არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვდეთ, რომ ქადაგების საქმე გადაუდებელია

გახსოვდეთ, რომ ქადაგების საქმე გადაუდებელია

გახსოვდეთ, რომ ქადაგების საქმე გადაუდებელია

„იქადაგე სიტყვა გადაუდებლად“ (2 ტიმ. 4:2).

შეგიძლიათ ახსნათ?

რატომ ქადაგებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები გადაუდებლად?

როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ გადაუდებლად ქადაგების სურვილი?

რატომ არის სამეფოს შესახებ ქადაგება ახლა უფრო გადაუდებელი, ვიდრე ოდესმე?

1, 2. რა კითხვებს წამოჭრის მითითება „იქადაგე სიტყვა გადაუდებლად“?

ისინი, ვისი სამსახურიც სხვების სიცოცხლის გადარჩენაა, ჩვეულებრივ, წუთს არ კარგავენ. მაგალითად, მეხანძრეები დაუყოვნებლივ რეაგირებენ გამოძახებაზე, რადგან იციან, რომ ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეშია.

2 იეჰოვას მოწმეებს გვსურს, ხალხს გადარჩენაში დავეხმაროთ. ამიტომაც ვეკიდებით სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას სერიოზულად. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედმეტად ვფაციფუცობთ. მაშ, რას გულისხმობდა მოციქული პავლე, როცა თქვა: „იქადაგე სიტყვა გადაუდებლად“? (2 ტიმ. 4:2). როგორ შეგვიძლია გადაუდებლად ქადაგება? რატომ არის ჩვენი საქმე გადაუდებელი?

რატომ არის ქადაგების საქმე გადაუდებელი?

3. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებას ან უგულებელყოფას?

3 როდესაც იმის შესახებ ფიქრობთ, როგორ შეუძლია ქადაგებას ადამიანთა სიცოცხლის ხსნა, ალბათ, გრძნობთ, რომ სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარება გადაუდებელი საქმეა (რომ. 10:13, 14). ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „როცა ვეტყვი ბოროტს, მოკვდები-მეთქი, ის კი მიატოვებს თავის ცოდვას და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა . . . იცოცხლებს ის, არ მოკვდება. არც ერთი ჩადენილი ცოდვა აღარ გაუხსენდება“ (ეზეკ. 33:14—16). მართლაც, ბიბლია მათ, ვინც სამეფოს შესახებ ცნობას ასწავლის, ეუბნება: „შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმ. 4:16; ეზეკ. 3:17—21).

4. რატომ გახდა ქადაგების საქმე გადაუდებელი პირველ საუკუნეში, როცა განდგომილებამ იჩინა თავი?

4 იმის გასაგებად, თუ რატომ ურჩია პავლემ ტიმოთეს გადაუდებლად ექადაგა, გადავხედოთ წამყვანი მუხლის კონტექსტს, სადაც ვკითხულობთ: „იქადაგე სიტყვა გადაუდებლად კარგ დროშიც და ცუდ დროშიც, გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით. დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ“ (2 ტიმ. 4:2—4). იესომ იწინასწარმეტყველა, რომ განდგომილები გამოჩნდებოდნენ (მათ. 13:24, 25, 38). ამიტომ ტიმოთეს გადაუდებლად უნდა ექადაგა ღვთის სიტყვა კრებაშიც კი, რათა განდგომილებს თავიანთი ცრუ სწავლებებით შეცდომაში არ შეეყვანათ ქრისტიანები. მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. რის თქმა შეიძლება ჩვენს დროზე?

5, 6. საყოველთაოდ გავრცელებულ რა მცდარ იდეებს შეიძლება შევხვდეთ მსახურებაში?

