არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მადლიანი მიწის შვიდი პროდუქტი

მადლიანი მიწის შვიდი პროდუქტი

მადლიანი მიწის შვიდი პროდუქტი

ბიბლიაში ისრაელის მიწა აღწერილია, როგორც მთა-გორიანი მხარე, სადაც არაერთი ველ-მინდორი, ზღვისპირა სანაპირო, პლატო, მდინარე და მოჩუხჩუხე წყაროა. ვინაიდან ეს ქვეყანა გამოირჩევა მრავალფეროვანი ნიადაგითა და კლიმატური ზონით, იქ მრავალი სხვადასხვა სახეობის კულტურა მოჰყავთ. სამხრეთით გადაჭიმულია მზისგან გადახრიოკებული უდაბნო, ჩრდილოეთით კი — დათოვლილი მთები. მოსემ ისრაელებს, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, საკუთარი თვალით ეხილათ „მადლიანი მიწა“, კიდევ უფრო გაუმძაფრა მოლოდინის გრძნობა. მან ამ ქვეყანას უწოდა „ხორბლის, ქერის, ვაზის, ლეღვის და ბროწეულის, ზეთისხილის ზეთისა და თაფლის მიწა“, ანუ მოიხსენია ის შვიდი პროდუქტი, რომელიც ამ მიწაზე მოდიოდა (კანონი 8:7, 8).

როგორც წარსულში, ისე დღესაც ეს შვიდი პროდუქტი ამ მიწასთან ასოცირდება. დროის სხვადასხვა მონაკვეთში ეს პროდუქტები გამოსახული იყო ადგილობრივ მონეტებსა და საფოსტო მარკებზე, როგორც ნაყოფიერი ქვეყნის სიმბოლო. როგორ მოჰყავდათ ეს პროდუქტები ბიბლიურ დროში? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პროდუქტები იქაური ხალხის ცხოვრებაში? ამას სტატიიდან შევიტყობთ.

ხორბალი და ქერი. ჩვეულებრივ, ხორბალი და ქერი შემოდგომაზე ითესება, მაგრამ ქერი ხორბალზე ერთი თვით ადრე იკეთებს თავთავს. ისრაელებს მარტში ან აპრილში უნდა შეეწირათ პირველმოწეული ქერის ძნა იეჰოვასთვის უფუარობის დღესასწაულზე ტაძარში. მაგრამ ხორბლის ფქვილით გამომცხვარი პურები მაისში უნდა შეეწირათ კვირების დღესასწაულზე, ანუ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე (ლევიანები 23:10, 11, 15—17).

საუკუნეების განმავლობაში გლეხები ისრაელში ხორბალსა და ქერს ხელით თესავდნენ. მათ ტანსაცმლის კალთაში ჩაყრილი ჰქონდათ თესლი, საიდანაც მუჭით იღებდნენ მარცვალს და აქეთ-იქით აბნევდნენ. მას შემდეგ, რაც ქერისა და ხორბლის თესლს მიწაზე მიმოაბნევდნენ, გამწევი პირუტყვის მეშვეობით ფარცხავდნენ, რათა მარცვალი მიწით დაფარულიყო.

ბიბლიაში ხშირად არის მოხსენიებული თესვა, მკა, ლეწვა, განიავება და ფქვა, რაც ფაქტია, ფიზიკურ შრომას მოითხოვდა. მომკილ მარცვლეულს ყოველდღიურად ფქვავდნენ და ოჯახისთვის პურს აცხობდნენ. სწორედ ამიტომ თქვა იესომ, რომ დღეისთვის სამყოფი პურისთვის გველოცა (მათე 6:11). ბიბლიურ დროში მცხოვრები ხალხი საკვების მოსამზადებლად, ძირითადად, მსხვილად დაფქულ ხორბლის ან ქერის ფქვილს იყენებდა (ესაია 55:10).

ყურძენი, ლეღვი და ბროწეული. უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალის შემდეგ მოსემ ისრაელ ერს უთხრა, თუ რა ელოდათ მომავალში — ისინი დაიმკვიდრებდნენ მადლიან ქვეყანას და აღთქმული მიწის ნაყოფს იგემებდნენ. ორმოცი წლით ადრე მზვერავებმა ისრაელის ბანაკში აღთქმული მიწიდან წამოიღეს ნაყოფი, რაც იმას ცხადყოფდა, რომ ეს მიწა ნაყოფიერი იყო. მათ „მოჭრეს ვაზის მტევნიანი ლერწი“, რომელიც ისეთი მძიმე იყო, რომ „ორმა კაცმა ლატნით წამოიღო“. მათ ლეღვი და ბროწეულიც მიიტანეს ბანაკში. ალბათ, ამის დანახვაზე უდაბნოში ნახეტიალებ ხალხს პირზე ნერწყვი მოადგებოდა. მათ მართლაც ბევრი სასიამოვნო რამ ელოდათ წინ! (რიცხვები 13:20, 23).

ვაზს ნაყოფი რომ გამოესხა, აუცილებელი იყო მისი გამუდმებით მოვლა. კარგი მოსავლის ასაღებად საჭირო იყო მისი გასხვლა და მორწყვა. ფერდობზე გაშენებულ კარგად მოვლილ ვენახს ტერასებისგან ღობე ჰქონდა შემოვლებული; ამავე ტერიტორიაზე იდგა დარაჯის პატარა ქოხი. ისრაელებისთვის კარგად იყო ცნობილი, რამდენად მძიმე შრომას მოითხოვდა ვენახის მოვლა და ისიც კარგად ესმოდათ, რა მოხდებოდა, თუ ვენახს კარგად არ მოუვლიდნენ (ესაია 5:1—7).

