არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არის საშიში სპირიტიზმი?

რატომ არის საშიში სპირიტიზმი?

რატომ არის საშიში სპირიტიზმი?

ბარბარა * ბავშვობიდან ხედავდა ხილვებს და ესმოდა ხმები. ის დარწმუნებული იყო, რომ გარდაცვლილ ნათესავებთან ჰქონდა კავშირი. ის და მისი ქმარი, იოაკიმი, კითხულობდნენ წიგნებს ოკულტიზმის შესახებ და საკმაოდ დახელოვნდნენ კარტით მკითხაობაში. ამ გზით მათ დიდი ფულის შოვნა შეეძლოთ, რომლითაც საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდნენ. ერთ დღესაც კარტის მეშვეობით გაიგეს, რომ მათთან სახლში საშიში ხალხი მივიდოდა და ისიც კი შეიტყვეს, თუ როგორ უნდა დაეცვათ მათგან თავი.

შეიძლება ოკულტიზმით გატაცება ძველმოდურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ზებუნებრივი ძალებისადმი ინტერესის გამოვლენა დღესაც საკმაოდ პოპულარულია. მთელ მსოფლიოში ბევრი ატარებს ამულეტს, იყენებს სამკითხაო დაფებს, ან აკითხავს მედიუმს, რათა გაიგოს, რა ელის მომავალში და როგორ შეუძლია ბოროტებისგან თავის დაცვა. გერმანულ ჟურნალ „ფოკუსში“ დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით „ლეპტოპი და ლუციფერი“, ნათქვამი იყო: „ინტერნეტმა კიდევ უფრო გაუღვივა ხალხს ინტერესი ჯადოქრობის მიმართ“.

იცოდით თუ არა, რომ ბიბლია საუბრობს სპირიტიზმზე? შეიძლება ძალიან გაგაკვირვოთ იმან, რაც ამ წიგნში წერია ამ თემაზე.

რას ამბობს ბიბლია სპირიტიზმზე?

ძველი ისრაელისთვის მიცემულ ღვთის კანონში ნათქვამი იყო: „არ იყოს შენში . . . არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). რატომ ეწინააღმდეგებოდა ასე კატეგორიულად იეჰოვას კანონი სპირიტიზმს?

როგორც შესავალში მოხსენიებული შემთხვევიდან დავინახეთ, ბევრს სჯერა, რომ ცოცხლებს მიცვალებულებთან კავშირის დამყარება შეუძლიათ. მათ სწამთ, რომ ინფორმაცია, რომელსაც სპირიტული სეანსების დროს იღებენ, მიცვალებულებისგან მომდინარეობს. არაერთი რელიგია ასწავლის, რომ თითქოს ადამიანი სიკვდილის შემდეგ სულიერ სამყაროში აგრძელებს სიცოცხლეს. მაგრამ ამ სწავლებისგან განსხვავებით, ბიბლია ნათლად ამბობს: „მკვდრებმა . . . არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ბიბლიაში მიცვალებულების მდგომარეობა შედარებულია ღრმა ძილში მყოფი ადამიანის მდგომარეობას, რომელმაც არ იცის, თუ რა ხდება მის ირგვლივ (მათე 9:18, 24; იოანე 11:11—14). * თუ ასეა, მაშინ შეიძლება იკითხოთ: როგორ ავხსნით იმ ფაქტს, რომ ადამიანებს კავშირი აქვთ ზებუნებრივ ძალებთან? ვისთან ამყარებენ ისინი კავშირს?

სულიერ სამყაროსთან კავშირი

სახარებაში წერია, რომ დედამიწაზე ყოფნისას იესო სულებს ელაპარაკებოდა. მარკოზის 1:23, 24-ში ვკითხულობთ, რომ „უწმინდურმა სულმა“ იესოს უთხრა: „ზუსტად ვიცი ვინცა ხარ“. ეს სულიერი ქმნილებები თქვენც კარგად გიცნობენ. მაგრამ თქვენ თუ იცით, ვინ არიან ისინი?

