადებას, რომ მოცემული ინფორმაცია და-ძმებს ეფექტურად გადასცენ. ოდესმე გიფიქრიათ, რამდენ დროს უთმობენ უხუცესები კრების შეხვედრებისა თუ კონგრესებისთვის მომზადებას?

6, 7. ა) რა მაგალითი დაუტოვა პავლემ თესალონიკელ უხუცესებს? ბ) რატომ შეიძლება არ იყოს ადვილი დღეს უხუცესებისთვის, რომ მიჰბაძონ პავლეს?

6 თესალონიკელ უხუცესებს ახსოვდათ პავლეს ბრწყინვალე მაგალითი, თუ როგორ უნდა დაემწყემსათ ფარა. ისინი ამას მექანიკურად ან მოვალეობის მოხდის მიზნით არ აკეთებდნენ. როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, პავლე კრებაზე ისევე ზრუნავდა, როგორც „მეძუძური დედა ევლება თავს შვილებს“ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:7, 8 ). ის მზად იყო, საკუთარი სულიც კი გაეღო მათთვის. უხუცესებსაც პავლეს მსგავსად უნდა დაემწყემსათ ღვთის სამწყსო.

7 დღეს, ქრისტიანი უხუცესებიც პავლეს მსგავსად თავს ევლებიან ღვთის ცხვრებს. ზოგი ქრისტიანი შეიძლება ბუნებით არ იყოს თბილი, ან უჭირდეს ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, უხუცესები ცდილობენ, გამოავლინონ წვდომის უნარი და „ყოველივე კარგი“ იპოვონ მათში (იგავ. 16:20). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უხუცესები არასრულყოფილები არიან და მათ შეიძლება დიდი ძალისხმევა დასჭირდეთ იმისათვის, რომ თანამორწმუნეებზე დადებითი თვალსაზრისი ჰქონდეთ. უხუცესები ნამდვილად იმსახურებენ ქებას, ვინაიდან ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა ქრისტეს ხელმძღვანელობით კარგი მწყემსები იყვნენ და თბილად მოეპყრონ ყველას.

8, 9. რა და რა სახით ფხიზლობენ უხუცესები „ჩვენს სულებზე“?

8 ყველას გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, რომ დავემორჩილოთ უხუცესებს. როგორც პავლემ დაწერა, „ისინი ფხიზლობენ ჩვენს სულებზე“ (ებრ. 13:17). ეს გამოთქმა გვახსენებს პირდაპირი გაგებით მწყემსს, რომელიც თავისი ფარის დასაცავად ღამეებს ათენებს. მსგავსადვე, დღეს უხუცესები ძილს იკლებენ, რომ იზრუნონ ავადმყოფებზე ან მათზე, ვისაც ემოციური თუ სულიერი პრობლემები აქვთ. მაგალითად, საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებში მომსახურე ძმებს, თუ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, ღამეც კი აღვიძებენ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ მსახურებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად ვხვდებით მსგავს სიტუაციაში.

9 რეგიონალურ სამშენებლო კომიტეტებსა თუ დახმარების კომიტეტებში მომსახურე უხუცესები მართლაც ირჯებიან და-ძმების დასახმარებლად. ისინი ჩვენგან მთელი გულით მხარდაჭერას იმსახურებენ. გავიხსენოთ, რა დიდი დახმარება აღმოუჩინეს მათ და-ძმებს, როდესაც მიანმას 2008 წელს ციკლონ „ნარგისმა“ გადაუარა. სტიქიით დაზარალებული ირავადის დელტის რეგიონში მდებარე ბოტინგონში ჩასვლამდე მაშველთა ჯგუფს რთული გზის გავლა მოუწია. ყველაფერი დანგრეული იყო და ირგვლივ დაღუპულთა გვამები ეყარა. იეჰოვას მოწმეები პირველები ჩავიდნენ ბოტინგონში დასახმარებლად. როდესაც ადგილობრივმა ძმებმა ისინი დაინახეს, სიხარულით წამოიძახეს: „ნახეთ, ჩვენი სარაიონო ზედამხედველი მოვიდა! იეჰოვამ გადაგვარჩინა!“. აფასებთ მძიმე შრომას, რომელსაც უხუცესები დღე და ღამე ეწევიან? ზოგიერთი უხუცესი ინიშნება სპეციალურ კომიტეტებში სამართლებრივი საკითხების განსახილველად. უხუცესები არ ტრაბახობენ თავიანთი მიღწევებით, მაგრამ ისინი, ვისაც მათ დახმარება აღმოუჩინეს, მართლაც მადლიერები არიან (მათ. 6:2—4).

