არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოუტყუებიხართ ოდესმე ვინმეს?

მოუტყუებიხართ ოდესმე ვინმეს?

მოუტყუებიხართ ოდესმე ვინმეს?

ძალიან მტკივნეულია, როცა ის ადამიანი გატყუებთ, რომელსაც ენდობით. ამ დროს შეიძლება თავს დამცირებულად გრძნობთ, სიბრაზე გახრჩობთ და ისეთი გრძნობაც კი გეუფლებათ, რომ გიღალატეს. სიცრუე ანგრევს ოჯახებს და ძირს უთხრის მეგობრობას. მოტყუებული ხალხი ზოგჯერ მილიონობით დოლარს კარგავს.

წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით, თუ გაიგებდით, რომ რაც ღვთის შესახებ გისწავლიათ, სიცრუეა. თუ ღვთისმოშიში ადამიანი ხართ, ეს თქვენზე ძალიან იმოქმედებდა. სწორედ ასე მოხდა მათ შემთხვევაშიც, რომლებიც ეკლესიაში დადიოდნენ. აი, რას ამბობენ ისინი:

● „ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ თითქოს ეკლესიამ გამყიდა“ (დინი).

● „ძალიან გავბრაზდი. მოტყუებულად ვიგრძენი თავი. მთელი იმედები და გეგმები დამემსხვრა“ (ლუისი).

შეიძლება ვერც კი უშვებთ იმაზე ფიქრს, რომ ღვთის შესახებ სიცრუე გასწავლეს. ის, რაც დღეს ღმერთის შესახებ იცით, შეიძლება ისეთმა ადამიანმა გასწავლათ, ვისაც ენდობით და ვინც განზრახ არასდროს გატკენთ გულს — მაგალითად, მშობელმა, მოძღვარმა ან უახლოესმა მეგობარმა. შეიძლება მთელი ცხოვრება რომელიმე კონკრეტული სწავლების გჯეროდათ. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ზოგჯერ საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისიც შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. ეს ფაქტი შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანკლინ რუზველტმაც აღიარა: „შეიძლება არაერთხელ გაიმეორო სიცრუე, მაგრამ ის სიმართლე ვერასდროს გახდება“.

როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, მოგატყუეს თუ არა? ერთხელ იესომ ლოცვის დროს ღმერთს უთხრა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). სწორედ ღვთის სიტყვა, ბიბლია გვეხმარება, რომ სიცრუე სიმართლისგან გავარჩიოთ.

მომდევნო სტატიებში განხილულია, თუ როგორ ხდის ფარდას ბიბლია ღვთის შესახებ გავრცელებულ ხუთ მცდარ შეხედულებას. გარდა ამისა, თქვენ დაინახავთ, როგორ შეუძლია ჭეშმარიტებას აზრი შესძინოს თქვენს ცხოვრებას.