არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისწავლეთ ჭეშმარიტების „მონახაზიდან“

ისწავლეთ ჭეშმარიტების „მონახაზიდან“

„[თქვენ გაქვთ] კანონში მოცემული ჭეშმარიტებისა და ცოდნის მონახაზი“ (რომ. 2:20).

1. რატომ უნდა გვაინტერესებდეს მოსეს კანონის სხვადასხვა დეტალის მნიშვნელობის გაგება?

მოციქულ პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი წერილები რომ არა, მოსეს კანონის მრავალი დეტალის მნიშვნელობა რთული გასაგები იქნებოდა. მაგალითად, ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ თავის წერილში პავლე ნათელს ჰფენს, როგორ შეეძლო იესოს, „ერთგულ მღვდელმთავარს“, ერთხელ და სამუდამოდ შეწირულიყო „შერიგების მსხვერპლად“ და ამგვარად ყველასთვის, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენდა, „მარადიული ხსნა“ მოეტანა (ებრ. 2:17; 9:11, 12). პავლემ ახსნა, რომ კარავი იყო მხოლოდ „ზეციურის . . . ჩრდილი“ და იესო გახდა მოსეს შეთანხმებაზე „უკეთესი შეთანხმების“ შუამავალი (ებრ. 7:22; 8:1—5). პავლეს დღეებში კანონის სხვადასხვა დეტალის ასეთი ახსნა ფასდაუდებელი იყო ქრისტიანებისთვის და ეს დღემდე ასეა. ეს გვეხმარება, უფრო დავაფასოთ ყოველივე ის, რაც ღმერთმა ჩვენთვის გააკეთა.

2. არაებრაელებთან შედარებით, რა უპირატესობა ჰქონდათ ებრაელ ქრისტიანებს?

2 რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილი წერილის გარკვეული ნაწილი ეხებოდა კრების იუდეველ წევრებს, რომლებიც კარგად იცნობდნენ მოსეს კანონს. მოციქულს ესმოდა, რომ ამ ქრისტიანებს ჰქონდათ იეჰოვასა და მისი სამართლიანი პრინციპების შესახებ „ჭეშმარიტებისა და ცოდნის მონახაზი“. წარსულში მცხოვრები ერთგული იუდეველების მსგავსად, ებრაელ ქრისტიანებსაც „ჭეშმარიტების მონახაზი“ და მისადმი ღრმა პატივისცემა ჰქონდათ, რამაც შეაძლებინა, ეხელმძღვანელათ, ესწავლებინათ და ენათებინათ მათთვის, ვინც არაფერი იცოდა იეჰოვას მიერ თავისი ხალხისთვის მიცემული კანონების შესახებ (წაიკითხეთ რომაელების 2:17—20 ).

იესოს მსხვერპლის ჩრდილი

3. რა სარგებლობა მოაქვს ძველ ისრაელში შესაწირავებთან დაკავშირებული კანონების გაცნობას?

3 პავლეს მიერ მოხსენიებული ჭეშმარიტების მონახაზი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რათა გავიგოთ იეჰოვას განზრახვები. მოსეს კანონში ჩადებულ პრინციპებს დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელოვნება და ღირებულება. ამიტომ განვიხილოთ მოსეს კანონის ერთ-ერთი დეტალი, კერძოდ, თუ როგორ მიიყვანა თავმდაბალი იუდეველები სხვადასხვა მსხვერპლმა და შესაწირავმა ქრისტემდე და როგორ დაეხმარა ეს მათ, გაეგოთ, რას მოითხოვდა ღმერთი მათგან. ვინაიდან თავისი მსახურებისადმი იეჰოვას ძირითადი მოთხოვნები არასოდეს იცვლება, მსხვერპლსა და შესაწირავთან დაკავშირებით ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონები ჩვენც დაგვეხმარება, გავაანალიზოთ, რამდენად ხარისხიანად ვასრულებთ ჩვენს წმინდა მსახურებას (მალ. 3:6).

4, 5. ა) რას შეახსენებდა მოსეს კანონი ღვთის ხალხს? ბ) რაზე მიუთითებდა შესაწირავების შესახებ ღვთის კანონი?

