არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათ იპოვეს მესია!

მათ იპოვეს მესია!

მათ იპოვეს მესია!

„მესია ვიპოვეთ“ (იოან. 1:41).

1. რა მოხდა მანამ, სანამ ანდრია იტყოდა, მესია ვიპოვეთო?

იოანე ნათლისმცემელი თავის ორ მოწაფესთან ერთად დგას. იესოს დანახვაზე იოანე ამბობს: „აი ღვთის კრავი!“ ანდრია სხვა მოწაფესთან ერთად იესოს მიჰყვება და მთელი დღე ერთად არიან. მოგვიანებით ანდრიამ მოძებნა თავისი ძმა სიმონ-პეტრე და უთხრა: „მესია ვიპოვეთ“. შემდეგ ის იესოსთან წაიყვანა (იოან. 1:35—41).

2. რა სარგებლობას მოგვიტანს, თუ განვაგრძობთ მესიის შესახებ წინასწარმეტყველებების გამოკვლევას?

2 დროთა განმავლობაში, ანდრიას, პეტრესა და სხვებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოეკვლიათ წერილები და ყოველგვარი ეჭვის გარეშე გაეცხადებინათ, რომ იესო ნაზარეთელი აღთქმული მესია იყო. თუ განვაგრძობთ მესიის შესახებ წინასწარმეტყველებების გამოკვლევას, ღვთის სიტყვისა და მისი ცხებულისადმი რწმენა უფრო განგვიმტკიცდება.

„აი, მოდის . . . შენი მეფე“

3. რომელი წინასწარმეტყველებები შესრულდა იერუსალიმში იესოს ტრიუმფალური შესვლით?

3 მესია ტრიუმფალურად შევიდოდა იერუსალიმში. ზაქარიამ იწინასწარმეტყველა: „გაიხარე, სიონის ასულო! სიხარულით იყიჟინე, იერუსალიმის ასულო! აი, შენი მეფე მოდის შენთან! მართალი და დახსნილია ის, თავმდაბალია, ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული“ (ზაქ. 9:9). ფსალმუნმომღერალმა კი დაწერა: „კურთხეული იყოს იეჰოვას სახელით მომავალი!“ (ფსალმ. 118:26). იესოს არ შეეძლო ხალხით მანიპულირება. მის დანახვაზე ისინი სიხარულით აყიჟინდნენ, რითაც წინასწარმეტყველება შესრულდა. სახარების ამ მონაკვეთის კითხვისას, წარმოიდგინეთ ეს სცენა და მხიარული შეძახილები, რაც იქ ისმოდა (წაიკითხეთ მათეს 21:4—9 ).

4. ახსენით, როგორ შესრულდა ფსალმუნის 118:22, 23.

4 მრავალი იესოს „დაიწუნებდა“, როგორც მესიას, მაგრამ ის ღვთისთვის ძვირფასი იქნებოდა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო მოძულებული და უგულებელყოფილი იქნებოდა მათ მიერ, ვისაც ფაქტების დანახვა არ უნდოდა (ეს. 53:3; მარ. 9:12). მაგრამ ღმერთმა ფსალმუნმომღერალი შთააგონა, დაეწერა: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა კუთხის თავში დასადები ქვა გახდა. ეს იეჰოვამ მოახდინა“ (ფსალმ. 118:22, 23). იესომ თავის რელიგიურ მოწინააღმდეგეებს ამ წინასწარმეტყველებაზე გაუმახვილა ყურადღება. პეტრემ კი თქვა, რომ ეს ქრისტეზე შესრულდა (მარ. 12:10, 11; საქ. 4:8—11). იესო ქრისტიანული კრების „ქვაკუთხედად იქცა“. უღვთო ადამიანების მიერ დაწუნებული, „ღვთისთვის რჩეული და ძვირფასი“ იყო (1 პეტ. 2:4—6).

ის გასცეს და მიატოვეს

5, 6. რა იყო ნაწინასწარმეტყველები მესიის გაცემაზე და როგორ შესრულდა ის?