5 ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისგან განდგომილებამ დღეს უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია (2 თეს. 2:3, 8). რა სწავლებები აამებს დღეს ადამიანის ყურს? მრავალ ადგილას ევოლუციას ისეთივე ენთუზიაზმით ასწავლიან, როგორც რელიგიურ მოძღვრებას. ევოლუციის თეორია, ჩვეულებრივ, მეცნიერული ენით არის ჩამოყალიბებული, მაგრამ სინამდვილეში რელიგიური თეორიაა. ის ადამიანს ცხოვრებასა და ღმერთზე გარკვეულ თვალსაზრისს უყალიბებს. სხვა გავრცელებული სწავლება ის არის, რომ ღმერთი არ ინტერესდება ადამიანებით, ამიტომ ისინი თვლიან, რომ აზრი არა აქვს, დაინტერესდნენ მისით. რატომ არის ეს სწავლებები ისეთი მიმზიდველი, რომ მილიონებს სულიერად აძინებს? ორივე სწავლებას ხალხი ერთ აზრამდე მიჰყავს: „აკეთეთ, რაც გინდათ, რადგან პასუხს არავინ მოგთხოვთ“. ეს აზრი ბევრისთვის მართლაც ყურის მაამებელია (წაიკითხეთ ფსალმუნის 10:4 ).

6 ადამიანის ყურს სხვა სწავლებებიც აამებს. მათ, ვინც ეკლესიებში დადიან, მოსწონთ მოძღვრები, რომლებიც ეუბნებიან: „როგორც არ უნდა იქცეოდეთ, ღმერთს მაინც უყვარხართ“. სასულიერო პირები აამებენ ადამიანთა ყურს და არწმუნებენ, რომ სხვადასხვა ცერემონიას, წირვას, დღესასწაულსა თუ გამოსახულებებს მათთვის ღვთის კურთხევების მოტანა შეუძლია. ისინი ვერც კი აცნობიერებენ, რა საშიშ მდგომარეობაში იმყოფებიან (ფსალმ. 115:4—8). მაგრამ, თუ მათ ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში დავეხმარებით და ამგვარად სულიერი ძილიდან გამოვაღვიძებთ, საშუალება მიეცემათ, მიიღონ ღვთის სამეფოს კურთხევები.

რას ნიშნავს გადაუდებლად ქადაგება?

7. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გადაუდებლად ქადაგების სურვილი გვაქვს?

7 კეთილსინდისიერი ქირურგი კონცენტრირებულია თავის საქმეზე, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მის ხელშია. ქრისტიანულ მსახურებაში გადაუდებლად ქადაგების სურვილის გამოვლენა შეგვიძლია იმით, რომ ყურადღებით ვიფიქროთ იმ საკითხებზე, კითხვებსა თუ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს აინტერესებს. გადაუდებლად ქადაგების სურვილმა შეიძლება აღგვძრას, ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს განრიგში, რათა ხალხთან მაშინ მივიდეთ, როდესაც უფრო მეტად არიან განწყობილი სასიხარულო ცნობის მოსასმენად (რომ. 1:15, 16; 1 ტიმ. 4:16).

8. რას ნიშნავს გადაუდებლად მოქმედება?

8 ჩვეულებრივ, გადაუდებლად მოქმედება ცხოვრებაში პრიორიტეტების დადგენასაც ნიშნავს (წაიკითხეთ დაბადების 19:15 ). მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ანალიზების პასუხის მიღების შემდეგ ექიმმა კაბინეტში დაგიბარათ და გითხრათ: „სასწრაფოდ უნდა მიხედოთ თავს და ამისათვის დაახლოებით ერთი თვე გაქვთ“. კაბინეტიდან მეხანძრესავით კი არ გამოვარდებოდით, არამედ ყურადღებით მოისმენდით ექიმის რჩევებს და სახლში მისული სერიოზულად გადახედავდით პრიორიტეტებს.

9. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პავლე გადაუდებლად ქადაგებდა ეფესოში?

9 თუ ყურადღებას მივაქცევთ პავლეს სიტყვებს, რომლებიც აზიაში სასიხარულო ცნობის ქადაგების შესახებ ეფესოელ უხუცესებს უთხრა, გავიგებთ, რატომ ქადაგებდა ის გადაუდებლად (წაიკითხეთ საქმეების 20:18—21 ). როგორც ჩანს, პავლე ჩასვლისთანავე წავიდა კარდაკარ სასიხარულო ცნობის საუწყებლად. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში ის „ყოველდღე სიტყვით გამოდიოდა ტირანეს სკოლაში“ (საქ. 19:1, 8—10). ცხადია, ქადაგებისადმი ასეთი მიდგომა პავლეს ცხოვრებაზე მოქმედებდა. მოწოდებამ „იქადაგე სიტყვა გადაუდებლად“, მეტისმეტად არ უნდა დაგვამძიმოს. თუმცა სამქადაგებლო საქმიანობა ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე უნდა იდგეს.

