არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვაა ჩემი წილი

იეჰოვაა ჩემი წილი

იეჰოვაა ჩემი წილი

„მე ვარ შენი წილი და სამკვიდრო ისრაელის ძეებს შორის“ (რიცხ. 18:20).

1, 2. ა) რის თქმა შეიძლება ლევიანების შესახებ სამკვიდროსთან დაკავშირებით? ბ) რაში დაარწმუნა იეჰოვამ ლევიანები?

მას შემდეგ, რაც ისრაელებმა აღთქმული მიწის უმეტესი ნაწილი დაიპყრეს, იესო ნავეს ძემ ამ მიწის განაწილება დაიწყო. ამას ის მღვდელმთავარ ელეაზართან და ტომების თავკაცებთან ერთად აკეთებდა (რიცხ. 34:13—29). სხვა ტომებისგან განსხვავებით, ლევიანებს სამკვიდრო არ მიუღიათ (იეს. 14:1—5). რატომ დარჩა ლევის ტომი აღთქმულ მიწაზე სამკვიდროს, ანუ წილის, გარეშე? მხედველობიდან გამორჩათ ისინი?

2 ამ კითხვებზე პასუხი ლევიანებისთვის ნათქვამი იეჰოვას სიტყვებიდან ჩანს. იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი მიტოვებული არ იყვნენ, იეჰოვამ მათ უთხრა: „მე ვარ შენი წილი და სამკვიდრო ისრაელის ძეებს შორის“ (რიცხ. 18:20). რა საოცარი სიტყვებია: „მე ვარ შენი წილი“! როგორ იგრძნობდით თავს, იეჰოვას პირადად თქვენთვის რომ ეთქვა ეს? ალბათ, იფიქრებდით: „განა ვიმსახურებ ყოვლისშემძლისგან ასეთ პატივს?“ ან სულაც: „განა შეიძლება იეჰოვა დღეს მცხოვრები რომელიმე არასრულყოფილი ქრისტიანის წილი იყოს?“ ეს კითხვები მნიშვნელოვანია, ვინაიდან გეხებათ როგორც თქვენ, ისე თქვენს საყვარელ ადამიანებს. ამიტომ, მოდი განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს გამოთქმა. ეს დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ შეიძლება იეჰოვა იყოს დღეს მცხოვრები ქრისტიანების წილი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ღმერთი შეიძლება გახდეს პირადად თქვენი წილი, იმისდა მიუხედავად, ზეციერი მოწოდება გაქვთ თუ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი.

იეჰოვა ზრუნავს ლევიანებზე

3. როგორ გამოაცალკევა იეჰოვამ ლევიანები თავისი მსახურებისთვის?

3 ისრაელებისთვის კანონთა კრებულის მიცემამდე თითოეული ოჯახის თავი ასრულებდა მღვდლის მოვალეობას თავის ოჯახში. კანონის მიცემისას, ღმერთმა ლევიანები სრული დროით მღვდლებად და მათ დამხმარეებად დანიშნა. როგორ მოხდა ეს? ეგვიპტეში პირმშოების განადგურებისას ღმერთმა ისრაელთა პირმშოები განწმინდა, ანუ გამოაცალკევა, როგორც თავისი საკუთრება. შემდეგ იეჰოვამ მოახდინა მნიშვნელოვანი ცვლილება: „ავიყვან ლევიანებს ისრაელის ძეთაგან . . . ყოველი პირმშოს ნაცვლად“. აღრიცხვისას აღმოჩნდა, რომ ისრაელების პირმშოთა რაოდენობა აღემატებოდა ლევიანთა რაოდენობას. ამიტომ ყოველ მეტ პირმშოზე იეჰოვამ გამოსასყიდის გადახდა მოითხოვა (რიცხ. 3:11—13, 41, 46, 47). ამგვარად ლევიანებს შეეძლოთ ისრაელის ღვთის მსახურებისას თავიანთი მოვალეობის შესრულება.

4, 5. ა) რას ნიშნავდა ლევიანებისთვის, რომ ღმერთი იყო მათი წილი? ბ) როგორ ზრუნავდა ღმერთი ლევიანებზე?

