არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

რატომ მიატოვა 60 წლის ქალმა კერპთაყვანისმცემლობა? რამ უბიძგა სინტოისტ მღვდელს, მიეტოვებინა ტაძარში მსახურება და ქრისტიანი გამხდარიყო? როგორ მოიშუშა ჭრილობა ერთმა ქალმა, რომელიც მშობლებმა დაბადებისთანავე გააშვილეს? ამის შესახებ ისინი თავად გვიამბობენ.

„მეტად აღარ ვარ კერპების მონა“ — აბა დანსუ

დაბადების წელი: 1938

ქვეყანა: ბენინი

წარსულში: კერპთაყვანისმცემელი

მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე სოფელ სოჩაჰუვიში, რომელიც ტბის პირას, ჭაობიან ადგილას მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა თევზჭერით ირჩენს თავს და მესაქონლეობასა და მეფრინველეობას მისდევს. ამ მხარეში გზები არ არის გაყვანილი, ამიტომ ხალხი ნავებითა და კანოეებით გადაადგილდება. ისინი სახლებს, ძირითადად, ხითა და თივით აშენებენ, თუმცა ზოგი საშენ მასალად აგურსაც იყენებს. ხალხის უმეტესობა ღატაკია. მიუხედავად ამისა, იქ დამნაშავეობა ისე ფართოდ არ არის გავრცელებული, როგორც ქალაქებში.

მამაჩემმა ბავშვობაში მე და ჩემი და ფეტიშურ მონასტერში გაგვაგზავნა, სადაც ტრადიციულ რწმენას გვაზიარეს. როდესაც გავიზარდე, იორუბას ღვთაების დუდუას (ოდუდუვა) თაყვანისმცემელი გავხდი. სახლიც კი ავუშენე ამ ღვთაებას და რეგულარულად ვწირავდი მას ბატატს, პალმის ზეთს, ლოკოკინებს, წიწილებს, მტრედებსა თუ სხვა ცხოველებს. ეს შესაწირავები საკმაოდ ძვირი მიჯდებოდა, ხშირად მთელი ფული ამაში მეხარჯებოდა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გავიგე, რომ იეჰოვა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. აგრეთვე შევიტყვე, რომ მას არ მოსწონს თაყვანისმცემლობის დროს კერპების გამოყენება (გამოსვლა 20:4, 5; 1 კორინთელები 10:14). მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. ამიტომ, გადავყარე ყველა გამოსახულება და პირწმინდად მოვაშთე სახლიდან ყველაფერი, რაც კერპთაყვანისმცემლობას უკავშირდებოდა. აღარ მივმართავდი ნათელმხილველებს და აღარ ვიღებდი მონაწილეობას ადგილობრივ რიტუალებსა და დაკრძალვის ცერემონიებში.

ჩემი ხნის ქალისთვის ასეთი ცვლილებების მოხდება ნამდვილად არ იყო ადვილი. მეგობრები, ნათესავები და მეზობლები წინააღმდეგობას მიწევდნენ და დამცინოდნენ. მაგრამ იეჰოვას ვთხოვდი, ძალა მოეცა ჩემთვის, რათა სიმართლის მხარეს ვმდგარიყავი. მანუგეშებდა იგავების 18:10-ში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია“.

იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე დასწრებაც დამხმარე აღმოჩნდა ჩემთვის. იქ ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული ვიგრძენი. გულგრილი არ დამტოვა იმანაც, რომ ეს ხალხი ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრებას ცდილობდა. ამ ყველაფერმა დამარწმუნა, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები არიან.

კურთხევები: ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება დამეხმარა, რომ შვილებთან ურთიერთობა გამეუმჯობესებინა. ისიც ვიგრძენი, რომ მხრებიდან დიდი ტვირთი ჩამოვიხსენი. მთელი ჩემი სახსრები უსიცოცხლო კერპებს შევალიე, რომლებიც სრულიად უსარგებლონი აღმოჩნდნენ. ახლა ვემსახურები იეჰოვას, რომელიც ყველა ჩვენს პრობლემას სამუდამოდ გადაჭრის (გამოცხადება 21:3, 4). ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კერპების კი არა, იეჰოვა ღმერთის მონა ვარ! მასთან სიახლოვის წყალობით ნამდვილად დაცული ვარ.