10. რა ნაკლებად თვალში საცემ საქმეებს აკეთებენ უხუცესები?

10 მრავალ უხუცესს კრების დოკუმენტაციასთანაც უწევს მუშაობა. მაგალითად, უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი ყოველკვირეული შეხვედრების გეგმებს ადგენს. კრების მდივანი აჯამებს ყოველთვიურ თუ წლიურ სამქადაგებლო ანგარიშებს. სკოლის ზედამხედველი გულისყურით ეკიდება სკოლის გეგმას. ყოველ სამ თვეში ცხადდება კრების საფინანსო შემოწმების ანგარიში. უხუცესები კითხულობენ ფილიალიდან მიღებულ წერილებს და იქ მოცემული მითითებების თანახმად მოქმედებენ, რაც „რწმენის ერთიანობის“ შენარჩუნებას უწყობს ხელს (ეფეს. 4:3, 13). ასე მძიმედ მშრომელი უხუცესების გარჯის შედეგად „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად“ ხდება (1 კორ. 14:40).

„ვინც გხელმძღვანელობთ“

11, 12. ვინ ხელმძღვანელობს კრებას და რა შედის ამაში?

11 პავლემ თესალონიკელი გამრჯე უხუცესები კრების „ხელმძღვანელებად“ მოიხსენია. ბერძნულ ორიგინალში ამ სიტყვას შეიძლება „წინ მდგომის“ მნიშვნელობაც ჰქონდეს და ითარგმნოს, როგორც „მიმართულების მიმცემი; ის, ვინც წინ მიუძღვის“ (1 თეს. 5:12). პავლემ ამ უხუცესებს „გამრჯეებიც“ უწოდა. ის ლაპარაკობდა არა მარტო ერთ ხელმძღვანელზე, არამედ კრების ყველა უხუცესზე. დღეს უხუცესთა უმეტესობა, ასე ვთქვათ, კრების წინ დგას და შეხვედრებს უძღვება. ახალი სახელწოდება „უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი“ კი იმის დანახვაში გვეხმარება, რომ ყველა უხუცესი მოქმედებს, როგორც ერთი სხეულის ნაწილი.

12 კრების „ხელმძღვანელობა“ მხოლოდ სწავლებით არ შემოიფარგლება. იგივე მნიშვნელობა აქვს 1 ტიმოთეს 3:4-ში გამოყენებულ სიტყვას, „განაგებს“. პავლემ თქვა, რომ ზედამხედველი „ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს და შვილები მთელი სერიოზულობით უნდა ემორჩილებოდნენ“. სიტყვა „განაგებდეს“ აშკარად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ასწავლო შვილს. ამ სიტყვაში მთელი ოჯახისთვის ხელმძღვანელობის გაწევაც იგულისხმება და შვილების მორჩილებაში ყოლაც. დიახ, უხუცესები ხელმძღვანელობენ კრებას და მის თითოეულ წევრს ეხმარებიან, დაემორჩილონ იეჰოვას (1 ტიმ. 3:5).

13. რატომ არის საჭირო დრო უხუცესთა საბჭოს შეხვედრაზე გადაწყვეტილების მისაღებად?

