არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები იესო ქრისტეს შესახებ წამოჭრილ კითხვებზე

პასუხები იესო ქრისტეს შესახებ წამოჭრილ კითხვებზე

პასუხები იესო ქრისტეს შესახებ წამოჭრილ კითხვებზე

„რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“ (ლუკა 9:18).

იესომ ეს კითხვა თავის მოწაფეებს იმიტომ დაუსვა, რომ ხალხს განსხვავებული შეხედულება ჰქონდა მასზე და მან ეს კარგად იცოდა. თუმცა, მათ საფუძვლიანი მიზეზი არ ჰქონდათ, რომ იესოში ეჭვი შეეტანათ. იესო კარჩაკეტილ ცხოვრებას არ ეწეოდა და ფარულად არაფერს აკეთებდა. პირიქით, ის ხალხში ტრიალებდა და დადიოდა ქალაქებსა თუ სოფლებში. ის საჯაროდ ქადაგებდა და ასწავლიდა ხალხს, რადგან სურდა, რომ მათ მის შესახებ სიმართლე სცოდნოდათ (ლუკა 8:1).

იესოზე ჭეშმარიტებას გავიგებთ მისი სიტყვებიდან და საქმეებიდან, რომელთა შესახებაც „მათეს“, „მარკოზის“, „ლუკასა“ და „იოანეს“ სახარებები მოგვითხრობს. იესოს შესახებ წამოჭრილ კითხვებს სწორედ ღვთის სიტყვის დახმარებით ვუპასუხებთ (იოანე 17:17). *

კითხვა: ისტორიული პიროვნება იყო იესო?

პასუხი: დიახ. პირველ საუკუნეში მოღვაწე მემატიანეები, მათ შორის იოსებ ფლავიუსი და ტაციტუსი, იესოს მოიხსენიებდნენ, როგორც ისტორიულ პიროვნებას. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სახარებები დამაჯერებლად საუბრობენ იესოზე, როგორც რეალურ ადამიანზე და არა როგორც გამოგონილ პერსონაჟზე. ამ წიგნებში დეტალურად არის აღწერილი, სად და როდის მოხდა ესა თუ ის მოვლენა. მაგალითად, სახარების დამწერი ლუკა საუბრობს შვიდ გავლენიან პირზე, რომელთა სახელები ქვეყნიურ წყაროებშიც არის მოხსენიებული. ლუკა ამ მმართველებს ისეთი თანმიმდევრობით ასახელებს, რომ შეგვიძლია დავადგინოთ, რომელ წელს დაიწყო იესომ მსახურება (ლუკა 3:1, 2, 23).

აშკარაა, რომ იესო ისტორიული პიროვნება იყო და ამის უტყუარი მტკიცებულებები არსებობს. „სწავლულების უმეტესობა აღიარებს, რომ პირველ საუკუნეში მართლაც ცხოვრობდა იესო ნაზარეთელის სახელით ცნობილი კაცი“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Evidence for the Historical Jesus).

კითხვა: არის იესო ყოვლისშემძლე ღმერთი?

პასუხი: არა. იესო არასდროს მიიჩნევდა საკუთარ თავს ღვთის თანასწორად. პირიქით, ის ყოველთვის იმას ამბობდა, რომ ემორჩილებოდა იეჰოვას. * მაგალითად, იესომ იეჰოვაზე თქვა: „ჩემი ღმერთი“ და „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ (მათე 27:46; იოანე 17:3). ასეთ სიტყვებს მხოლოდ დაბლა მდგომი თუ იტყოდა მასზე მაღლა მდგომზე. როდესაც ვინმე თავის დამსაქმებელს „უფროსად“ ან „ხელმძღვანელად“ მოიხსენიებს, აშკარაა, რომ საკუთარ თავს მასზე დაბლამდგომად მიიჩნევს.

იესომ ისიც ნათლად დაგვანახვა, რომ ის და მამა სხვადასხვა პიროვნებები იყვნენ. ერთხელ იესომ თავის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მის ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებდნენ, უთხრა: «თქვენს კანონშიც წერია, რომ „ორი კაცის დამოწმება ჭეშმარიტია“. ჩემს თავზე ვმოწმობ მე და ჩემზე მოწმობს მამა, რომელმაც გამომგზავნა» (იოანე 8:17, 18). როგორც ვხედავთ, იესო და იეჰოვა სხვადასხვა პიროვნებები არიან. განა სხვანაირად შეიძლებოდა, რომ ისინი ორი მოწმე ყოფილიყვნენ? *

კითხვა: იყო იესო უბრალოდ კარგი ადამიანი?

პასუხი: ის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ კარგი ადამიანი. იესოს ესმოდა, რომ ღვთის ნების განსახორციელებლად არაერთი მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა. აი, რა უნდა გაეკეთებინა მას:

„ღვთის მხოლოდშობილი ძე“ (იოანე 3:18). იესომ კარგად იცოდა თავისი წარმოშობა. სანამ დედამიწაზე დაიბადებოდა, ის უკვე კარგა ხნით ადრე ცხოვრობდა. „ზეციდან . . . ჩამოვედი“, — თქვა მან (იოანე 6:38). იესო ღვთის პირველი ქმნილება იყო და ყველა დანარჩენი ქმნილების შექმნაში ღმერთს ეხმარებოდა. რადგან უშუალოდ ღმერთმა შექმნა, მას მართებულად ეწოდება „ღვთის მხოლოდშობილი ძე“ (იოანე 1:3, 14; კოლოსელები 1:15, 16).

„კაცის ძე“ (მათე 8:20). იესომ არაერთხელ მოიხსენია საკუთარი თავი „კაცის ძედ“. ეს გამოთქმა დაახლოებით 80-ჯერ გვხვდება სახარებებში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იესო იყო ადამიანი და არა ხორცშესხმული ღმერთი. როგორ დაიბადა ღვთის მხოლოდშობილი ძე ადამიანად? წმინდა სულის მეშვეობით იეჰოვამ თავისი ძის სიცოცხლე იუდეველი ქალწულის, მარიამის, საშვილოსნოში გადაიტანა. ამიტომ იესო უცოდველი და სრულყოფილი დაიბადა (მათე 1:18; ლუკა 1:35; იოანე 8:46).

„მოძღვარი“ (იოანე 13:13). იესომ ნათლად აჩვენა, რომ ღვთისგან დავალებული ჰქონდა, „ესწავლებინა . . . და ექადაგა სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“ (მათე 4:23; ლუკა 4:43). ის საოცრად გასაგები და უბრალო ენით უხსნიდა ხალხს, რა იყო ღვთის სამეფო და რას გააკეთებდა ის ღვთის ნების თანახმად (მათე 6:9, 10).

„სიტყვა“ (იოანე 1:1). იესო იყო ღვთის წარმომადგენელი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი თავის სიტყვას გადასცემდა ხალხს და მითითებებს აძლევდა. იესოს მეშვეობით იეჰოვამ ადამიანებს თავისი ცნობა გადასცა (იოანე 7:16, 17).

კითხვა: იყო იესო აღთქმული მესია?

პასუხი: დიახ. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მოვიდოდა მესია ანუ ქრისტე, რაც „ცხებულს“ ნიშნავს. აღთქმული მესია მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა იეჰოვას განზრახვის შესრულებაში. ერთხელ ერთმა სამარიელმა ქალმა იესოს უთხრა: „ვიცი, რომ მოდის მესია, ქრისტედ წოდებული“. მაშინ იესომ მიუგო: „ეს მე ვარ, ვინც გელაპარაკები“ (იოანე 4:25, 26).

არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ იესო მესია იყო? არსებობს თითის ანაბეჭდივით უტყუარი სამი მტკიცებულება, რომლებიც აშკარად ამტკიცებენ, რომ იესო მესია იყო.

მისი საგვარეულო ნუსხა. ბიბლია წინასწარმეტყველებდა, რომ მესია აბრაამის შთამომავალი იქნებოდა და დავითის საგვარეულო ხაზით მოვიდოდა (დაბადება 22:18; ფსალმუნი 132:11, 12). იესო მართლაც ორივეს შთამომავალი იყო (მათე 1:1—16; ლუკა 3:23—38).

შესრულებული წინასწარმეტყველებები. ებრაულ წერილებში უამრავი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი, რომელიც მესიის ცხოვრებას ეხება დედამიწაზე, მათ შორის მოხსენიებულია მის დაბადებასთან და სიკვდილთან დაკავშირებული დეტალები. იესოზე ყველა ეს წინასწარმეტყველება შესრულდა. აი, ზოგიერთი მათგანი: ის დაიბადა ბეთლემში (მიქა 5:2; ლუკა 2:4—11), ის ეგვიპტიდან გამოიხმეს (ოსია 11:1; მათე 2:15), ის სიკვდილით ისე დასაჯეს, რომ მისი არც ერთი ძვალი არ გადაუტეხიათ (ფსალმუნი 34:20; იოანე 19:33, 36). უბრალოდ შეუძლებელია, რომ იესოს ყველაფერი წინასწარ ისე დაეგეგმა, რომ მესიაზე ნაწინასწარმეტყველები თითოეული წინასწარმეტყველება მასზე ასე დეტალურად შესრულებულიყო. *

დამოწმება ღვთისგან. როდესაც იესო დაიბადა, ღმერთმა მწყემსებს ანგელოზები გაუგზავნა, რათა მათთვის ეუწყებინა, რომ მესია მოევლინა დედამიწას (ლუკა 2:10—14). იესოს დედამიწაზე მსახურების პერიოდში არაერთხელ გაისმა ზეციდან ღვთის ხმა და ღმერთმა გარკვევით თქვა, რომ იწონებდა მას (მათე 3:16, 17; 17:1—5). იეჰოვამ იესოს იმის ძალა მისცა, რომ სასწაულები მოეხდინა და დაემტკიცებინა, რომ მესია იყო (საქმეები 10:38).