„ბავშვობიდან ღმერთს ვეძებდი“ — შინჯი სატო

დაბადების წელი: 1951

ქვეყანა: იაპონია

წარსულში: სინტოისტი მღვდელი

მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე ფუკუოკას პრეფექტურაში. ჩემი მშობლები ძალიან რელიგიურები იყვნენ; მათ ბავშვობიდან ჩამინერგეს, რომ პატივი მიმეგო სინტოისტური ღვთაებებისთვის. სიყმაწვილეში ხშირად ვფიქრობდი გადარჩენაზე; გასაჭირში მყოფი ხალხის დახმარების ძლიერი სურვილიც მქონდა. დაწყებით კლასში რომ ვიყავი, მასწავლებელმა გვკითხა, რა მიზნებს ვისახავდით მომავალში. ჩემმა კლასელებმა კონკრეტულად თქვეს, თუ ვის რა მიზანი ჰქონდა; მაგალითად, ზოგმა თქვა, რომ უნდოდათ, მეცნიერები გამოსულიყვნენ. მე კი ვთქვი, რომ ღვთის მსახურებაზე ვოცნებობდი. ყველას სიცილი აუტყდა ჩემს სიტყვებზე.

სკოლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სასწავლებელში შევედი. სწავლის დროს გავიცანი სინტოისტი მღვდელი, რომელიც თავისუფალ დროს ერთ შავყდიან წიგნს კითხულობდა. ერთხელ მან მკითხა: „სატო, იცი, რა წიგნს ვკითხულობ?“ მანამდე უკვე შემჩნეული მქონდა, რა ეწერა ყდაზე, ამიტომ ვუპასუხე: „ბიბლიას“. მან მომიგო: „ყველამ, ვისაც სურს, სინტოისტი მღვდელი გახდეს, ეს წიგნი უნდა წაიკითხოს“.

მაშინვე წავედი და ბიბლია შევიძინე. ის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დავდე წიგნების თაროზე და ძალიან ვუფრთხილდებოდი. მაგრამ მის წასაკითხად დრო არ მქონდა, რადგან ძალიან დატვირთული ვიყავი სასწავლებელში. სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბავშვობის ოცნება ამიხდა — სინტოისტი მღვდელი გავხდი და ტაძარში დავიწყე მსახურება.

მაგრამ მალე აღმოვაჩინე, რომ ვერ მივიღე ის, რასაც მოველოდი. მღვდლების უმეტესობა არ ავლენდა სიყვარულსა და მზრუნველობას სხვების მიმართ. ბევრ მათგანს რწმენაც კი არ გააჩნდა. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა იმდენად შორს შეტოპა, რომ ისიც კი მითხრა: „თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო, მხოლოდ ფილოსოფიაზე უნდა ილაპარაკო. რწმენის შესახებ საუბარი აკრძალულია“.

მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო ამიცრუა გული სინტოიზმზე. მართალია, ტაძარში მსახურებას ვაგრძელებდი, მაგრამ სხვა რელიგიების გამოკვლევაც დავიწყე. თუმცა არც ერთი მათგანი არ მთავაზობდა უკეთეს გზას. რაც უფრო მეტ რელიგიას ვიკვლევდი, მით უფრო მიტყდებოდა გული. ვფიქრობდი, რომ არც ერთი რელიგია არ ქადაგებდა ჭეშმარიტებას.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: 1988 წელს შევხვდი ერთ ბუდისტს, რომელმაც მირჩია, ბიბლია წამეკითხა. გამახსენდა სინტოისტი მღვდელი, რომელიც წლების წინ იმავესკენ მომიწოდებდა. გადავწყვიტე, ყურად მეღო ეს რჩევა. დაწყებისთანავე გამიტაცა ბიბლიის კითხვამ. ზოგჯერ მთელი ღამე ვკითხულობდი, სანამ თავზე არ დამათენდებოდა და ახალამოწვერილი მზის სხივები ჩემს ფანჯარაში არ შემოანათებდა.