5 ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესიას ვერაგულად გასცემდა ახლობელი. დავითმა იწინასწარმეტყველა: „ვისთანაც მშვიდობა მქონდა, ვისაც ვენდობოდი და ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი“ (ფსალმ. 41:9). ძველ ისრაელში მას, ვისთანაც ჭამდნენ პურს, მეგობრად მიიჩნევდნენ (დაბ. 31:54). ასე რომ, იუდა ისკარიოტელის მიერ იესოს გაცემა ყველაზე ვერაგული ქმედება იყო. იესომ დავითის წინასწარმეტყველური სიტყვების შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მოციქულებთან საუბრისას თავისი გამცემი მოიხსენია: «ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ, ვიცი, ვინც ამოვირჩიე, მაგრამ უნდა შესრულდეს წმინდა წერილში დაწერილი: „მან, ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი“» (იოან. 13:18).

6 მესია უნდა გაცემულიყო 30 ვერცხლად, მონის ფასად. მათემ ყურადღება გაამახვილა ზაქარიას 11:12, 13-ზე და აღნიშნა, რომ იესოს ასე მცირე თანხად გასცემდნენ. მაგრამ, რატომ თქვა მათემ, რომ ეს იერემიამ იწინასწარმეტყველა? მათეს დღეებში, შესაძლოა, იერემიას წინასწარმეტყველებით იწყებოდა ბიბლიური წიგნების კრებული, რომელშიც ზაქარიას წინასწარმეტყველებაც შედიოდა (შეადარეთ ლუკას 24:44). იუდამ ვერ გამოიყენა ეს უპატიოსნო გზით მოპოვებული თანხა. მან ფული ტაძარში დაყარა, შემდეგ კი თავი მოიკლა (მათ. 26:14—16; 27:3—10).

7. როგორ შესრულდა ზაქარიას 13:7?

7 მესიის მოწაფეებიც კი გაიფანტებოდნენ. ზაქარიამ დაწერა: „დაჰკარი მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები“ (ზაქ. 13:7). ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: «ამაღამ ყველანი დაბრკოლდებით და მიმატოვებთ, რადგან დაწერილია: „დავკრავ მწყემსს და გაიფანტება სამწყსოს ცხვარი“». სწორედ ასეც მოხდა. მათე განაგრძობს: „ყველა მოწაფემ მიატოვა ის [იესო] და გაიქცნენ“ (მათ. 26:31, 56).

ბრალი დასდეს და სცემეს

8. როგორ შესრულდა ესაიას 53:8?

8 მესიას გაასამართლებდნენ და მსჯავრს დასდებდნენ (წაიკითხეთ ესაიას 53:8 ). 14 ნისანს, როგორც კი გარიჟრაჟდა, სინედრიონის წევრებმა მოითათბირეს, იესო შებოჭეს და რომაელ მმართველ პონტიუს პილატეს გადასცეს. მან დაკითხა იესო და ბრალი ვერაფერში დასდო. პილატემ ხალხს იესოს გათავისუფლება შესთავაზა, მაგრამ ბრბო აყვირდა: „ბოძზე გააკარი!“ და ბოროტმოქმედ ბარაბას გათავისუფლება მოითხოვა. პილატემ დააკმაყოფილა ბრბოს სურვილი, გაათავისუფლა ბარაბა, იესო კი გააშოლტვინა და ბოძზე გასაკრავად გადასცა (მარ. 15:1—15).

9. რა მოხდა იესოს დღეებში, როგორც ფსალმუნის 35:11-ში იყო ნაწინასწარმეტყველები?