10. რატომ არის კარგი, რომ 100 წლის წინათ ქრისტიანები გადაუდებლად მოქმედებდნენ?

10 ბიბლიის მკვლევართა იმ პატარა ჯგუფის მაგალითი, რომლებმაც სასიხარულო ცნობის ქადაგება 1914 წლამდე დაიწყეს, გვიჩვენებს, რას ნიშნავს გადაუდებლად ქადაგება. თუმცა სულ რამდენიმე ათასნი იყვნენ, მათ ესმოდათ, რომ გადაუდებლად უნდა ემოქმედათ და მთელი ენთუზიაზმით ქადაგებდნენ სამეფოს შესახებ ცნობას. ქადაგებები 2 000-ზე მეტ გაზეთში იბეჭდებოდა. მომზადდა „შემოქმედების ფოტოდრამა“ ფერადი სლაიდებითა და მოძრავი სურათებით. ამგვარად ბიბლიის მკვლევარებმა სასიხარულო ცნობა მილიონებს ამცნეს. მათ რომ გადაუდებლად ქადაგების დიდი სურვილი არ ჰქონოდათ, რამდენი ჩვენგანი მოისმენდა სამეფოს შესახებ ცნობას? (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:60 ).

ფრთხილად იყავით, რომ არ დაკარგოთ გადაუდებლად ქადაგების სურვილი

11. რამ დააკარგვინა ზოგს გადაუდებლად ქადაგების სურვილი?

11 უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორის გამო ქრისტიანი შეიძლება ვეღარ აცნობიერებდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ქადაგება. სატანის ქვეყნიერება ცდილობს, დავკავდეთ პირადი თუ მეორეხარისხოვანი საქმეებით (1 პეტ. 5:8; 1 იოან. 2:15—17). ზოგი თავიდან ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებდა იეჰოვას მსახურებას, მაგრამ დაკარგეს დაუყოვნებლად ქადაგების სურვილი. მაგალითად, პირველ საუკუნეში მცხოვრები დემასი (დემა) თავიდან პავლეს თანამსახური იყო, შემდეგ კი უღვთო ქვეყნიერებამ გაიტაცა. ნაცვლად იმისა, რომ რთულ დროს კვლავაც განემტკიცებინა ძმები, დემასმა პავლე მიატოვა (ფლმ. 23, 24; 2 ტიმ. 4:10).

12. რა შესაძლებლობა გვაქვს ახლა და, რა შესაძლებლობები გვექნება მომავალში მარადიულად?

12 გადაუდებლად ქადაგების სურვილი რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა წინ აღვუდგეთ ცდუნებას, რაც შეიძლება მეტი ავიღოთ ცხოვრებისგან. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ „მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:18, 19). ალბათ, დარწმუნებული ხართ, რომ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით დედამიწაზე მარადიულად გვექნება უამრავი საინტერესო საქმით დაკავების შესაძლებლობა. დღეს კი საშუალება გვაქვს, დავეხმაროთ სხვებს, გადაიტანონ არმაგედონი.

13. როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ გადაუდებლად ქადაგების სურვილი?

13 ვინაიდან ადამიანთა უმრავლესობა იეჰოვას არ იცნობს და სულიერი გაგებით სძინავს, რა დაგვეხმარება, არ დავკარგოთ გადაუდებლად ქადაგების სურვილი? დავფიქრდეთ იმ ფაქტზე, რომ ერთ დროს ჩვენც, ასე ვთქვათ, წყვდიადში ჩაფლულებს გვეძინა. მაგრამ გამოგვაღვიძეს და, როგორც პავლემ აღნიშნა, „ქრისტემ გაგვინათა“. ახლა კი გვაქვს პატივი, ვიყოთ სინათლის მატარებლები (წაიკითხეთ ეფესოელების 5:14 ). შემდეგ პავლემ დაწერა: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო, რადგან დღეები ბოროტია“ (ეფეს. 5:15, 16). ამ ბოროტ ქვეყნიერებაში მნიშვნელოვანია, „გამოვისყიდოთ დრო“ ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც სულიერ სიფხიზლეს შეგვანარჩუნებინებს.

ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს

1416. რატომ არის გადაუდებლად ქადაგება დღეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე?

14 ქრისტიანული მსახურება ყოველთვის გადაუდებელი საქმე იყო, მაგრამ დღეს ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ღვთის სიტყვაში აღწერილი ნიშანი 1914 წლიდან უფრო ნათლად ჩანს (მათ. 24:3—51). კაცობრიობის არსებობას დღეს ბევრად სერიოზული საფრთხე ემუქრება, ვიდრე ოდესმე. მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს შორის არც ისე დიდი ხნის წინ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს ბირთვული იარაღის 2 000-მდე ერთეული, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ წუთს შეიძლება. ოფიციალური პირები იუწყებიან ბირთვული იარაღის „დაკარგვის“ ასობით შემთხვევაზე. ტერორისტებს ხომ არ ჩაუვარდათ ხელში მათი გარკვეული ნაწილი? ზოგი ექსპერტის აზრით, რომელიმე ტერორისტის მიერ წამოწყებული ომის შედეგად შეიძლება მთელი კაცობრიობა განადგურდეს. მაგრამ ადამიანთა არსებობას მხოლოდ ომი როდი უქმნის საფრთხეს.

15 „კლიმატის ცვლილება 21-ე საუკუნეში უდიდეს საფრთხეს უქმნის მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობას“, — ნათქვამია ლონდონის უნივერსიტეტისა და ჟურნალ „ლანცეტის“ 2009 წლის ანგარიშში. მასში აგრეთვე აღნიშნულია: „მომდევნო ათწლეულების განმავლობაში კლიმატის ცვლილება მოსახლეობის უმეტესობაზე აისახება და დიდ საფრთხეს შეუქმნის მილიარდობით ადამიანის სიცოცხლესა და კეთილდღეობას“. ზღვის დონის მომატებასა და გვალვებს, წყალდიდობებსა და ეპიდემიებს, ქარიშხლებსა და ომებს შეიძლება მოჰყვეს მრავალი ადგილის განადგურება და ბუნებრივი რესურსების შემცირება. დიახ, ომები და სტიქიური უბედურებები საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობას.

16 ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ბირთვული ომის საშიშროების შედეგად განვითარდება მოვლენები, რითაც „ნიშანი“ შესრულება. მაგრამ მრავალს არ ესმის ნიშნის ნამდვილი მნიშვნელობა. უკვე ათწლეულებია ეს ნიშანი ჩანს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტე მოსულია და ამ ქვეყნიერების აღსასრული სწრაფად ახლოვდება (მათ. 24:3). აქამდე არასდროს ყოფილა ასე ცხადი ამ ნიშნის დამადასტურებელი მრავალი დეტალი. ახლაა ხალხის სულიერი თვლემისგან გამოღვიძების დრო. ჩვენი ქადაგება სწორედ მათ გამოღვიძებას ემსახურება.

17, 18. ა) როგორ მოქმედებს ჩვენზე „დრო“? ბ) რის გამო შეიძლება ადამიანებს შეეცვალოთ სამეფოს შესახებ ცნობისადმი დამოკიდებულება?

17 ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა იმისათვის, რომ იეჰოვას სიყვარული დავუმტკიცოთ და შევასრულოთ ამ ბოლო დღეებში ჩვენთვის დაკისრებული ქადაგების საქმე. დღეს ჩვენთვის ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს პავლეს მიერ პირველ საუკუნეში რომში მცხოვრები ქრისტიანებისთვის მიწერილ სიტყვებს: „იცით, რა დროა: დადგა თქვენი გამოღვიძების საათი, ვინაიდან ხსნა ახლა უფრო ახლოა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ“ (რომ. 13:11).