13 ღვთის ცხვარს კარგად რომ უხელმძღვანელონ, უხუცესები ერთმანეთში მსჯელობენ, თუ რა სჭირდება კრებას და როგორ დაეხმარონ და-ძმებს საუკეთესოდ. ერთი შეხედვით, შეიძლება უფრო მოხერხებული იყოს, რომ ყველა გადაწყვეტილება ერთმა უხუცესმა მიიღოს. მაგრამ, ისევე, როგორც პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭო, დღევანდელი უხუცესთა საბჭოებიც სხვადასხვა საკითხის განხილვისას თავისუფლად მსჯელობენ და ხელმძღვანელობისთვის ბიბლიას მიმართავენ. მათი მიზანია, კრების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ბიბლიური პრინციპები გამოიყენონ. ასეთი შეხვედრები ბევრად მეტი სარგებლობის მომტანია, როდესაც თითოეული უხუცესი წინასწარ ემზადება, განიხილავს ბიბლიასა და ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებულ სახელმძღვანელო მითითებებს. რასაკვირველია, ამას დრო სჭირდება. უხუცესები გარკვეულ საკითხებში შეიძლება ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ, როგორც ეს პირველ საუკუნეში ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს შორის იყო წინადაცვეთასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში საჭირო ხდება დამატებითი დრო და გამოკვლევა, რათა საბოლოოდ ბიბლიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღონ (საქ. 15:2, 6, 7, 12—14, 28).

14. აფასებთ იმას, რომ უხუცესები ერთიანობის სულით თანამშრომლობენ? რატომ ფიქრობთ ასე?

14 რა შეიძლება მოხდეს, თუ ერთი უხუცესი თავისას დაიჟინებს ან სულ თავისი აზრის გატანას ცდილობს? ან რა მოხდება, თუ ვინმე, პირველ საუკუნეში მცხოვრებ დიოტრეფეს მსგავსად, უთანხმოების თესლს თესავს? (3 იოან. 9, 10). ეს, რა თქმა უნდა, მთელი კრებისთვის იქნება საზიანო. თუ სატანა პირველ საუკუნეში ცდილობდა კრებისთვის ზიანის მიყენებას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მას დღესაც სურს კრების სიმშვიდის დარღვევა. ის თავის სასარგებლოდ იყენებს ადამიანის ეგოისტურ მიდრეკილებებს, მაგალითად, თავის გამოჩენის სურვილს. ამიტომ უხუცესებმა უნდა იმუშაონ თავმდაბლობაზე და ერთმანეთთან ითანამშრომლონ, როგორც ერთი სხეულის ნაწილებმა. ჩვენ ვაფასებთ თავმდაბალ უხუცესებს, რომლებიც სიყვარულით თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

„ვინც შეგაგონებთ“

15. რა უნდა ამოძრავებდეთ უხუცესებს, როდესაც ძმას ან დას შეაგონებენ?

15 შემდეგ პავლე ყურადღებას ამახვილებს უხუცესთა რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან დავალებაზე — ფარის შეგონებაზე. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მხოლოდ პავლე იყენებს სიტყვას, რომელიც „შეგონებად“ ითარგმნა. ის შეიძლება მიუთითებდეს მკაცრ რჩევაზე, მაგრამ მტრული დამოკიდებულების მაჩვენებელი არ არის (საქ. 20:31; 2 თეს. 3:15). მაგალითად, პავლემ კორინთელებს მისწერა: „ამას თქვენ შესარცხვენად კი არ ვწერ, არამედ შეგაგონებთ, როგორც საყვარელ შვილებს“ (1 კორ. 4:14). პავლეს კორინთელი ქრისტიანებისადმი სიყვარული აღძრავდა, რომ შეეგონებინა ისინი.

16. რა ახსოვთ ყოველთვის უხუცესებს, როდესაც სხვებს შეაგონებენ?

16 უხუცესებს ყოველთვის ახსოვთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ შეაგონებენ სხვებს. ისინი ცდილობენ, მიჰბაძონ პავლეს და იყვნენ რბილები, მოსიყვარულეები და მზრუნველები (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:11, 12 ). ცხადია, უხუცესი „სარწმუნო სიტყვას უნდა იყოს ჩაჭიდებული, რათა შეეძლოს . . . ჯანსაღი სწავლებით დარიგება“ (ტიტ. 1:5—9).

17, 18. რა უნდა გახსოვდეთ, როდესაც უხუცესები რჩევას გაძლევენ?

