არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვიხაროთ იმედში

ვიხაროთ იმედში

ვიხაროთ იმედში

„[ჩვენ გვაქვს] ღვთისგან დაპირებული მარადიული სიცოცხლის იმედი, ღვთისა, რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტ. 1:2).

გასამეორებლად

საიდან ვიცით, რომ ზეცაში სიხარულს იწვევს ცხებული ქრისტიანის ერთგულება?

როგორ უკავშირდება სხვა ცხვრის იმედი ცხებულების იმედს?

როგორები უნდა ვიყოთ „წმინდა საქციელსა“ და „ღვთისადმი ერთგულებაში“, რომ ჩვენი იმედი გამართლდეს?

1. როგორ გვეხმარება სიძნელეების ატანაში იმედი, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს?

იეჰოვა „იმედის მომცემი ღმერთია“, — თქვა მოციქულმა პავლემ და დასძინა, რომ მას შეუძლია აგვავსოს „ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით . . . რწმენის მეშვეობით, რათა ვიუხვოთ იმედში წმინდა სულის ძალით“ (რომ. 15:13). თუ ასეთი იმედი უხვად გვაქვს, შევძლებთ ავიტანოთ ნებისმიერი სიძნელე ისე, რომ სიხარული და მშვიდობა არ დავკარგოთ. ცხებულებივით ეს იმედი სხვა ქრისტიანებისთვისაც იქნება „სანდო და მტკიცე . . . ღუზასავით . . . მათი სულისთვის“ (ებრ. 6:18, 19). ამ იმედს შეგვიძლია ჩავეჭიდოთ, როცა პრობლემები ძლიერი ტალღებივით გვაწყდება; ეს იმედი დაგვეხმარება „გზას არ ავცდეთ“ და ეჭვებმა თუ რწმენის ნაკლებობამ არ გვშთანთქას (წაიკითხეთ ებრაელების 2:1; 6:11 ).

2. რა ორი იმედი არსებობს ქრისტიანებისთვის და, რატომ უნდა ინტერესდებოდეს „სხვა ცხვარი“ იმედით, რომელიც ცხებულებს აქვთ?

2 ამ ბოლო დღეებში მცხოვრებ თითოეულ ქრისტიანს აქვს იმედი. „მცირე სამწყსოს“ წევრი ცხებული ქრისტიანები იმედოვნებენ, რომ მიიღებენ უკვდავ სიცოცხლეს ზეცაში, სადაც ქრისტესთან ერთად იქნებიან მეფეები და მღვდლები (ლუკ. 12:32; გამოცხ. 5:9, 10). უამრავ ხალხს კი „სხვა ცხვრებიდან“, რომელთა რაოდენობაც ბევრად აღემატება ცხებულ ქრისტიანთა რაოდენობას, აქვთ იმედი მესიანური სამეფოს ქვეშევრდომობით მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე (გამოცხ. 7:9, 10; იოან. 10:16). სხვა ცხვრებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ხსნა დამოკიდებულია დედამიწაზე მცხოვრები ქრისტეს ცხებული „ძმების“ აქტიურ მხარდაჭერაზე (მათ. 25:34—40). როგორც ცხებული ქრისტიანების, ისე სხვა ცხვრების იმედი არავითარ შემთხვევაში არ გამტყუნდება (წაიკითხეთ ებრაელების 11:39, 40). პირველ რიგში განვიხილოთ იმედი, რომელიც ცხებულებს აქვთ.

ცხებულ ქრისტიანთა „ცოცხალი იმედი“

3, 4. როგორ ხდება ცხებულ ქრისტიანთა „ხელახლა შობა . . . რათა ცოცხალი იმედი“ ჰქონდეთ და რა არის ეს იმედი?

3 მოციქულმა პეტრემ ორი წერილი მისწერა ცხებულ ქრისტიანებს, რომლებსაც „რჩეულები“ უწოდა (1 პეტ. 1:1). მან მოიხსენია იმ ბრწყინვალე იმედის დეტალებიც, რომელიც მცირე სამწყსოს ჰქონდა. თავის პირველ წერილში პეტრემ დაწერა: „კურთხეული იყოს ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა, რომელმაც დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა, რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ცოცხალი იმედი გვქონოდა და მიგვეღო უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა. ის ზეცაში ინახება თქვენთვის, ვინც რწმენის მეშვეობით ღვთის ძალით ხართ დაცულნი ხსნისთვის, რაც უკანასკნელ დროს უნდა გამოცხადდეს. ამიტომ დიდად ხარობთ“ (1 პეტ. 1:3—6).

4 იეჰოვა „ხელახლა შობს“ ქრისტიანთა გარკვეულ რიცხვს, რომლებსაც ირჩევს, რათა იმმართველონ ქრისტესთან ერთად ზეცაში, როგორც ღვთის სულით შობილმა ძეებმა. ისინი არიან წმინდა სულით ცხებულები, რათა ქრისტესთან ერთად იმსახურონ მეფეებად და მღვდლებად (გამოცხ. 20:6). როგორც პეტრემ აღნიშნა, „ხელახლა შობა“ მათ შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეთ „ცოცხალი იმედი“, რომელსაც მოციქულმა ზეცაში შემონახული „უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა“ უწოდა. ეს ბრწყინვალე იმედი მათ დიდი სიხარულის საფუძველს აძლევს. მაგრამ ამ იმედის შესრულება მათ ერთგულებაზეა დამოკიდებული.

5, 6. რატომ უნდა ეცადონ უფრო მეტად ცხებული ქრისტიანები, რომ დარჩნენ ერთგულები?

5 მეორე წერილში პეტრემ ცხებულ ქრისტიანებს მოუწოდა: „უფრო მეტად ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა და რჩეულობაში“ (2 პეტ. 1:10). მათ ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ, რომ განივითარონ ისეთი ქრისტიანული თვისებები, როგორიცაა რწმენა, ღვთისადმი ერთგულება, ძმათმოყვარეობა და სიყვარული. პეტრემ აღნიშნა: „თუ ეს ყველაფერი გაქვთ და თანაც უხვად, აღარ იქნებით უმოქმედო ან უნაყოფო“ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 1:5—8 ).

6 პირველ საუკუნეში მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ, მცირე აზიაში ფილადელფიის კრების სულითცხებულ უხუცესებს უთხრა: „რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინების შესახებ, მეც დაგიცავ გამოცდის საათისგან, რომელიც მთელ მსოფლიოზე მოვა, რათა გამოიცადონ დედამიწის მცხოვრებნი. მალე მოვალ. ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას გვირგვინი“ (გამოცხ. 3:10, 11). თუ ცხებული ქრისტიანი არ შეინარჩუნებს ერთგულებას, ის ვერ მიიღებს „დიდების უჭკნობ გვირგვინს“, რომელსაც ღმერთი მხოლოდ მათ დაჰპირდა, ვინც სიკვდილამდე უერთგულებს (1 პეტ. 5:4; გამოცხ. 2:10).

„სამეფოში შესასვლელი“

7. რა შესანიშნავი იმედი მოიხსენია იუდამ თავის წერილში?

7 ახ. წ. დაახლოებით 65 წელს, იესოს ნახევარძმამ, იუდამ, წერილი მისწერა თავის თანამსახურ ცხებულებს, რომელთაც „მოწოდებულები“ უწოდა (იუდ. 1; შეადარეთ ებრაელების 3:1). პირველ რიგში, მან მოიხსენია ხსნის შესახებ ის დიდებული იმედი, რომელიც ყველა ცხებულ ქრისტიანს აქვს (იუდ. 3). შემდეგ ყურადღება სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა. თავისი პატარა წერილის დასასრულს კი კვლავ შეეხო ცხებული ქრისტიანების ბრწყინვალე იმედს: „მას კი, ვისაც შეუძლია დაგიცვათ დაბრკოლებისგან და გაგხადოთ უმანკონი თავისი დიდების წინაშე და მოგცეთ დიდი სიხარული, ერთადერთ ღმერთს, ჩვენს მხსნელს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით დიდება, სიდიადე, ძლევამოსილება და ძალაუფლება მარადიულად — წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც“ (იუდ. 24, 25).

8. საიდან ვიცით, რომ ცხებული ქრისტიანის სიკვდილამდე ერთგულება ზეცაში სიხარულს იწვევს?

8 რა თქმა უნდა, ყველა ერთგულ ცხებულ ქრისტიანს სურს, თავი დაიცვას ყველაფრისგან, რაც მათ ერთგულებას შეარყევდა და განადგურებამდე მიიყვანდა. ბიბლიური იმედის თანახმად, იესო ქრისტე მათ მკვდრეთით აღადგენს და საშუალებას მისცემს, სრულყოფილები ღვთის წინაშე დიდი სიხარულით წარდგნენ. როცა ცხებული ქრისტიანი სიკვდილამდე ერთგულებას ინარჩუნებს, ის დარწმუნებულია, რომ „აღდგება სულიერი სხეულით“ „უხრწნელობაში, . . . და . . . დიდებაში“ (1 კორ. 15:42—44). თუ ზეცაში დიდი სიხარულია „ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო“, წარმოიდგინეთ, რა დიდი იქნება სიხარული, როცა ქრისტეს სულითცხებული ძმა სიკვდილამდე ერთგულებას ინარჩუნებს (ლუკ. 15:7). იეჰოვა და ღვთის ერთგული სულიერი ქმნილებები გაიხარებენ ცხებულთან ერთად, როცა ის „დიდი სიხარულით“ მიიღებს თავის ჯილდოს (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:2 ).