4 რას ნიშნავდა ეს დანიშნულება ლევიანებისთვის? იეჰოვას სიტყვების თანახმად, ის იმ გაგებით იქნებოდა მათი წილი, რომ სამკვიდროს მიღების ნაცვლად, მისდამი მსახურების ფასდაუდებელი პატივი ექნებოდათ. „იეჰოვას მღვდლობა“ იყო მათი სამკვიდრო (იეს. 18:7). რიცხვების 18:20-ის კონტექსტიდან ჩანს, რომ ისინი არ დარჩენილან მატერიალური უზრუნველყოფის გარეშე (წაიკითხეთ რიცხვების 18:19, 21, 24 ). ლევიანებს ეძლეოდათ „ყოველი მეათედი ისრაელში, როგორც მემკვიდრეობა იმ მსახურების სანაცვლოდ, რომელსაც ისინი ასრულებენ“. მათთვის ისრაელებს უნდა მიეცათ შინაური ცხოველების ნამატის და აღებული მოსავლის 10 პროცენტი. თავის მხრივ, მღვდლებისთვის ლევიანებსაც უნდა გაეღოთ მიღებული მეათედიდან მეათედი, „საუკეთესო შესაწირავი“ * (რიცხ. 18:25—29). მღვდლებს აგრეთვე ეძლეოდათ „ყოველი წმინდა შესაწირავი“, რომელიც ისრაელებს თაყვანისცემის ადგილას ღმერთთან მოჰქონდათ. ამგვარად, მღვდლებს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ, ერწმუნათ, რომ იეჰოვა იზრუნებდა მათზე.

5 როგორც ჩანს, მოსეს კანონი ლევიანებისთვის მეორე მეათედსაც ითვალისწინებდა. ამ მეათედს ისრაელები გადადებდნენ ხოლმე ყოველწლიურ დღესასწაულებზე აუცილებელი ხარჯების დასაფარავად (კან. 14:22—27). მაგრამ შვიდწლიანი პერიოდის ყოველ მესამე და მეექვსე წელს ამ მეათედს ისრაელები ღარიბებსა და ლევიანებს აძლევდნენ. რატომ ეძლეოდათ ეს მეათედი ლევიანებსაც? იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ „არც წილი . . . და არც სამკვიდრო“ (კან. 14:28, 29).

6. სად ცხოვრობდნენ ლევიანები, თუ მათ არ ჰქონდათ სამკვიდრო ისრაელში?

6 შეიძლება ფიქრობთ, სად ცხოვრობდნენ ლევიანები, თუ მათ არ ჰქონდათ სამკვიდრო. ღმერთმა იზრუნა მათზე. მან ლევიანებს 48 ქალაქი და მათ გარშემო მდებარე საძოვრები მისცა. მათში ექვსი თავშესაფარი ქალაქიც შედიოდა (რიცხ. 35:6—8). ასე რომ, ლევიანებს ჰქონდათ საცხოვრებელი ადგილი, სადაც შეეძლოთ წასულიყვნენ მაშინ, როცა საწმინდარში არ მსახურობდნენ. იეჰოვა ყოველმხრივ უზრუნველყოფდა თავის მსახურებს. როგორ შეეძლოთ ლევიანებს ყველასთვის დაენახვებინათ, რომ იეჰოვა იყო მათი წილი? ნდობის გამოვლენით, რომ იეჰოვას სურვილიც აქვს და ძალაც, იზრუნოს თავის მსახურებზე.

7. რა მოითხოვებოდა ლევიანებისგან, იეჰოვა რომ მათი წილი ყოფილიყო?

7 კანონი არ ითვალისწინებდა არანაირ სასჯელს, თუ ისრაელები არ გაიღებდნენ მეათედს. მაგრამ ამ საკითხისადმი ისრაელების გულგრილი დამოკიდებულება, უარყოფითად აისახებოდა მღვდლებისა და ლევიანების მსახურებაზე. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ნეემიას დღეებში მცხოვრები ლევიანები. იმის ნაცვლად, რომ ემსახურათ, მათ მინდვრებში უწევდათ მუშაობა (წაიკითხეთ ნეემიას 13:10). ცხადია, ლევის ტომის მატერიალური უზრუნველყოფა, ისრაელი ერის სულიერ მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მღვდლებსა და ლევიანებს უნდა გამოევლინათ რწმენა იეჰოვასადმი, რომ ის იზრუნებდა მათზე.

ლევიანები, რომლებისთვისაც იეჰოვა იყო წილი

8. აღწერეთ, რას განიცდიდა ლევიანი ასაფი.

8 ლევიანებისთვის, როგორც ტომისთვის, იეჰოვა იყო წილი. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ცალკეული ლევიანებიც იყენებდნენ ფრაზას „იეჰოვაა ჩემი წილი“, როდესაც ღვთისადმი ერთგულებასა და ნდობას გამოხატავდნენ (გოდ. 3:24). ერთ-ერთი ასეთი ლევიანი მგალობელი და საგალობლების დამწერი იყო. ჩვენ მას ასაფად მოვიხსენიებთ, თუმცა ის შეიძლება ყოფილიყო ასაფის სახლის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მეფე დავითის დროს მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა (1 მატ. 6:31—43). 73-ე ფსალმუნში ვკითხულობთ, რომ ასაფი (ან მისი რომელიმე შთამომავალი) საგონებელში იყო ჩავარდნილი და შურდა იმ ბოროტი ადამიანების, რომლებიც უზრუნველად ცხოვრობდნენ. მან ისიც კი თქვა: „ფუჭად განვიწმინდე გული და ფუჭად დავიბანე ხელები უდანაშაულობით“. ასაფს, როგორც ჩანს, მხედველობიდან გამორჩა, თუ რა დიდი პატივი იყო ღვთისგან დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულება; მან ვერ დააფასა, რომ იეჰოვა იყო მისი წილი. ასაფი ძალიან განიცდიდა, „სანამ არ მივიდა ღვთის დიდებულ საწმინდარში“ (ფსალმ. 73:2, 3, 12, 13, 17).

9, 10. რატომ შეეძლო ასაფს ეთქვა, რომ ღმერთია მისი „წილი მარადიულად“?

9 საწმინდარში ასაფმა ყველაფერს ღვთის თვალით შეხედა. შეიძლება მსგავსი რამ თქვენც განგიცდიათ. შესაძლოა, გარკვეულ მომენტში თქვენც ვერ დააფასეთ სათანადოდ ღვთის მსახურების პატივი და იმაზე დაიწყეთ ფიქრი, თუ რა გაკლდათ მატერიალურად. მაგრამ ბიბლიის შესწავლითა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებით, ყველაფერს იეჰოვას თვალით დაუწყეთ ყურება. ასაფმა გაიგო, საბოლოოდ რა ელოდა ბოროტებს. ის დაფიქრდა თავის მდგომარეობაზე და მიხვდა, რომ იეჰოვა ჩასჭიდებდა ხელს და წაუძღვებოდა. ამგვარად ასაფს შეეძლო იეჰოვასთვის ეთქვა: „შენს მეტი არავინ მახარებს დედამიწაზე“ (ფსალმ. 73:23, 25). მაშინ მოიხსენია მან იეჰოვა თავის წილად (წაიკითხეთ ფსალმუნის 73:26 ). ფსალმუნმომღერლისთვის „სხეულსა და გულს“ შეიძლება ემტყუნა, მაგრამ ღმერთი იქნებოდა მისი „წილი მარადიულად“. ფსალმუნმომღერალი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ეხსომებოდა ის, როგორც მეგობარი. ღმერთი არასდროს დაივიწყებდა მის ერთგულ მსახურებას (ეკლ. 7:1). რამდენად გამამხნევებელი იქნებოდა ეს ასაფისთვის! ის მღეროდა: „ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება. უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი“ (ფსალმ. 73:28).

10 ასაფისთვის ის, რომ იეჰოვა მისი წილი იყო, უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მატერიალური უზრუნველყოფა, რომელსაც, როგორც ლევიანი, იღებდა. ასაფი ძირითადად ყურადღებას იეჰოვას მსახურებასა და მასთან ურთიერთობაზე, უზენაესთან მეგობრობაზე, ამახვილებდა (იაკ. 2:21—23). ასეთი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ფსალმუნმომღერალს იეჰოვასადმი რწმენა უნდა განემტკიცებინა და მას მინდობოდა. ასაფი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ, თუ ღვთის ნორმების თანახმად იცხოვრებდა, იეჰოვა დააჯილდოვებდა მას. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყოვლისშემძლე თქვენც ასევე გაკურთხებთ.

11. რა აინტერესებდა იერემიას და როგორ მიიღო თავის კითხვაზე პასუხი?

11 წინასწარმეტყველი იერემია კიდევ ერთი ლევიანი იყო, რომელიც იეჰოვას თავის წილად თვლიდა. განვიხილოთ, რას გულისხმობდა ის. იერემია ცხოვრობდა იერუსალიმის მახლობლად მდებარე ლევიანების ქალაქ ანათოთში (იერ. 1:1). ერთხელ იერემია საგონებელში ჩავარდა, რატომ იყვნენ ბოროტები წარმატებული იმ დროს, როცა მართლები იტანჯებოდნენ? (იერ. 12:1). იერუსალიმსა და იუდაში განვითარებული მოვლენების შემხედვარე, იერემია ჩიოდა. მან იცოდა, რომ იეჰოვა სამართლიანია. იერემიას კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა იმით, თუ რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ მისი მეშვეობით და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ისინი, ვინც იეჰოვას მითითებებს დაემორჩილებოდნენ, ნადავლად თავიანთ სულს მიიღებდნენ. ბოროტები კი, რომლებიც ერთი შეხედვით წარმატებული ჩანდნენ, იეჰოვას გაფრთხილებას უგულებელყოფდნენ და დაისჯებოდნენ (იერ. 21:9).

12, 13. ა) რამ აღძრა იერემია ეთქვა: „იეჰოვაა ჩემი წილი“ და რაში იყო დარწმუნებული ის? ბ) რატომ უნდა განევითარებინა ყველა ისრაელს ისეთივე აზროვნება, როგორიც იერემიას ჰქონდა?

12 მოგვიანებით, როდესაც იერემია თავის გაპარტახებულ სამშობლოს უყურებდა, თავს ისე გრძნობდა, თითქოს წყვდიადში დადიოდა. თითქოს იეჰოვამ ის „დიდი ხნის მკვდარივით“ დასვა (გოდ. 1:1, 16; 3:6). იერემიამ თავნება ისრაელებს უთხრა, დაბრუნებოდნენ თავიანთ ზეციერ მამას, მაგრამ მათი ბოროტება იმდენად დიდი იყო, რომ ღმერთმა იერუსალიმისა და იუდას განადგურება დაუშვა. ამან იერემიას დიდი ტკივილი მიაყენა, თუმცა ის უდანაშაულო იყო. ამ უბედურებების მიუხედავად, მას ახსოვდა იეჰოვას გულმოწყალება. ჩვენ „არ გვეღება ბოლო“, — თქვა იერემიამ. მართლაც, იეჰოვას წყალობა „ყოველ დილით ახლდება“! იერემიამ მაშინ თქვა: „იეჰოვაა ჩემი წილი“. მან განაგრძო იეჰოვას წინასწარმეტყველად მსახურება (წაიკითხეთ გოდების 3:22—24 ).

13 ისრაელებს სამშობლო 70 წლის განმავლობაში ექნებოდათ დაკარგული. იერუსალიმი კი განადგურებული იქნებოდა (იერ. 25:11). მაგრამ იერემიას სიტყვები, „იეჰოვაა ჩემი წილი“ იმაზე მიუთითებდა, რომ წინასწარმეტყველი დარწმუნებული იყო ღვთის გულმოწყალებაში, რაც საფუძველს აძლევდა, დალოდებოდა მას. ისრაელის ყველა ტომმა დაკარგა თავისი სამკვიდრო, ამიტომ მათაც სჭირდებოდათ ისეთივე აზროვნების განვითარება, როგორიც წინასწარმეტყველს ჰქონდა. იეჰოვა იყო მათი ერთადერთი იმედი. 70 წლის შემდეგ ღვთის ხალხი სამშობლოში დაბრუნდა და მათ კვლავ მიეცათ ღვთის მსახურების შესაძლებლობა (2 მატ. 36:20—23).

სხვებსაც შეეძლოთ იეჰოვა თავიანთ წილად გაეხადათ

14, 15. ლევიანების გარდა, კიდევ ვინ თვლიდა იეჰოვას თავის წილად და რატომ?

14 ასაფიც და იერემიაც ლევის ტომიდან იყვნენ. ნიშნავდა ეს იმას, რომ მხოლოდ ლევიანებს შეეძლოთ იეჰოვასთვის მსახურება? რა თქმა უნდა, არა. ახალგაზრდა დავითმა, ისრაელის მომავალმა მეფემ, იეჰოვას უწოდა „ჩემი წილი ცოცხალთა ქვეყანაში“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 142:1, 5 ). იმ დროისთვის, როდესაც დავითმა ეს ფსალმუნი დაწერა, არათუ სასახლეში, სახლშიც კი არ იმყოფებოდა. ის თავის მტრებს გამოქვაბულში ემალებოდა. დავითმა, სულ მცირე, ორჯერ შეაფარა თავი გამოქვაბულს; ერთხელ ადულამის მახლობლად, მეორეჯერ კი ენ-გედის უდაბნოში. სავსებით დასაშვებია, რომ 142-ე ფსალმუნი ერთ-ერთ ამ გამოქვაბულში დაეწერა.

15 თუ ეს ფსალმუნი მართლა გამოქვაბულში დაწერა, ამის მიზეზი ის იყო, რომ მას მეფე საული მოსაკლავად დასდევდა. დავითი ამ დროს მიუვალ გამოქვაბულში იმალებოდა (1 სამ. 22:1, 4). ამ მივარდნილ ადგილას ის თავს ეულად გრძნობდა და გვერდით არ ეგულებოდა მეგობარი, რომელიც დაიცავდა (ფსალმ. 142:4). სწორედ ამ დროს მოუხმო დავითმა ღმერთს.

16, 17. ა) რატომ იყო დავითი გულდამძიმებული? ბ) ვისთვის შეეძლო დავითს დახმარებისთვის მიემართა?

16 იმ დროისთვის, როდესაც დავითმა 142-ე ფსალმუნი დაწერა, შესაძლოა, გაიგო, რა მოუვიდა მღვდელმთავარ ახიმელექს. შურიანმა მეფე საულმა ის და მისი ოჯახი ამოხოცა იმის გამო, რომ ახიმელექი დაეხმარა დავითს, თუმცა არ იცოდა, რომ ის საულს გაურბოდა (1 სამ. 22:11, 18, 19). დავითი მათ სიკვდილში თავს დამნაშავედ გრძნობდა. თითქოს მან მოკლა მღვდელი, რომელმაც დახმარების ხელი გაუწოდა. დავითის ადგილას რომ ყოფილიყავით, თქვენც იგრძნობდით თავს დამნაშავედ? დავითის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მას ერთი წამით მოსვენებაც კი არ ჰქონდა, ვინაიდან საული გამუდმებით დევნიდა.

17 ახიმელექის მოკვლიდან მალევე მოკვდა წინასწარმეტყველი სამუელი, რომელმაც დავითი მომავალ მეფედ სცხო (1 სამ. 25:1). ამან დავითს კიდევ უფრო დაუმძიმა გული. მაგრამ მან იცოდა, ვისთვის მიემართა დახმარებისთვის. მისი ერთადერთი იმედი იეჰოვა იყო. მართალია, დავითს ლევიანად მსახურების პატივი არ ჰქონია, მაგრამ ის ცხებული იყო სხვა სახის მსახურებისთვის — დავითი ღვთის ხალხის მეფე უნდა გამხდარიყო (1 სამ. 16:1, 13). ასე რომ, დავითმა გული გადმოუღვარა იეჰოვას და ხელმძღვანელობას მისგან ელოდა. როდესაც იეჰოვას მსახურებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებთ, ის თქვენი წილიც და თავშესაფარიც იქნება.

18. ამ სტატიაში მოხსენიებულმა ღვთის მსახურებმა, როგორ ცხადყვეს, რომ იეჰოვას მიიჩნევდნენ თავიანთ წილად?

18 ამ სტატიაში განხილული ღვთის ყველა მსახური იეჰოვას თავის წილად იმ გაგებით მიიჩნევდა, რომ მის მიერ დაკისრებულ ამა თუ იმ დავალებას ასრულებდა. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა იზრუნებდა მათზე. ლევიანებიც და ისრაელის სხვა ტომების წარმომადგენლებიც, მაგალითად დავითი, იეჰოვას თავიანთ წილად მიიჩნევდნენ. როგორ შეიძლება იეჰოვა თქვენი წილიც გახდეს? ამ საკითხს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 მღვდლების უზრუნველყოფის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, ტომი 2, გვერდი 684 (ინგლ.).

როგორ უპასუხებთ?

• რა გაგებით იყო იეჰოვა ლევიანების წილი?

• როგორ ცხადყვეს ასაფმა, იერემიამ და დავითმა, რომ იეჰოვა იყო მათი წილი?

• რა არის იმისათვის საჭირო, რომ იეჰოვა იყოს თქვენი წილი?

[სასწავლო კითხვები]

[ჩანართი 8 გვერდზე]

ლევიანებს სამკვიდრო არ მიუღიათ; ნაცვლად ამისა, იეჰოვასადმი მსახურების ფასდაუდებელი პატივი ჰქონდათ

[სურათი 7 გვერდზე]

რა გაგებით იყო იეჰოვა მღვდლებისა და ლევიანების წილი?

[სურათი 9 გვერდზე]

რა დაეხმარა ასაფს, რომ იეჰოვა კვლავაც თავის წილად მიეჩნია?