არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აზრიანი ცხოვრება ახლაც და მარადიულადაც

აზრიანი ცხოვრება ახლაც და მარადიულადაც

აზრიანი ცხოვრება ახლაც და მარადიულადაც

შესაძლებელია დღესვე გქონდეთ აზრით სავსე ცხოვრება? სავსებით შესაძლებელია, თუ გაითვალისწინებთ ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში მოცემულ გონივრულ პრინციპებს. მოდი, დავფიქრდეთ ზოგ ასეთ პრინციპზე.

ბიბლიური პრინციპი: „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით“ (ეკლესიასტე 2:24).

ჩვენ ისე ვართ შექმნილნი, რომ ღირებული საქმის კეთება კმაყოფილებას გვანიჭებს. რთულ ვითარებაშიც კი შეგიძლიათ კმაყოფილება პოვოთ, თუ გულმოდგინედ და პატიოსნად მუშაობთ.

ბიბლიური პრინციპი: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

ბევრმა დაინახა, რომ, როდესაც გაჭირვებულთა დასახმარებლად დროსა და ენერგიას არ იშურებს, ამას მათთვის არაერთი კურთხევა მოაქვს და მათი ცხოვრება აზრიანი ხდება. სოლომონმა თქვა: „ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, როცა შენს ხელს ამის ძალა შესწევს“ (იგავები 3:27).

დავფიქრდეთ რალფის მაგალითზე. მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავიდა, თავის მეუღლის მსგავსად სრული დროით მსახურება დაიწყო. ისინი ყოველთვე არაერთ საათს უთმობენ ქრისტიანულ მსახურებას და სხვებს ბიბლიას ასწავლიან. რალფი და მისი მეუღლე ამბობენ: „ყოველ საღამოს სახლში დაღლილები ვბრუნდებით, რადგან უკვე ასაკში ვართ. მაგრამ გვიხარია, რომ ღვთის საქმეში ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა!“ ის და მისი ცოლი ბედნიერები არიან, რადგან უყვართ მთელი გულით გაცემა.

ბიბლიური პრინციპი: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

გაცილებით ადვილია პრობლემებთან ჭიდილი, როცა ვინმე გიდგას მხარში. ინგლისელმა ფილოსოფოსმა ფრანსის ბეკონმა დაწერა, რომ ვისაც მეგობარი არ ჰყავს, „უდაბნოში დაკარგულს ჰგავს“. ნამდვილი მეგობრების ყოლა და თავადაც კარგი მეგობრობის გაწევა ცხოვრებას გვიადვილებს, გვილამაზებს და გვიხალისებს.

ბიბლიური პრინციპი: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

იესომ აღნიშნა, რომ თუ გვსურს საკუთარი თვალით ვიხილოთ, როგორ შეასრულებს ღმერთი თავის განზრახვას, უნდა გავაცნობიეროთ საკუთარი სულიერი მოთხოვნილებები და დავიკმაყოფილოთ. ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ თანდაყოლილი მოთხოვნილება გვაქვს, ვიცოდეთ, რა არის სიცოცხლის აზრი. მხოლოდ იეჰოვა ღმერთს შეუძლია თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება. როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ბიბლია გვიმჟღავნებს ღვთის განზრახვას დედამიწასთან დაკავშირებით. ღვთის სიტყვაში ახსნილია, რატომ ვართ აქ, რატომ ვიტანჯებით ასე და რას მოელის ღმერთი ჩვენგან. ამ საკითხების შესახებ ბიბლიური ჭეშმარიტების ცოდნა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენმა ცხოვრებამ აზრი შეიძინოს. ის, ვინც დროს უთმობს ბიბლიის შესწავლას და ნასწავლს ცხოვრებაში იყენებს, ბედნიერია, რადგან შემოქმედთან, „ბედნიერ ღმერთთან“, იეჰოვასთან მეგობრობას ავითარებენ (1 ტიმოთე 1:11).

ბიბლიური პრინციპი: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი . . . სანამ დაგიდგებოდეს დამამწუხრებელი დღეები ან წლები, როცა იტყვი: არ მახარებსო ისინი“ (ეკლესიასტე 12:1).