4 მოსეს კანონიდან მრავალი დეტალი ძველ დროს მცხოვრებ იუდეველებს ხაზგასმით აჩვენებდა, რომ ცოდვილები იყვნენ. მაგალითად, თუ ვინმე ადამიანის გვამს შეეხებოდა, უნდა განწმენდილიყო. ამისათვის საჭირო იყო, უნაკლო წითელი ძროხა დაეკლათ და დაეწვათ. მისი ნაცარი უნდა შეენახათ „განმწმენდი წყლისთვის“, რომელსაც უწმინდურს გაუწმინდურებიდან მესამე და მეშვიდე დღეს ასხურებდნენ (რიცხ. 19:1—13). იმის ხაზგასასმელად, რომ სიცოცხლის ჩასახვისას ხდებოდა არასრულყოფილებისა და ცოდვის გადაცემა, მშობიარობის შემდეგ ქალი გარკვეული პერიოდი უწმინდურად ითვლებოდა და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მას გამოსყიდვის წესის შესასრულებლად შესაწირავი უნდა გაეღო (ლევ. 12:1—8).

5 ცხოველური შესაწირავები მოითხოვებოდა ყოველდღიურად ჩადენილი ცოდვების გამოსასყიდადაც. კარავში და, მოგვიანებით, იეჰოვას ტაძარში აღვლენილი შესაწირავები, იესოს მიერ გაღებული სრულყოფილი შესაწირავის „ჩრდილი“ იყო, იმისდა მიუხედავად, ესმოდათ თუ არა ეს ღვთის მსახურებს (ებრ. 10:1—10).

შესაწირავისადმი დამოკიდებულება

6, 7. ა) რას ითვალისწინებდნენ ისრაელები შესაწირავის არჩევისას და რას განასახიერებდა ეს შესაწირავი? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

6 ნებისმიერ შესაწირავ ცხოველთან დაკავშირებით იეჰოვას მთავარი მოთხოვნა იყო, რომ შესაწირავი ყოფილიყო ყოველმხრივ „საღი“, ანუ მიუღებელი იყო ბრმა, დეფექტიანი, კოჭლი ან ავადმყოფი (ლევ. 22:20—22). რაც შეეხება იეჰოვასთვის შესაწირ ხილსა და მარცვლეულს, ის „პირველმოწეული“ და „საუკეთესო“ უნდა ყოფილიყო (რიცხ. 18:12, 29). მეორეხარისხოვანი შესაწირავი იეჰოვასთვის მიუღებელი იყო. ცხოველურ შესაწირავთან დაკავშირებული ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა, ცხადყოფდა, რომ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი უნაკლო და უბიწო იქნებოდა; იეჰოვა კაცობრიობის ცოდვისგან გასათავისუფლებლად საუკეთესო და მისთვის უძვირფასეს მსხვერპლს გაიღებდა (1 პეტ. 1:18, 19).

7 იეჰოვას მიერ გამოვლენილი ყოველივე კარგისთვის მადლიერი ადამიანი ნამდვილად ბედნიერი იქნებოდა, რომ საუკეთესო აერჩია თავისი ქონებიდან. შესაწირავის ხარისხი თავად ადამიანზე იყო დამოკიდებული. მან იცოდა, ღმერთს არ ესიამოვნებოდა ნაკლოვანი შესაწირავი, ვინაიდან ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ მისთვის მსხვერპლის გაღება მხოლოდ ფორმალობა ან ტვირთიც კი იყო (წაიკითხეთ მალაქიას 1:6—8, 13 ). ამან უნდა დაგვაფიქროს ღვთისადმი ჩვენს მსახურებაზე: „რატომ ვემსახურები იეჰოვას? როგორია ჩემ მიერ გაღებული მსხვერპლის ხარისხი? და, რა აღძვრებით ვემსახურები ღმერთს?“.

8, 9. რას ვსწავლობთ შესაწირავისადმი ისრაელების დამოკიდებულებიდან?

8 თუ ისრაელების მიერ გაღებული მსხვერპლი იეჰოვასადმი გულწრფელი მადლიერების ნებაყოფლობითი გამოვლენა იყო ან, როგორც დასაწვავი შესაწირავის შემთხვევაში, ამას იეჰოვას მოწონების მისაღებად სწირავდნენ, შესაფერისი მსხვერპლის არჩევა რთული სულაც არ იქნებოდა. ღვთის თაყვანისმცემელი სიამოვნებით გაიღებდა იეჰოვასთვის საუკეთესოს. დღეს ქრისტიანებისგან არ მოითხოვება მოსეს კანონით გათვალისწინებული შესაწირავების გაღება, მაგრამ ისინი იეჰოვას სწირავენ თავიანთ დროს, ენერგიასა და სახსრებს. მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ქრისტიანული იმედის „სახალხოდ აღიარება“ და სხვებისთვის „კარგის კეთება და გაზიარება“ ღვთისთვის მოსაწონი მსხვერპლია (ებრ. 13:15, 16). ასეთი საქმიანობისადმი იეჰოვას ხალხის დამოკიდებულება ცხადყოფს, რამდენად მადლიერნი არიან ისინი და აფასებენ ყოველივე იმას, რაც ღმერთმა მათ მისცა. ამგვარად, არსებობს მსგავსება მათ დამოკიდებულებასა და აღძვრებს შორის, ვინც დღეს მონაწილეობს ქრისტიანულ მსახურებაში და, ვინც ძველ დროს ნებაყოფლობით შესაწირავს სწირავდა ღმერთს.

9 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა მოსეს კანონით ისრაელებისგან მოითხოვებოდა ცოდვისა და დანაშაულისთვის მსხვერპლის შეწირვა? როგორ ფიქრობთ, ის ფაქტი, რომ მსხვერპლის შეწირვა სავალდებულო იყო, იმოქმედებდა შემცოდველის მზადყოფნასა და შესაწირავისადმი მის დამოკიდებულებაზე? შეიძლებოდა, ასეთი შესაწირავები უხალისოდ გაეღოთ? (ლევ. 4:27, 28). არა, თუ შემცოდველს გულწრფელად სურდა იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.

10. ურთიერთობის აღსადგენად, რა „შესაწირავის“ გაღება შეიძლება მოუწიოს ქრისტიანს?

10 დღესაც ასეა. თქვენ შეიძლება გააცნობიეროთ, რომ დაუფიქრებლად, თქვენდა უნებურად, თანაქრისტიანს აწყენინეთ. სინდისი გკარნახობთ, რომ არასწორად მოიქეცით. ყველამ, ვინც სერიოზულად ეკიდება იეჰოვასთვის მსახურებას, ამ შეცდომის გამოსასწორებლად ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს. ეთანხმებით ამას? ეს იმას ნიშნავს, რომ გულწრფელად მოიბოდიშოთ, ხოლო სერიოზული ცოდვის შემთხვევაში, ეძებოთ სულიერი დახმარება მოსიყვარულე ქრისტიან ზედამხედველებთან (მათ. 5:23, 24; იაკ. 5:14, 15). ამგვარად, თანაქრისტიანისა თუ ღვთის წინაშე ჩადენილი არასწორი საქციელის გამოსწორება ჩვენ გარკვეულ ფასად გვიჯდება. მიუხედავად ამისა, თუ ასეთ „შესაწირავს“ ვიღებთ, იეჰოვასთან თუ თანაქრისტიანთან ურთიერთობას აღვიდგენთ და სუფთა სინდისი გვექნება. ეს კი გვარწმუნებს, რომ იეჰოვამ კარგად იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო.

11, 12. ა) რა თავისებურებით გამოირჩეოდა მშვიდობის მსხვერპლი? ბ) რა კავშირია „მშვიდობის მსხვერპლსა“ და დღევანდელ წმინდა თაყვანისმცემლობას შორის?

11 მოსეს კანონში აგრეთვე ნახსენებია მშვიდობის მსხვერპლი. ამ მსხვერპლის გაღებით ადამიანი ცხადყოფდა, რომ იეჰოვასთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა. ამ დროს ადამიანი ოჯახთან ერთად შეწირული ცხოველის ხორცს ჭამდა, შესაძლოა, ტაძრის ერთ-ერთ სასადილო ოთახში. მსხვერპლის აღვლენაში მონაწილე და ტაძარში მომსახურე სხვა მღვდლები შესაწირავის გარკვეულ ნაწილს იღებდნენ (ლევ. 3:1; 7:31—33). ისრაელები ამ მსხვერპლს მხოლოდ იმიტომ სწირავდნენ, რომ ღმერთთან კარგი ურთიერთობა სურდათ. ამ დროს მსხვერპლის შემწირველი, მისი ოჯახი, მღვდლები და იეჰოვა, ასე ვთქვათ, ერთი სუფრიდან ჭამდნენ, და ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობით ტკბებოდნენ.

12 განა არსებობს იმაზე დიდი პატივი, რომ, სიმბოლური გაგებით, დაპატიჟოთ იეჰოვა და მან მიიღოს ეს მოწვევა? ბუნებრივია, ამ დროს მასპინძელს სურს, საუკეთესოდ გაუმასპინძლდეს ასეთ საპატიო სტუმარს. მშვიდობის მსხვერპლის შეწირვა იყო კანონის „ჭეშმარიტების მონახაზის“ ნაწილი. ის მიუთითებდა ფაქტზე, რომ იესოს მიერ გაღებული უფრო დიდი შესაწირავის საფუძველზე ყველას შეუძლია შემოქმედთან ახლო, მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება. დღეს ჩვენი სახსრებისა და ენერგიის ღვთის მსახურებაში ნებაყოფლობით გაღებით შეგვიძლია იეჰოვასთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს.

გაფრთხილება შესაწირავებთან დაკავშირებით

13, 14. რატომ იყო იეჰოვასთვის მიუღებელი შესაწირავი, რომლის გაღებასაც მეფე საული აპირებდა?

13 მოსეს კანონის თანახმად გაღებული შესაწირავი იეჰოვასთვის მისაღები რომ ყოფილიყო, საჭირო იყო სწორი განწყობა და გულის მდგომარეობა. ზოგიერთი შესაწირავი ღვთისთვის მიუღებელი იყო და ბიბლიაში ამის არაერთი მაგალითია მოცემული. რატომ იყო ისინი ღვთისთვის მიუღებელი? განვიხილოთ ორი შემთხვევა.

14 წინასწარმეტყველმა სამუელმა მეფე საულს უთხრა, რომ იეჰოვამ მსჯავრი დასდო ამალეკელებს. ამიტომ საულს უნდა გაენადგურებინა მტერი და არც მისი საქონელი დაენდო. მაგრამ გამარჯვების შემდეგ საულმა ჯარისკაცებს ნება დართო, ცოცხლად დაეტოვებინათ ამალეკელთა მეფე აგაგი. მან აგრეთვე დაინდო საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რათა იეჰოვასთვის შეეწირა (1 სამ. 15:2, 3, 21). როგორ შეხვდა ამას იეჰოვა? მან უარყო საული ურჩობისთვის (წაიკითხეთ 1 სამუელის 15:22, 23 ). რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? შესაწირავი ღვთისთვის მისაღები რომ იყოს, მისი მითითებებისადმი მორჩილებაა საჭირო.

15. რას ცხადყოფდა ზოგიერთი ისრაელის ცუდი საქმეები, რომლებიც ესაიას დღეებში ღმერთს შესაწირავებს სწირავდნენ?

15 მსგავსი მაგალითია მოცემული წიგნ „ესაიაში“. მართალია, ესაიას დღეებში ისრაელები იეჰოვას შესაწირავებს სწირავდნენ, მაგრამ მათი ცუდი საქმეების გამო ეს შესაწირავები ღვთისთვის მიუღებელი იყო. „რას მარგებს თქვენი დიდძალი შესაწირავი? — ჰკითხა მათ იეჰოვამ. — ყელში ამომივიდა თქვენი ვერძები, მთლიანად დასაწვავ შესაწირავად რომ მოგაქვთ, და ნასუქი პირუტყვის ქონი; არ მსიამოვნებს თქვენი მოზვრების, მამალი თოხლებისა და ვაცების სისხლი . . . ნუღარ მომიტანთ მაგ უსარგებლო მარცვლეულ შესაწირავს. საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის“. რატომ იყო იეჰოვასთვის მიუღებელი მათი შესაწირავები? ღმერთმა უთხრა ისრაელებს: „თუმცა ბევრს ლოცულობთ, არ გისმენთ; ხელები სისხლით გაქვთ სავსე. განიბანეთ, განიწმინდეთ, მომაშორეთ თქვენი ცუდი საქმეები თვალთაგან; შეწყვიტეთ ბოროტების კეთება“ (ეს. 1:11—16).

16. რა განსაზღვრავს მისაღებია თუ არა ღვთისთვის შესაწირავი?

16 იეჰოვას არ მოსწონდა მოუნანიებელი შემცოდველების მიერ გაღებული შესაწირავები. მაგრამ მათი ლოცვები და შესაწირავები, ვინც გულწრფელად ცდილობდა მისი მითითებების თანახმად ცხოვრებას, იეჰოვასთვის მისაღები იყო. კანონის მონახაზი ასეთ ადამიანებს ასწავლიდა, რომ ცოდვილები იყვნენ და პატიებას საჭიროებდნენ (გალ. 3:19). თუ ისინი ამ ჭეშმარიტებას გაითავისებდნენ, მომნანიე გული ექნებოდათ. დღესაც ასეა. უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლს შეუძლია ნამდვილად გამოისყიდოს ჩვენი ცოდვები. თუ ეს გვესმის და ვაფასებთ ქრისტეს მსხვერპლს, მაშინ იეჰოვას ესიამოვნება ყველაფერი, რასაც მისი მსახურებისთვის გავიღებთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 51:17, 19 ).

გამოავლინეთ რწმენა იესოს მსხვერპლისადმი!

17—19. ა) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ იეჰოვას, რომ ვაფასებთ იესოს მიერ ჩვენთვის გაღებულ გამოსასყიდს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 ისრაელებისგან განსხვავებით, ჩვენ ღვთის განზრახვების „ჩრდილზე“ მეტს ვხედავთ (ებრ. 10:1). შესაწირავის შესახებ ღვთის კანონები იუდეველებს ასწავლიდა, რა უნდა გაეკეთებინათ ღმერთთან კარგი ურთიერთობის განსავითარებლად. საჭირო იყო გულწრფელი მადლიერების გამოვლენა, საუკეთესოს გაღების სურვილი და იმის გათავისება, რომ გამოსყიდვას საჭიროებდნენ. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დახმარებით ვიგებთ, რომ გამოსასყიდის საფუძველზე იეჰოვა მომავალში სამუდამოდ ჩამოგვაშორებს ცოდვის შედეგებს, ახლა კი საშუალებას გვაძლევს, სუფთა სინდისი გვქონდეს მის წინაშე. იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი, ნამდვილად ფასდაუდებელი ძღვენია! (გალ. 3:13; ებრ. 9:9, 14).

18 გამოსასყიდად გაღებულმა მსხვერპლმა სარგებლობა რომ მოგვიტანოს, უფრო მეტია საჭირო, ვიდრე იმის, ცოდნა, რომ გამოსყიდვა გვჭირდება. „კანონი გახდა ქრისტემდე მიმყვანი ჩვენი აღმზრდელი, რათა რწმენით ვყოფილიყავით აღიარებული მართლებად“ — წერდა მოციქული პავლე (გალ. 3:24). ასეთი რწმენა საქმეების გარეშე არ არსებობს (იაკ. 2:26). პავლე ამგვარად მოუწოდებდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებსაც მოსეს კანონში მოცემული „ცოდნის მონახაზი“ ჰქონდათ, ეცხოვრათ ამ ცოდნის თანახმად. ასეთი სახით ისინი თავად დაიცავდნენ ღვთიურ პრინციპებს, რომლებსაც სხვებს ასწავლიდნენ (წაიკითხეთ რომაელების 2:21—23 ).

19 დღეს ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მოსეს კანონის დაცვა, თუმცა იეჰოვასთვის მისაღები მსხვერპლი უნდა გაიღონ. მომდევნო სტატია დაგვანახვებს, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.

[სასწავლო კითხვები]

[ჩანართი 17 გვერდზე]

თავისი მსახურებისადმი იეჰოვას ძირითადი მოთხოვნები არასოდეს იცვლება

[სურათი 18 გვერდზე]

რომელ ცხოველს შესწირავდით იეჰოვას?

[სურათი 19 გვერდზე]

იეჰოვას მოწონებით სარგებლობენ ისინი, ვინც მისთვის მისაღებ მსხვერპლს სწირავენ