არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აბრაამი — გაბედული კაცი

აბრაამი — გაბედული კაცი

აბრაამი — გაბედული კაცი

აბრაამი ხედავდა, როგორ ემზადებოდნენ მისი ოჯახის წევრები და მსახურები ქანაანში გასამგზავრებლად (დაბადება 12:1—5). ის უყურებდა ამდენ ხალხს, რომლებიც მის კმაყოფაზე იყვნენ და მათ წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. როგორ იზრუნებდა მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე უცხო ქვეყანაში? ურში, ამ მდიდარ და წყალუხვ მხარეში, სადაც უამრავი საძოვარი და ნაყოფიერი მიწები იყო, მას ხომ უფრო გაუადვილდებოდა მათზე ზრუნვა? რა ეშველებოდა მათ, ამ უცხო ქვეყანაში ცუდად რომ გამხდარიყო აბრაამი ან მომკვდარიყო? ვინღა იზრუნებდა მის ოჯახზე? რომც ჰქონოდა ასეთი უარყოფითი ფიქრები, ის არ მისცემდა შიშს იმის უფლებას, რომ მისთვის ხელ-ფეხი შეეკრა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ, რაც არ უნდა მომხდარიყო, ღმერთს დამორჩილებოდა. ეს კი იმაზე მეტყველებდა, რომ ის გაბედული კაცი იყო.

რას ნიშნავს გამბედაობა? ეს თვისება ახასიათებს ძლიერ, გაბედულ და მამაც ადამიანს. ეს არის სილაჩრის და სიმხდალის საპირისპირო თვისება. იყო გაბედული, იმას არ ნიშნავს, რომ არაფრის შიში არ გქონდეს. ღვთის დახმარებით ასეთი ადამიანი შიშის მიუხედავად გაბედულად მოქმედებს.

როგორ ავლენდა აბრაამი გაბედულებას? აბრაამს არ ეშინოდა, ყოფილიყო სხვებისგან განსხვავებული. ის ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ხალხი უამრავ ღვთაებასა და კერპს ემსახურებოდა. ის სხვების შიშით თავს არ იკავებდა, რომ გაეკეთებინა ის, რაც იცოდა, რომ სწორი იყო. აბრაამმა გაბედულად აირჩია ცხოვრების განსხვავებული კურსი და გადაწყვიტა, თაყვანი ეცა ერთადერთი ღმერთისთვის — „უზენაესი ღვთის“, იეჰოვასთვის (დაბადება 14:21, 22).

აბრაამმა სიმდიდრეზე წინ ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემა დააყენა. ის მზად იყო, დაეტოვებინა მდიდარი ქალაქი ური და წასულიყო უდაბნოში. აბრაამი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა იზრუნებდა მის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. ალბათ, წლების შემდეგ ეს ღვთისმოშიში კაცი გაიხსენებდა იმ უზრუნველ ცხოვრებას, რომელიც ურში ჰქონდა. მაგრამ მას ყოველთვის სჯეროდა, რომ იეჰოვა არასოდეს მიატოვებდა და იზრუნებდა მასზე და მის ოჯახზე. რადგანაც იეჰოვა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, ეს აბრაამს გაბედულებას მატებდა, რომ ღვთის მოთხოვნებს დამორჩილებოდა.

რა შეგვიძლია ვისწავლოთ? შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს გაბედულების გამოვლენაში და დავემორჩილოთ იეჰოვას მაშინაც კი, როცა ჩვენ გარშემო მყოფნი ასე არ იქცევიან. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისინი, ვინც იეჰოვას ერთგულნი რჩებიან, წინააღმდეგობებს შეხვდებიან. წინააღმდეგობა ზოგჯერ შეიძლება კეთილმოსურნე მეგობრებმა ან ნათესავებმა გაგიწიონ (იოანე 15:20). მაგრამ, როცა ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რაც იეჰოვა ღმერთზე ვისწავლეთ, მტკიცედ ვიცავთ ჩვენს რწმენას, თუმცა ამას სხვებისადმი პატივისცემით ვაკეთებთ (1 პეტრე 3:15).

ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი იზრუნებს მათზე, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენს. ეს კი თავის მხრივ გაბედულებას შეგვმატებს, რომ ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე სულიერი დავაყენოთ და არა მატერიალური (მათე 6:33). განვიხილოთ, თუ როგორ მიაღწია ამას ერთმა ოჯახმა.

