არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იდეები ოჯახთან ერთად თაყვანისცემისა და პირადი შესწავლისთვის

იდეები ოჯახთან ერთად თაყვანისცემისა და პირადი შესწავლისთვის

იდეები ოჯახთან ერთად თაყვანისცემისა და პირადი შესწავლისთვის

იეჰოვას მოწმეებმა 2009 წლიდან დაწყებული კრების შეხვედრების განრიგში ცვლილება შეიტანეს. შუა კვირაში ორი შეხვედრის ნაცვლად, ახლა ერთი შეხვედრა ტარდება. ხელმძღვანელმა საბჭომ კრების ყველა წევრს მოუწოდა, რომ გამოთავისუფლებული საღამო ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის ან პირადი შესწავლისთვის გამოეყენებინათ. გაითვალისწინეთ უკვე ეს რჩევა? იღებთ ამ ღონისძიებიდან მაქსიმალურ სარგებლობას?

ზოგისთვის არ იყო ადვილი, განესაზღვრა, თუ რა მასალა უნდა განეხილათ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს. ხელმძღვანელ საბჭოს არ სურს, რომ ერთი და იგივე სტანდარტი დაუდგინოს ყველა ოჯახს. რამდენადაც ყველას მდგომარეობა განსხვავებულია, თითოეულმა ოჯახის თავმა ან თითოეულმა ქრისტიანმა უნდა აწონ-დაწონოს და გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს ეს დრო საუკეთესოდ.

ზოგი კრების შეხვედრებისთვის ემზადება, მაგრამ ოჯახთან ერთად თაყვანისცემა მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლოს. სხვები კითხულობენ, არჩევენ ბიბლიურ მუხლებს და ბიბლიურ დრამებსაც კი დგამენ, განსაკუთრებით პატარებისთვის. ყოველთვის არ არის აუცილებელი, და სასურველიც კი, შესწავლის კითხვა-პასუხებით განხილვა, როგორც ეს კრების შეხვედრებზე ხდება ხოლმე. თავისუფალი ატმოსფერო ხელს უწყობს გულღია საუბრებსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას. ასეთი განწყობა კარგ გარემოს ქმნის შემოქმედებითი აზროვნებისთვის, რაც შესწავლებს ყველასთვის დაუვიწყარსა და სასიამოვნოს ხდის.

სამი შვილის მამა წერს: „ჩვენ, ძირითადად, ბიბლიას ვკითხულობთ. შესწავლამდე ყველა ვკითხულობთ რამდენიმე თავს. ბავშვები თვითონ ირჩევენ, რომელი მუხლები გამოიკვლიონ და შემდეგ თავიანთ აზრებს გვიზიარებენ. მაიკლი [7 წლის] ხშირად ხატავს ან თავისი სიტყვებით წერს წაკითხულს. დეივიდი [13 წლის] და ქეთლინი [15 წლის] ხშირად ბიბლიურ ისტორიას ისე გადმოსცემენ, თითქოს თავად იყვნენ თვითმხილველები. მაგალითად, როდესაც წავიკითხეთ ბიბლიური მონაკვეთი იმის შესახებ, თუ როგორ აუხსნა იოსებმა სიზმრები მცხობელთა უფროსსა და მერიქიფეთა უფროსს, ქეთლინმა თემა ისე შეადგინა, თითქოს თვითონ ესწრებოდა ამ სიტუაციას ციხეში“ (დაბ. 40).

ჩვეულებრივ, ყველას მდგომარეობა განსხვავდება. ის, რაც ერთისთვის კარგია, შეიძლება სხვისთვის არ იყოს პრაქტიკული. თანდართულ ჩარჩოში მოცემულია რამდენიმე იდეა, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ოჯახთან ერთად თაყვანისცემის ან პირადი შესწავლის დროს. ცხადია, შეიძლება თქვენ სხვა იდეებიც მოგივიდეთ.

[ჩარჩო/სურათი 6, 7 გვერდებზე]

ოჯახებისთვის, რომლებსაც მოზარდები ჰყავთ

• წაიკითხეთ და განიხილეთ „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“

• წარმოიდგინეთ, რომ ბიბლიურ დროში ცხოვრობთ (იხილეთ 1996 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 12, აბზ. 17, 18)

• ისაუბრეთ გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებზე

• დროდადრო უყურეთ ბიბლიაზე დაფუძნებულ ვიდეოფილმებს და იმსჯელეთ

• განიხილეთ „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკა „ახალგაზრდებისთვის“

წყვილებისთვის, რომლებსაც ბავშვები არ ჰყავთ

• განიხილეთ წიგნიდან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, 1, 3, 11—16 თავები

• ერთმანეთს გაუზიარეთ ბიბლიის კითხვისას თქვენ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები

• მოემზადეთ კრების ბიბლიის შესწავლისთვის ან „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის

• განიხილეთ, როგორ შეგიძლიათ მსახურების გაფართოება

დაუქორწინებელი და რწმენაში მარტო მყოფი და-ძმებისთვის

• შეისწავლეთ საოლქო კონგრესებზე მიღებული ახალი პუბლიკაციები

• წაიკითხეთ მიმდინარე და გასული წლების „წელიწდეულები“

• მოძებნეთ იმ კითხვებზე პასუხები, რომლებსაც ხშირად სვამენ თქვენს ტერიტორიაზე

• მოამზადეთ შეთავაზებები სამქადაგებლო მსახურებისთვის

ოჯახებისთვის, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ

• გაითამაშეთ ბიბლიური სცენები

• ითამაშეთ სააზროვნო თამაშები. მაგალითად, გამოიყენეთ „გამოიღვიძეთ!“-ის 30 და 31 გვერდები

• დროდადრო გამოიყენეთ შემოქმედებითი უნარი (იხილეთ 2011 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 11)

• განიხილეთ „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკა „ასწავლეთ შვილებს“