არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

შეიძლება ქრისტიანი გაირიცხოს კრებიდან, თუ პორნოგრაფიას უყურებს?

▪ დიახ, შეიძლება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვერიდოთ ნებისმიერ პორნოგრაფიულ მასალას, იქნება ეს წიგნები, ჟურნალები, ფილმები, ვიდეორგოლები თუ ინტერნეტი.

პორნოგრაფია დღეს ფართოდ არის გავრცელებული. ინტერნეტმა ის უფრო ხელმისაწვდომი გახადა და მეტი ადამიანი მოექცა მისი საშინელი გავლენის ქვეშ. ზოგი, ახალგაზრდა თუ ასაკოვანი, უნებლიეთ მოხვდა პორნოგრაფიულ ვებ-გვერდებზე. სხვები კი განზრახ სტუმრობენ ასეთ გვერდებს და თავს თავისუფლად გრძნობენ, ვინაიდან შეუძლიათ ჩუმად იკითხონ პორნოგრაფიული მასალა ან უყურონ მას სახლში თუ სამსახურში. რატომ უნდა მიაქციონ ქრისტიანებმა ამ საკითხს სერიოზული ყურადღება?

იესომ მოიყვანა ამის უმთავრესი მიზეზი: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათ. 5:28). რა თქმა უნდა, ნორმალური სექსუალური ურთიერთობა დაქორწინებულ წყვილს შორის მისაღები და სიამოვნების მომგვრელია (იგავ. 5:15—19; 1 კორ. 7:2—5). მაგრამ პორნოგრაფია სულაც არ ასახავს ასეთ ურთიერთობებს. ნაცვლად ამისა, გაუკუღმართებული სექსუალური სცენები აღძრავს უზნეო ფიქრებს, რის შესახებაც იესო გვაფრთხილებდა. ასე რომ, პორნოგრაფიული მასალის კითხვა ან ყურება პირდაპირ არღვევს ღვთის მითითებას: „ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე, რაც კერპთაყვანისმცემლობაა“ (კოლ. 3:5).

რა შეიძლება ითქვას, თუ ქრისტიანმა პორნოგრაფიას ერთი-ორჯერ უყურა? ასეთი ქრისტიანის მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ ფსალმუნმომღერალ ასაფის მდგომარეობას, რომელმაც თქვა: „მე კი კინაღამ გადავუხვიე ჩემი ნაბიჯებით, კინაღამ მომიცურდა ფეხი“. როგორ შეძლებს ასეთი ქრისტიანი სუფთა სინდისისა და ღმერთთან მშვიდობის შენარჩუნებას, თუ ათვალიერებს შიშველი კაცების თუ ქალების პორნოგრაფიულ სურათებს ან უზნეობის ამსახველ სცენებს? არც ასაფი გრძნობდა თავს მშვიდად. ის წუხდა: „მთელი დღე ვიტანჯები და ყოველ დილით გაკიცხვას ვიღებ“ (ფსალმ. 73:2, 14).

ქრისტიანმა, რომელიც პორნოგრაფიას უყურებს, უნდა გააცნობიეროს, რომ სულიერი დახმარება სჭირდება. ასეთი დახმარების მიღება კრებაშია შესაძლებელი: „ძმებო, თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად გამოცდილები ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ. ამავე დროს, საკუთარ თავსაც დაუკვირდით“ (გალ. 6:1). ერთ ან ორ ქრისტიან უხუცესს შეუძლია საჭირო დახმარების აღმოჩენა, რომელშიც შედის „რწმენით წარმოთქმული ლოცვა“. ასეთ ლოცვას შეუძლია „გამოაჯანმრთელოს დასუსტებული“ და მას ჩადენილი ცოდვა ეპატიება (იაკ. 5:13—15). მათ, ვინც მიიღო დახმარება და შეწყვიტა პორნოგრაფიის ყურება, იგრძნეს, რამდენად კარგია ღმერთთან დაახლოება. ზუსტად იგივე გრძნობა დაეუფლა ასაფსაც (ფსალმ. 73:28).

