არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა გადავიხადოთ გადასახადები?

უნდა გადავიხადოთ გადასახადები?

უნდა გადავიხადოთ გადასახადები?

დღეს ცოტას თუ ეხალისება გადასახადების გადახდა. ბევრი ფიქრობს, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადები არამიზნობრივად იხარჯება, ვიღაცის ჯიბეში ან თაღლითების ხელში ხვდება. ზოგი კი საკუთარი ზნეობრივი ფასეულობებიდან გამომდინარე ამბობს უარს გადასახადების გადახდაზე. ახლო აღმოსავლეთის ერთი ქალაქის მცხოვრებლები შემდეგი სიტყვებით ხსნიან, თუ რატომ არ იხდიან გადასახადებს: „ჩვენ ფულს არ გადავიხდით იმ ტყვიებში, რომლითაც შვილებს გვიხოცავენ“.

ასეთი განწყობა არც იშვიათია და არც ახალი. ინდუსების წინამძღოლმა, მოჰანდას განდიმ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება შემდეგი სიტყვებით ახსნა: „ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს სახელმწიფოს შეიარაღებაში, იქნება ეს პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მათი ცოდვის თანამონაწილე ხდება. ახალგაზრდა თუ მოხუცი, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილ გადასახადებს იხდის, მათი ცოდვის თანაზიარია“.

XIX საუკუნის ფილოსოფოსი ჰენრი დეივიდ თოროუც ზნეობრივი ფასეულობების გამო ამბობდა უარს გადასახადების გადახდაზე, რომლებსაც სახელმწიფო ომების მხარდასაჭერად იყენებდა. ის ამბობდა: „განა მოქალაქემ უნდა ჩაახშოს საკუთარი სინდისის ხმა, რათა ქვეყნის კანონმდებლობას უსიტყვოდ დაემორჩილოს?! მაშ რატომღა აქვს ადამიანს სინდისი?“.

ეს საკითხი ქრისტიანებსაც აღელვებს, რადგან ბიბლია გასაგებად ასწავლის, რომ თითოეულმა მათგანმა ყველაფერში სუფთა სინდისი უნდა შეინარჩუნოს (2 ტიმოთე 1:3). მეორეს მხრივ, ღვთის სიტყვაში ისიც წერია, რომ მთავრობებს სრული უფლება აქვთ, გადასახადები აკრიფონ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ [ადამიანურ მთავრობებს], რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა. არსებულ ხელისუფალთ ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ. ასე რომ, საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ მორჩილებისთვის, მაგრამ არა მარტო რისხვის გამო, არამედ თქვენი სინდისის გამოც. ამიტომაც იხდით გადასახადებს, რადგან ისინი ღვთის მსახურები არიან ხალხის საკეთილდღეოდ და გამუდმებით ემსახურებიან ამ საქმეს. ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი“ (რომაელები 13:1, 5—7).

სწორედ ამ მიზეზით პირველი საუკუნის ქრისტიანები ცნობილნი იყვნენ, როგორც გადასახადების კეთილსინდისიერად გადამხდელები მიუხედავად იმისა, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი შეიარაღებას ხმარდებოდა. იგივე შეიძლება ითქვას დღეს იეჰოვას მოწმეებზეც. * რით შეიძლება ამ, ერთი შეხედვით, ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტის ახსნა? არ უნდა მოუსმინოს ქრისტიანმა საკუთარი სინდისის ხმას, როცა გადასახადების გადახდის დრო დგება?

გადასახადები და სინდისი

აღსანიშნავია, რომ პირველ საუკუნეში გადასახადების გარკვეული ნაწილი შეიარაღებას ხმარდებოდა. მოგვიანებით, სწორედ ამ მიზეზის გამო არ რთავდა სინდისი განდის და თოროუს გადასახადების გადახდის ნებას.

ქრისტიანებს უნდა გაეთვალისწინებინათ რომაელების მე-13 თავში ჩაწერილი პრინციპი მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ სასჯელი აერიდებინათ თავიდან, არამედ საკუთარი „სინდისის გამოც“ (რომაელები 13:5). სწორედ ამიტომ უბიძგებს ქრისტიანს სინდისი, რომ გადასახადები გადაიხადოს მაშინაც კი, თუ ეს თანხა ისეთ საქმეს ხმარდება, რასაც პირადად არ იწონებს. ამ, ერთი შეხედვით, პარადოქსული ფაქტის უკეთ გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენი სინდისის, ანუ ჩვენი შინაგანი ხმის შესახებ, რომელიც გვკარნახობს, სწორად ვიქცევით თუ არა.