კითხვა: რატომ დაიტანჯა და მოკვდა იესო?

პასუხი: იესო, რომელიც უცოდველი იყო, არ იმსახურებდა ტანჯვა-წამებას. ის არც იმას იმსახურებდა, რომ ბოროტმოქმედივით ძელზე გაკრული სამარცხვინო სიკვდილით მომკვდარიყო. იესომ იცოდა, რა სასტიკად მოექცეოდნენ. მიუხედავად ამისა, მზად იყო ყველაფრის ასატანად (მათე 20:17—19; 1 პეტრე 2:21—23).

მესიის შესახებ წინასწარმეტყველებებში ნათქვამი იყო, რომ ის უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო სხვების ცოდვების გამოსასყიდად (ესაია 53:5; დანიელი 9:24, 26). როგორც იესომ თქვა, იმისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ გაეღო (მათე 20:28). ვისაც სწამს, რომ მის მიერ გაღებულ მსხვერპლს ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლების ძალა აქვს, მარადიულად იცხოვრებს დედამიწაზე სამოთხეში (იოანე 3:16; 1 იოანე 4:9, 10). *

კითხვა: შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო მკვდრეთით აღდგა?

პასუხი: რა თქმა უნდა. იესოს მტკიცედ სჯეროდა, რომ მკვდრეთით აღდგებოდა (მათე 16:21). თუმცა, აღსანიშნავია, რომ არც იესოს და არც ბიბლიის დამწერებს არ უთქვამთ, რომ ის თავისთავად გაცოცხლდებოდა. ეს დაუჯერებელი იქნებოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთმა ის სიკვდილის ტკივილებისგან გაათავისუფლა და აღადგინა“ (საქმეები 2:24). თუ გვჯერა, რომ ღმერთი არსებობს და ყველაფერი მისი შექმნილია, მაშინ ყველანაირი საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ მას თავისი ძის მკვდრეთით აღდგენა შეეძლო (ებრაელები 3:4).

არსებობს იმის უტყუარი მტკიცება, რომ იესო ნამდვილად აღდგა მკვდრეთით? განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

თვითმხილველების მოწმობა. იესოს სიკვდილიდან 22 წელი იყო გასული, როდესაც მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო 500-ზე მეტმა ადამიანმა იხილა. მათგან უმეტესობა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა პავლე ამ სიტყვებს წერდა (1 კორინთელები 15:6). შეიძლება ერთი ან ორი მოწმის ჩვენება უარეყოთ, მაგრამ ვინ გააბათილებდა 500 თვითმხილველის მოწმობას?

სანდო მოწმეები. იესოს პირველმა მოწაფეებმა, რომელთაც უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი თვალით ეხილათ ყველაფერი, გაბედულად განაცხადეს, რომ იესო მკვდრეთით აღდგა (საქმეები 2:29—32; 3:13—15). მათ სჯეროდათ, რომ რწმენა იმისა, რომ იესო მკვდრეთით აღდგა, ქრისტიანული მრწამსის ქვაკუთხედი იყო (1 კორინთელები 15:12—19). იესოს მოწაფეები მზად იყვნენ, მომკვდარიყვნენ, ვიდრე უარეყოთ იესოსადმი რწმენა (საქმეები 7:51—60; 12:1, 2). განა გასწირავს ვინმე თავს სიცრუისთვის?

ჩვენ ბიბლიის დახმარებით ვუპასუხეთ იესოს შესახებ დასმულ ექვს კითხვას. ამ პასუხებმა თვალნათლივ დაგვანახვა, თუ ვინ არის იესო. მაგრამ აქვს აზრი პასუხების ცოდნას? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას დავიჯერებთ?

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 იმისათვის, რომ დაინახოთ, რა სხვაობაა ბიბლიაში მოცემულ სახარებებსა და იესოს შესახებ არაკანონიკურ წიგნებს შორის, იხილეთ სტატია „არის აპოკრიფულ სახარებებში იესოს შესახებ დაფარული სიმართლე?“, გვერდები 18, 19.

^ აბზ. 9 ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღვთის პირადი სახელია.

^ აბზ. 10 დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ სტატიაში „საუბრები ბიბლიურ თემებზე — არის იესო ღმერთი?“, გვერდები 20—22.

^ აბზ. 21 იესოზე შესრულებული წინასწარმეტყველებების ჩამონათვალი იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდი 200.

^ აბზ. 25 დამატებითი ინფორმაცია იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის შესახებ იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 5.