მაგრამ პავლე საუბრობდა მათ შესახებაც, ვინც შესცოდეს და არ მოინანიეს „თავიანთი უწმინდურება, სიძვა და თავაშვებულობა“ * (2 კორ. 12:21). პროფესორმა მარვინ ვინსენტმა აღნიშნა, რომ „უწმინდურებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა აგრეთვე „სიბინძურესა და სისაძაგლეს“ ნიშნავს. სამწუხაროდ, პორნოგრაფიის ზოგიერთი სახე ბევრად უარესია, ვიდრე შიშველი ადამიანების სურათები ან მამაკაცსა და ქალს შორის სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრები. აქ საუბარია ამაზრზენ, შემზარავ პორნოგრაფიაზე, რომელშიც შედის ჰომოსექსუალიზმი (სქესობრივი ურთიერთობა ერთი სქესის ადამიანებს შორის), ჯგუფური სექსი, ზოოფილია, ბავშვთა პორნოგრაფია, ჯგუფური გაუპატიურება, ქალებზე სასტიკი სექსუალური ძალადობა და სადომაზოხიზმი. პავლეს დღეებში ზოგიერთი „გონებადაბნელებული“ „ყველანაირად ზნედაცემული“ გახდა. ისინი „თავაშვებულობას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმინდურება ჩაედინათ გაუმაძღრობით“ (ეფეს. 4:18, 19).

პავლემ „უწმინდურება“ გალატელების 5:19-შიც მოიხსენია. ერთმა ბრიტანელმა თეოლოგმა აღნიშნა: „აქ უფრო ნებისმიერი არაბუნებრივი ვნება იგულისხმება“. ალბათ, ყველა ქრისტიანი დაეთანხმებოდა, რომ პორნოგრაფიის ამაზრზენი, სექსუალურად დამახინჯებული ფორმა „არაბუნებრივი ვნებაა“. გალატელების 5:19—21-ში პავლე ამბობს, რომ ცუდი საქმეების, მათ შორის უწმინდურების, მოქმედნი „ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“. ამიტომ, თუ ქრისტიანი დიდი ხნის განმავლობაში მალულად უყურებს საზიზღარ, სექსუალურად გაუკუღმართებულ პორნოგრაფიას, არ ინანიებს და არ წყვეტს ყურებას, ვერ დარჩება ქრისტიანულ კრებაში. ასეთ ქრისტიანი უნდა გაირიცხოს, რათა კრების სიწმინდე არ შეიბღალოს და და-ძმები სულიერად დაცული იყვნენ (1 კორ. 5:5, 11).

სასიამოვნოა, რომ ზოგი, ვინც ამაზრზენ პორნოგრაფიას უყურებდა, უხუცესებთან მივიდა და ცვლილებების მოსახდენად საჭირო სულიერი დახმარება მიიღო. იესომ ძველი სარდისის კრებას მისწერა: „განამტკიცე ისინი, ვინც სიკვდილის პირას იყვნენ . . . გახსოვდეს: რაც მიიღე და მოისმინე, კვლავაც დაიცავი და მოინანიე. თუ არ გამოფხიზლდები . . . არ გეცოდინება, რომელ საათზე დაგადგები თავს“ (გამოცხ. 3:2, 3). ასე რომ, ქრისტიანს შეუძლია მოინანიოს და პორნოგრაფიის ტყვეობას დააღწიოს თავი (იუდ. 22, 23).

მაგრამ რამდენად უკეთესია, თუ თითოეულ ჩვენგანს მტკიცედ ექნება გადაწყვეტილი, ახლოსაც არ გაეკაროს პორნოგრაფიას. დიახ, აბსოლუტურად უნდა მოვერიდოთ ნებისმიერი სახის პორნოგრაფიას!

[სქოლიო]

^ აბზ. 8 თუ რა განსხვავებაა „უწმინდურებას, სიძვასა და თავაშვებულობას“ შორის, იხილეთ 2006 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 29—31.

[ჩანართი 30 გვერდზე]

ქრისტიანმა, რომელიც პორნოგრაფიის ყურების მახეში გაება, უნდა გააცნობიეროს, რომ სულიერი დახმარება სჭირდება