წაკითხულმა აღმძრა, ბიბლიის ღმერთისთვის ლოცვით მიმემართა. იმ ნიმუშის თანახმად დავიწყე ლოცვა, რომელიც მათეს 6:9—13-შია მოცემული. ყოველ ორ საათში ერთხელ ვიმეორებდი ამ ლოცვას და ამას მაშინაც ვაკეთებდი, როცა სინტოისტურ ტაძარში მსახურებას ვასრულებდი.

უამრავი კითხვა გამიჩნდა წაკითხულის გარშემო. იმ დროს დაქორწინებული ვიყავი და ვიცოდი, რომ იეჰოვას მოწმეები ხალხს ბიბლიას ასწავლიდნენ; ისინი ადრე ჩემს ცოლსაც აკითხავდნენ. როგორღაც მოვძებნე ერთი იეჰოვას მოწმე და ბევრი კითხვა დავუსვი. გაოცებული დავრჩი, რომ ყველა ჩემს კითხვას ბიბლიიდან უპასუხა. მან იზრუნა, რომ იეჰოვას მოწმეებს ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაეწყოთ.

ცოტა ხანში იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე დავიწყე დასწრება. მოწმეებს შორის იყვნენ ისინი, ვისაც ადრე ძალიან უხეშად ვეპყრობოდი, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი. მიუხედავად ამისა, ისინი გულთბილად მომესალმნენ და მთელი გულით მიმიღეს.

ამ შეხვედრებზე ვისწავლე, რომ ღმერთი ქმრებისგან მოითხოვს ოჯახის წევრების მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენას. მანამდე იმდენად გადართული ვიყავი ტაძარში მსახურებაზე, რომ საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას ჩემს მეუღლესა და ორ შვილს. თანდათანობით გონება გამინათდა და დავინახე, რომ ტაძარში თაყვანსაცემად მოსულ ხალხს ყურადღებით ვუსმენდი, მაგრამ ჩემი ცოლისთვის ერთხელაც არ მომისმენია.

ბიბლიის შესწავლის დროს ბევრი რამ გავიგე იეჰოვას შესახებ, რამაც უფრო დამაახლოვა მასთან. განსაკუთრებით შემეხო რომაელების 10:13-ში ჩაწერილი სიტყვები: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. მე ხომ ბავშვობიდან ვეძებდი ღმერთს და აი, როგორც იქნა, დადგა ნანატრი დრო — მე ღმერთი ვიპოვე!

ნელ-ნელა მივედი იმ დასკვნამდე, რომ ტაძარი უნდა დამეტოვებინა. თავდაპირველად განვიცდიდი, რას იფიქრებდნენ სხვები, თუ სინტოიზმს მივატოვებდი. მაგრამ ყოველთვის ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ თუ ჭეშმარიტ ღმერთს სადმე სხვაგან ვიპოვიდი, ჩემს რელიგიაზე უარს ვიტყოდი. ამიტომ, 1989 წლის გაზაფხულზე გადავწყვიტე, ჩემი სინდისის ხმას მივყოლოდი. დავტოვე ტაძარი და იეჰოვას მივენდე.

ტაძრის დატოვება ადვილი არ იყო. როცა ამის შესახებ სასულიერო პირებმა შეიტყვეს, დამტუქსეს და ყველანაირად შეეცადნენ, რომ ტაძარი არ დამეტოვებინა. ყველაზე მეტად ამის თქმა მშობლებისთვის მიმძიმდა. სანამ მათთან მივიდოდი, იმდენად დამძიმებული ვიყავი, რომ გულის არეში ტკივილს ვგრძნობდი, ფეხებში კი — საშინელ სისუსტეს. გზად არაერთხელ გავჩერდი და იეჰოვას ვთხოვე ძალა.

