არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება — მუსიკოსები და მუსიკალური ინსტრუმენტები

პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება — მუსიკოსები და მუსიკალური ინსტრუმენტები

პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება — მუსიკოსები და მუსიკალური ინსტრუმენტები

„ადიდეთ იგი [ღმერთი] საყვირის ჩაბერვით. ადიდეთ იგი სიმებიანი საკრავითა და ქნარით. ადიდეთ იგი დაირითა და ცეკვით. ადიდეთ იგი სიმებითა და სტვირით. ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით. ადიდეთ იგი მჭექარე წინწილებით“ (ფსალმუნი 150:3—5).

უხსოვარი დროიდან მუსიკა და მუსიკოსები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლობაში. მაგალითად, როცა იეჰოვამ სასწაულებრივად დაიხსნა ისრაელი და წითელი ზღვა გადააკვეთინა, მოსეს დამ, მირიამმა გამარჯვების აღსანიშნავად სიმღერა და ცეკვა წამოიწყო. მას სხვა ქალებიც შეუერთდნენ. ისინი დაირებით ხელში ცეკვავდნენ. ამ შემთხვევიდან კარგად ჩანს, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მუსიკა ისრაელებისთვის. ქალებს ხელთ ჰქონდათ მუსიკალური ინსტრუმენტები და მზად იყვნენ, დაეკრათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს-ეს იყო თავი დააღწიეს ეგვიპტის ჯარს (გამოსვლა 15:20). მოგვიანებით, მეფე დავითმა იზრუნა იმაზე, რომ ტაძარში, რომელსაც მისი ვაჟი, სოლომონი, ააშენებდა, ათასობით მუსიკოსს თაყვანისმცემლობის დროს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაეკრა (1 მატიანე 23:5).

რა მასალით იყო დამზადებული ეს საკრავები? როგორ გამოიყურებოდა ისინი? როგორ ხმას გამოსცემდნენ? როდის უკრავდნენ ამ ინსტრუმენტებზე?

სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტები

ბიბლიაში აღწერილი ინსტრუმენტები დამზადებული იყო ძვირფასი ხისგან, ცხოველის დაჭიმული ტყავისგან, ლითონისა და ძვლისგან. ზოგი ინსტრუმენტი ინკრუსტირებული (მოჩუქურთმებული) იყო სპილოს ძვლით. სიმებს მცენარეული ბოჭკოსგან ან ცხოველის ნაწლავებისგან ამზადებდნენ. მართალია, ვერც ერთმა იმდროინდელმა ინსტრუმენტმა ვერ მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ მათი სურათები დღემდეა შემორჩენილი.

ინსტრუმენტები, რომლებიც ბიბლიურ დროში გამოიყენებოდა, შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს: სიმებიანი მუსიკალური საკრავები, როგორიცაა ქნარი (1), და ლუტნი (2); ჩასაბერი მუსიკალური საკრავები, როგორიცაა ბუკი ანუ შოფარი (3), საყვირი (4) და ყველასთვის საყვარელი სალამური (5); დასარტყმელი მუსიკალური საკრავები, როგორიცაა დაირა (6), ბობღანი (7), წინწილები (8) და ზანზალაკები (9). როცა მუსიკოსები ამ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, ხალხი ცეკვავდა და მღეროდა (1 სამუელი 18:6, 7). ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ისინი, ვინც ღმერთმა მუსიკალური ნიჭით დააჯილდოვა, ამ ინსტრუმენტებზე იეჰოვას თაყვანისმცელობის დროს უკრავდნენ (1 მატიანე 15:16). ახლა უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ მუსიკალური ინსტრუმენტების თითოეულ ჯგუფზე.

სიმებიანი მუსიკალური საკრავები. ქნარი არის მსუბუქი ინსტრუმენტი, რომლის სიმებიც ხის ჩარჩოზეა გაბმული. დავითი სიმებიან საკრავზე უკრავდა გაბოროტებული მეფე საულის დასამშვიდებლად (1 სამუელი 16:23). ამ და მსგავს სიმებიან ინსტრუმენტზე უკრავდნენ სოლომონის მიერ აშენებული ტაძრის მიძღვნისა და სასიხარულო მოვლენების, დღესასწაულების დროს (2 მატიანე 5:12; 9:11).

ლუტნი ქნარის მსგავსი ინსტრუმენტი იყო, თუმცა ფორმით განსხვავდებოდა მისგან. ამ საკრავს ჰქონდა მოგრძო ფორმის ხის კორპუსი, რომელზეც გაჭიმული იყო რამდენიმე სიმი. სიმებზე შეხებისას ლუტნი გამოსცემდა ისეთ ბგერებს, რომელიც ძალიან ჰგავს დღევანდელი კლასიკური გიტარის ხმას. ლუტნის სიმებს ამზადებდნენ მცენარეული ბოჭკოებისგან და ცხოველის ნაწლავებისგან.

ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმენტები. ეს მუსიკალური ინსტრუმენტები ბიბლიაში ხშირად არის მოხსენიებული. ერთ-ერთი უძველესი იუდაური ბუკი შოფარის სახელწოდებითაც არის ცნობილი. ვერძის რქისგან დამზადებული ეს საკრავი მკვეთრ, მჭექარე ხმას გამოსცემდა. ისრაელში შოფარს მაშინ აყვირებდნენ, როცა მეომრებს ბრძოლისკენ, ხალხს კი მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ (მსაჯულები 3:27; 7:22).

კიდევ ერთი ჩასაბერი საკრავი იყო ცილინდრული მილისმაგვარი საყვირი, რომელსაც ლითონისგან ამზადებდნენ. მკვდარი ზღვის ხელნაწერებში აღმოჩენილ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მუსიკოსები ამ ინსტრუმენტზე დაკვრის დროს საოცრად დიდი დიაპაზონის ბგერებს გამოსცემდნენ. იეჰოვამ მოსეს დაავალა, რომ კარვისთვის ორი ვერცხლის საყვირი გამოეჭედა (რიცხვები 10:2—7). მოგვიანებით, სოლომონის მიერ აშენებული ტაძრის მიძღვნის დროს, დღესასწაულზე, 120 საყვირის ძლიერი ხმა გაისმოდა (2 მატიანე 5:12, 13). იმ დროს ხელოსნები სხვადასხვა სიგრძის საყვირებს ამზადებდნენ. ზოგი საყვირი, სულ მცირე, 91 სანტიმეტრი სიგრძის იყო, რომელსაც ბოლოში ზარის ფორმა ჰქონდა.

ისრაელებისთვის ყველაზე საყვარელი ჩასაბერი საკრავი სალამური იყო. მისი სასიამოვნო და მელოდიური ხმა, რომელსაც ნადიმებსა და ქორწილებში გაიგონებდით, ხალხს გულს უხარებდა (1 მეფეები 1:40; ესაია 30:29). სალამურის რბილი და ნაზი ხმა დაკრძალვის ცერემონიალებზეც ისმოდა, სადაც მუსიკოსები მისი თანხლებით იმ მელოდიებს ასრულებდნენ, რომელიც სამგლოვიარო რიტუალის ნაწილი იყო (მათე 9:23) (იხილეთ გვერდი 14).

დასარტყმელი მუსიკალური საკრავები. დღესასწაულებზე ისრაელები სხვადასხვა დასარტყმელ მუსიკალურ ინსტრუმენტებს იყენებდნენ. რიტმული ბგერები ძლიერ გრძნობებს აღვიძებდა მსმენელებში. დაირა, რომელზეც მუსიკოსები და მოცეკვავეები უკრავდნენ, დოლის ხმას გამოსცემდა. ამ საკრავს ჰქონდა ხის მრგვალი ჩარჩო, რომელზეც გადაჭიმული იყო ცხოველის ტყავი. ეს საკრავი ხელის დარტყმის შედეგად გამოსცემდა ბგერებს. როცა მუსიკოსები არხევდნენ დაირებს, მასზე დამაგრებული ზარები რიტმულ ჟღარუნა ხმას გამოსცემდა.

კიდევ ერთი დასარტყმელი ინსტრუმენტი იყო ბობღანი. ამ საკრავს ჰქონდა ოვალური ფორმის მეტალის ჩარჩო და სახელური. ჩარჩოზე დამაგრებული იყო რიგელები, რომლებზეც ჩამოკიდებული იყო მეტალის ფირფიტები. მისი შენჯღრევით წარმოიქმნებოდა მკვეთრი, წკრიალა ხმა.

ბრინჯაოსგან დამზადებული წინწილები კიდევ უფრო მკვეთრ ხმას გამოსცემდა. წინწილები ორნაირი ზომის იყო და თეფშის ფორმა ჰქონდა. დიდი ზომის წინწილებს ძლიერ ურტყამდნენ ერთმანეთს. პატარა ზომის წინწილებს კი ორი თითით უკრავდნენ. ორივე ზომის წინწილები გამოსცემდნენ მჭექარე ხმას, რომელსაც სხვადასხვა ჟღერადობა ჰქონდა (ფსალმუნი 150:5).

მუსიკა თაყვანისმცემლობაში დღესაც მნიშვნელოვანია

დღეს იეჰოვას მოწმეები თაყვანისმცემლობის ადგილებზე თავიანთ კრების შეხვედრებს მუსიკითა და სიმღერით იწყებენ და ამთავრებენ. უფრო დიდ შეხვედრებზე კი ორკესტრის მიერ შესრულებულ მელოდიების ჩანაწერებს უკრავენ. ეს მელოდიები სრულდება თანამედროვე სიმებიან, ჩასაბერ და დასარტყმელ ინსტრუმენტებზე.

ამგვარად იეჰოვას მოწმეები მიყვებიან ძველი ისრაელისა და პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითს (ეფესოელები 5:19). ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის მსახურების მსგავსად, იეჰოვას მოწმეები დღესაც განადიდებენ იეჰოვას სიმღერით.

[სურათები 23 გვერდზე]

(ინსტრუმენტები არ არის მოცემული ნატურალური ზომით)

(იხილეთ პუბლიკაცია)