არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მინდოდა, იფთახის ქალიშვილისთვის მიმებაძა

მინდოდა, იფთახის ქალიშვილისთვის მიმებაძა

მინდოდა, იფთახის ქალიშვილისთვის მიმებაძა

მოგვითხრო ჯოანა სოუნსმა

ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როცა სურვილი გამიჩნდა, იფთახის ქალიშვილისთვის მიმებაძა. ნება მიბოძეთ, მოგიყვეთ, რატომ გამიჩნდა ასეთი სურვილი და საბოლოოდ როგორ შეესხა ხორცი ჩემს ოცნებას.

პირველად იეჰოვას მოწმეების კონგრესს 1956 წელს დავესწარი ბომბეიში (დღევანდელი მუმბაი, ინდოეთი). ამ კონგრესმა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ჩემზე ძალიან იმოქმედა მოხსენებამ, რომელიც იფთახის ქალიშვილს ეხებოდა.

ალბათ, ბიბლიაში წაგიკითხავთ, რომ იფთახის ქალიშვილი ჯერ კიდევ ყმაწვილქალი იყო, როცა უარი თქვა გათხოვებაზე. სწორედ ამის წყალობით შეასრულა მამამისმა თავისი აღთქმა. ამიტომ, იფთახის ქალიშვილი მთელი ცხოვრება მსახურობდა იეჰოვას სახლში, ანუ კარავში (მსაჯულები 11:28—40).

ძალიან მინდოდა, მისთვის მიმებაძა. მაგრამ დილემის წინაშე ვიდექი — იმ დროს ჩვენს ქვეყანაში, ინდოეთში, დაუქორწინებლობა მიუღებელი იყო.

ჩემი ოჯახი

ჩემი მშობლები, ბენჯამინ და მარსელინა სოუნსები ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ უდიპიში ცხოვრობდნენ. ჩვენ ექვსი და-ძმა ვიყავით. ჩვენს მშობლიურ ენაზე, ტულუზე, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი ლაპარაკობს. მიუხედავად ამისა, უდიპელთა უმეტესობის მსგავსად, განათლება კანარა ენაზე მივიღეთ.

ქორწინება და შვილების ყოლა უმთავრესი იყო ინდოელთა ცხოვრებაში. არც კი მახსოვს, როდისმე გამეგო ჩემს მშობლიურ ენაზე ისეთი სიტყვები, როგორიცაა „დაუქორწინებლობა“, „მარტოობა“ ან „ნოსტალგია“. თითქოს ასეთი რამ არც კი არსებობდა. ჩვენ ვცხოვრობდით პაპა-ბებიასთან, ბიძებთან, მამიდებთან, დეიდებთან და დეიდაშვილ-მამიდაშვილებთან ერთად.

ტრადიციისამებრ, ჩვენს მხარეში მატრიარქატი დომინირებდა. შვილები დედის საგვარეულო ხაზის გამგრძელებლები იყვნენ. დედის გვარს ქალიშვილები აგრძელებდნენ და, შესაბამისად, მემკვიდრეობის დიდი ნაწილიც მათ რჩებოდათ. ზოგ დასახლებაში, სადაც ტულუ ენაზე ლაპარაკობდნენ, ქალიშვილი გათხოვების შემდეგ დედის სახლში რჩებოდა და ქმარიც იქ მიჰყავდა.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა მივიღეთ, ზოგიერთი რამ ჩვენს ოჯახში შეიცვალა. ყოველ საღამოს პაპაჩემი ღვთისმსახურებას ასრულებდა — იგი ლოცულობდა და ბიბლიას გვიკითხავდა ტულუ ენაზე. პაპა ისეთი მოწიწებით შლიდა თავის დაფლეთილ ბიბლიას, თითქოს ძვირფასეულობით სავსე ზარდახშას ხსნიდა. ამის ნახვა ერთ სიამოვნებად ღირდა! ძალიან დამაინტერესა ფსალმუნის 23:1-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება“. მინდოდა, გამეგო, ვინ იყო იეჰოვა და რატომ ეწოდებოდა მას მწყემსი.

თვალებიდან „ლიბრი“ მომცილდა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, საცხოვრებლად ბომბეიში გადავედით, რომელიც ჩვენი სახლიდან 900-კილომეტრზე მეტით იყო დაშორებული. 1945 წელს იეჰოვას ორმა მოწმემ მამაჩემს ბიბლიაზე დაფუძნებული ბროშურა მისცეს. მამამ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა ეს ბროშურა და მასში მოცემულ ცნობას ისე ხარბად დაეწაფა, როგორც მწყურვალი წყალს. მალე მან ამ ცნობის კანარა ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის გაზიარება დაიწყო. ბომბეიში ბიბლიის შემსწავლელი ჩვენი პატარა ჯგუფი გაიზარდა და 50-იან წლებში კანარაენოვან კრებად ჩამოყალიბდა.