17 უხუცესები არასრულყოფილები არიან და შეიძლება ისეთი რამე თქვან, რასაც მოგვიანებით ინანებენ (1 მეფ. 8:46; იაკ. 3:8). აგრეთვე, მათ იციან, რომ სულიერ და-ძმებს ნებისმიერი აღმზრდელობითი ზომა, ჩვეულებრივ, „სიხარულად კი არა . . . მწუხარებად“ ეჩვენებათ (ებრ. 12:11). ამიტომ უხუცესები ვინმესთვის რჩევის მიცემამდე ბევრს ფიქრობენ და ლოცულობენ. თუ რჩევას გაძლევენ, აფასებთ იმას, რომ ამ დროს უხუცესი სიყვარულით ზრუნავს თქვენზე?

18 დავუშვათ, ცუდად გრძნობთ თავს და არ იცით რა გჭირთ. ექიმმა სწორი დიაგნოზი დაგისვათ. თქვენ კი გიჭირთ იმის დაჯერება, რომ ეს დაავადება გაქვთ. გაბრაზდებოდით ამ დროს ექიმზე? არა. ოპერაციის გაკეთებაც რომ შემოეთავაზებინა, დასთანხმდებოდით, რადგან გესმით, რომ ეს თქვენთვისვე იქნება სასარგებლო. იმან, თუ როგორ მოგაწვდით ექიმი ინფორმაციას, შეიძლება თქვენს გრძნობებზე იმოქმედოს, მაგრამ მიიღებთ გადაწყვეტილებას გრძნობების საფუძველზე? ალბათ, არა. მსგავსად ამისა, იმის გამო, თუ როგორ გაძლევენ უხუცესები რჩევას, ნუ უგულებელყოფთ შეგონებას, რადგან იეჰოვა და იესო მათ თქვენი სულიერი წინსვლისა და დაცვისთვის იყენებენ.

დააფასეთ იეჰოვას ძღვენი — უხუცესები

19, 20. როგორ შეგიძლიათ გამოავლინოთ მადლიერება იეჰოვას მიერ ბოძებული ძღვნისთვის?

19 წარმოიდგინეთ, რომ საჩუქარი მოგართვეს. გამოავლენდით მადლიერებას და გამოიყენებდით ამ საჩუქარს? იეჰოვამ იესო ქრისტეს მეშვეობით მოგართვათ „ძღვენი ადამიანთა სახით“. ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეგიძლიათ მადლიერება გამოხატოთ ამ საჩუქრისთვის, არის ის, რომ გულისყურით მოუსმინოთ უხუცესების მოხსენებებს და ეცადოთ ამ რჩევების ცხოვრებაში გამოყენებას. მადლიერების გამოხატვა კრების შეხვედრებზე გააზრებული კომენტარების გაკეთებითაც შეგიძლიათ. მხარი დაუჭირეთ უხუცესებს სხვადასხვა საქმეში, მაგალითად, მსახურებაში. თუ უხუცესის მიერ მოცემულმა რჩევამ სარგებლობა მოგიტანათ, კარგი იქნება, თუ მას ამის შესახებ ეტყვით. გარდა ამისა, მადლიერების გამოვლენა უხუცესების ოჯახების მიმართაც შეიძლება. გახსოვდეთ, რომ დრო, რომელსაც უხუცესები კრების საქმეებზე ზრუნვას ახმარენ, ის დროა, რომელიც შეეძლოთ თავიანთი ოჯახებისთვის დაეთმოთ.

20 დიახ, უამრავი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ მადლიერება გამოვავლინოთ უხუცესებისადმი, რადგან ისინი ირჯებიან, გვხელმძღვანელობენ და შეგვაგონებენ. იეჰოვამ მართლაც რომ სიყვარულით გვიბოძა „ძღვენი ადამიანთა სახით“!

გახსოვთ?

• რა საფუძველი ჰქონდათ თესალონიკელ ქრისტიანებს იმისათვის, რომ დაეფასებინათ ისინი, ვინც მათ ხელმძღვანელობდა?

• როგორ ირჯებიან თქვენთვის თქვენი კრების უხუცესები?

• რა სარგებლობა მოაქვს უხუცესების ხელმძღვანელობას თქვენთვის?

• რა უნდა გახსოვდეთ, როდესაც უხუცესი შეგაგონებთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 27 გვერდზე]

ავლენთ მადლიერებას იმისათვის, რომ უხუცესები სხვადასხვა სახით ზრუნავენ კრებაზე?