9 მესიის წინააღმდეგ ცრუმოწმეები დაამოწმებდნენ. ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: „აღსდგნენ მოძალადე მოწმეები; რაც არ ვიცი, იმას მეკითხებიან“ (ფსალმ. 35:11). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო: „უფროსი მღვდლები და მთელი სინედრიონი ცრუმოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი“ (მათ. 26:59). ფაქტობრივად, „ბევრი ცრუმოწმე გამოდიოდა მის წინააღმდეგ, მაგრამ მათი ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა“ (მარ. 14:56). იესოს მტრებს არ აღელვებდათ, რომ მის წინააღმდეგ ცრუმოწმეები გამოჰყავდათ. მათ მხოლოდ იესოს სიკვდილი სწყუროდათ.

10. ახსენით, როგორ შესრულდა ესაიას 53:7.

10 მესია დადუმდებოდა ბრალმდებლების წინაშე. ესაიამ იწინასწარმეტყველა: „შევიწროებული იყო, თავი დააჩაგვრინა და ხმა არ დაუძრავს. ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად; როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს სიტყვა“ (ეს. 53:7). როცა იესოს „უფროსი მღვდლები და უხუცესები სდებდნენ ბრალს, არაფერს პასუხობდა“. პილატემ ჰკითხა მას: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“ მაგრამ იესოს „პასუხი არ გაუცია, სიტყვაც კი არ დაუძრავს. გამგებელს ეს ძალიან უკვირდა“ (მათ. 27:12—14). იესო ლანძღვით არ პასუხობდა თავის მოწინააღმდეგეებს (რომ. 12:17—21; 1 პეტ. 2:23).

11. როგორ შესრულდა ესაიას 50:6-სა და მიქას 5:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები?

11 ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მესიას სცემდნენ. „ზურგი მივუშვირე დამრტყმელებს, ლოყები — წვერების მგლეჯელებს. სახე არ დამიფარავს დამცირებისა და ფურთხისგან“, — წერდა ესაია (ეს. 50:6). მიქამ კი იწინასწარმეტყველა: „ჯოხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს“ (მიქ. 5:1). სახარების დამწერმა მარკოზმა დაადასტურა ამ წინასწარმეტყველებების შესრულება: «ზოგიერთები აფურთხებდნენ [იესოს], სახეს უფარავდნენ, მუშტებს ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: „იწინასწარმეტყველე!“ სასამართლოს აღმასრულებლებიც ურტყამდნენ სახეში და ისე მიჰყავდათ». მარკოზის თქმით, ჯარისკაცები „თავში ლერწამს ურტყამდნენ, აფურთხებდნენ, [დაცინვით] მუხლს იდრეკდნენ და მდაბლად თაყვანს სცემდნენ“ (მარ. 14:65; 15:19). მაგრამ იესო სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

სიკვდილამდე ერთგული

12. როგორ უკავშირდება იესოს ფსალმუნის 22:16 და ესაიას 53:12?

12 ნაწინასწარმეტყველები იყო მესიის სიკვდილთან დაკავშირებული დეტალები. ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: „ბოროტმოქმედთა კრებული შემომერტყა გარს; ლომივით ეტანებიან ჩემს ხელ-ფეხს“ (ფსალმ. 22:16). ბიბლიის მკითხველებისთვის კარგად ცნობილი შემთხვევის აღწერისას სახარების დამწერმა მარკოზმა თქვა: „მესამე საათი [დაახლოებით დილის 9 საათი] იყო, როცა ის ბოძზე გააკრეს“ (მარ. 15:25). ასევე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია შემცოდველებში ჩაითვლებოდა. ესაიამ დაწერა: „სიკვდილს გადასცა თავისი სული და შემცოდველებში ჩაითვალა“ (ეს. 53:12). ასეც მოხდა: „მასთან ერთად ორი ყაჩაღი გააკრეს ბოძებზე: ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ“ (მათ. 27:38).

13. როგორ შესრულდა ფსალმუნის 22:7, 8 იესოზე?