9. როგორ არის სამეფოში შესასვლელი „ფართოდ გაღებული“ ერთგული ცხებულებისთვის და როგორ მოქმედებს ეს იმედი დედამიწაზე დარჩენილ ცხებულებზე?

9 ცხებულ ქრისტიანებს პეტრემაც მისწერა ჯილდოს შესახებ, რომელსაც მიიღებდნენ, თუ ერთგულები დარჩებოდნენ: „ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს მარადიულ სამეფოში შესასვლელი ფართოდ გაგეღებათ“ (2 პეტ. 1:10, 11). ზეციერი სამეფოს შესასვლელის „ფართოდ გაღება“ იმაზე მეტყველებს, რომ ისინი დიდებით წარდგებიან ღვთის წინაშე. ეს აგრეთვე მიუთითებს იმ კურთხევებზე, რომლებსაც ისინი ზეცაში მიიღებენ. მათ გულები სიხარულითა და მადლიერებით აქვთ სავსე, ვინაიდან ბოლომდე ერთგულება შეინარჩუნეს. ეჭვგარეშეა, ეს იმედი დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს ძალებს მატებს, რომ „მოამზადონ გონება“ და იმოქმედონ (1 პეტ. 1:13).

„იმედის საფუძველი“ სხვა ცხვრისთვის

10, 11. ა) რა იმედი აქვს „სხვა ცხვარს“? ბ) როგორ უკავშირდება მიწიერი იმედი ქრისტესა და „ღვთის ძეების გამოცხადებას“?

10 მოციქულმა პავლემ დაწერა სულითცხებული „ღვთის ძეების“, როგორც ქრისტეს „თანამემკვიდრეების“ დიდებული იმედის შესახებ. ამის შემდეგ მან მოიხსენია ბრწყინვალე იმედი, რომელსაც იეჰოვა აძლევს ურიცხვ სხვა ცხვარს: „მთელი ქმნილება [კაცობრიობა] მოუთმენლად მოელის ღვთის ძეების [ცხებულების] გამოცხადებას, ვინაიდან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის ნებით იმ იმედის საფუძველზე, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:14—21).

11 იეჰოვამ კაცობრიობას „იმედის საფუძველი“, მისცა, როცა დაჰპირდა, რომ „ძველი გველის“, სატანა ეშმაკისგან „შთამომავლის“ მეშვეობით გაათავისუფლებდა (გამოცხ. 12:9; დაბ. 3:15). ამ „შთამომავალს“ ძირითადად იესო ქრისტე წარმოადგენს (გალ. 3:16). თავისი სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით, იესომ საფუძვლიანი იმედი მისცა ადამიანებს, რომ გაათავისუფლებდა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან. ამ იმედის განხორციელება დაკავშირებულია „ღვთის ძეების გამოცხადებასთან“. „შთამომავლის“ სხვა ნაწილი, ცხებული ქრისტიანები, განდიდდებიან თავიანთი გამოცხადებისას, როდესაც ქრისტესთან ერთად გაანადგურებენ სატანის ბოროტ ქვეყნიერებას (გამოცხ. 2:26, 27). ეს ხსნას მოუტანს სხვა ცხვარს, რომლებიც დიდ გასაჭირს გადაიტანენ (გამოცხ. 7:9, 10, 14).

12. რა საოცარ კურთხევებს მოუტანს კაცობრიობას ცხებულთა გამოცხადება?

12 ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს „ქმნილება“ ანუ კაცობრიობა ნამდვილ თავისუფლებას მიიღებს. ამ დროს განდიდებული „ღვთის ძეები“ სხვა მხრივაც „გამოცხადდებიან“, როდესაც ქრისტესთან ერთად მღვდლებად იმსახურებენ და იზრუნებენ იმაზე, რომ განხორციელდეს ყველაფერი, რაც ქრისტეს გამოსასყიდმა გახადა შესაძლებელი. ზეციერი სამეფოს წყალობით ადამიანები გათავისუფლდებიან ცოდვისა და სიკვდილისგან. მორჩილი კაცობრიობა თანდათან „გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან“. თუ ისინი მთელი ათასი წლის განმავლობაში იეჰოვას ერთგულები იქნებიან და გადაიტანენ საბოლოო გამოცდას, მათი სახელები სამუდამოდ ჩაიწერება „სიცოცხლის გრაგნილში“. ისინი „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ მიიღებენ (გამოცხ. 20:7, 8, 11, 12). ეს მართლაც რომ დიდებული იმედია!