მეფე სოლომონის მიერ ახალგაზრდებისთვის მიცემული რჩევა, რომლებიც შესაძლოა თავიანთ ასაკში ვერ აცნობიერებდნენ, რომ ცხოვრება შეიძლება ტრაგედიად იქცეს, თითოეული ჩვენგანისთვის საყურადღებოა. ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენეთ თქვენი შემოქმედი. ეს თქვენს ცხოვრებას ნამდვილ აზრს შესძენს. უარყავით ასეთი აზროვნება: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორინთელები 15:32). თუ ღმერთს პირველ ადგილზე დააყენებთ, ყველაფერში „ხელი მოგემართებათ“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 8:12-ში.

ერთმა გოგონამ, ვენდიმ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ახალგაზრდობაში მან და მისმა დამ ესპანური ისწავლეს, რათა დომინიკელთა რესპუბლიკაში გადასულიყვნენ, სადაც სასიხარულო ცნობის მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ისინი იხსენებენ: „ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ, რათა გვემსახურა იქ, სადაც საჭიროება იყო; ეს დრო არასდროს დაგვავიწყდება! ექვსი თვის განმავლობაში ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდით! კურთხევები, რომლებიც ამ მსახურებამ მოგვიტანა, გაცილებით აღემატება ჩვენ მიერ გაღებულ მსხვერპლს“.

ღვთის ერთგულება ცხოვრებას აზრიანს ხდის

თუ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას განავითარებთ, ეს თქვენს ცხოვრებას განსაკუთრებულ აზრს შესძენს. სატანამ მხოლოდ ადამი და ევა კი არ აამხედრა ღვთის მმართველობის წინააღმდეგ, არამედ ისიც განაცხადა, რომ გამოცდის დროს არავინ დარჩებოდა ღვთის ერთგული (იობი 1:9—11; 2:4). თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ სატანა მატყუარაა! ამას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ დარჩებით ღვთის ერთგული, დაიცავთ მის პრინციპებს და აღიარებთ, რომ იეჰოვას აქვს სრული უფლება, დაგვიდგინოს, რა არის სიკეთე და რა — ბოროტება (გამოცხადება 4:11).

ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს არაერთი სირთულის ატანა, თუ გვინდა, რომ ამ სწორ გზას გავყვეთ. ეს სირთულეები ცხოვრების აზრს ხომ არ დაგვაკარგვინებს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მტერი ცილს სწამებს თქვენს საყვარელ მეგობარს ან ოჯახის წევრს. თუკი საყვარელი ადამიანების მხარდასაჭერად მტრის მხრიდან წინააღმდეგობას შეხვდებოდით, განა ეს ცხოვრების აზრს წაგართმევდათ? რასაკვირველია, არა. ჩვენ ძვირფასი ადამიანის გულისთვის სიხარულით ავიტანდით ნებისმიერ ტკივილს. იგივე შეიძლება ითქვას, როცა საქმე ღვთისადმი ერთგულებას ეხება. როცა რთულ ვითარებაში ვუმტკიცებთ ღმერთს ერთგულებას, სწორედ ეს უხარებს მას გულს (იგავები 27:11).

აზრიანი ცხოვრება უსასრულოდ

ამიტომ, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი გაიგოთ ღვთისა და მისი განზრახვის შესახებ. იესო ქრისტემ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). როდესაც ღმერთი დედამიწასთან დაკავშირებით თავის თავდაპირველ განზრახვას შეასრულებს, ერთგული ადამიანები დატკბებიან „მარადიული სიცოცხლით“ სამოთხეში დედამიწაზე; სწორედ ეს ჰქონდა ღმერთს მათთვის განზრახული. მაშინ ცხოვრება ნამდვილად აზრიანი გახდება (ფსალმუნი 145:16).

სად შეგიძლიათ მიიღოთ ცოდნა, რომლის შესახებაც იესო საუბრობდა? ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვიდან, ბიბლიიდან. თუ გსურთ, გაეცნოთ ბიბლიას, მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს. ისინი სიხარულით დაგეხმარებიან იმის გაგებაში, თუ რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში.