არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ მათ რწმენას

მან სიბრძნე, გაბედულება და თავგანწირვის სული გამოავლინა

მან სიბრძნე, გაბედულება და თავგანწირვის სული გამოავლინა

ესთერი ნელი ნაბიჯით უახლოვდება მეფის ტახტს. მის გულს ბაგაბუგი გააქვს. შუშანში, სპარსეთის სასახლეში, ისეთი სიჩუმეა, რომ ესთერს თავისი მსუბუქი ნაბიჯებისა და სამოსის შრიალის ხმაც კი ესმის. ის ვერც კი ამჩნევს სამეფო კარის დიდებულებას, საოცრად ლამაზ კოლონებსა და ლიბანის კედრის ხით მდიდრულად მოჩუქურთმებულ ჭერს, რადგან მთელი ყურადღება სამეფო ტახტზე მჯდომი მამაკაცისკენ აქვს მიმართული, რომლის ხელშიც მისი სიცოცხლეა.

მეფე დაჟინებით უყურებს ესთერს, რომელიც მას უახლოვდება და მისკენ ოქროს კვერთხს იწვდის. ეს უბრალო ჟესტია, მაგრამ ესთერისთვის სიცოცხლეს ნიშნავს. ამით მეფე გულმოწყალებას ავლენს ესთერის მიმართ და პატიობს მას, მოხმობის გარეშე რომ წარდგა მის წინაშე. როგორც კი სამეფო ტახტს უახლოვდება, ესთერი მადლიერების ნიშნად კვერთხის წვერს ეხება (ესთერი 5:1, 2). *

ახაშვეროშის სამეფო სამოსი იმაზე მეტყველებდა, თუ რაოდენ მდიდარი და ძლევამოსილი იყო მეფე. იმდროინდელი სპარსეთის მეფეების სამოსის ღირებულება დღეს ასობით მილიონი დოლარის ეკვივალენტია. მაგრამ ესთერმა ერთადერთი, რაც დაინახა, თავისი მეუღლის თბილი მზერა იყო. მეფეს თავისებურად უყვარდა ესთერი. მან უთხრა ესთერს: „რა მოხდა, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“ (ესთერი 5:3).

ესთერმა უკვე გამოავლინა ძლიერი რწმენა და გამბედაობა — იგი წარდგა მეფის წინაშე, რომ დაეცვა და გადაერჩინა თავისი ხალხი. მართალია, მეფემ მიიღო ესთერი, მაგრამ მას წინ ჯერ კიდევ ბევრი სირთულე ელოდა. მას უნდა დაერწმუნებინა ეს ამაყი მეფე, რომ მისი ყველაზე სანდო მრჩეველი ბოროტი კაცი იყო, რომელსაც ესთერის ხალხის განადგურება სურდა. როგორ დაარწმუნებდა ესთერი მეფეს ამაში, და როგორ შეგვიძლია ესთერივით მტკიცე რწმენა განვივითაროთ?

მან „ლაპარაკის დრო“ გონივრულად შეარჩია

ნუთუ ესთერი თავის სათქმელს მეფეს ყველას თანდასწრებით ეტყოდა? თუ ასე მოიქცეოდა, მეფეს დაამცირებდა, მის მრჩეველს, ჰამანს კი იმის საშუალებას მისცემდა, რომ გაებათილებინა მისი ბრალდება. როგორ მოიქცა ესთერი? საუკუნეებით ადრე ბრძენმა მეფე სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 7). ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ასწავლიდა ესთერს მამობილი, ღვთის ერთგული მორდოქაი, ამ პრინციპის თანახმად ცხოვრებას. ესთერს, რასაკვირველია, კარგად ესმოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო, გონივრულად შეერჩია ლაპარაკისთვის დრო.

ესთერმა თქვა: „თუ ისურვებს მეფე, მობრძანდეს დღეს მეფე ჰამანთან ერთად ნადიმზე, რომელიც მოვუმზადე მას“ (ესთერი 5:4). მეფე დათანხმდა და ჰამანსაც მოუხმო. ხედავთ, რა გონივრულად მოიქცა ესთერი? იგი გაუფრთხილდა თავისი მეუღლის ღირსებას და ხელსაყრელი დრო შეარჩია თავისი საწუხარის გამოსათქმელად.

უეჭველია, ესთერმა ნადიმი საგულდაგულოდ მოამზადა და ყველაფერი თავისი მეუღლის გემოვნების გათვალისწინებით გააკეთა. მან გულის გამახალისებლად სუფრაზე საუკეთესო ღვინო გამოატანინა (ფსალმუნი 104:15). ახაშვეროშმა კარგად მოილხინა. მან კვლავ ჰკითხა ესთერს, რა სათხოვარი ჰქონდა. მაგრამ დადგა შესაფერისი დრო საუბრისთვის?

ესთერის აზრით, ჯერ არ იყო საუბრის დრო. მან მეფე და ჰამანი მეორე დღესაც მიიწვია ნადიმზე (ესთერი 5:7, 8). რატომ გადადო ესთერმა მეორე დღისთვის საუბარი? არ დაგავიწყდეთ, რომ მეფის ბრძანების თანახმად, ესთერის ყველა თანამემამულეს სიკვდილი ემუქრებოდა. ესთერი უნდა დარწმუნებულიყო, რომ საუბრისთვის მართლაც შესაფერისი დრო დადგა. ამიტომ, მან მოცდა არჩია და მეორე დღესაც ისეთი ატმოსფერო შექმნა, სადაც თავის ქმარს დაანახვებდა, რამდენად აფასებდა მას.

მოთმინება იშვიათი და დასაფასებელი თვისებაა. დამწუხრებულ ესთერს ერთი სული ჰქონდა, როდის გამოთქვამდა მეფესთან თავის საწუხარს, მაგრამ იგი მოთმინებით ელოდა შესაფერის მომენტს. ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან, რადგან თითოეული ჩვენგანი ვხედავთ უსამართლობას, რაც უნდა აღმოიფხვრას. თუ ჩვენ პრობლემის გადასაჭრელად ავტორიტეტული პირის დარწმუნება მოგვიწევს, შეგვიძლია მივბაძოთ ესთერს და მასავით მომთმენები ვიყოთ. იგავების 25:15-ში ვკითხულობთ: „მოთმინებას მეთაურის დაყოლიება შეუძლია, რბილ ენას კი — ძვლის გადატეხვა“. თუ მოთმინებით დაველოდებით შესაფერის მომენტს და ესთერივით მშვიდად და ტაქტიანად ვისაუბრებთ, ყველაზე საშინელ წინააღმდეგობასაც კი გავუმკლავდებით. აკურთხა ესთერი იეჰოვა ღმერთმა მოთმინებისთვის?

ესთერის მოთმინების წყალობით სამართალმა იზეიმა

ესთერის მოთმინების წყალობით მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. ჰამანი ნადიმიდან „გახარებული და გულმხიარული წავიდა“, რადგან მეფისა და დედოფლის თვალში კეთილგანწყობა მოიპოვა. მაგრამ, როცა სასახლის კარიბჭეს ჩაუარა, თვალი მოჰკრა იუდეველ მორდოქაის, რომელმაც პატივი არ მიაგო მას. მორდოქაი ასე იმიტომ კი არ იქცეოდა, რომ ჰამანს პატივს არ სცემდა, არამედ იმიტომ, რომ ის იეჰოვა ღმერთის ერთგული იყო. მაგრამ ჰამანი „რისხვით აივსო მორდოქაიზე“ (ესთერი 5:9).

ჰამანმა თავის ცოლს და მეგობრებს უთხრა, რომ მორდოქაიმ არ მიაგო პატივი. მათ ურჩიეს მას, რომ გაეკეთებინა ორმოცდაათი წყრთის (22 მეტრი) სიმაღლის ძელი და მეფისთვის ეთხოვა, რომ მორდოქაი ჩამოეკიდათ მასზე. ჰამანს მოეწონა ეს იდეა და მაშინვე გააკეთებინა ძელი (ესთერი 5:12—14).

იმ ღამით „ძილი გაუკრთა მეფეს“. ამიტომ, მან ბრძანა, ხმამაღლა წაეკითხათ მისთვის იმ დღეთა მატიანეები. ამ დროს აღმოაჩინეს ჩანაწერი, სადაც ეწერა, რომ ერთ დროს მეფე ახაშვეროშის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ. მას გაახსენდა, რომ შეთქმულები დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს. რა დაემართა კაცს, რომელმაც ამ შეთქმულების შესახებ მეფის მსახურებს შეატყობინა? ეს კაცი მორდოქაი იყო. მეფემ მაშინვე იკითხა, რა პატივი მიაგეს მორდოქაის ამისთვის. როგორც გაირკვა, მისთვის არაფერი გაეკეთებინათ (ესთერი 6:1—3).

აღშფოთებულმა მეფემ იკითხა, ვინ დაეხმარებოდა ამ შეცდომის გამოსწორებაში. სწორედ ამ დროს, დილაადრიანად, სასახლის ეზოში ჰამანი შევიდა; როგორც ჩანს, მას რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა, ნებართვა მიეღო მორდოქაის დასასჯელად. მაგრამ სანამ მეფეს სთხოვდა ამის შესახებ, მეფემ ჰკითხა, რა პატივი უნდა მიეგოთ კაცისთვის, რომელმაც მეფის კეთილგანწყობა დაიმსახურა. ჰამანმა იფიქრა, რომ მეფეს თავად ის ჰყავდა მხედველობაში. ამიტომ, განსაკუთრებული გულუხვობა გამოავლინა და მეფეს უთხრა: შემოსონ ეს კაცი სამეფო სამოსლით, მოატარონ მეფის ცხენით შუშანი და განადიდონ ის ხალხის წინაშე. წარმოიდგინეთ ჰამანის სახე, როდესაც გაიგებდა, რომ კაცი, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურდა, მორდოქაი იყო! ვის დაავალებდა მეფე, რომ მორდოქაისთვის პატივი მიეგოთ? რაღა თქმა უნდა, ჰამანს (ესთერი 6:4—10).

ამ დავალებამ ჰამანს კიდევ უფრო შეაჯავრა მორდოქაი. ის აჩქარებული ნაბიჯით გაემართა სახლისკენ. ჰამანს ცოლმა და მეგობრებმა უთხრეს, რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა. ის თვითონ გაება იუდეველი მორდოქაისთვის დაგებულ მახეში (ესთერი 6:12, 13).

ვინაიდან ესთერმა მოთმინება გამოავლინა და მეფესთან სასაუბროდ შესაფერის დროს დაელოდა, ამან ნიადაგი მოამზადა იმისთვის, რომ განდიდების მსურველი ჰამანი დამცირებულიყო. რასაკვირველია, იეჰოვას ხელი ერია იმაში, რომ მეფეს იმ ღამით ძილი გაუკრთა (იგავები 21:1). ამიტომ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა, რომ ვისწავლოთ მოთმინება (მიქა 7:7). თუ დაველოდებით ღმერთს, ის ისეთ გამოსავალს გვაპოვნინებს, რომელზეც ვერც კი ვიფიქრებდით.

მან გაბედულად ილაპარაკა

ესთერმა გადაწყვიტა, მეტად აღარ გამოეცადა მეფის მოთმინება და მომდევნო დღეს, ნადიმზე ყველაფერი ეთქვა მეფისთვის. ნადიმზე მეფემ კიდევ ერთხელ ჰკითხა ესთერს, რისი თხოვნა სურდა (ესთერი 7:2). როგორც იქნა, დადგა „ლაპარაკის დრო“.

ალბათ, ესთერმა საუბრის დაწყებამდე ლოცვით მიმართა თავის ღმერთს. შემდეგ კი თქვა: „თუ წყალობა მიპოვნია შენს თვალში, მეფეო, და თუ მეფე ინებებს, მომეცეს ჩემი ხვეწნით ჩემი სული და ჩემი თხოვნით — ჩემი ხალხი“ (ესთერი 7:3). ყურადღება მიაქციეთ, რომ ესთერმა მეფე დაარწმუნა, რომ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ ეპარებოდა. ესთერი სრულიად განსხვავდებოდა ახაშვეროშის ყოფილი ცოლისგან, ვაშთისგან, რომელმაც შეგნებულად დაამცირა თავისი ქმარი (ესთერი 1:10—12). უფრო მეტიც, მას არ განუსჯია მეფე იმის გამო, რომ ბრმად ენდობოდა ჰამანს. პირიქით, ესთერი მეფეს შესთხოვდა, რომ გადაერჩინა დედოფალი.

ესთერის სიტყვებმა მეფე აღაშფოთა. ვინ ბედავდა დედოფალზე ხელის აღმართვას? ესთერმა აუხსნა მეფეს: „რადგან გაყიდულნი ვართ მე და ჩემი ხალხი მოსასპობად, დასახოცად და გასანადგურებლად. მონებად და მხევლებად რომ გავყიდულიყავით, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ეს უბედურება მეფეს ზიანს მოუტანს, რაც ყოვლად დაუშვებელია“ (ესთერი 7:4). მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ ესთერმა გულახდილად თქვა ყველაფერი, თუმცა ისიც დასძინა, რომ ხმას არ ამოიღებდა, საფრთხე რომ არ დამუქრებოდა. ესთერი რომ გაჩუმებულიყო, იუდეველთა გენოციდი მეფესაც ძვირად დაუჯდებოდა.

ამ შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ ესთერმა შეძლო მეფის დარწმუნება და ამით კარგი მაგალითი დაგვიტოვა. თუ ოდესმე თქვენც მოგიწევთ, სერიოზული პრობლემის შესახებ საყვარელ ადამიანს ან რომელიმე პასუხისმგებელ პირს შეატყობინოთ, მოთმინება, პატივისცემა გამოავლინეთ და გულწრფელად ილაპარაკეთ (იგავები 16:21, 23).

განრისხებულმა ახაშვეროშმა იკითხა: „ვინ არის და სად არის ის, ვინც ასეთი რამ გაბედა?“. ვისკენ გაიშვერდა ესთერი თითს, როცა შემდეგ სიტყვებს იტყოდა: „ეს კაცი, მოწინააღმდეგე და მტერი, ბოროტი ჰამანია“. ამის გაგონებაზე ყველა იქ მყოფი გაოგნდა. ჰამანი შიშმა აიტანა. წარმოიდგინეთ, როგორ აუწითლდებოდა აღშფოთებისგან მეფეს სახე, როცა გაიგებდა, რომ მისმა სანდო მრჩეველმა მოტყუებით დაასმევინა ბეჭედი ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც მისი საყვარელი მეუღლე უნდა მომკვდარიყო! განრისხებული მეფე წამოდგა და სასახლის ბაღში გავიდა, ცოტა რომ დამშვიდებულიყო (ესთერი 7:5—7).

ვინაიდან ჰამანის მზაკვრულ ჩანაფიქრს ფარდა აეხადა, ის დედოფლის ფეხებთან დაემხო და შეწყალებას სთხოვდა. როდესაც მეფე უკან დაბრუნდა, ჰამანი ესთერის ტახტზე დამხობილი დახვდა. ამის დანახვაზე მეფე რისხვით აინთო და ჰამანი იმაში დაადანაშაულა, რომ დედოფლის გაუპატიურება სცადა. ჰამანი სიკვდილს ვეღარ გადაურჩებოდა. ის იქიდან გაიყვანეს და სახე დაუფარეს. ერთმა კარისკაცმა მეფეს აცნობა, რომ ჰამანმა უშველებელი ძელი მოუმზადა მორდოქაის. ახაშვეროშმა დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება, რომ ჰამანი თავისივე გაკეთებულ ძელზე ჩამოეკიდათ (ესთერი 7:8—10).

დღევანდელ უსამართლო ქვეყნიერებაში შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნას, რომ სამართალი ვერასდროს იზეიმებს. თქვენც გიფიქრიათ როდისმე ასეთი რამ? ესთერს არასდროს დაუკარგავს იმედი და რწმენა და არც არასდროს დაეჭვებულა. როდესაც საუბრისთვის შესაფერი დრო დადგა, მან გაბედულად ილაპარაკა სიმართლე, დანარჩენი კი იეჰოვას მიანდო. მოდი, ჩვენც მის მსგავსად მოვიქცეთ! იეჰოვა არ შეცვლილა — როგორიც იყო ესთერის დროს, ისეთია დღესაც. ღმერთს კვლავაც შესწევს იმის უნარი, რომ ბოროტი ადამიანები მზაკვრობაში ამხილოს და მათივე დაგებულ მახეში გააბას ისე, როგორც ეს ჰამანის შემთხვევაში მოხდა (ფსალმუნი 7:11—16).

მან თავი არ დაზოგა იეჰოვასა და თავისი ხალხისთვის

საბოლოოდ მეფემ დაინახა, ვინ იყო სინამდვილეში მორდოქაი. მეფემ მხოლოდ ის კი არ გაიგო, რომ სწორედ მორდოქაიმ შეატყობინა მეფის მსახურებს შეთქმულების შესახებ, არამედ ისიც, რომ მორდოქაი ესთერის მამობილი იყო. ახაშვეროშის ბრძანებით, მორდოქაიმ ჰამანის ადგილი დაიკავა — ის მეფის შემდეგ მეორე კაცი გახდა. ჰამანის სახლი, მათ შორის მისი აურაცხელი ქონება, მეფემ ესთერს გადასცა. ესთერმა ჰამანის სახლის ზედამხედველად მორდოქაი დააყენა (ესთერი 8:1, 2).

ახლა უკვე ესთერსა და მორდოქაის საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ მორჩა ამით ყველაფერი და შეეძლო დედოფალს შვებით ამოესუნთქა? რასაკვირველია, თუ ის მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებდა. მალე წერილობითი ბრძანების თანახმად, რომელიც ჰამანმა მეფის სახელით დააწერინა, სპარსეთის იმპერიის ყველა კუთხე-კუნჭულში მცხოვრები ყოველი იუდეველი უნდა მომკვდარიყო. თავისი ბოროტი ჩანაფიქრის განსახორციელებლად შესაფერისი დრო რომ შეერჩია, ჰამანმა წილი ანუ ფური ყარა, რასაც, როგორც ჩანს, სპირიტიზმთან ჰქონდა კავშირი (ესთერი 9:24—26). მართალია, ამ ბრძანების შესრულებამდე თვეები იყო დარჩენილი, მაგრამ დრო სწრაფად გადიოდა და ის დღე ახლოვდებოდა. შესაძლებელი იყო იუდეველთა გენოციდის თავიდან აცილება?

ესთერმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავგანწირვის სული და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო — კიდევ ერთხელ წარდგა მეფის წინაშე ოფიციალური მოხმობის გარეშე. ახლა ის თავის ხალხზე წუხდა და ევედრებოდა თავის ქმარს, გაეუქმებინა საშინელი ბრძანება. მაგრამ სპარსეთის მეფის ბრძანების გაუქმება შეუძლებელი იყო (დანიელი 6:12, 15). ასე რომ, მეფემ ესთერსა და მორდოქაის უფლება მისცა, ახალი კანონი გამოეშვათ. ეს ახალი კანონი იუდეველებს უფლებას აძლევდა, თავი დაეცვათ. ცხენებზე ამხედრებულმა მაცნეებმა მთელი იმპერია შემოიარეს და ეს სასიხარულო ცნობა იუდეველებს აცნობეს. იუდეველთა გულები იმედის შუქმა გაათბო (ესთერი 8:3—16). წარმოიდგინეთ, როგორ ემზადებოდნენ და როგორ ისხამდნენ იარაღს იუდეველები ბრძოლისთვის ამ უკიდეგანო იმპერიაში. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ იყო მათთან (1 სამუელი 17:45).

როდესაც დანიშნული დღე დადგა, ღვთის ხალხი მზად იყო თავდასაცავად. ახლა მათ მხარს უჭერდა ბევრი სპარსელი მაღალჩინოსანიც. მთელ სამეფოში გავრცელდა ხმა, რომ იმპერიაში მეორე კაცად იუდეველი მორდოქაი დაინიშნა. იეჰოვამ თავის ხალხს დიდი გამარჯვება მოუტანა. უეჭველია, მან იზრუნა იმაზე, რომ თავისი ხალხის მტრები საბოლოოდ დამარცხებულიყვნენ და მათთვის ზიანი ვეღარ მიეყენებინათ (ესთერი 9:1—6). *

გარდა ამისა, მორდოქაი უსაფრთხოდ ვერ განაგებდა ჰამანის სახლს მანამ, სანამ ამ ბოროტი კაცის ათი ვაჟი ცოცხალი იქნებოდა. იუდეველებმა ისინიც დახოცეს (ესთერი 9:7—10). ასე შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება. ღმერთს მანამდე ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ამალეკელები სრულიად განადგურდებოდნენ, ამალეკელები, რომლებიც მისი ხალხის მტრები იყვნენ (კანონი 25:17—19). დიდია ალბათობა, რომ ჰამანის ვაჟები სწორედ ამ მსჯავრდადებული ხალხის დარჩენილი ნაწილი იყვნენ.

ესთერმა მძიმე ტვირთს მოჰკიდა ხელი, როცა თავის თავზე აიღო სამეფო ბრძანების გამოცემა, რომლის თანახმადაც ისრაელს თავის დასაცავად უნდა ებრძოლა და სიკვდილით დაესაჯა მტერი. ეს ადვილი საქმე არ იყო. მაგრამ იეჰოვას სურდა, რომ მისი ხალხი არ განადგურებულიყო. ისრაელის ერში უნდა მოსულიყო აღთქმული მესია, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის იმედის წყაროდ იქცეოდა (დაბადება 22:18). დღეს ღვთის მსახურები ბედნიერნი არიან, რადგან იციან, რომ მას შემდეგ, რაც მესია, იესო, დედამიწაზე მოვიდა, თავის მიმდევრებს ომებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა (მათე 26:52).

მიუხედავად ამისა, ქრისტიანები დღეს სულიერ ბრძოლაში არიან ჩაბმული. დღეს, ისე როგორც არასდროს, სატანა დიდი მონდომებით ცდილობს, იეჰოვასადმი რწმენა დაგვაკარგვინოს (2 კორინთელები 10:3, 4). მართლაც დიდი კურთხევაა, რომ ესთერმა ასეთი შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა! დაე, ჩვენც მასავით ძლიერი რწმენა გვქონდეს. გონიერებას მოვუხმოთ და მოთმინება გამოვავლინოთ, როცა ვინმეს დარწმუნებაა საჭირო; ღვთის ხალხის დასაცავად გაბედულება და თავგანწირვის სული გამოვავლინოთ!

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 პირველ სტატიაში ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გაზარდა ობოლი ესთერი მისმა ბიძაშვილმა, მორდოქაიმ, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი იყო, და მოგვიანებით როგორ გახდა ის სპარსეთის მეფის, ახაშვეროშის, მეუღლე; როგორ შეიმუშავა მეფის მრჩეველმა, ჰამანმა, მზაკვრული გეგმა მორდოქაისა და მისი ხალხის, იუდეველების, გასანადგურებლად; როგორ დაარწმუნა მორდოქაიმ ესთერი, რომ წარმდგარიყო მეფის წინაშე და თავისი ხალხი დაეცვა. იხილეთ სტატია „მიჰბაძეთ მათ რწმენას — მან დაიცვა თავისი ხალხი“ 2011 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“.

^ აბზ. 32 მეფემ იუდეველებს უფლება მისცა, მეორე დღეს საბოლოოდ დაემარცხებინათ თავიანთი მტრები (ესთერი 9:12—14). ამ გამარჯვებას იუდეველები ყოველ გაზაფხულს ფურიმის დღესასწაულის სახელით აღნიშნავდნენ. ამ დღესასწაულს ეს სახელი ეწოდა მას შემდეგ, რაც ჰამანის განზრახვა ჩაიშალა.

[ჩარჩო 28 გვერდზე]

კითხვები

რატომ დართო მორდოქაიმ ესთერს ნება, რომ არაიუდეველს გაჰყოლოდა ცოლად?

ზოგი სწავლულის აზრით, მორდოქაი პატივმოყვარე იყო და სწორედ ამიტომ სურდა, რომ ესთერი სპარსეთის მეფეს გაჰყოლოდა ცოლად. მაგრამ ეს მოსაზრება სრულიად უსაფუძვლოა. მორდოქაი ერთგული იუდეველი იყო და ნამდვილად არ მოისურვებდა, რომ საკუთარი თავის განსადიდებლად მისი შვილობილი არაიუდეველს გაჰყოლოდა ცოლად (კანონი 7:3). პირიქით, ძველი იუდაური ცნობების თანახმად, მორდოქაი ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. მაგრამ საეჭვოა, რომ იუდეველ მორდოქაის ან ესთერს არჩევნის უფლება ჰქონოდათ სპარსეთის მიწაზე, რომელსაც განაგებდა დესპოტი და ხალხის მიერ გაღმერთებული მმართველი. დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ იეჰოვამ ესთერის მეშვეობით, რომელიც სპარსეთის დედოფალი გახდა, თავისი ხალხი დაიცვა (ესთერი 4:14).

