არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის არმაგედონი?

რა არის არმაგედონი?

მკითხველები გვეკითხებიან

რა არის არმაგედონი?

▪ ბევრისთვის არმაგედონი ასოცირდება ბირთვულ ომთან, სტიქიურ უბედურებებთან და ეკოლოგიურ კატასტროფასთან, რომელსაც გლობალური დათბობა იწვევს. ბიბლიაში მოხსენიებული სიტყვა „არმაგედონი“ ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ მოვლენას არ უკავშირდება. მაშ, რას ნიშნავს ეს სიტყვა ბიბლიური გაგებით?

სიტყვა არმაგედონი, რომელიც წიგნ „გამოცხადებაში“ გვხვდება, მიუთითებს განსაკუთრებულ ომზე, „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეზე“, როდესაც ღმერთსა და „მთელი მსოფლიოს მეფეებს“ შორის გაიმართება საბოლოო ბრძოლა. ამ ბრძოლის შესახებ ბიბლიის სხვა მრავალ მონაკვეთშიც ვკითხულობთ (გამოცხადება 16:14—16; ეზეკიელი 38:22, 23; იოელი 3:12—14; ლუკა 21:34, 35; 2 პეტრე 3:11, 12).

რა მოხდება ამ ბრძოლის დროს? წიგნი „გამოცხადება“ ამას სიმბოლური ენით აღწერს: „დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები . . . ცხენზე ამხედრებულისა და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად შეკრებილიყვნენ“. „ცხენზე ამხედრებული“ მხედარი ღვთის ძე, იესო ქრისტეა, რომელიც ღმერთმა ანგელოზთა ლაშქრის მეთაურად დანიშნა, რათა გამარჯვება მოიპოვოს ღვთის მტრებზე (გამოცხადება 19:11—16, 19—21). იერემიას 25:33-ში აღწერილია, რაოდენ დიდი იქნება განადგურებულ უღმერთოთა რიცხვი: „იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან“.

რატომ უნდა მოხდეს არმაგედონი? ერებმა უარყვეს ღვთის უზენაესობა და საკუთარი თავი ღმერთზე მაღლა დააყენეს (ფსალმუნი 24:1). ფსალმუნის 2:2-ში აღწერილია, თუ როგორ უპირისპირდებიან დღევანდელი მმართველები ღმერთს: „დადგნენ დედამიწის მეფეები და შეიკრიბნენ უმაღლესი მოხელეები იეჰოვასა და მისი ცხებულის წინააღმდეგ“.

ამ მოწინააღმდეგეებმა არა მარტო მიისაკუთრეს ის, რაც მათ კანონიერად არ ეკუთვნოდათ, არამედ ბოროტად გამოიყენეს და გააჩანაგეს ეს საკუთრება. დღეს ადამიანები ღუპავენ დედამიწას და აბინძურებენ გარემოს. ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველები იყო, თუ რა სავალალო მდგომარეობა შეიქმნებოდა დედამიწაზე: „ხალხები განრისხდნენ, მოვიდა შენი [ღვთის] რისხვა“. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, დადგება დრო, როცა ღმერთი მოსპობს დედამიწის მომსპობთ (გამოცხადება 11:18). ღმერთი სწორედ არმაგედონში გადაჭრის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს და დაამტკიცებს, რომ მხოლოდ ის არის ადამიანთა სრულუფლებიანი მმართველი (ფსალმუნი 83:18).

როდის მოხდება არმაგედონი? ღვთის ძემ გასაგებად თქვა: „იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მათე 24:36). მაგრამ არმაგედონზე საუბრისას მებრძოლმა მეფე იესო ქრისტემ ასეთი გაფრთხილებაც მისცა ხალხს: „აი, ქურდივით მოვდივარ. ბედნიერია, ვინც ფხიზლობს“ (გამოცხადება 16:15). ამგვარად, ეს გლობალური ომი უკავშირდება იესოს მოსვლას, რომელიც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები და ჩვენს დროში სრულდება.

არმაგედონში გამოუსწორებელი ბოროტები განადგურდებიან, ხოლო „უამრავი ხალხი“ გადარჩება (გამოცხადება 7:9—14). ისინი დაინახავენ, როგორ შესრულდება ეს დანაპირები: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).

[ჩანართი 10 გვერდზე]

„თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“