როგორც თოროუ აღნიშნავს, ყველას აქვს ასეთი შინაგანი ხმა, მაგრამ ის ყოველთვის სანდო არ არის. იმისათვის, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ, ჩვენი სინდისი მისი ზნეობრივი ნორმებით უნდა იყოს განსწავლული. ჩვენ აზროვნება და თვალსაზრისი ღვთის თვალსაზრისს უნდა შევუსაბამოთ, რადგან მისი აზრები ჩვენსაზე გაცილებით აღმატებულია (ფსალმუნი 19:7). აქედან გამომდინარე, საჭიროა გავიგოთ, რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ადამიანურ მმართველობებზე.

პავლე მოციქული მოიხსენიებს, რომ დღეს არსებული მთავრობები „ღვთის მსახურები არიან ხალხის საკეთილდღეოდ“ (რომაელები 13:6). ძირითადად ეს იმაში გამოიხატება, რომ ისინი ამყარებენ წესრიგს და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებს აკეთებენ. ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებშიც კი არსებობს საფოსტო მომსახურება, განათლების სისტემა, სახანძრო და სამართალდამცავი ორგანო. მართალია, ღმერთმა იცის ადამიანური მმართველობების ყველა მინუსი, მაგრამ ის დროებით იწყნარებს მათ და ჩვენგან მოითხოვს, რომ გადავიხადოთ გადასახადები და ამგვარად ღვთისადმი პატივისცემა გამოვავლინოთ.

ადამიანურ მთავრობებს ღმერთმა მხოლოდ დროებით მისცა მართვის უფლება. ღვთის განზრახვის თანახმად, დღეს არსებული ყველა მმართველობა ზეციური სამეფოთი შეიცვლება და ანაზღაურდება ის ზარალი, რაც საუკუნეების მანძილზე ამ მთავრობებმა მიაყენა კაცობრიობას (დანიელი 2:44; მათე 6:10). მანამდე კი, ღმერთი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ გადასახადების გადაუხდელობით ან სხვა უკანონო ქმედებით ხელი შევუწყოთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ განდის მსგავსად, ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომ გადასახადების გადახდით ომის მხარდამჭერები გავხდებით? როცა შემაღლებულ ადგილზე ავდივართ, ჩვენი მხედველობის არე ფართოვდება. მსგავსად ამისა, როცა ვფიქრობთ, რამდენად აღმატებულია ღვთის აზრები ჩვენსაზე, უფრო გვიადვილდება ღვთის აზროვნების გათავისება. წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ღმერთმა თქვა: „როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე“ (ესაია 55:8, 9).

აღჭურვა ღმერთმა მთავრობები აბსოლუტური ძალაუფლებით?

გადასახადების შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი სწავლება იმას არ გულისხმობს, რომ მთავრობებს აბსოლუტური ძალაუფლება აქვთ. იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ ღმერთმა მათ შეუზღუდავი ძალაუფლება არ მისცა. როცა იესოს ჰკითხეს, იწონებდა თუ არა ღმერთი რომაელი მმართველებისთვის გადასახადების გადახდას, მან მიუგო: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მარკოზი 12:13—17).

„კეისარი“, რომელშიც მთავრობები იგულისხმება, ჭრის ან ბეჭდავს ფულს და გარკვეულწილად მონაწილეობს მისი ღირებულების დადგენაში. ამიტომ, ღვთის თვალსაზრისით, მათ სრული უფლება აქვთ, უკან მოითხოვონ ეს ფული გადასახადების სახით. თუმცა იესომ ისიც აღნიშნა, რომ არც ერთ ადამიანურ მთავრობას არ აქვს იმის უფლება, რომ მიისაკუთროს „ღვთისა“, კერძოდ, ჩვენი სიცოცხლე და თაყვანისცემა. როცა ადამიანის მიერ დადგენილი კანონები ღვთის კანონებს ეწინააღმდეგება, ქრისტიანები „ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ“ (საქმეები 5:29).

დღეს ქრისტიანებს შეიძლება აწუხებდეთ, თუ რაში იხარჯება მათი გადასახადები, მაგრამ ისინი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს არ აცხადებენ და უარს არ ამბობენ გადასახადების გადახდაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უნდობლობას გამოავლენდნენ ღვთის მიმართ, რომელსაც შეუძლია ბოლო მოუღოს ადამიანთა ტანჯვას. ნაცვლად ამისა, ისინი მოთმინებით ელოდებიან იმ დროს, როცა ღმერთი ადამიანთა საქმეებში ჩაერევა თავისი ძის, იესოს მეშვეობით, რომელმაც თქვა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36).

რატომ არის კარგი ბიბლიური ნორმებით ცხოვრება?

თუ გავითვალისწინებთ ბიბლიაში ჩაწერილ მითითებას და გადავიხდით გადასახადებს, ამას დადებითი შედეგები მოჰყვება. ჩვენ არც კანონდარღვევისთვის დაგვაჯარიმებენ და არც იმის შიში გვექნება, რომ დაგვიჭერენ (რომაელები 13:3—5). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვთის წინაშე სუფთა სინდისი გვექნება და, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, განვადიდებთ მას. მაშინაც კი, თუ მათთან შედარებით მეტი გასავალი გვაქვს, ვინც არ იხდის გადასახადს ან სხვაგვარ თაღლითობას მიმართავს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა იზრუნებს თავის ერთგულ მსახურებზე. დავითმა, ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, ეს აზრი შემდეგნაირად გამოხატა: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმუნი 37:25).

როცა გვესმის, რატომ გვეუბნება ბიბლია, გადავიხადოთ გადასახადები, და შესაბამისად ვიქცევით, შინაგანი სიმშვიდე გვეუფლება, რადგან ვიცით, რომ ღმერთი არ გვთხოვს პასუხს იმის გამო, თუ როგორ გამოიყენებს მთავრობა ჩვენ მიერ გადახდილ გადასახადებს ისევე, როგორც კანონი არ გვაკისრებს პასუხისმგებლობას, თუ როგორ გამოიყენებს სახლის მეპატრონე ჩვენ მიერ ქირაში გადახდილ ფულს. სამხრეთ ევროპაში მცხოვრები ერთი მამაკაცი, სახელად სტელვიო, ჭეშმარიტების გაგებამდე წლების განმავლობაში იღებდა მონაწილეობას პოლიტიკურ მოძრაობაში, რათა მის ქვეყანაში ცვლილებები მომხდარიყო. მან ახსნა, რატომ მიატოვა ეს საქმიანობა: „მომიწია იმის აღიარება, რომ ადამიანს არ შესწევს ძალა სამართლიანი, მშვიდობიანი და ერთიანი მსოფლიოს შესაქმნელად. მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია ასეთი ცვლილებების მოხდენა და უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბება“.

სტელვიოს მსგავსად, თუკი ერთგულებას ვავლენთ და „ღვთისას ღმერთს“ ვაძლევთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვიხილავთ იმ დროს, როცა ღმერთი მთელ დედამიწაზე სამართლიან მმართველობას დაამყარებს და უსამართლო მთავრობების მიერ ადამიანებისთვის მიყენებული ყოველგვარი ზიანის კვალს წაშლის.

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ შემდეგ ნომრებში: 2002 წლის 1 ნოემბერი, გვერდი 13, აბზაცი 15 და 1996 წლის 1 მაისი, გვერდი 27, აბზაცი 7.

[ჩანართი 22 გვერდზე]

ჩვენ აზროვნება და თვალსაზრისი ღვთის თვალსაზრისს უნდა შევუსაბამოთ, რადგან მისი აზრები ჩვენსაზე გაცილებით აღმატებულია

[ჩანართი 23 გვერდზე]

თუ ქრისტიანები მორჩილებას ავლენენ და იხდიან გადასახადებს, სუფთა სინდისს ინარჩუნებენ ღვთის წინაშე და ამტკიცებენ, რომ ენდობიან ღმერთს, რომელიც ზრუნავს მათზე

[სურათები 22 გვერდზე]

„კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“

[საავტორო უფლება]

Copyright British Museum