არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველა ქრისტიანი ქრისტიანია?

ყველა ქრისტიანი ქრისტიანია?

ყველა ქრისტიანი ქრისტიანია?

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში? ერთი წყაროს თანახმად, 2010 წელს დედამიწაზე 2,3 მილიარდამდე ქრისტიანი იყო (Atlas of Global Christianity). მაგრამ ამავე წყაროში ისიც იყო აღნიშნული, რომ ეს ქრისტიანები 41 000-ზე მეტი მიმდინარეობის წარმომადგენლები იყვნენ და თითოეულს თავისი მოძღვრებები და წესები ჰქონდა. გასაკვირი არ არის, რომ ზოგი დაბნეული და იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ამდენი ქრისტიანული მიმდინარეობა არსებობს. შეიძლება მათ აინტერესებთ, არიან თუ არა ისინი ნამდვილი ქრისტიანები, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებს.

მოდი, ახლა ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ. მოგზაურმა, ჩვეულებრივ, საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი საბუთი. გარდა ამისა, ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ ეს საბუთი, მაგალითად პასპორტი, ნამდვილად მას ეკუთვნის. მსგავსად ამისა, ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე მხოლოდ განაცხადოს, რომ ქრისტიანია. მას უნდა ჰქონდეს ამის დამადასტურებელი „საბუთი“. რა „საბუთზეა“ აქ საუბარი?

წოდება „ქრისტიანის“ გამოყენება დაახლოებით ახ. წ. 44 წლის შემდეგ დაიწყეს. ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი ლუკა გვატყობინებს: „მოწაფეებს ღვთის განგებით პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები“ (საქმეები 11:26). ყურადღება მიაქციეთ, რომ ქრისტიანებს ქრისტეს მოწაფეებს უწოდებდნენ. როგორ ხდება ადამიანი იესო ქრისტეს მოწაფე? ერთ ლექსიკონში ვკითხულობთ: „იესოს მიმდევრობა ნიშნავს მისთვის სიცოცხლის . . . მთელი ცხოვრების უპირობოდ მიძღვნას“ (The New International Dictionary of New Testament Theology). ამიტომ, ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის, ვინც ყველაფერში მიჰყვება ქრისტიანობის დამფუძნებლის, იესოს, სწავლებებსა და მითითებებს.

შესაძლებელია დღეს ასეთი ხალხის პოვნა მათ შორის, ვინც აცხადებს, რომ ქრისტიანია? თავად იესომ რა თქვა იმის თაობაზე, თუ რით ამოიცნობდნენ ქრისტიანებს? ჩვენთან ერთად განიხილეთ, თუ როგორ პასუხობს ამ კითხვებს ბიბლია. მომდევნო სტატიებში ვიმსჯელებთ, რა უნდა ახასიათებდეთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს და იესოს სიტყვების თანახმად, რით შეგვიძლია მათი ამოცნობა. აგრეთვე ვისაუბრებთ იმაზეც, თუ რით ამტკიცებდნენ პირველი ქრისტიანები, რომ ნამდვილად იესოს მიმდევრები იყვნენ, და შევეცდებით იმის დანახვას, ამდენ ქრისტიანულ მიმდინარეობას შორის ვინ მიყვება მათ კვალს.