13 დავითმა იწინასწარმეტყველა, რომ მესიას შეურაცხყოფას მიაყენებდნენ (წაიკითხეთ ფსალმუნის 22:7, 8 ). მათე გვამცნობს, რომ წამების ბოძზე გაკრულ იესოს შეურაცხყოფას აყენებდნენ: «გამვლელები გმობდნენ მას, თავს აქნევდნენ და ამბობდნენ: „ეი, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი თავი! თუ ღვთის ძე ხარ, ჩამოდი წამების ბოძიდან!“» უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესებიც დასცინოდნენ მას და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია! ეს ისრაელის მეფეა. მაშ, ჩამოვიდეს წამების ბოძიდან და ვირწმუნებთ მას. ღმერთზე იყო მინდობილი. მაშ, იხსნას, თუ იწონებს მას, რადგან ამბობდა: ღვთის ძე ვარო“ (მათ. 27:39—43). მაგრამ იესომ ყოველივე ეს ღირსეულად აიტანა. მართლაც რომ ბრწყინვალე მაგალითია ჩვენთვის!

14, 15. აღნიშნეთ, როგორ შესრულდა მესიის ტანსაცმელსა და მისთვის ძმრის მიწოდებასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები.

14 მესიის ტანსაცმელზე წილს იყრიდნენ. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ჩემს ტანსაცმელს ინაწილებენ და ჩემს სამოსელზე წილს ყრიან“ (ფსალმ. 22:18). ეს ზუსტად შესრულდა, „როცა [რომაელმა ჯარისკაცებმა] ის [იესო] ბოძზე გააკრეს, მისი ტანსაცმელი წილისყრით გაინაწილეს“ (მათ. 27:35; წაიკითხეთ იოანეს 19:23, 24 ).

15 მესიას ძმარსა და ნაღველს მიაწვდიდნენ. ფსალმუნებში ვკითხულობთ: „შხამიანი მცენარე მომცეს საჭმელად, ძმარი მომაწოდეს წყურვილის მოსაკლავად“ (ფსალმ. 69:21). მათე გვეუბნება: „მას ნაღველნარევი ღვინო მისცეს დასალევად, მაგრამ როგორც კი გემო გაუსინჯა, უარი თქვა დალევაზე. მოგვიანებით ერთი მათგანი გაიქცა, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა“ (მათ. 27:34, 48).

16. ახსენით, როგორ შესრულდა ფსალმუნის 22:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები.

16 ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებული იქნებოდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 22:1 ). წინასწარმეტყველების თანახმად, „მეცხრე საათზე“ [დაახლოებით დღის 3 საათზე] იესომ ხმამაღლა დაიძახა: «ელი, ელი, ლამა საბაქთანი, რაც ასე ითარგმნება: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე“?» (მარ. 15:34). ქრისტეს თავისი ზეციერი მამისადმი რწმენა არ დაუკარგავს. ღმერთმა იესო „მიატოვა“, ანუ თავისი მფარველობის გარეშე დატოვა, რათა მისი ერთგულება ბოლომდე გამოცდილიყო. იესოს მიერ ზემოხსენებული სიტყვების თქმით ფსალმუნის 22:1 შესრულდა.

17. როგორ შესრულდა ზაქარიას 12:10 და ფსალმუნის 34:20?

17 მესიას განგმირავდნენ, მაგრამ ძვლებს არ გადაუმტვრევდნენ. იერუსალიმის მკვიდრები „შეხედავდნენ მას, ვინც განგმირეს“ (ზაქ. 12:10). ფსალმუნის 34:20-ში კი ვკითხულობთ: „[ღმერთი] იცავს მის ძვლებს, არც ერთი მათგანი არ გადატყდება“. მოციქულმა იოანემ დაადასტურა, რომ ასეც მოხდა: «ერთმა ჯარისკაცმა [იესოს] შუბი გაუყარა ფერდში და მაშინვე სისხლი და წყალი წამოუვიდა. ეს თვითმხილველმა [იოანემ] დაამოწმა და მისი დამოწმება ჭეშმარიტია . . . ეს ყოველივე მოხდა, რათა შესრულებულიყო წმინდა წერილში დაწერილი: „მისი ძვალი არ გადატყდება“». ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია: „შეხედავენ მას, ვინც განგმირეს“ (იოან. 19:33—37).

