არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავუახლოვდეთ ღმერთს?

როგორ დავუახლოვდეთ ღმერთს?

ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

როგორ დავუახლოვდეთ ღმერთს?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

1. ისმენს ღმერთი ყველა ლოცვას?

იეჰოვა ყველა ერის ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ მას ლოცვით დაუახლოვდეს (ფსალმუნი 65:2). მაგრამ იგი ყველა ლოცვას არ ისმენს. მაგალითად, როცა ისრაელები ურცხვად სჩადიოდნენ ბოროტებას, ღმერთი არ ისმენდა მათ ლოცვებს (ესაია 1:15). გარდა ამისა, იეჰოვა არ ისმენს იმ კაცის ლოცვას, რომელიც ცოლს ცუდად ეპყრობა (1 პეტრე 3:7). მაგრამ ღმერთი უკიდურესად ცოდვილ ადამიანსაც კი უსმენს, თუ ის ინანიებს (წაიკითხეთ 2 მატიანეს 33:9—13).

2. როგორ უნდა ვილოცოთ?

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ შეგვიძლია ღმერთს ლოცვით მივუახლოვდეთ. ლოცვა იეჰოვასადმი თაყვანისცემის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, მხოლოდ იეჰოვას უნდა მივმართოთ ლოცვით (მათე 4:10; 6:9). ვინაიდან ჩვენ ყველა არასრულყოფილები ვართ, იეჰოვას ლოცვით იესოს სახელით უნდა მივმართოთ, რადგან ის არის „გზა“ (იოანე 14:6). იეჰოვას არ სურს, რომ გაზეპირებული ან დაწერილი ლოცვები წარმოვთქვათ მის წინაშე; მას უნდა, რომ მთელი გულით ვილოცოთ (წაიკითხეთ მათეს 6:7; ფილიპელების 4:6, 7 ).

ჩვენი შემოქმედი გულში წარმოთქმულ ლოცვებსაც ისმენს (1 სამუელი 1:12, 13). იგი გვეუბნება, რომ ნებისმიერ დროს მივმართოთ ლოცვით — ეს შეიძლება იყოს დღის დასაწყისში ან დასასრულს, ჭამის დროს ან მაშინ, როცა სირთულეების წინაშე ვდგავართ (წაიკითხეთ ფსალმუნის 55:22; მათეს 15:36).

3. რატომ უნდა შეიკრიბონ ქრისტიანები ერთად?

ღმერთთან დაახლოება ადვილი არ არის, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ურწმუნო ხალხს შორის, რომლებიც სასაცილოდ იგდებენ ღვთის განზრახვას დედამიწის მიმართ (2 ტიმოთე 3:1, 4; 2 პეტრე 3:3, 13). ამიტომ გვჭირდება თანამორწმუნეებთან ურთიერთობა, რომლებიც გაგვამხნევებენ და ძალას შეგვმატებენ (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25).

თქვენ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ ღმერთს, თუ ღვთის მოყვარულთა შორის შეიძენთ მეგობრებს. იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე შესაძლებლობა გეძლევათ, დააკვირდეთ მოწმეების რწმენას და მათგან ბევრი ისწავლოთ (წაიკითხეთ რომაელების 1:11, 12).

4. როგორ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება?

თქვენ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ იეჰოვას, თუ იფიქრებთ იმაზე, რასაც ღვთის სიტყვიდან სწავლობთ. დაფიქრდით ღვთის საქმეებზე, მის ხელმძღვანელობასა და განზრახვებზე. როდესაც ვლოცულობთ და ფიქრისთვის დროს გამოვყოფთ, უფრო კარგად ვხედავთ, რამხელა სიყვარული და სიბრძნე აქვს ღმერთს და მისადმი მადლიერებით გვევსება გული (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 1:8; ფსალმუნის 1:1—3).

თქვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ ღმერთთან დაახლოებას, თუ მიენდობით მას და მისადმი რწმენას გამოავლენთ. მაგრამ რწმენას ნებისმიერი ცოცხალი არსების მსგავსად, მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. თქვენ დღითიდღე უნდა გაიძლიეროთ რწმენა, რასაც ბიბლიიდან ნასწავლზე ფიქრის შედეგად მიაღწევთ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:21; ებრაელების 11:1, 6).

5. რით არის ჩვენთვის კარგი ღმერთთან დაახლოება?

იეჰოვა ზრუნავს თავის მოყვარულებზე. იგი იცავს მათ ნებისმიერი საშიშროებისგან, რასაც შეუძლია მათ რწმენას ძირი გამოუთხაროს და მარადიული სიცოცხლის იმედი წაართვას (ფსალმუნი 91:1, 2, 7—10). ღმერთი გვაფრთხილებს, რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე ჩვენს ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. იეჰოვა საუკეთესოდ მიგვიძღვება სიცოცხლის გზაზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 73:27, 28; იაკობის 4:4, 8).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-17 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.