მშობლები გვასწავლიდნენ, რომ ღრმად გამოგვეკვლია ბიბლია და კარგი მასწავლებლები გავმხდარიყავით. ისინი ყოველდღე პოულობდნენ დროს, რომ ჩვენთან ერთად ელოცათ და შეესწავლათ ბიბლია (კანონი 6:6, 7; 2 ტიმოთე 3:14—16). ერთ დღესაც, როდესაც ბიბლიას ვკითხულობდი, თითქოს თვალებიდან ლიბრი მომცილდა. მივხვდი, რომ იეჰოვა მოსიყვარულე მწყემსთან იმიტომ არის შედარებული, რომ თავის თაყვანისმცემლებს მიუძღვის, კვებავს და საფრთხისგან იცავს (ფსალმუნი 23:1—6; 83:18).

იეჰოვას ხელჩაკიდებული დავყავდი

1956 წელს ბომბეიში ჩატარებული დაუვიწყარი კონგრესიდან ცოტა ხანში მოვინათლე. ექვსი თვის შემდეგ ჩემი უფროსი ძმის კვალს გავყევი და სრული დროით მქადაგებელი გავხდი. მართალია, ძლიერი სურვილი მქონდა, სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტება გამეზიარებინა, მაგრამ როგორც კი ჩემს მრწამსზე ვიწყებდი საუბარს, ნერვიულობისგან პირი მიშრებოდა, ენა მებმოდა და ხმა მიკანკალებდა. ზოგჯერ აღმომხდებოდა ხოლმე: „ამას მხოლოდ იეჰოვას დახმარებით შევძლებ!“

მალე ჩვენს მხარეში კანადელი მისიონერები, ჰოუმერ და რუთ მაკეიები ჩამოვიდნენ, რომლებმაც 1947 წელს დაამთავრეს იეჰოვას მოწმეთა მისიონერული სკოლა ნიუ-იორკში (აშშ). იეჰოვა მათი მეშვეობით დამეხმარა. მათ, ასე ვთქვათ, ხელჩაკიდებული დავყავდი, როცა მსახურებაში პირველ ნაბიჯებს ვდგავდი. მე და რუთი ყოველთვის წინასწარ ვამზადებდით შეთავაზებებს კარდაკარ მსახურებისთვის. მან კარგად იცოდა, როგორ დავემშვიდებინე. აკანკალებულ ხელებზე ხელს მომკიდებდა ხოლმე და მეტყოდა: „ნუ ღელავ. მოდი, ახლა სხვა კარზე დავაკაკუნოთ“. მისი ასეთი მშვიდი ტონი გამბედაობას მმატებდა.

ერთ დღეს შევიტყვე, რომ ერთ გამოცდილ, ასაკოვან დასთან, ელიზაბეთ ჩეკრენერაინთან, ერთად უნდა მემსახურა. თავიდან მძაფრი რეაქცია მქონდა და ვთქვი: „როგორ ვიცხოვრო ამ დასთან ერთად? ის ხომ ჩემზე გაცილებით უფროსია?!“. მაგრამ ელიზაბეთი სწორედ ისეთი თანამშრომელი გამოდგა, როგორიც მე მჭირდებოდა.

„ჩვენ არასდროს ვართ მარტო“

პირველად ისტორიულ ქალაქ აურანგაბადში გაგვაგზავნეს, რომელიც ბომბეიდან აღმოსავლეთით თითქმის 400 კილომეტრითაა დაშორებული. მალე აღმოვაჩინეთ, რომ მილიონიან ქალაქში ორად ორი მოწმე ვიყავით. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესწავლა მარათული ენა, რომელზეც ამ ქალაქში ლაპარაკობდნენ.

დროდადრო მარტოობის გრძნობა მეუფლებოდა. ზოგჯერ დედისგან მიტოვებული ბავშვივით ვქვითინებდი. მაგრამ ელიზაბეთი დედობრივი მზრუნველობით მეტყოდა ხოლმე: „ხანდახან შეიძლება თავი მარტოდ ვიგრძნოთ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არასდროს ვართ მარტო. მართალია, შენი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან შორს ხარ, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის შენ გვერდითაა. დაუმეგობრდი მას და აღარასდროს იგრძნობ მარტოობას“. ამ რჩევას დღემდე არ დაუკარგავს ფასი ჩემთვის.

როდესაც სამგზავრო ფული შემოგვაკლდებოდა, 20-კილომეტრიან ტალახიან და მტვრიან გზას ფეხით გავდიოდით სიცხესა თუ სიცივეში. ზაფხულობით ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევდა. როდესაც წვიმების სეზონი იწყებოდა, თვეების მანძილზე გზები სულ ტალახიანი იყო. მაგრამ ხშირად ადგილობრივი ტრადიციები უფრო მეტ სირთულეს გვიქმნიდა, ვიდრე ამინდი.