ადამიანების შექმნამდე ღმერთმა მრავალი სულიერი ქმნილება ანუ უამრავი ანგელოზი შექმნა (იობი 38:4—7). ეს ანგელოზები ზეადამიანური ქმნილებები არიან, რომლებიც ადამიანებზე გაცილებით მაღლა დგანან (ებრაელები 2:6, 7). ისინი ძალიან ძლიერები და გონიერები არიან. ანგელოზები იმისთვის შეიქმნენ, რომ ღვთის ნება შეასრულონ. ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „აკურთხეთ იეჰოვა, ანგელოზნო მისნო, ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნო“ (ფსალმუნი 103:20).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დროთა განმავლობაში ზოგიერთმა ანგელოზმა ადამიანებთან დაამყარა ურთიერთობა, რისი უფლებაც ღმერთს მათთვის არ მიუცია. რა მიზნით დაამყარეს მათ ადამიანებთან ურთიერთობა? მათგან პირველმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ შეცდომაში შეეყვანა პირველი ადამიანები, ადამი და ევა, და ღვთისგან, თავიანთი შემოქმედისგან ჩამოეშორებინა. ამგვარად ეს ანგელოზი გახდა სატანა ეშმაკი, ცილისმწამებელი და ღვთის მოწინააღმდეგე (დაბადება 3:1—6).

მოგვიანებით, სხვა ანგელოზებმა „მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ ზეცაში, შეისხეს ხორცი და დედამიწაზე ლამაზ ქალებთან დაიწყეს ცხოვრება (იუდა 6; დაბადება 6:1, 2). ეს ურჩი ანგელოზები და მათი ჰიბრიდი შთამომავლები ხალხს აწიოკებდნენ. ამიტომ, დედამიწა „აივსო ძალადობით“. ალბათ, ბიბლიაში წაკითხული გაქვთ, როგორ გაანადგურა ღმერთმა წარღვნის დროს ეს მოძალადე და ბოროტი მოდგმა (დაბადება 6:3, 4, 11—13).

წარღვნის დროს სულიერ ქმნილებებს მოუწიათ თავიანთი ფიზიკური სხეულის დატოვება და სულიერ სამყაროში დაბრუნება. მაგრამ შემოქმედმა მათ აღარ მისცა იმის უფლება, რომ თავიანთ თავდაპირველ სამკვიდროში დაბრუნებულიყვნენ. ამიტომ, ისინი აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომელიც შედარებულია „უკუნი სიბნელით მოცულ ჯურღმულებს“ (2 პეტრე 2:4, 5). ურჩ ანგელოზებს ბიბლია დემონებს უწოდებს (იაკობი 2:19). სწორედ ისინი არიან სპირიტიზმის სულისჩამდგმელნი.

რა უნდათ დემონებს?

ბოროტი სულიერი ქმნილებები, ძირითადად, ადამიანებთან კონტაქტს იმ მიზნით ამყარებენ, რომ ისინი ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, ჩამოაშორონ. ოკულტიზმის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ განსაკუთრებული ძღვენი ანუ ძალა აქვთ. მაგრამ ეს არის მოჩვენებითი ძღვენი ანუ ძალა, რომელიც სინამდვილეში ხალხს ხელს უშლის, მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა ღვთის შესახებ და განავითაროს მასთან ახლო ურთიერთობა.

დემონების კიდევ ერთი მიზანი კარგად გამოჩნდა იმ შემთხვევიდან, როცა მათმა წინამძღოლმა, სატანამ, იესოს შესთავაზა „მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“. რას ითხოვდა სატანა სანაცვლოდ? მას უნდოდა, რომ იესო დამხობილიყო და მისთვის ეცა თაყვანი. დიახ, სატანასა და დემონებს სურთ, რომ ადამიანები მათ ემსახურონ. მაგრამ იესოს არ მიუტოვებია ღმერთი და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა (მათე 4:8—10).

ბოროტ სულიერ ქმნილებებს ასე აშკარად დღეს იშვიათად აქვთ ურთიერთობა ადამიანებთან. ისინი ცდილობენ, წინდაუხედავი ადამიანები მახეში გააბან, ერთი შეხედვით, უწყინარი გასართობი საშუალებით, რომელთა დროსაც იყენებენ მაგიურ კრისტალებს, ყავის ნალექს, ჰოროსკოპებს, სამკითხაო კარტებსა და ქანქარებს. არ ცდუნდეთ ასეთი გართობით! ასეთი გასართობი საშუალებებით ვერ შევაღებთ უცნობი სამყაროს კარს. ბოროტი სულები ოკულტიზმით იზიდავენ ხალხს და მახეში აბამენ, რათა იეჰოვას თაყვანისცემას ჩამოაშორონ. როდესაც თავიანთ მიზანს ვერ აღწევენ, ბოროტი სულიერი ქმნილებები ხშირად აწვალებენ და აბეჩავებენ მათ, ვინც მათ მახეში გაება. თუ თქვენც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით, როგორ შეგიძლიათ მათგან თავის დაღწევა?

