არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცეცხლის მთის ჩრდილქვეშ

ცეცხლის მთის ჩრდილქვეშ

წერილი კონგოდან (კინშასა)

ცეცხლის მთის ჩრდილქვეშ

როდესაც ქალაქ გომას თავზე მზე ამოანათებს, ცა ვარდისფრად და ყვითლად ელვარებს. ამ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანური მთის, ნირაგონგოს დანახვა ერთ სიამოვნებად ღირს. მისი კრატერიდან მუდმივად ამოდის კვამლი, რომელიც ღამღამობით ლავის მოწითალო ფერს ირეკლავს.

სუაჰილის ენაზე ამ მთას ჰქვია „მულიმა ია მოტო“, რაც „ცეცხლის მთას“ ნიშნავს. ნირაგონგოს მთაზე ვულკანის ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა ბოლოს 2002 წელს მოხდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გომაში ბევრმა ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა ყველაფერი დაკარგა. მე და ჩემს მეუღლეს ქადაგების დროს ზოგჯერ გამაგრებული ლავის უსწორმასწორო ზედაპირზე გვიწევს სიარული; ამიტომ, ჩემთვის ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი შეიძლება იყოს მთვარის ზედაპირი. საინტერესოა, რომ ამ მხარეში მცხოვრები ხალხი გამაგრებული ლავასავით არ არის. პირიქით, სიცოცხლით სავსენი, მშვიდი და რბილი ბუნების ადამიანები არიან და მთელი გულით იღებენ სასიხარულო ცნობას. ეს კი ერთობ სასიამოვნოს ხდის „ცეცხლის მთის“ ჩრდილქვეშ მსახურებას!

ერთ შაბათს მე და ჩემმა მეუღლემ მუგუნგას ლტოლვილთა ბანაკში გადავწყვიტეთ ქადაგება ჩვენთან სტუმრად ჩამოსულ მეგობრებთან და ერთ ცოლ-ქმართან ერთად, რომლებიც ჩვენ მსგავსად მისიონერებად მსახურობენ. დილით, გაღვიძებისთანავე სულმოუთქმელად ველოდებოდი, როდის დავადგებოდით გზას. ეს ბანაკი ქალაქგარეთ, დასავლეთით მდებარეობს. ბევრმა სწორედ იქ შეაფარა თავი, როცა მათ ქალაქებს ვულკანმა საშინელი დარტყმა მიაყენა.

მანქანა ფრანგულ, კისუაჰილისა და კანიარუნდას ენებზე გამოცემული ბიბლიური ლიტერატურით დავტვირთეთ და გზას გავუდექით. როდესაც როუზ-სეიკს მივადექით, ქალაქი გამოცოცხლებული დაგვხდა. ახალგაზრდა კაცებს ხის საზიდრებით ენერგიულად გადაჰქონდათ ტვირთი. ხასხასა ფერის მოსასხამებში გამოწყობილ ქალებს თავზე უზარმაზარი ფუთები შემოედოთ და მოხდენილად მიუყვებოდნენ გზას. მოტო-ტაქსები გადაჭედილი იყო ხალხით — ზოგი სამსახურში მიიჩქაროდა, ზოგიც ბაზარში. მთელ ქალაქში მიმოფანტულ მუქი ყავისფერი ხის სახლებს ლურჯად შეღებილი ორნამენტები ამშვენებდა.

ჩვენ მივედით ენოუშოს სამეფო დარბაზში; იქ შევხვდით ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს, რომლებსაც ჩვენთან ერთად უნდა ექადაგათ ბანაკში. მათ შორის იყო ბევრი ახალგაზრდა, ქვრივი, ობოლი და ინვალიდი, რამაც გული აგვიჩუყა. ბევრ მათგანს ენით აუწერელი ტანჯვის ატანა მოუწია, მაგრამ ბიბლიური პრინციპების გამოყენების შედეგად მათი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ბიბლიურმა იმედმა გააცისკროვნა მათი გულები; დღეს ისინი ამ იმედს მთელი მოწადინებით სხვებსაც უზიარებენ. დარბაზში ჩატარდა სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა, რომლის დროსაც რამდენიმე რჩევა მოგვცეს იმის თაობაზე, თუ რომელი ბიბლიური მუხლები გაამხნევებდა ბანაკში მცხოვრებ ხალხს. საქადაგოდ სულ 130 კაცი გავეშურეთ 5 ავტობუსითა და 4 მანქანით.

