არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ იყვნენ ფულის გადამცვლელები იერუსალიმის ტაძარში?

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ მოიხსენია ის უსამართლობა, რაც იერუსალიმის ტაძარში ხდებოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები. უთხრა მათ: დაწერილია: „ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა“, თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ» (მათე 21:12, 13).

პირველ საუკუნეში იერუსალიმის ტაძარში მრავალი ქვეყნიდან თუ ქალაქიდან ჩადიოდნენ იუდეველები და იუდეველი პროზელიტები და თან თავიანთი ქვეყნის მონეტები ჩაჰქონდათ. ტაძრის ყოველწლიური გადასახადის გადახდა, შესაწირავი ცხოველის ყიდვა თუ სხვაგვარი შესაწირავის გაღება მხოლოდ გარკვეული სახის მონეტებით იყო შესაძლებელი. ამიტომ, ფულის გადამცვლელები ხალხის მიერ ჩატანილ ფულს იმ ფულში ცვლიდნენ, რომლითაც ტაძრის გადასახადს იხდიდნენ. იუდეველთა დღესასწაულების დროს ტაძრის ეზოში, რომელსაც არაიუდეველთა ეზოს ეძახდნენ, ფულის გადამცვლელები მაგიდებს დგამდნენ.

როდესაც იესომ ფულის გადამცვლელებს უთხრა, ტაძარი „ყაჩაღების ბუნაგად“ აქციეთო, როგორც ჩანს, იმას გულისხმობდა, რომ ისინი ამ მომსახურებისთვის საკმაოდ დიდ თანხას იღებდნენ.

რატომ ფასობდა ზეთისხილის ხეები ბიბლიურ დროში?

ღმერთი ისრაელს დაჰპირდა, რომ, თუ მისი ერთგულები იქნებოდნენ, აღთქმულ მიწაზე უხვად ექნებოდათ ზეთიხილის ხეები და ვენახები (კანონი 6:10, 11). დღემდე დიდად აფასებენ ზეთისხილის ხეებს იმ მხარეში, სადაც ისინი ხარობს. ამ ხეს ასობით წლის მანძილზე შეუძლია დიდი რაოდენობით ნაყოფის გამოღება და, ამასთანავე, დიდი მოვლაც არ სჭირდება. თუ ამ ხეს სათანადო მოვლა-პატრონობა არ მოაკლდება, კარგად გაიხარებს ქვა-ღორღიან მიწაზე და გვალვიან სეზონზეც კი. თუ ხე წაიქცევა, მისი ფესვები ახალ ყლორტებს ამოიყრის.

ბიბლიურ დროში ამ ხის ქერქსა და ფოთოლს სიცხის დამწევ საშუალებად იყენებდნენ. ხის ბებერი ტოტებიდან გამოყოფილ წებოვან ნივთიერებას ვანილის სუნი აქვს. ამიტომ, მას სუნამოებისა და ნელსაცხებლების დასამზადებლად იყენებდნენ. ამ ხის ძირითადი ღირებულება კი ის იყო, რომ საჭმელად ვარგის ნაყოფს იძლეოდა. მის ნაყოფს საკვებად იყენებდნენ და მისგან ზეთსაც წურავდნენ. მწიფე ზეთისხილის რბილობი დიდი რაოდენობით ზეთს შეიცავს.

ერთი ზეთისხილის ხე წელიწადში იმდენ ნაყოფს იძლევა, რომ მისგან დაახლოებით 57 ლიტრი ზეთის გამოწურვა შეიძლება. ძველად ზეითუნის ზეთს სალამპრეში ასხამდნენ; მას აგრეთვე ხმარობდნენ ტანისა თუ თმის მოსავლელ საშუალებად, ჭრილობების დასარბილებლად და დაჟეჟილობების დასაამებლად. ამ ზეთს რელიგიური თუ სხვა რიტუალების შესრულების დროსაც იყენებდნენ (გამოსვლა 27:20; ლევიანები 2:1—7; 8:1—12; რუთი 3:3; ლუკა 10:33, 34).