რთვლის დროს ყურძნის დაწურვა იწყებოდა. მტევნებს დიდ კასრში ყრიდნენ და ფეხით ჭყლეტდნენ ან საწნახელში ატარებდნენ. მიღებული წვენისგან ბადაგს აკეთებდნენ ან ღვინოს ამზადებდნენ. მევენახეობისა და მეღვინეობის განსავითარებლად ისრაელში ხელსაყრელი კლიმატი და ნაყოფიერი ნიადაგი იყო. *

ისინი, ვინც შორს ცხოვრობენ იმ ადგილიდან, სადაც ლეღვის ხეები იზრდება, შეიძლება მხოლოდ ლეღვის ჩირი აქვთ გასინჯული. ახალმოწყვეტილი ლეღვი სრულიად განსხვავებული, წვნიანი და არომატულია. ისრაელში მოსავლის აღების შემდეგ ლეღვს მზეზე აშრობდნენ და ინახავდნენ. ბიბლიაში მოხსენიებულია „ლეღვის ჩირი“ და „ლეღვის კვერი“ (იოელი 1:17; 1 სამუელი 25:18).

როდესაც ბროწეულის მაგარი კანი სკდება, შიგნით წითელი მძივებივით მოჩანს ასობით მარცვალი, რომელიც შეიძლება ცოცხლად მიირთვა ან მისგან წვენი გამოწურო. ბროწეული ძალიან სასარგებლო, არომატული და ნოყიერი ხილია. ძველად ძალიან ფასობდა ბროწეული, რაც იქიდან ჩანს, რომ ის მღვდელმთავრის ტანსაცმლის კიდეზე იყო ამოქარგული და სოლომონის ტაძრის სვეტებს ამშვენებდა (გამოსვლა 39:24; 1 მეფეები 7:20).

ზეთისხილი და თაფლი. ბიბლიაში დაახლოებით 60-ჯერ არის მოხსენიებული ზეთისხილი, რომელსაც საკვებადაც იყენებდნენ და მისგან ზეთსაც ამზადებდნენ. ზეთისხილი თითქმის ისრაელის მთელ ტერიტორიაზე ხარობს (კანონი 28:40). დღემდე ისრაელის ბევრ დასახლებაში ზეთისხილს ოქტომბერში კრეფენ. ჩვეულებრივ, ზეთისხილს არხევენ და ჩამოყრილ ნაყოფს აგროვებენ. მას აკონსერვებენ და მთელი წლის განმავლობაში საკვებად იყენებენ. აგრეთვე მისგან ზეთს წურავენ. არქეოლოგიური გათხრების დროს ასობით სხვადასხვაგვარი ზეთსახდელი აღმოაჩინეს ისრაელის ტერიტორიაზე. დღეს ოჯახები კონტეინერებში მოთავსებულ მწვანე ფერის ზეთს მთელი წლის განმავლობაში საკვებად იყენებენ ან ბაზარში ყიდიან. ძველად ზეითუნის ზეთს კოსმეტიკურ საშუალებად და ოთახის გასანათებლადაც იყენებდნენ.

თაფლი, რომელსაც მოსე მოიხსენიებდა, ან ფუტკრის იყო ან ფინიკისა და ყურძნის წვენის სიროფისგან მზადდებოდა. ამ ხილისგან მიღებულ სიროფს დღემდე დასატკბობ საშუალებად იყენებენ. მაგრამ თაფლი, რომელსაც სამსონი და იონათანი შეექცეოდნენ, ფიჭიდან იყო ამოღებული (მსაჯულები 14:8, 9; 1 სამუელი 14:27). ისრაელის ჩრდილოეთით, თელ-რეხობთან ახლახან აღმოჩენილი 30 სკა იმას ცხადყოფს, რომ სოლომონის მეფობის დროს მეფუტკრეობა კარგად იყო განვითარებული ქვეყანაში.

დღეს, ვინც კი გაივლის ისრაელის ბაზარში, რომელიც სავსეა საცხობებითა და ათასგვარი ხილ-ბოსტნეულით, შეუმჩნეველი არ დარჩება, რომ იქ უხვად არის ზემოთ მოხსენიებული შვიდი პროდუქტი. რასაკვირველია, ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ მრავალგვარი საკვები პროდუქტიდან, რაც ამ ქვეყანაში არსებობს. სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ სხვა ქვეყნების კულტურებიც მოეშენებინათ ამ მხარეში. ასეთი მრავალფეროვნება აჩვენებს, რომ ეს პატარა ქვეყანა მართლაც „კარგი მიწაა“ (რიცხვები 14:7).

[სქოლიო]

^ აბზ. 9 ყურძნისგან ქიშმიშსაც აკეთებდნენ (2 სამუელი 6:19).

[სურათი 11 გვერდზე]

ხორბალი

[სურათი 11 გვერდზე]

ქერი

[სურათი 12 გვერდზე]

ყურძენი

[სურათი 12 გვერდზე]

ლეღვი

[სურათი 12 გვერდზე]

ბროწეული

[სურათი 13 გვერდზე]

თაფლი

[სურათი 13 გვერდზე]

ზეთისხილი