როგორ დავიცვათ თავი სპირიტიზმისგან?

ნუ მოტყუვდებით! სულიერი ქმნილებები, რომლებსაც ადამიანებთან აქვთ ურთიერთობა, ღვთის მტრები არიან. მათი განადგურება გარდაუვალია (იუდა 6). ისინი თვითმარქვიები და მატყუარები არიან, რომლებიც თავს მიცვალებულებად ასაღებენ. რას იგრძნობდით, თუ აღმოაჩენდით, რომ თქვენი მეგობარი თვითმარქვია და არამზადაა, რომელსაც ერთადერთი სურვილი აქვს, რომ ყველაფერი საუკეთესო დაგაკარგვინოთ? რა რეაქცია გექნებოდათ, თუ გაიგებდით, რომ თქვენ ინტერნეტით გაუცნობიერებლად დაამყარეთ კავშირი სექსუალურ მანიაკთან? დემონებთან ურთიერთობა გაცილებით საშიშია. თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ მათთან კავშირი გაწყვიტოთ. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?

მას შემდეგ, რაც ძველ ეფესოში მცხოვრებლებმა წმინდა წერილებიდან გაიგეს ღვთის თვალსაზრისი სპირიტიზმზე, გაანადგურეს ყველანაირი წიგნი, რომელიც მაგიასთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ძვირადღირებული იყო. მათ ეს ნივთები „ყველას თვალწინ დაწვეს“ (საქმეები 19:19, 20). დღეს ოკულტიზმთან შეიძლება დაკავშირებული იყოს არა მარტო წიგნები, ამულეტები, სამკითხაო დაფები და სხვა მსგავსი ნივთები, არამედ ელექტრონული მასალაც. გაექეცით ყველაფერს, რაც სპირიტიზმს უკავშირდება!

გავიხსენოთ სტატიის შესავალში მოხსენიებული წყვილი. სამკითხაო კარტის მეშვეობით მათ გაიგეს, რომ მათთან საშიში ხალხი უნდა მისულიყო. ამიტომ, მათ არც უნდა მოესმინათ მათთვის და არც არაფერი აეღოთ მათგან. როდესაც იეჰოვას მოწმეები, კონი და გუდრუნი, მათ კარს მიადგნენ, რათა ღვთის შესახებ სასიხარულო ცნობა ეუწყებინათ, იოაკიმმა და ბარბარამ გადაწყვიტეს, მათთვის მოესმინათ. როცა საუბარი სპირიტიზმზე ჩამოვარდა, კონიმ და გუდრუნმა ამ წყვილს ბიბლიის მეშვეობით დაანახვეს სიმართლე. მოწმეებმა მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.

მალე ბარბარამ და იოაკიმმა გადაწყვიტეს, დემონებთან ყველანაირი კავშირი გაეწყვიტათ. მოწმეებმა მათ აუხსნეს, რომ დემონებს ეს არ მოეწონებოდათ. იოაკიმმა და ბარბარამ მართლაც რთული პერიოდი გამოიარეს, რადგან დემონები არაერთხელ დაესხნენ თავს და მათი დაშინება სცადეს. იყო დრო, როცა ყოველღამე შიშითა და კანკალით იძინებდნენ, სანამ სხვა სახლში არ გადავიდნენ. დიდი განსაცდელის მიუხედავად, ამ წყვილს არ დაუკარგავს ფილიპელების 4:13-ში ჩაწერილი სიტყვებისადმი რწმენა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“. იეჰოვამ აკურთხა ამ წყვილის ძალისხმევა და დემონებმა შეწყვიტეს მათი წვალება. დღეს ბარბარა და იოაკიმი ბედნიერები არიან, რადგან ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, ემსახურებიან.

ყველას, ვისაც იეჰოვას კურთხევების მიღება სურს, ბიბლია მოუწოდებს: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:7, 8). თუ გსურთ, დემონების გავლენისგან გათავისუფლდეთ, იეჰოვა ღმერთი მზად არის, დაგეხმაროთ. იოაკიმი და ბარბარა, რომელთაც თავი დააღწიეს სპირიტიზმს, მთელი გულით იზიარებენ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ჩემი შველა იეჰოვასგანაა“ (ფსალმუნი 121:2).

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 7 დამატებითი ინფორმაცია მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებით იხილეთ წიგნის, „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-6 თავში, სათაურით „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 21 გვერდზე]

ოკულტიზმი ადამიანებს ღმერთს აშორებს

[ჩანართი 22 გვერდზე]

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).