მიუხედავად იმისა, რომ დაგსა და ბეკის ორი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავდათ, სურდათ გადასულიყვნენ ისეთ ქვეყანაში, სადაც სასიხარულო ცნობის მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. მათ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეს, მხურვალედ ილოცეს და გადაწყვიტეს განეხორციელებინათ თავიანთი გეგმები. „დიდი გაბედულება იყო საჭირო, რომ ორი მცირეწლოვანი ბავშვით გადავსულიყავით სხვაგან, როცა წარმოდგენაც კი არ გვქონდა, როგორ წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება იქ. მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, აბრაამისა და სარას მაგალითზე ვიმსჯელეთ. ძალიან დაგვეხმარა იმაზე დაფიქრება, თუ როგორ ენდობოდნენ ისინი იეჰოვას და როგორ ზრუნავდა ისიც მათზე“, — ამბობს დაგი.

„იეჰოვამ დიდად გვაკურთხა“, — ამბობს დაგი. შემდეგ კი დასძენს: „რადგან ცხოვრება გავიმარტივეთ, შესაძლებლობა გვაქვს, დროის უმეტესი ნაწილი ერთად გავატაროთ — ერთად ვიქადაგოთ, ვისაუბროთ და ვეთამაშოთ ბავშვებს. ეს მთელ ოჯახზე კარგად მოქმედებს და ყველანი ბედნიერები ვართ“.

რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია ასეთი რადიკალური ცვლილებების მოხდენა. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს და ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ ღვთისადმი თაყვანისცემა. თუ ასე მოვიქცევით, დარწმუნებული ვიქნებით, რომ ღმერთი ყოველთვის მხარში ამოგვიდგება. ამგვარად, თამამად შევძლებთ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების გამეორებას: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრაელები 13:5, 6).

[ჩანართი 7 გვერდზე]

ღვთის დახმარებით ადამიანი შიშის მიუხედავად გაბედულად მოქმედებს

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

ღვთისმოშიში ქალი და ძვირფასი ცოლი

სარას ქმარი ღვთის ერთგული და ღრმად მორწმუნე კაცი იყო. მაგრამ თავად ამ ღვთისმოშიშმა ქალმაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ბიბლიაში სარა სამჯერ არის მოხსენიებული, როგორც ღვთისმოშიში ქალებისთვის მისაბაძი მაგალითი (ესაია 51:1, 2; ებრაელები 11:11; 1 პეტრე 3:3—6). მართალია, ბიბლიაში ბევრი არაფერია ნათქვამი ამ ღირსეულ ქალზე, მაგრამ ის, რასაც მასზე ვკითხულობთ ღვთის სიტყვაში, საკმარისია იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას მასზე.

მაგალითად, დაფიქრდით, როგორი რეაქცია ექნებოდა სარას, როცა აბრაამმა შეატყობინა, რომ ღვთის მითითების თანახმად ური უნდა დაეტოვებინა. დარდობდა სარა იმაზე, თუ სად უნდა წასულიყვნენ ან რატომ უნდა დაეტოვებინათ ური? წუხდა ის თავიანთ მატერიალურ მდგომარეობაზე? უჭირდა მეგობრებისა და ახლობლების დატოვება? მან ხომ არც კი იცოდა, როდის ნახავდა მათ ან თუ ნახავდა საერთოდ. უეჭველია, ის ფიქრობდა ამ ყველაფერზე. მიუხედავად ამისა, ის მზად იყო, დაეტოვებინა ქალაქი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა აკურთხებდა მას მორჩილებისთვის (საქმეები 7:2, 3).

გარდა იმისა, რომ სარა ღვთისადმი მორჩილებას ავლენდა, ის შესანიშნავი ცოლიც იყო. თავის მეუღლეს არასდროს ეცილებოდა ოჯახის მართვაში. სარა ღრმა პატივისცემას ავლენდა ქმრისადმი და სიყვარულით უჭერდა მხარს ოჯახის მართვაში. სწორედ ასეთი თვისებები ამკობდა და ალამაზებდა მას (1 პეტრე 3:1—6).

რით არის კარგი, თუ დღეს ცოლები სარას მიჰბაძავენ? „სარას მაგალითიდან ვსწავლობ, რომ მეუღლესთან თავისუფლად გამოვთქვა აზრები, — ამბობს ჯილი, რომელსაც 30 წელზე მეტია ბედნიერი ოჯახი აქვს. — თუმცა, როგორც ოჯახის თავი, საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემი მეუღლე იღებს. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, ვცდილობ, მხარი დავუჭირო მის განხორციელებაში“.

ალბათ, სარაში ყველაზე მეტად ის გვხიბლავს, რომ ძალიან ლამაზი ქალი იყო, მაგრამ ის ამით არ ამაყობდა (დაბადება 12:10—13). პირიქით, ის თავმდაბალი იყო და მთელი ცხოვრების მანძილზე მხარში ედგა თავის ქმარს ჭირსა თუ ლხინში. უეჭველია, აბრაამი და სარა ერთგული, თავმდაბალი და მოსიყვარულე წყვილი იყო. ისინი მართლაც კურთხევა იყვნენ ერთმანეთისთვის.