რატომ არ არის წიგნ „ესთერში“ მოხსენიებული ღვთის სახელი იეჰოვა?

როგორც ჩანს, წიგნი „ესთერი“ ღვთის შთაგონებით მორდოქაიმ დაწერა. ალბათ, ეს წიგნი თავდაპირველად ინახებოდა სპარსულ მატიანეებში, სანამ საბოლოოდ იერუსალიმში დააბრუნებდნენ. თუ წიგნში იეჰოვას სახელი იქნებოდა გამოყენებული, შესაძლოა სპარსული ღვთაებების თაყვანისმცემლებს ის გაენადგურებინათ. როგორც უნდა ყოფილიყო, ამ წიგნის კითხვისას აშკარად ვხედავთ, რომ მთავარი ფიგურა იეჰოვაა. საინტერესოა, რომ ებრაულ დედნისეულ ტექსტში ღვთის სახელი ფარულად არის მოხსენიებული აკროსტიქის სახით (ესთერი 1:20).

არაზუსტ ისტორიულ ცნობებს შეიცავს წიგნი „ესთერი“?

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ წიგნი „ესთერი“ ისტორიულად არაზუსტ ცნობებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, ზოგი სწავლული აღნიშნავს, რომ ამ წიგნის დამწერი ძალიან კარგად იცნობდა მეფის ოჯახის წევრებს, სამეფო კარის არქიტექტურასა და წეს-ჩვეულებებს. მართალია, დედოფალი ესთერი არ არის ნახსენები ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ წყაროებში, მაგრამ ის არ იქნებოდა მეფის ოჯახის ერთადერთი წევრი, ვინც მატიანეებში განზრახ არ მოიხსენიეს. გარდა ამისა, ისტორიულ წყაროებში კაცი, სახელად მარდუკა (მორდოქაი) მოხსენიებულია, როგორც შუშანის სამეფო კარის დაწინაურებული პირი და თანაც სწორედ იმ პერიოდში, რომელიც წიგნ „ესთერშია“ ნახსენები.

[ჩარჩო 29 გვერდზე]

შესრულებული წინასწარმეტყველება

ღვთის ხალხისთვის ბრძოლის დროს ესთერმა და მორდოქაიმ კიდევ ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველება შეასრულეს. 1 200 წლის წინათ იეჰოვამ აღძრა იაკობი, ერთ-ერთ თავის შვილზე ეწინასწარმეტყველებინა: „ბენიამინი მგელივით მგლეჯელი იქნება. დილით ნანადირევს შეჭამს და საღამოს ნაძარცვს გაანაწილებს“ (დაბადება 49:27). ისრაელი ერის სამეფო ისტორიის „დილას“ ანუ დასაწყისში ბენიამინის შთამომავლები მეფე საული და იეჰოვას ხალხისთვის მებრძოლი სხვა მამაცი მეომრები იყვნენ. „საღამოს“ კი ანუ მაშინ, როცა ისრაელის მეფეთა ისტორია დასასრულს უახლოვდებოდა, ესთერი და მორდოქაი, რომლებიც ბენიამინის ტომიდან იყვნენ, წარმატებით იბრძოდნენ იეჰოვას მტრების წინააღმდეგ. გარკვეულწილად, მათ ნაძარცვიც გაინაწილეს, რადგან ჰამანის მთელი ქონება მათ გადაეცათ.

[სურათი 25 გვერდზე]

ესთერმა თავმდაბლურად მიიღო მეფის წყალობა

[სურათი 26, 27 გვერდებზე]

ესთერმა გაბედულად ამხილა ჰამანი ბოროტებაში

[სურათი 28, 29 გვერდებზე]

ესთერმა და მორდოქაიმ მთელ სპარსეთის იმპერიაში მცხოვრებ იუდეველებს ცნობები დაუგზავნეს