ქალებს მამაკაცებთან არ ჰქონდათ ურთიერთობა, თუ მათი ნათესავები არ იყვნენ. ქალები იშვიათად ასწავლიდნენ კაცებს. ამიტომ, ხშირად გვიგდებდნენ მასხრად და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. პირველი ექვსი თვის განმავლობაში კრების ყოველკვირეულ შეხვედრებს მხოლოდ ჩვენ ორნი ვესწრებოდით. დროთა განმავლობაში დაინტერესებულებიც შემოგვიერთდნენ. მალე პატარა ჯგუფი ჩამოყალიბდა; ზოგმა ჩვენთან ერთად მსახურებაც კი დაიწყო.

„კიდევ უფრო დახელოვნდი შენს საქმეში“

ორ წელიწადნახევრის შემდეგ ჩვენ ბომბეიში დაგვაბრუნეს. ელიზაბეთი ქადაგებას განაგრძობდა, მე კი მთხოვეს, რომ მამაჩემს დავხმარებოდი კანარა ენაზე ბიბლიური ლიტერატურის თარგმნაში. მამას ძალიან გაეხარდა, რადგან კრებაში ბევრი პასუხისმგებლობა ჰქონდა.

1966 წელს ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენს მშობლიურ ქალაქში, უდიპიში, დაბრუნებულიყვნენ. სანამ ბომბეის დატოვებდა, მამაჩემმა მითხრა: „კიდევ უფრო დაიხვეწე შენს საქმეში შვილო. თარგმნე მარტივად და გასაგებად. ნუ იქნები თავდაჯერებული და დარჩი ისეთივე თავმდაბალი, როგორიც ხარ. მიენდე იეჰოვას“. ეს მისი ბოლო რჩევა იყო, რადგან უდიპიში ჩასვლის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. მე დღეს ისევ მთარგმნელობით განყოფილებაში ვმსახურობ და კვლავ ვითვალისწინებ მის რჩევას.

„არ გინდა, საკუთარი ოჯახი გქონდეს?“

ტრადიციისამებრ, ინდოეთში მშობლები საკმაოდ ადრეულ ასაკში აქორწინებენ შვილებს, რათა მათაც ჰყავდეთ საკუთარი შვილები. ამიტომ, ხშირად მეკითხებოდნენ: „არ გინდა, საკუთარი ოჯახი გქონდეს? ვინ მოგხედავს სიბერეში? არ გინდა, გვერდით ვინმე გყავდეს?“.

ასეთი კომენტარები დროდადრო გულს მტკენდა. მართალია, ჩემს გრძნობებს ვმალავდი, მაგრამ როგორც კი მარტოობის გრძნობა შემომაწვებოდა, იეჰოვას ვუშლიდი გულს. მანუგეშებდა ის აზრი, რომ იეჰოვა არ მთვლიდა უღირსად იმის გამო, რომ გათხოვილი არ ვიყავი. ჩემი გადაწყვეტილების ერთგული რომ დავრჩენილიყავი და არაფერს შეეშალა ჩემთვის ხელი იეჰოვას მსახურებაში, ვფიქრობდი იფთახის ქალიშვილსა და იესოზე, რომლებიც დაუქორწინებლები დარჩნენ და ღვთის ნების შესრულებას მიუძღვნეს თავი (იოანე 4:34).

იეჰოვას კურთხევები

მე და ელიზაბეთი თითქმის 50 წელი ვმეგობრობდით. ის 2005 წელს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში მას საგრძნობლად გაუუარესდა მხედველობა და ვეღარ კითხულობდა. ამიტომ, უმეტეს დროს ლოცვაში ატარებდა. ზოგჯერ მეგონა, რომ ვიღაცას ბიბლიურ თემებზე ესაუბრებოდა თავის ოთახში, მაგრამ სინამდვილეში ამ დროს ის იეჰოვას ელაპარაკებოდა. ღმერთი მისთვის რეალური იყო; ის ისე ცხოვრობდა, თითქოს იეჰოვა მის გვერდით იყო. თუ მინდოდა, რომ იფთახის ქალიშვილივით ერთგულად მემსახურა იეჰოვასთვის, ჩემთვისაც რეალური უნდა ყოფილიყო ღმერთი. მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ახალგაზრდობის წლებში ჩემ გვერდით იყო ჩემზე უფროსი და მოწიფული და, რომელიც მხარში მედგა სირთულეების დროს (ეკლესიასტე 4:9, 10).

იფთახის ქალიშვილივით კურთხევები არც მე მაკლდა. დაუქორწინებლად დარჩენისა და ბიბლიური რჩევის გათვალისწინების წყალობით ცხოვრება აზრიანად გავლიე, რადგან განუწყვეტლივ ვემსახურებოდი უფალს მოუცდენლად (1 კორინთელები 7:35).

[სურათი 28 გვერდზე]

მამაჩემი საჯარო მოხსენებას კითხულობს (ბომბეი, 50-იანი წლები)

[სურათი 28 გვერდზე]

მე და ელიზაბეთი მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე

[სურათი 29 გვერდზე]

ბიბლიურ მოხსენებაზე ვიწვევთ ხალხს (ბომბეი, 1960 წელი)

[სურათი 29 გვერდზე]

თანამშრომლებთან ერთად მთარგმნელობით განყოფილებაში