როცა მშობლებთან მივედი, ძალიან მეშინოდა ჩემს ახალ რწმენაზე საუბრის წამოწყება. კარგა ხანს კრინტს ვერ ვძრავდი. ბოლოს, მხურვალე ლოცვის შემდეგ, მამაჩემს ყველაფერი ავუხსენი. მას ვუთხარი, რომ სინტოიზმს ვტოვებდი, რადგან ჭეშმარიტი ღმერთი ვიპოვე. ამის გაგონებაზე მამაჩემს თავზარი დაეცა და ძალიან დაღონდა. ნათესავებმა სახლში მომაკითხეს და ჩემს გადარწმუნებას შეეცადნენ. არ მინდოდა, ოჯახის წევრებისთვის ტკივილი მიმეყენებინა, მაგრამ ვიცოდი, რომ იეჰოვასთვის მსახურება სწორი არჩევანი იყო. დროთა განმავლობაში ოჯახი პატივისცემით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას.

მართალია, ტაძრიდან წამოვედი, მაგრამ გონებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ მქონდა დასალაგებელი. ტაძარში მღვდლად მსახურებამ ღრმა კვალი დატოვა ჩემზე. მიჭირდა წარსულის თავიდან ამოგდება; ყველაფერი ჩემს წინანდელ ცხოვრებას მახსენებდა.

ორი რამ დამეხმარა წარსულის დავიწყებაში. თავდაპირველად მთელი სახლი გადავქექე და ვიპოვე ისეთი ნივთები, რაც ჩემს ყოფილ რელიგიას უკავშირდებოდა. შემდეგ დავწვი ყველაფერი — წიგნები, სურათები და ძვირადღირებული სუვენირებიც კი. მეორე, რაც წარსულის თავიდან ამოგდებაში დამეხმარა, იყო ის, რომ ყველანაირად ვცდილობდი, რაც შეიძლება ხშირი ურთიერთობა მქონოდა იეჰოვას მოწმეებთან. მათთან მეგობრობამ და მათმა მხარდაჭერამ ძალიან დიდი დახმარება აღმომიჩინა. თანდათანობით წარსული ამოიშალა ჩემი მეხსიერებიდან.

კურთხევები: როგორც აღვნიშნე, ჩემს მეუღლესა და შვილებს საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას, რის გამოც ისინი ეულად გრძნობდნენ თავს. მაგრამ, როდესაც გავითვალისწინე ქმრების საყურადღებოდ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევა და დრო დავუთმე ოჯახს, ჩვენი ურთიერთობა უფრო განმტკიცდა. გარკვეული ხნის შემდეგ ჩემი მეუღლეც შემომიერთდა იეჰოვას მსახურებაში. დღეს ჩვენს ვაჟთან, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად ჭეშმარიტ ღმერთს ვცემთ თაყვანს.

როცა ვიხსენებ ბავშვობას და ჩემს ოცნებას, ვხვდები, რომ ვიპოვე იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ვნატრობდი. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, რაოდენ მადლიერი ვარ იეჰოვასი.

„ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა“ — ლინეტ ჰოუგტინგი

დაბადების წელი: 1958

ქვეყანა: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

წარსულში: მშობლებისგან მიტოვებული

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე გერმისტონში, მაღაროელთა ქალაქში. ეს ქალაქი არ იყო ცნობილი დამნაშავეობით. ჩემმა მშობლებმა დაბადებისთანავე გამაშვილეს, რადგან არ შეეძლოთ ჩემი მოვლა. სულ რაღაც 14 დღის ვიყავი, როცა მოსიყვარულე წყვილმა მიშვილა, რომლებსაც მამას და დედას ვეძახდი. მას შემდეგ, რაც გავიგე ჩემი ისტორია, თავი მიტოვებულად ვიგრძენი. ვფიქრობდი, რომ ჩემი დედობილი და მამობილი იმიტომ ვერ მიგებდნენ, რომ მათი სისხლი და ხორცი არ ვიყავი.

16 წლის რომ გავხდი, მეგობრებთან ერთად ბარში დავიწყე სიარული, სადაც ვცეკვავდით და ცოცხალ მუსიკას ვუსმენდით. 17 წელი რომ შემისრულდა, სიგარეტის მოწევა დავიწყე. მინდოდა იმ მოდელებივით ტანწერწეტა ვყოფილიყავი, რომლებიც სიგარეტს რეკლამას უკეთებდნენ. როცა 19 წლის გავხდი, სამუშაოდ წავედი იოჰანესბურგში, სადაც ცუდ წრეში მოვხვდი. მალე უწმაწური სიტყვების გამოყენება დავიწყე, ძალიან ბევრს ვეწეოდი და შაბათ-კვირას უზომოდ ვსვამდი.

მიუხედავად ამისა, ფიზიკურად საკმაოდ აქტიური ვიყავი. რეგულარულად დავდიოდი აერობიკაზე და ქალთა ფეხბურთსაც ვთამაშობდი. გარდა ამისა, თავს არ ვზოგავდი კარიერის შესაქმნელად, რის შედეგადაც კომპიუტერების მწარმოებელ კომპანიაში ჩემი მიღწევებით სახელი გავითქვი. ფინანსურად არ მიჭირდა და ბევრი წარმატებულ ადამიანად მთვლიდა. მაგრამ სინამდვილეში ძალიან უბედური და იმედგაცრუებული ვიყავი. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: როდესაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გავიგე, რომ იეჰოვა არის სიყვარულის ღმერთი. ისიც შევიტყვე, რომ ღმერთმა სიყვარული იმით გამოავლინა, რომ თავისი სიტყვა, ბიბლია მოგვცა; თითქოს მან პირადად მოგვწერა წერილი, რათა ჩვენი ნაბიჯები წარემართა (ესაია 48:17, 18). მივხვდი, რომ თუ მინდოდა, იეჰოვას ჩემთვისაც სიყვარულით ეხელმძღვანელა, ძირეული ცვლილებები უნდა მომეხდინა საკუთარ თავში.

ერთ-ერთი ასეთი ცვლილება ის იყო, რომ სწორად უნდა შემერჩია სამეგობრო წრე. სერიოზულად დამაფიქრა იგავების 13:20-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“. ამ მუხლში მოცემული პრინციპი გამოვიყენე და კავშირი გავწყვიტე ძველ მეგობრებთან და იეჰოვას მოწმეებს შორის შევიძინე ახალი მეგობრები.

ყველაზე რთული ჩემთვის სიგარეტის გადაგდება აღმოჩნდა; ძალიან ვიყავი მასზე დამოკიდებული. როგორც იქნა მოვერიე საკუთარ თავს და მივატოვე ეს ცუდი ჩვევა, მაგრამ ამჯერად სხვა სირთულის წინაშე დავდექი. სიგარეტის გადაგდების შემდეგ 14 კილოგრამამდე მოვიმატე. ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, რის გამოც საკუთარი თავისადმი პატივისცემა დავკარგე. ათი წელი დამჭირდა, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავი. მაგრამ ვიცოდი, რომ სწორად მოვიქეცი, სიგარეტი რომ გადავაგდე. არაერთხელ მივმართე იეჰოვას დახმარებისთვის და მანაც ძალა მომცა, რომ დამეძლია ეს მავნე ჩვევა.

კურთხევები: ამჟამად გაცილებით ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ. შინაგან კმაყოფილებასაც ვგრძნობ — აღარ ვარ გამოდევნებული ქვეყნიურ კარიერას, სახელისა და ქონების მოხვეჭას, ისეთ ამაოებებს, რაც ვითომდა ადამიანს ბედნიერებას ჰპირდება. ნაცვლად ამისა, სიხარულს მანიჭებს სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარება. ამჟამად მეუღლესთან ერთად ვემსახურები იეჰოვას. სასიხარულოა ისიც, რომ ღვთის თაყვანისცემაში სამი ყოფილი კოლეგაც შემოგვიერთდა. სანამ ჩემი მამობილი და დედობილი დაიღუპებოდნენ, მათ აღდგომის შესახებ ბიბლიურ იმედზე ვესაუბრე.

იეჰოვასთან დაახლოების შედეგად თავს მიტოვებულად აღარ ვგრძნობ. მისი წყალობით მივეკუთვნები მსოფლიო ოჯახს, სადაც არაერთი დედა, მამა და და-ძმა მყავს (მარკოზი 10:29, 30).

[სურათი 12 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეებს შორის ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული ვიგრძენი

[სურათი 13 გვერდზე]

სინტოისტური ტაძარი, სადაც ერთ დროს ვმსახურობდი