18 ბოლო დღეების შესახებ ნაწინასწარმეტყველებმა მოვლენებმა შეიძლება ადამიანებს სულიერისადმი ინტერესი გაუღვივოს. მთავრობების მხრიდან ეკონომიკური კრიზისების მოგვარების უუნარობამ, ბირთვულმა საშიშროებამ, ძალადობამ და ეკოლოგიურმა კატაკლიზმებმა სხვები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ კაცობრიობას დახმარება სჭირდება. არიან ისეთებიც, რომლებიც ღმერთთან დაახლოებაზე მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც ისეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, როგორიცაა: ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გაყრა ან საყვარელი ადამიანის სიკვდილი. მსახურებისას შეგვიძლია ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ.

აღძრულნი ვართ, ვიქადაგოთ გადაუდებლად

19, 20. როგორ აღძრა გადაუდებლად ქადაგების სურვილმა მრავალი ქრისტიანი, შეეცვალა ცხოვრების წესი?

19 გადაუდებლად ქადაგების სურვილმა მრავალი ქრისტიანი აღძრა, მეტი მონაწილეობა მიეღო მსახურებაში. მაგალითად, ერთმა ეკვადორელმა ახალგაზრდა წყვილმა გადაწყვიტა ცხოვრების გამარტივება მას შემდეგ, რაც 2006 წელს დაესწრნენ სპეციალურ ერთდღიან კონგრესს „სუფთად დაიცავით თვალი“. მათ ჩამოწერეს იმ ნივთების სია, რომლებიც არ სჭირდებოდათ; სამ თვეში შეიცვალეს ბინა და ადრე, თუ სამი საძინებელი ოთახი ჰქონდათ, ახლა ერთს დასჯერდნენ; გაყიდეს ზოგი ნივთი და გაისტუმრეს ვალები. მალე ამ წყვილმა დამხმარე პიონერად მსახურება დაიწყო; მათ გაითვალისწინეს სარაიონო ზედამხედველის რჩევა და გადავიდნენ იმ კრებაში, სადაც მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილება იყო.

20 ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ერთი ძმა წერს: „როდესაც მე და ჩემი ცოლი 2006 წელს კონგრესს დავესწარით, უკვე 30 წლის მონათლულები ვიყავით. კონგრესიდან რომ ვბრუნდებოდით, გზაში ვმსჯელობდით, როგორ შეგვეძლო გაგვეთვალისწინებინა რჩევა ცხოვრების გამარტივების შესახებ (მათ. 6:19—22). ჩვენ გვქონდა სამი სახლი, მიწის ნაკვეთი, ძვირადღირებული ავტომობილები, კატერი და საცხოვრებელი ავტოფურგონი. პროგრამის მოსმენის შემდეგ ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, რომ თითქოს აქამდე უაზროდ გვიცხოვრია; ამიტომ გადავწყვიტეთ, მიზნად სრული დროით მსახურება დაგვესახა. 2008 წელს, ჩვენი ქალიშვილის მსგავსად, დავიწყეთ პიონერად მსახურება. ძმებთან მჭიდროდ თანამშრომლობამ მართლაც დიდი სიხარული მოგვიტანა. შევძელით გვემსახურა იქ, სადაც მქადაგებლებზე მეტი მოთხოვნილება იყო. აგრეთვე იეჰოვასთვის მეტის გაკეთებამ მასთან უფრო დაგვაახლოვა. განსაკუთრებით გვახარებდა იმ ადამიანების გაბრწყინებული თვალების ხილვა, რომლებიც ღვთის სიტყვიდან ჭეშმარიტებას იგებდნენ“.

21. რის ცოდნა აღგვძრავს მოქმედებისკენ?

21 ჩვენ ვიცით, რომ მალე ამ ბოროტ ქვეყნიერებას „უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღე“ დაატყდება თავს (2 პეტ. 3:7). ღვთის სიტყვიდან მიღებული ცოდნა აღგვძრავს, გულმოდგინედ ვიქადაგოთ დიდი გასაჭირისა და ახალი ქვეყნიერების შესახებ. ჩვენ არ ვკარგავთ გადაუდებლად ქადაგების სურვილს, რათა ხალხს ნამდვილი იმედი გავუზიაროთ. ამ გადაუდებელ საქმეში სრულად მონაწილეობით ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად გვიყვარს ღმერთი და ადამიანები.

[სასწავლო კითხვები]