არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუახლოვდით ღმერთს

„მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა“

„მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა“

„მომეცი ხელი“, — ეუბნება მამა თავის პატარა ბიჭუნას ავტომობილებით გადატვირთულ გზაზე გადასვლის წინ. ბიჭუნა თავს უსაფრთხოდ გრძნობს, როცა პაწაწინა ხელებით მამის ძლიერ ხელს ებღაუჭება. გინატრიათ ოდესმე, ვინმეს მოეკიდა თქვენთვის ხელი და ცხოვრების რთულ გზაზე უსაფრთხოდ ეტარებინეთ? თუ ასეა, ალბათ, თქვენთვის მანუგეშებელი იქნება ესაიას სიტყვები (წაიკითხეთ ესაიას 41:10, 13).

ესაიამ ამ სიტყვებით ისრაელს მიმართა. მართალია, იეჰოვა ამ ერს უყურებდა, როგორც „გამორჩეულ საკუთრებას“, მაგრამ ის მტრებით იყო გარშემორტყმული (გამოსვლა 19:5). ჰქონდა ისრაელს შიშის მიზეზი? იეჰოვამ ესაიას მეშვეობით მანუგეშებელი ცნობა გადასცა მათ. ამ სიტყვების განხილვისას არ დავივიწყოთ, რომ მათი გამოყენება დღესაც შეუძლიათ ღვთის მსახურებს (რომაელები 15:4).

„ნუ გეშინია“, — მოუწოდებს თავის თაყვანისმცემლებს იეჰოვა (მუხლი 10). ეს არ არის ცარიელი სიტყვები. იეჰოვა ხსნის, თუ რატომ არ უნდა ეშინოდეთ მათ: „რადგან შენთანა ვარ“. იეჰოვა თავის მსახურებს მხოლოდ გაჭირვების შემთხვევაში კი არ სთავაზობს დახმარებას, არამედ არწმუნებს, რომ ის მათთან, ასე ვთქვათ, მათ გვერდით არის ყოველთვის, რათა დაეხმაროს. განა ეს მანუგეშებელი არ არის?

შემდეგ იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს ეუბნება: „აქეთ-იქით ნუ იყურები“ (მუხლი 10). აქ გამოყენებული ებრაული ზმნა მიუთითებს მათზე, ვინც „საფრთხის მოლოდინში აქეთ-იქით შეშინებული იყურება“. იეჰოვა უხსნის თავის ხალხს, თუ რატომ არ უნდა ცახცახებდნენ შიშით. ის ამბობს: „რადგან შენი ღმერთი ვარ“. რა უნდა იყოს ამაზე მეტად მანუგეშებელი?! იეჰოვა არის „უზენაესი . . . ყოვლისშემძლე“ (ფსალმუნი 91:1). რისი უნდა ეშინოდეთ, თუკი მათ გვერდით ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვაა?

რას მოელიან იეჰოვასგან მისი თაყვანისმცემლები? ის მათ ჰპირდება: „მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (მუხლი 10). ის აგრეთვე ამბობს: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა“ (მუხლი 13). რას გრძნობთ, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ? „როდესაც ამ ორ მუხლს ერთად კითხულობ, თვალწინ წარმოგიდგება მამა-შვილის ურთიერთობა, — ნათქვამია ერთ ნაშრომში. — [მამა] მხოლოდ სიტყვებით კი არწმუნებს თავის შვილს, რომ დაიცავს, არამედ მის გვერდითაც დგას საჭირო დროს. ის არც იმის ნებას აძლევს შვილს, რომ მას ჩამოშორდეს“. მსგავსად ამისა, იეჰოვა არ დაუშვებს, რომ მისი ხალხი მას ჩამოშორდეს მაშინაც კი, თუ მათ ცხოვრებაში, ერთი შეხედვით, უმძიმესი პერიოდი დგება (ებრაელები 13:5, 6).

იეჰოვას მოწმეები დღეს დიდ ნუგეშს პოულობენ ღვთის ზემოხსენებულ სიტყვებში. ამ „ძნელად ასატან დროს“ ზოგჯერ შეიძლება თავს დაჩაგრულად ვგრძნობთ (2 ტიმოთე 3:1). მაგრამ ასეთ სირთულეებთან მარტოს არ გვიწევს ბრძოლა. იეჰოვა მზად არის, ჩაგვკიდოს ხელი და გვატაროს. ჩვენ კი მიმნდობი ბავშვებივით უნდა ჩავებღაუჭოთ მის ძლიერ ხელს და დარწმუნებული ვიყოთ, რომ სწორი გზით წაგვიყვანს და გაჭირვების დროს დახმარებას აღმოგვიჩენს (ფსალმუნი 63:7, 8).

იანვარში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

ესაია 24—42