მუდამ გვახსოვდეს ჩვენი იმედი

13. რაზეა ჩვენი იმედი დაფუძნებული და როდის იქნება ქრისტეს გამოცხადება?

13 ღვთის შთაგონებით დაწერილი პეტრეს ორივე წერილი ცხებულებსა და სხვა ცხვარს ეხმარება, ყოველთვის ახსოვდეთ იმედი. მან აღნიშნა, რომ მათი იმედი მათ მსახურებაზე კი არ არის დაფუძნებული, არამედ იეჰოვას წყალობაზე. პეტრემ დაწერა: „იფხიზლეთ ყველაფერში და იქონიეთ იმ წყალობის იმედი, რომელიც თქვენდამი გამოვლინდება იესო ქრისტეს გამოცხადებისას“ (1 პეტ. 1:13). იესოს გამოცხადება მაშინ იქნება, როცა ის შვებას მიუზღავს თავის ერთგულ მიმდევრებს, უღვთოებზე კი იეჰოვას განაჩენს აღასრულებს (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 1:6—10 ).

14, 15. ა) რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მუდამ რომ გვახსოვდეს ჩვენი იმედი? ბ) რა რჩევა მოგვცა პეტრემ?

14 მუდამ რომ გვახსოვდეს ჩვენი იმედი, ყურადღება მოახლოებულ „იეჰოვას დღეზე“ უნდა გავამახვილოთ. იეჰოვას დღეს განადგურდება ახლანდელი „ცა“, ანუ ადამიანთა მმართველობები, და „დედამიწა“, ანუ ბოროტი საზოგადოება და მისი „შემადგენელი ნაწილები“. პეტრემ დაწერა: „როგორები უნდა იყოთ, . . . ვინც ელით და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე, რომელიც ალმოდებულ ცას დაშლის და შემადგენელ ნაწილებს სიმხურვალით დაადნობს!“ (2 პეტ. 3:10—12).

15 ახლანდელი „ცა“ და „დედამიწა“ შეიცვლება ახალი „ცით [ქრისტეს მმართველობით] და ახალი დედამიწით [ადამიანთა ახალი საზოგადოებით]“ (2 პეტ. 3:13). პეტრე პირდაპირ გვირჩევს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მოთმინებით „ველოდოთ“ და ყოველთვის გვახსოვდეს აღთქმული ახალი ქვეყნიერების იმედი: „საყვარელნო, რადგან ამას ელოდებით, ყველანაირად ეცადეთ, რომ მის წინაშე წარდგეთ უმწიკვლოები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ (2 პეტ. 3:14).

ვიცხოვროთ ჩვენი იმედის შესაბამისად

16, 17. ა) როგორები უნდა ვიყოთ „წმინდა საქციელსა“ და „ღვთისადმი ერთგულებაში“? ბ) როგორ შესრულდება ჩვენი იმედი?

16 ჩვენ არა მარტო უნდა გვახსოვდეს იმედი, არამედ შესაბამისადაც უნდა ვცხოვრობდეთ და ყურადღებას ვაქცევდეთ ჩვენს სულიერობას. „წმინდა საქციელში“ იგულისხმება „კვლავაც კარგად მოქცევა ქვეყნიერებაში“ და ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება (2 პეტ. 3:11; 1 პეტ. 2:12). ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რომ, როგორც ადგილობრივ კრებებში, ასევე მთელი მსოფლიო საძმოს ერთობას შევუწყოთ ხელი (იოან. 13:35). „ღვთისადმი ერთგულებაში“ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნება იგულისხმება. ამაში შედის ჩვენი ლოცვები, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, საფუძვლიანი პირადი შესწავლა, ოჯახთან ერთად თაყვანისცემა და „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ გულმოდგინედ ქადაგება (მათ. 24:14).

17 თითოეულ ჩვენთაგანს სურს, რომ დაიმსახუროს იეჰოვას მოწონება და გადაიტანოს ბოროტი სისტემის განადგურება. ასე რომ, გამართლდება „დიდი ხნის წინათ ღვთისგან დაპირებული მარადიული სიცოცხლის იმედი, ღვთისა, რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტ. 1:2).

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 22 გვერდზე]

„ხელახლა შობა“ ცხებულებს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეთ „ცოცხალი იმედი“

[სურათი 24 გვერდზე]

ყოველთვის გახსოვდეთ იმედი