18. როგორ დაიმარხა იესო მდიდრებთან?

18 მესიას მდიდრებთან დამარხავდნენ (წაიკითხეთ ესაიას 53:5, 8, 9 ). 14 ნისანს, საღამოს „ერთმა არიმათეელმა მდიდარმა კაცმა, სახელად იოსებმა“ პილატეს იესოს სხეული სთხოვა და მისგან თანხმობა მიიღო. მათე დასძენს: „იოსებმა წაიღო ცხედარი, საუკეთესო სელის სუფთა ტილოში შეახვია და ახალ სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში ჰქონდა გამოკვეთილი. სამარხის შესასვლელს ლოდი მიაგორა და წავიდა“ (მათ. 27:57—60).

განადიდეთ მესია, ცხებული მეფე

19. რა მოვლენებმა ცხადყო, რომ შესრულდა ფსალმუნის 16:10?

19 მესია მკვდრეთით აღდგებოდა. დავითმა დაწერა: „შენ [იეჰოვა] არ დატოვებ ჩემს სულს სამარეში“ (ფსალმ. 16:10). წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული იქნებოდნენ ქალები, რომლებიც იესოს სამარხთან მივიდნენ. მათ იქ ხორცშესხმული ანგელოზი დახვდათ, რომელმაც უთხრა: „ნუ გეშინიათ. თქვენ ეძებთ იესო ნაზარეთელს, რომელიც ბოძზე გააკრეს. ის აღდგა, აქ აღარ არის. აი აქ ესვენა“ (მარ. 16:6). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში შეკრებილ ხალხს მოციქულმა პეტრემ განუცხადა: „[დავითმა] წინასწარ იხილა და თქვა, რომ ქრისტე აღდგებოდა, არც სამარეში იქნებოდა მიტოვებული და არც მისი სხეული გაიხრწნებოდა“ (საქ. 2:29—31). ღმერთმა არ დაუშვა, რომ თავისი საყვარელი ძის სხეული გახრწნილიყო. უფრო მეტიც, იესო სასწაულებრივად აღდგა მკვდრეთით, როგორც სულიერი პიროვნება (1 პეტ. 3:18).

20. რა არის ნაწინასწარმეტყველები მესიის მმართველობის შესახებ?

20 წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთი განაცხადებდა, რომ იესო მისი ძეა (წაიკითხეთ ფსალმუნის 2:7; მათეს 3:17 ). ხალხი განადიდებდა იესოს და მის სამეფოს. მოდი, ჩვენც სიხარულით ვისაუბროთ ქრისტესა და მის კურთხეულ მმართველობაზე (მარ. 11:7—10). „ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრებული“ ქრისტე მალე თავის მტრებს გაანადგურებს (ფსალმ. 2:8, 9; 45:1—6). მისი მეფობა მთელ დედამიწაზე მშვიდობასა და კეთილდღეობას მოიტანს (ფსალმ. 72:1, 3, 12, 16; ეს. 9:6, 7). რაოდენ ბედნიერები ვართ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, რომ შეგვიძლია გავაცხადოთ ჭეშმარიტება ღვთის საყვარელი ძის შესახებ, რომელიც ცაში უკვე მეფობს, როგორც ცხებული მეფე, მესია!

როგორ უპასუხებთ?

• როგორ გასცეს და მიატოვეს იესო?

• რა იყო ნაწინასწარმეტყველები იესო ქრისტეს ძელზე გაკვრასთან დაკავშირებით?

• რატომ ხართ დარწმუნებული, რომ იესო აღთქმული მესიაა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 13 გვერდზე]

რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა იერუსალიმში იესოს ტრიუმფალური შესვლით?

[სურათები 15 გვერდზე]

იესო მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, მაგრამ ახლა მეფობს, როგორც ცხებული მეფე