დაახლოებით ნახევარ საათში ჩვენ უკვე ბანაკში ვიყავით. გამაგრებული ლავით დაფარულ ვრცელ ადგილას ასობით თეთრი კარავი იყო გაშლილი. ბანაკის ცენტრში აკურატულად იყო ჩამწკრივებული საპირფარეშოები; სარეცხის დასარეცხად სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი. ყველგან ხალხი იყო — ზოგი რეცხავდა, ზოგი საჭმელს ამზადებდა, ზოგი ლობიოს არჩევდა, ზოგიც თავისი კარვის წინ ხვეტდა.

ჩვენ გავიცანით ერთი მამაკაცი, სახელად პაპა ჟაკი, რომელიც მეთვალყურეობდა ბანაკის გარკვეულ ნაწილს. იგი ძალიან წუხდა თავის შვილებზე, რომლებსაც ურთულეს დროში მოუწიათ ცხოვრება. პაპა ჟაკს ძალიან გაეხარდა, როცა დავუტოვეთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“; ჩვენ მას შევთავაზეთ, წაეკითხა ეს წიგნი და შემდეგ პატარა ჯგუფები შეეკრიბა, რათა ნასწავლი მათთვისაც გაეზიარებინა.

მოგვიანებით, შევხვდით ერთ ქალს, სახელად მამა ბეატრისს. მან გვკითხა, რატომ უშვებდა ღმერთი ბოროტებას. მამა ბეატრისი ფიქრობდა, რომ ღმერთი სჯიდა მას. ამ ქალის ქმარი ომში იყო დაღუპული. მისი ქალიშვილი მარტო ზრდიდა შვილს ბანაკში, მისი ვაჟი კი რამდენიმე თვის უკან გაიტაცეს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად იყო ის.

მამა ბეატრისის ნაღვლიანი ისტორია მახსენებს იობს; წარმომიდგენია, როგორ იმოქმედებდა იობზე თითოეული უბედურების გაგება, რაც მის თავს დატრიალდა. ჩვენ ავუხსენით მამა ბეატრისს, რა იყო ტანჯვის მიზეზი და დავარწმუნეთ, რომ მას ღმერთი არ სჯიდა (იობი 34:10—12; იაკობი 1:14, 15). ყურადღება გავამახვილეთ იმაზეც, თუ რა ცვლილებებს მოახდენდა ღმერთი მალე დედამიწაზე თავისი სამეფოს მეშვეობით. ცოტა ხანში მამა ბეატრისის სახეზე ღიმილი შევნიშნეთ; მან თქვა, რომ დაიწყებდა ბიბლიის შესწავლას და ღმერთს დახმარებისთვის მიმართავდა.

ყველა და-ძმას დიდი სიამოვნება მოგვანიჭა ქადაგებამ; თითოეული ვგრძნობდით, რომ იეჰოვას დახმარებით შევძელით, ხალხისთვის იმედი ჩაგვენერგა და გაგვემხნევებინა. როდესაც ბანაკს ვტოვებდით, ბევრი ტრაქტატებით, ჟურნალებითა და წიგნებით ხელდამშვენებული გვემშვიდობებოდა.

გზად შინისკენ საკმაო დრო მქონდა დასაფიქრებლად. უსაზღვროდ გახარებული და კმაყოფილი ვიყავი — ეს დღე მართლაც განსაკუთრებული იყო! არასდროს დამავიწყდება, როგორი მადლიერებით სავსე თვალებით შემოგვყურებდა პაპა ჟაკი, როგორი შვება იგრძნო მამა ბეატრისმა და რა თბილად და ენერგიულად ჩამომართვა ხელი ერთმა ხანდაზმულმა ქალმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მიღიმოდა. დაუვიწყარი იყო აგრეთვე ერთ ბიჭუნასთან საუბარი, რომელიც თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ მოწიფული ჩანდა და ძალიან აზრიან და საინტერესო კითხვებს მისვამდა. მოხიბლული ვარ ამ ხალხის ხასიათის სიმტკიცით. წარმოუდგენელი ტანჯვის მიუხედავად, ისინი არ კარგავენ იუმორის გრძნობას და სახეზე ჯერ კიდევ დასთამაშებთ ღიმილი.

მსოფლიოს ამ ნაწილში ჩვენ იმის მოწმენი გავხდით, რომ ბევრი ჩვენი და-ძმა გულწრფელად ცდილობს, შვება მოჰგვაროს ცხოვრებით გატანჯულ ხალხს. დღეს მართლაც დიდი პატივია, ადამიანებს ბიბლიის მეშვეობით დაანახვო, თუ როგორ გადაიჭრება სამუდამოდ მათი პრობლემები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ შვების მომტან უდიდეს სულიერ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომლის მსგავსიც კაცობრიობას არ ახსოვს.